„ბარსელონას“ პრეზიდენტს ტროლებისთვის მილიონი ევროს გადახდაში ადანაშაულებენ

„ბარსელონას“ პრეზიდენტს ტროლებისთვის მილიონი ევროს გადახდაში ადანაშაულებენ

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ პრეზიდენტს ხოსეპ მარია ბართომეუს „ტროლების“ დაქირავებაში ადანაშაულებენ.

მედიაში გავრცელებული ცნობით, კლუბმა სხვადასხვა სოციალური ქსელის რამდენიმე ანგარიშისთვის 1 მილიონი ევრო გადაიხადა, რომ კლუბის პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს რეპუტაცია დაეცვა და პარალელურად ლიონელ მესის, ხერარდ პიკეს, პეპ გვარდიოლას და „ბარსას“ სხვა იმ ლეგენდების იმიჯი შეელახა, რომლებიც მომავალ ზაფხულს გასამართ გუნდის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ბართომეუს მთავარ კონკურენტს, ვიქტორ ფონტს უჭერენ.

კლუბის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირები ადასტურებენ, რომ „ბარსელონამ“ ნამდვილად გამოიყენა მსგავსი სერვისი, მაგრამ ისინი პასუხისმგებლობას არ იღებენ იმ ინფორმაციაზე, რასაც ეს ანგარიშები ავრცელებენ.

მაგალითებად გავრცელდა ბართომეუს მიერ დაქირავებული „ტროლების“ რამდენიმე პოსტი, სადაც ხერარდ პიკეს ლანძღავენ იმის გამო, რომ ფეხბურთზე უფრო მეტად ჩოგბურთზე ფიქრობს. მესის კი იმაში ადანაშაულებენ, რომ ამ კლუბში მხოლოდ ფულის გამო თამაშობს. თავად კლუბი ამ ბრალდებას უარყოფს.