„პრეზიდენტს ახალი უფლებამოვალეობით შევინარჩუნებთ“

„პრეზიდენტს ახალი უფლებამოვალეობით შევინარჩუნებთ“

ბიძინა ივანიშვილის მედიასთან შეხვედრა ბევრისთვის კიდევ ერთი გულახდილობის დემონსტრირება იყო, ნაციონალებისთვის კი „დემოკრატიისთვის საგანგაშო სიგნალი“, ან კიდევ „ქართული ოცნების“ სხვა მითების დამსხვრევის პრელუდიაც.

ფაქტი ერთია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, წინამორბედ ხელისუფალთა მსგავსად, ცრუ დაპირებები არ გასცა და პრობლემებიც არ შეალამაზა. პირდაპირ თქვა, რომ გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების განახევრება არ გამოვა და, როგორც ჩანს, ამის დაპირება გადაჭარბებული იყო. ისიც არ დაუმალავს, რომ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია, რადგან სპეციალური წარ­მო­მად­გე­ნ­ლის და­ნიშ­ვნის მიუხედავად, მოს­კოვს ამის საპასუ­ხოდ რა­ი­მე ნა­ბი­ჯი არ გა­და­უდ­გამს...

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისეულ ძირითად აქცენტებს, ისინი შემდეგნაირად ჟღერდა: „ყველამ უნდა მიიღოს ის, რაც სამართლიანად ეკუთვნის - მათ შორის, ციხეც“; „ნაციონალური მოძრაობა არაპერსპექტიულია, ის საზოგადოებაში ძალიან კომპრომეტირებულია“; „პოლიტიკიდან მხოლოდ გამარჯვებული წავალ“; „თუ ეჭვები გაჩნდება დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით, პოლიტიკიდან არ წავალ“; „საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა ამ არჩევნების შემდგომ“; „პრეზიდენტს ახალი უფლებამოვალეობით შევინარჩუნებთ“.

მედიასთან შეხვედრისას იმასაც მოეფინა ნათელი, რომ, როცა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდათ. პრემიერ-მინისტრს მათი ესმის და ადასტურებს, რომ მისი პარტიის მხრიდან იმპიჩმენტის საკითხის დაყენება არ მოხდება. თუმცა იმასაც კარგად ხედავს, რომ პროცესები მიმდინარეობს და არავის უნდა გაუკვირდეს, თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი მაინც დადგება“.

ბიძინა ივანიშვილის ძირითადი გზავნილების შესახებ For.ge პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს ესაუბრა.  

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში სწორი აქცენტები დაისვა და მთლიანობაში, საუბარი იყო ქვეყანაში სამართლიანობის დაბრუნებაზე ყველა მიმართულებით. ერთი მხრივ, ეს ეხება ქონებრივ საკითხებს, მეორე მხრივ, პოლიტიკურ დევნას, ხოლო მესამე გაგებით, - თავისუფალი სიტყვის დაბრუნებას ქვეყანაში და ა. შ.

რაც შეეხება პრეზიდენტის სამომავლო უფლებამოსილების განსაზღვრას, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ისედაც შეკვეცილი აქვს ფრთები და რეალურად, დღეის მდგომარეობით, ის ვერ პრეზიდენტობს.

„სად არის იგი? ჩანს, რომ ის ხელისუფლებაშია? არ ჩანს ისედაც, წვალობს ის კაცი და ბარემ, დავაკანონოთ მისი რეალური სტატუსი. რა არის ამაში ცუდი?“ - კითხულობს გია ხუხაშვილი.

ჩვენ დავინტერესდით, მაშინ რის საფუძველზე განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ძლიერ პრეზიდენტთან თანაარსებობა მიუღებელია, რაზეც გია ხუხაშვილმა აღნიშნა: „რომელ ძლიერ პრეზიდენტზე ლაპარაკობს, რომელიც რა მდგომარეობაშიცაა, ყოველდღიურად ვუყურებთ. რომელ ძლიერ პრეზიდენტზეა საუბარი, რომელსაც ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და, ფაქტობრივად, პოლიტიკური დიაპაზონი აღარ აქვს დარჩენილი?!“

ექსპერტის თქმით, ხალხმა პრეზიდენტი აირჩია ხუთი წლით და ახლა მთელი ეს რიტორიკა მიმართულია იქითკენ, რომ კონსტიტუციის გაუპატიურების შემდეგ პრეზიდენტს კიდევ ათი თვით გაუხანგრძლივეს თავისი ვადა. ამდენად, გია ხუხაშვილის აზრით, როდესაც კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი და ამაზე ქალბატონი ჩიორა კომენტარებს აკეთებს, ეს ძალიან არასერიოზულია. „თუმცა ჩიორას ამის უფლება აქვს“.

ამასთან, ექსპერტი პროგნოზირებს, რომ იმ ფრაქციაში, სადაც ჩიორა თაქთაქიშვილია, სავარაუდოდ, ჩიორა მარტო დარჩება. ამდენად, კიდევ შეუძლია, გააგრძელოს ამ სტილში და იაქტიუროს.

„იმ ფრაქციაში მე სხვა წევრებს ვერ ვხედავ სამომავლოდ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

„ბიძინა ივანიშვილის მედიასთან შეხვედრა არის ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისთანავე დაამკვიდრა და სოლოლაკში, თავის რეზიდენციაში პირველი შეხვედრა გამართა საზოგადოებასთან“, - მიიჩნევს პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ ივანიშვილს მუდმივი ურთიერთობა ჰქონდა პრესასთან. მეტიც, იგი საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანია, უყვარს პრესასთან ურთიერთობა და მართალი შეტყობინებების მიტანა საზოგადოების ყურამდე.

სამაგიეროდ, გია ცაგარეიშვილს არც კი ახსოვს ის დრო, სააკაშვილი ბოლოს როდის შეხვდა პრესას. მართალია, 2004-2005 წლებში ასეთი შეხვედრები იმართებოდა, მაგრამ დონაძეებისა და მსგავსი ვაიჟურნალისტების მეშვეობით ყალიბდებოდა კითხვებიც და პასუხებიც იქვე იწერებოდა. თუმცა, მოგვიანებით ესეც ვერ აიტანა მიხეილ სააკაშვილმა. მისგან განსხვავებით კი, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს საზოგადოებამდე აზრის მიტანის უმოკლეს ხიდად განიხილავს.

აქვე პარლამენტარმა ის მნიშვნელოვანი საკითხებიც დაასახელა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ერთთვიან ანგარიშში ისაუბრა. კერძოდ, ეს იყო სოციალური შეღავათების ამოქმედების შესახებ საკითხი. სხვათა შორის, აქ ითქვა ბევრი მწარე სიმართლე და, გია ცაგარეიშვილის აზრით, სწორედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის გამორჩეული ნიშანი, რომ იგი თამამად საუბრობს გამოწვევებზე, პირდაპირ ისაუბრა ვადებზე, პენსიებზე, დახმარებებზე, შემწეობებზე. ამ ვადების გაჟღერებამ კი დაარწმუნა საზოგადოება, რომ დანაპირები შესრულდება.

„შეტყობინებების მეორე ნაწილი შეეხებოდა სამართლიანობის აღგენას, დაკავებების ფაქტებს. ესეც მნიშვნელოვანი შეტყობინებაა, რომ ვინც დასასჯელია, რა თქმა უნდა, დაისჯება. ოღონდ აქვე ბატონმა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა და პარლამენტი ერთად მუშაობს ერთგვარი ამნისტიის კანონზე იმ საჯარო მოხელეებისთვის, ვინც სცოდა და დააშავა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათი დაკავება არ შედის ქართული სახელმწიფოს ინტერესებში“.

გია ცაგარეიშვილს ახსენდება, რომ თავის დროზე ეს მოდელი ჩილემ გამოიყენა, როცა იქ პინოჩეტი და სამხედრო ხუნტა შეიცვალა და მოვიდა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. სწორედ ამავე პრობლემას შეეფეთა ლათინური ამერიკის ეს კოლორიტული ქვეყანაც. ფაქტობრივად, იქაც აწამეს ხალხი და წლების მანძილზე უმძიმეს მდგომარეობაში ამყოფეს, მაგრამ ამასაც აქვს საზღვარი და ეს ზღვარი სწორედ ივანიშვილმა გაავლო. უფრო ზუსტად, გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ იმ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მაღალჩინოსნებსა და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც უკანონო დავალებებს ასრულებდნენ და კანონს არღვევდნენ, არ დასჯიან. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სწორედ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის, სააკაშვილის მსგავსად გამოავსონ ციხეები ამ ადამიანებით, რომლებსაც ხელფასის სანაცვლოდ უსამართლო გადაწყვეტილებებს ასრულებინებდნენ. ამისთვის ზღვარი იქნება გავლებული, ოღონდ სამართლიანობა აღდგება და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შეტყობინებების მესამე ნაწილს, იგი ეხებოდა ნაცმოძრაობასთან თანაცხოვრებას, პარლამენტში მიმდინარე ვითარებას, ნაციონალების ქცევასა და უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილს. გია ცაგარეიშვილის აზრით, აქაც ნათელი შეტყობინებები მოვისმინეთ, რომ ის, რასაც ნაციონალები პოლიტიკას უწოდებდნენ, არის უზნეო და ამორალური საქციელი. ამდენად, თუ ასე გააგრძელებს ნაცმოძრაობა, მას პერსპექტივა არ აქვს და ის ნულის ტოლია.

„ჩვენთვის თვითმიზანი არ არის სააკაშვილის გადაყენება, რომელიც ამას იმსახურებს. სწორედ ეს თქვა ბატონმა ივანიშვილმა. „ქართული ოცნება“ ემზადება, რომ კონსტიტუციაში შეიტანოს რამდენიმე სახის მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც დააჩქარებს იმ პრეროგატივების ძალაში შესვლას, რაც უნდა შესულიყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ანუ ჩვენ შევეცდებით, ის პროდუქტი, რასაც ჰქვია საპარლამენტო რესპუბლიკა, სამართლებრივად ბევრად უფრო ადრე მივიღოთ, ვიდრე ეს მოხდება 2013 წლის ოქტომბერში“.

ამასთან, გია ცაგარეიშვილი იმედოვნებს, რომ კონსტიტუციაში შესატან პრობლემებს გაგებით მოეკიდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მეტიც, მას სჯერა ბიძინა ივანიშვილის ნათქვამის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ გადავტეხავთ სიტუაციას, ხოლო იმ ლობისტურ კომპანიებს, რომლებსაც ნაციონალები აფინანსებდნენ (მათ შორის, უშიშროების საბჭო, ბოკერიას მეშვეობით), მიღებული აქვთ დაახლოებით 21 მილიონი ლარი. ეს კი ასტრონომიული თანხაა, თანაც მარტო გასული წლისთვის.

„იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ფეხქვეშ თელავენ, ამის უფლებას არ მივცემთ. წითელ კომისრებს და კომკავშირლებს, კანდელაკების და მინაშვილების სახით, პარპაშის საშუალება ევროასპარეზზე აღარ ექნებათ, რადგან ისინი სააკაშვილის გადამრჩენები არიან“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.         

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრამაც დაადასტურა, რომ გაცილებით უფრო რთული ამოცანა შეხვდა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ვიდრე ის ფიქრობდა. მეტიც, ეკონომიკის, სოციალური მდგომარეობის, მთელი ამ სიტუაციის შეფასება წინასაარჩევნოდ მაინც სხვანაირი იყო, რადგან უფრო ჩანდა, რომ ბევრი ფული ტრიალებდა ქვეყანაში, ბიუჯეტი იზრდებოდა, გადასახადები ავსებდა ბიუჯეტს.

„ამიტომაც წარმოდგენა იყო იმის შესახებ, რომ ეკონომიკური საკითხები უფრო ადვილად გადაწყდებოდა. თუმცა ახალმა ხელისუფლებამ რეალურად დაინახა, თუ რა მდგომარეობაშია ბიუჯეტი, რა პრობლემები დგას ეკონომიკური და სოციალური სფეროს წინაშე. მათ უკვე დაინახეს, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტა ისე სწრაფად, როგორც ისინი ფიქრობდნენ, არ გამოდის. ამის გამო ადამიანებში ახლა უკვე გარკვეული იმედგაცრუება ჩნდება“.

ამის მიუხედავად, გოგი ხუციშვილს მიაჩნია, რომ იმედგაცრუება ჯერ ნაადრევია. დრო უნდა გავიდეს და ახალ ხელისუფალთ მივცეთ საშუალება, რაღაც ამუშავდეს.

ამასთან, გოგი ხუციშვილი იმედოვნებს, რომ ყველაფერი ნელ-ნელა განხორციელდება, რადგან უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეტყობა ახალ ხელისუფლებაში მოსულ ადამიანებს, ვიდრე ეს წინა ხელისუფლებას ჰქონდა. გარდა ამისა, უკვე ცხადია, რომ ბიუჯეტიდან ფულის ისეთივე განიავება აღარ მოხდება, როგორც ეს ადრე ხდებოდა. აღარ იქნება ძვირადღირებული მშენებლობები და პროექტები, რომლებიც დღეს არავის სჭირდება. ყველაფერი ეკონომიით მოხდება და ცალკეული სფეროები წინ წავა.

რაც შეეხება ახალი ხელისუფლების პრეზიდენტთან შემდგომ თანაარსებობას, გოგი ხუციშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, თუ რა იგულისხმება კონსტიტუციურ ცვლილებებში. პრეზიდენტს ვადა ეწურება 2013 წლის 20 იანვარს, ამ დროს კი არჩევნები დანიშნულია ოქტომბერში. ეს ქმნის გარკვეულ საკონსტიტუციო პრობლემას, შეუთავსებლობაა ამ ორ თარიღს შორის. ამდენად, ან უნდა გადადგეს პრეზიდენტი და უფრო ადრე უნდა დაინიშნოს არჩევნები, ან პრეზიდენტს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ოქტომბრამდე გაუგრძელდეს ვადა.

„მე ვხედავ, რომ ახალი ხელისუფლება იმისკენ იხრება, პრეზიდენტი თავისი პოსტიდან გადადგეს, მაგრამ სააკაშვილი ამას არ აპირებს. ამიტომ ეს პრობლემა სამართლებრივად უნდა გადაწყდეს. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიდეს ეს საკითხი და სასამართლომ უნდა გამოიტანოს გარკვეული დასკვნა იმის შესახებ, რომ ეს ორი თარიღი ერთმანეთს ხელს უშლის და არის შეუთავსებლობა. ამისთვის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რადგან თვითონ საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს საამისო საშუალება. ამას სჭირდება ხმების ორ მესამედზე მეტი. ამდენად, ოპოზიციის ანუ ნაციონალების ხმების გარეშე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ცალმხრივად ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ“.