„კმარა“ სასამართლოში დაიბარეს

„კმარა“ სასამართლოში დაიბარეს

სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი ბოლო დროს ყველაზე პოპულარული გახდა. ამ მუხლით აღიძრა საქმე 3 ნოემბერს ქუჩაში გამოსული ოპოზიციის წინააღმდეგ, ამ მუხლით დაიწყო მოკვლევა პროკურატურამ „კმარას“ მხარდაჭერთა წინააღმდეგ.

ვინ იცის, არჩევნებამდე ხუთი თვის მანძილზე კიდევ რამდენი საქმე აღიძვრება აქამდე ამ მივიწყებული და „უპატივცემულოდ“ დატოვებული მუხლით.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის განცხადება იმის შესახებ, რომ პროკურატურა მის დასაჭერად კბილებს ილესავს, გადაჭარბებულია, დათო გამყრელიძის წინააღმდეგ, ჯერ საქმეც არ არის აღძრული, პროკურატურა ამ ეტაპზე, ისევ 3 ნოემბრის ფაქტის მხოლოდ შესწავლით არის დაკავებული. სავარაუდოდ, არცერთ ორგანიზატორს არ დააკავებენ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ საქმეში ორგანიზატორად მიჩნეული პირები დეპუტატის ხელშეუხებლობით სარგებლობენ და სხვა იმუნიტეტის მოხსნის საკმაოდ გრძელი პროცედურა უძღვის. ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში კი ბორის კაკუბავას გარდა. იმუნიტეტის მოხსნის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.

ასე რომ, ოპოზიციის ლიდერებს ჯერ საფრთხე არ ემუქრებათ.

ოპოზიციას პროკურატურა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის (გზების გადაკეტვით გამოხატულს) ბრალდებას უყენებს. მინიმალური სასჯელი - ჯარიმა, ხოლო მაქსიმალური - სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

დავით გამყრელიძე, ზურაბ ჟვანია და გიორგი ბარამიძე პროკურატურამ მოწმის სახით უკვე დაკითხა, მიხეილ სააკაშვილს ჯერ მხოლოდ ერთხელ გაუგზავნეს უწყება, მაგრამ „ნაციონალების“ ლიდერი პროკურატურაში მისვლას არ აპირებს (საინტერესოა, რითი იყვნენ მასზე ნაკლები გამყრელიძე, ან ჟვანია). მოკლედ, სასამართლო რეფორმის მამა სამართალდამცავებთან კონტაქტს გაურბის, სააკაშვილი აცხადებს, რომ მას საქმე აქვს და თუ პროკურატურას სურს, იქით ეწვიოს დაკითხვაზე. სააკიშვილის მისამართის გაგება საკრებულოშია შესაძლებელი, მის მდივანს აუცილებლად ეცოდინება ის სახლი, რომლის სახურავზეც საკრებულოს თავმჯდომარის ნახვა შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, ასეთ კომენტარს აკეთებს „ნაცმოძრაობის“ ლიდერი. მაგრამ მისი ოპოზიციონერი კოლეგებისგან განსხვავებით, სააკაშვილს უფრო ცუდად აქვს საქმე, მას იმუნიტეტი აღარ იცავს, ასე რომ, პროკურატურამ იძულებით მოყვანასთან დაკავშირებით, სასამართლოსგან ნებართვა რომ აიღოს, მთაწმინდა-კრწანისის პროკურატურაში საკრებულოს თავმჯდომარეს აუცილებლად მიიყვანენ. მართალია, ამ ფაქტზე შემდეგ, კიდევ ერთი 226-ე მუხლით გახდება საქმე აღსაძვრელი, (სააკაშვილის მხარდამჭერები გადაკეტავენ გზებს) მაგრამ როგორც „კმარას“ ერთი ლიდერი აცხადებს, წეროს და იკითხოს პროკურატურამ აღძრული საქმეები.

რა ჩვენება მისცეს გამყრელიძემ, ბარამიძემ და ჟვანიამ პროკურატურას?

სამართალდამცავების თქმით, სამივე მოწმე ადვოკატის გარეშე გამოცხადდა და საკმაოდ ვრცელი ჩვენება მისცა. სამივე აღიარებს, რომ გამოსვლა მათი ორგანიზებული იყო, მაგრამ ამის გამო თავს დამნაშავედ არცერთი თვლის.

გიორგი ბარამიძე: ვთქვი, რაც იყო და როგორც იყო. არც ის დამიმალავს, რომ ორგანიზატორი ვიყავი, არც ის, რომ ხალხს გამოსვლისკენ მოვუწოდებდი. მოკლედ, ყველაფერზე ვუპასუხე, რაც იყო.

რაც შეეხება შს სამინისტროსთან „კმარას“ აქციის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, თითქოს ერთი საქმე არ ეყოფოდა და ამ აქციას ძალოვნებმა ორი საქმე მიუძღვნეს. პოლიციაში საქმე ხულიგნობის მუხლითაა აღძრული, ხოლო პროკურატურაში საქმე ისევ 226-ე მუხლით აღძრეს. ამ საქმესაც მთაწმინდა-კრწანისის პროკურატურა იკვლევს.

პროკურორის განმარტებით, იქაც აქციის მონაწილეებმა ოთხი საათის განმავლობაში გზა გადაკეტეს და მოძრაობა შეაფერხეს. ამ საქმეზე ჯერ დაკითხული არავინ არის, პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებებს ახლა იწყებს.

თეა თუთბერიძე, „კმარასერთ-ერთი ორგანიზატორი:

- ჩვენ დაკითხვაზე მისვლას არ ვაპირებთ, რაც ჩაიდინეს, ჯერ თავად გამოასწორონ. ის უკანონობა აღადგინონ, რაც გააკეთეს. გზაც გადაიკეტებოდა და კიდევ ბევრი რამ გაკეთდებოდა, როცა ასეთი უკანონობა ხდება.

მომავალი იურისტის ლოგიკით, ხელისუფლების დანაშაულს დანაშაულითვე პასუხობთ?

- ეს არ არის დანაშაული, ეს იყო ჩვენი პროტესტის გამოხატვა, არანაირი ორგანიზება ხალხის მოყვანის არ ყოფილა, ვისაც უნდოდა, მოვიდა. პროკურატურამ კი წეროს და იკითხოს თავისი უკანონო გადაწყვეტილებები.

„კმარას“ აქტივისტებს პროკურატურაში სავარაუდოდ, არც მიიყვანენ, რადგან ისინი გზის გადაკეტვის მომენტში დაკავებულები იყვნენ, მათ უფრო პოლიციაში ხულიგნობით აღძრულ საქმეზე მოუწევთ ჩვენების მიცემა.

რაც შეეხება 226-ე მუხლს, პროკურატურას საქმე უფრო რთულ კონტიგენტთან ექნება. გამოძიებას ჯერ გზის გადაკეტვის ორგანიზატორი არ გამოუვლენია, მაგრამ სავარაუდოდ, თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებს აუცილებლად დაკითხავენ.

ლევან რამიშვილი: ჩვენ ეს ფაქტი მოგვწონს კიდეც, ერთგვარად, გვეამაყება კიდეც, რადგან ამით ხელისუფლებამ დააფიქსირა რომ თავისუფლების ინსტიტუტი მათ წინააღმდეგობას უწევს, მათ დანაშაულში ამხელს. გზის გადაკეტვა დანაშაული არ არის, ამით საზოგადოება თავის პროტესტს გამოხატავს. ჩვენ პროკურატურის პროვოკაციას არ ავყვებით. ძალიან კარგი, თუ ამ აქციის ორგანიზატორებად მიგვიჩნევენ. სასიამოვნო ფაქტია.