ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 ფასიანი გახდა. ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშნელოვან უწყებასთან დაკავშირებას ადამიანები ანგარიშზე თანხის არარსებობის შემთხვევაში ვერ შეძლებენ.
ტიკარაძის უწყებაში განმარტავენ, რომ ცხელ ხაზზე დარეკვა ყოველთვის ფასიანი იყო, თუმცა ამის შესახებ ავტომოპასუხე მოქალაქეებს 15 თებერვლიდან აფრთხილებს. რაც შეეხება ტარიფს, როგორც ტიკარაძის უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ტარიფს კომპანია სილქნეტი განსაზღვრავს.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი წარმოადგენს კომპანია „სილქნეტის“ აბონენტს ნომრით 5 51 00 26; 2 51 00 33 და 1505, შესაბამისად ამ ნომრებზე დაკავშირება ხდებოდა კომპანია „სილქნეტის“ მიერ დაწესებული ტარიფით.
ცხელი ხაზი ყოველთვის ფასიანი იყო, თუმცა ეს წინანადება ავტომოპასუხეზე 15 თებერვლიდან დაემატა. მოქალაქეები ხშირად ტარიფის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ და ეს ხდებოდა მათი პრეტენზიის საფუძველი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ერთი წინანადებაც დაგვემატებინა. რაც შეეხება ტარიფს, ის განსხვავებულია სხვადასხვა ქსელების აბონენტებისთვის და მას „სილქნეტი“ განსაზღვრავს“ - განმარტავენ სამინისტროში.
საპირისპიროს ამტკიცებენ „სილქნეტში“. ისინი ამბობენ, რომ ყველა სატელეფონო ოპერატორი თავის აბონენტს თავად უწესებს სააბონენტო ტარიფს ცხელი ხაზის აღნიშნულ ნომერზე ზარის განხორციელებისთვის.
„დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“. განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო ოპერატორი თავის აბონენტს თავად უწესებს სააბონენტო ტარიფს ცხელი ხაზის აღნიშნულ ნომერზე ზარის განხორციელებისთვის.
რაც შეეხება კომპანია „სილქნეტს“ და კომპანიის ფიქსირებული ქსელის ყველა აბონენტისთვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505 დარეკვა არის უფასო, ისევე როგორც უფასოა ამ ნომერზე „სილქნეტის“ ფიქსირებული ქსელის აბონენტების მიერ განხორციელებული საქალაქთაშორისო ზარი“ - აცხადებენ „სილქნეტში“.
ასე თუ ისე, ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშნელოვან უწყებასთან დაკავშირებას ადამიანები ანგარიშზე თანხის არარსებობის შემთხვევაში ვერ შეძლებენ.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ეს არის აღმაშფოთებელი, ეს არის საკუთარი ხალხის უგულებელყოფა.
„ცხელი ხაზის ფუნქციაა, რომ ხალხი რეკავს მაშინ, როდესაც უჭირს. იგივეა ხანძრის დროს ფასიანი იყოს სამაშველო და ადამიანმა ვერ დარეკოს. აქ რეკავს ადამიანი, ვისაც სოციალური ან ჯანდაცვის მხრივ გაჭირვება აქვს. ამისთვის იყო შექმნილი. ცხელი ხაზი თუ ფასიანი გახდა, ეს იქნება უდიდესი ბარიერი ადამიანებისთვის, რადგან იზღუდება ფინანსური ხელმისაწვდომობა. თუ ეს ფასიანი გახდა, ეს არის ჩვეულებრივი კომერციული მომსახურება. ეს არის უპასუხისმგებლო, გაუთვლელი გადაწყევტილება“, - აღნიშნავს ჩიხლაძე.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავჯდომარეს, აკაკი ზოიძეს ამის შესახებ არასდროს სმენია და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება უპრიანი ნამდვილად არ არის.
„ჯანდაცვის სამინისტრომ ეს გადაწყევტილება რატომ მიიღო, აუცილებლად უნდა განმარტოს. ალბათ, საკმაოდ დიდი თანხა ჯდებოდა, სამინისტროს ბიუჯეტს თანხები შეეკვეცა თუ რა მოხდა არ ვიცი, ეს უნდა განმარტონ“, - განუცხადა „კომერსანტს“ ზოიძემ.