მარადიული განსჯის საგანი - საგარეო ვექტორის ცვლილება დასავლეთისკენ, თუ რუსეთისკენ?!

მარადიული განსჯის საგანი - საგარეო ვექტორის ცვლილება დასავლეთისკენ, თუ რუსეთისკენ?!

კონგრესმენების მწვავე გზავნილების შემდეგ ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი უნდა შეცვალონ, რომელიც ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს.

მათი აზრით, თუკი საქართველო დემოკრატიის გზიდან გადაუხვევს და დასავლეთის კრიტიკას იგნორირებით უპასუხებს, დასავლეთის მხარდაჭერა შესუსტდება, რაც ავტომატურად რუსეთის გავლენის გაძლიერებას მოასწავებს.

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ უკვე დასავლეთს ურჩევს საქმეებს და მათ მოუწოდებს, ჩვენს შიდა საქმეებში ნუ ერევითო. ამ რუბიკონს თუ გადალახავენ, ამით ჩაკეტავენ გზას დასავლეთისკენ, რადგან დასავლეთი არ მიიღებს ასეთ ხელისუფლებას და ავტომატურად წავლენ რუსეთისკენ. მით უმეტეს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ზოგიერთებს ისედაც სურთ რუსეთი.

მიაქანებს თუ არა „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთისკენ?

საერთაშორისო საკითხების ექსპერტი, ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველი, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ საქმე ის კი არ არის, ვინ რომელ ვექტორს აირჩევს, არამედ საქმე ის არის, რომ, როგორც კი საქართველოში დასავლეთი სუსტდება, იმ წუთშივე ძლიერდება რუსეთი.

„ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ გეოპოლიტიკურ გარემოში, სადაც მშვიდობა, სიწყნარე, ჰარმონია, ჯანსაღი კონკურენცია სუფევს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეგიონში, რომლის შეთრევაც რუსეთს სურს თავისი გავლენის, პრივილეგირებული ინტერესების სფეროებში. ერთადერთი, რაც მას აჩერებს, ეს არის დასავლეთი. შესაბამისად, ჩვენ თუ გავაფუჭეთ დასავლეთთან ურთიერთობა, მერე უკვე ჩვენ არავინ არაფერს შეგვეკითხება, ისე იმოქმედებს რუსეთი და იმოქმედებს ძალიან ცუდად“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე For.ge-სთან საუბარში და შეკითხვის პასუხად, ამ ეტაპზე ჩანს თუ არა ნიშნები, რომ ეს ხელისუფლება რუსულ გზას ადგას, განმარტავს, რომ „რუსული საქმის კეთება შეიძლება შეგნებულადაც და შეუგნებლადაც“. შესაბამისად, თუკი საქართველო დაზარალდება, ამით ერთადერთი ვინც იხეირებს, ეს იქნება ის მოწინააღმდეგე, რომელსაც არ სურს საქართველოს დემოკრატიულად და განვითარებულად ხილვა.

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინმე ამას შეგნებულად გააკეთებს, თუ შეუგნებლად. მთავარია, ქვეყანა არ დაზარალდეს და ამ კრიტიკულ ზღვრამდე არ მივიდეს. სხვათა შორის, ამ ზღვრამდე ძალიან ახლოს ვართ“, - განმარტავს თენგიზ ფხალაძე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ნამდვილად იმსახურებს იმ ტიპის შეფასებას, რომ ის არ არის დემოკრატიული, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას იმდენად არ ადარდებს საგარეო ორიენტაცია, რამდენადაც ადარდებს საკუთარი თავის შენარჩუნება.

„ამიტომ უფრო მგონია, რომ დღეს ერთმანეთს ემთხვევა რუსეთის ინტერესები, წარმოაჩინოს საქართველო არადემოკრატიულად და „ქართული ოცნების“ ამოცანები, რომელსაც არ ადარდებს დემოკრატია. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შეგნებულად მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ საქართველო რუსეთისკენ, მაგრამ იმდენად არადემოკრატიულად იქცევა, რომ სხვა არაფერი არ დარჩება მომავალში გარდა იმისა, რუსეთს ჩამოეკიდოს. „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ გადაუხვევია რუსეთისკენ, მაგრამ იმ გზით მიდის, საიდანაც ადვილია რუსეთისკენ გადახვევა“, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.

ანალიტიკოსის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჯერჯერობით სჭირდება, როგორმე თავი შეინარჩუნოს, მაგრამ, თუ ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, მერე შეიძლება უკვე რუსეთის რესურსებიც გამოიყენონ.

 

tngh საქართველოს გამთლიანებისა და განვითარებისათვის საუკეთესო გზა უბლოკო სამხედრო სტატუსი, საგარეო პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და შიდა, დიფერენცირებული ფედერალური მოწყობაა. საბედნიეროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი, უკვე აცნობიერებს ამ ჭეშმარიტებას. თუმცა ზოგს შინაგანი შიში აქვს ამის გაცხადების.
4 წლის უკან
tngh საქართველოს გამთლიანებისა და განვითარებისათვის საუკეთესო გზა უბლოკო სამხედრო სტატუსი, საგარეო პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და შიდა, დიფერენცირებული ფედერალური მოწყობაა. საბედნიეროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი, უკვე აცნობიერებს ამ ჭეშმარიტებას. თუმცა ზოგს შინაგანი შიში აქვს ამის გაცხადების.
4 წლის უკან
tngh ფრიად სამწუხაროა, რომ "დემოკრატიულმა მოძრაობამ", ამ საკითხზე "პატრიოტთა ალიანსთან" კოალიციას, "ნაც-ოპოზიციასტან" თანამშრომლობა არჩია... შედეგს არჩევნებზე დაითვლის...
4 წლის უკან