„ამ დაჭერებით „ქართულ ოცნებას“ სურს, უარყოფითი ენერგია გამოუშვას ოპოზიციამ“

„ამ დაჭერებით „ქართულ ოცნებას“ სურს, უარყოფითი ენერგია გამოუშვას ოპოზიციამ“

სტრასბურგში „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული რეზოლუციის ჩავარდნის შემდეგ „ნაციონალები“ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, „ქართული ოცნება“ კი „ნაცების“ მიერ დაგეგმილ საბოტაჟზე საუბრობდა.

რეზოლუცია მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, რადგან მას უნდა განესაზღვრა, რამდენად ასრულებს საქართველო მის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. რა გააფუჭეს „ნაციონალებმა“, ან თავად „ქართულმა ოცნებამ“ საიმისოდ, რომ ასეთი შედეგი დადგა დასავლეთში? ამის შესახებ For.ge-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ რეზოლუციის ჩავარდნა უპრეცედენტო მოვლენაა და მსგავსი სტრატეგიული დოკუმენტის უგულებელყოფა 20 წლის განმავლობაში არ მომხდარა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ევროპასა და ამერიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციების გაგზავნა შესაძლოა, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს, თუკი ასეთი შედეგები მოჰყვება?

- კონტრპროდუქტიული კი არა, ამ დელეგაციების გაგზავნას არავითარი შედეგი არ ექნება, რადგან „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არ იცვლება, ისინი არ მიისწრაფიან, გამოასწორონ მდგომარეობა, ისინი ისწრაფიან, დრო გაწელონ, რათა არჩევნებამდე როგორმე მივიდნენ, მოადუნონ ევროპის ყურადღება, შეჰპირდნენ რაღაცებს, დაჰპირდნენ რაღაც კომისიებს, რომ როგორმე მიათრიონ თავი არჩევნებამდე. მათი ამოცანა დღეს გამარჯვებაც არ არის, მათი ამოცანა გადარჩენაა. მათ ჰგონიათ, მარტო თვითონ არიან ჭკვიანები, მარტო თვითონ შესწევთ უნარი გათვალონ ყველაფერი. ამ დროს ევროპამ კარგად იცის, რა ხდება საქართველოში. ამ ფონზე მათი ქცევა სასაცილოა, ეს რომ საქართველოს არ ეხებოდეს. გული მწყდება, როცა ვერ ხედავენ, ევროპამ რამდენად ზუსტად იცის, რა ხდება ჩვენთან. თუ ეს დელეგაციები უფრო მეტად ივლიან ევროპაში, ეს გამოააშკარავებს მათ უსუსურობას, გამოააშკარავებს იმას, რამდენად არ ფიქრობენ სახელმწიფოზე და ფიქრობენ მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე.

როდესაც აპოკალიფსურ სცენარზეა საუბარი, ამ სცენარებს შორის განიხილება, რომ შესაძლოა, თანხების გამოყოფა შეწყვიტოს ამერიკამ საქართველოსთვის, ევროკავშირმა კი უვიზო რეჟიმი გაგვიუქმოს. ამის მიუხედავად, „ოცნებაში“ თავს იმშვიდებენ, რომ კონგრესმენთა განცხადებები არაფერია, მთავარია, ტრამპი ჯერ კიდევ გაჩუმებულია.

- მე მგონია, ასეთი რადიკალური განწყობები არჩევნებამდე არ იქნება, დასავლეთს მაინც აინტერესებს, როგორ ჩაივლის არჩევნები. თუკი არჩევნების შედეგები არ შეესაბამება ხალხის ნებას, მაშინ დასავლეთმა შეიძლება დაიწყოს გარკვეული სანქციების დაწესება საქართველოსთვის, მანამდე ჩვენი სტრატეგიული მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და არავის შეეპაროს ეჭვი მის შედეგებში. რაც შეეხება ტრამპს, მას თავისი ამოცანები აქვს, ტრამპი მეორე ვადაზე ფიქრობს. თუ ის გაიმარჯვებს მეორე ვადით და, როგორც ჩანს, გაიმარჯვებს, მან შეიძლება დაიწყოს კარგი ურთიერთობების დამყრება პუტინთან, რადგან მას აშკარად ესიმპათიურება პუტინი და მის მიმართ დადებითი ხედვები გააჩნია. არ გამოვრიცხავ, ტრამპმა და პუტინმა მოახერხონ შეთანხმება, პრინციპით, ჩემი ჩემია, შენი შენია და ისინი გარიგდნენ, შენ გახვალ ლათინური ამერიკიდან, კუბიდან, ვენესუელიდან, მე კი არ ჩავერევი შენს საქმეებში, თუნდაც სიტყვაზე, კავკასიაში. ტრამპი ამის გამკეთებელია, ჩანს, რომ იგი ასეთი ტიპია, მაგრამ ეს არ მოხდება მანამ, სანამ ტრამპი მეორე ვადით არ გახდება პრეზიდენტი.

იქნებ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც გრძნობს ტრამპისა და პუტინის ურთიერთობის დათბობას და თავადაც ცდილობენ, არ გააღიზიანონ რუსეთი? იქნებ, ამიტომაც ისმის ოპოზიციის მხრიდან ბრალდებები, რომ ხელისუფლება სამომავლოდ რუსულ კურსს აირჩევს, რადგან დასავლეთში არ მოიწონებენ „ქართული ოცნების“ საქციელს? რადგან ტრამპი ფიქრობს, დაუზავდეს პუტინს, იქნებ, საქართველოს ხელისუფლებაც ცდილობს, რუსეთთან მონახოს ურთიერთობის საშუალება?

- მე მგონია, რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება, დააჯეროს ტრამპი, რომ საქართველო სულაც არ არის დემოკრატიული და ტიპური პოსტსაბჭოთა სახელმწიფოა. რუსეთის პოზიცია ასეთი იქნება, დაანებეთ საქართველოში თავი დემოკრატიის ძებნას, რომელიც აქ არ არსებობს. ამიტომაც რუსეთს აქ სჭირდება არეულობა, სჭირდება გავრილოვის ღამეები. თუკი აირევა სიტუაცია მაისში, როცა ევროსაბჭოს სესია გაიმართება და აქ იქნება რადიკალური გამოსვლები, ამასაც რუსეთი ხელზე დაიხვევს. მთავარია, რუსეთმა აჩვენოს ტრამპს და დასავლეთს, რომ საქართველო არ არის დემოკრატიული. თუმცა იმდენად არაპოპულარულია რუსეთი არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან, ბელორუსიაშიც, უკრაინაშიც, სლავ ხალხშიც, რომ ეჭვი მეპარება, დღეს რუსეთი მზად იყოს, მართოს სიტუაცია საქართველოში. საქართველო არ დაემორჩილება მას და გადააყოლებს რუსეთის ინტერესებს „ქართულ ოცნებასაც“. დარწმუნებული ვარ, არც რუსეთს, არც „ქართულ ოცნებას“ არ გამოუვათ ერთმანეთთან ჩახუტება, მე ამის არ მეშინია, მე მეშინია იმის, რომ ჩვენთან დემოკრატია კიდევ იქით გადაიწევს. ეჭვი მეპარება, ქართველი ხალხი დათანხმდეს რუსეთის ბატონობას საქართველოში.

ქართველი ხალხი არ დათანხმდება რუსეთის ბატონობას, მაგრამ, თუ ტრამპი დათანხმდება პუტინს და გადაინაწილებენ მსოფლიოს, ჩვენი პროტესტი ვიღას ემახსოვრება?

- ტრამპი ქართველი ხალხი არ არის, ტრამპი შესაძლოა, არ ჩაერიოს ჩვენს საქმეში, მაგრამ ტრამპი ვერ აიძულებს ქართველი ხალხს, რუსეთისკენ წავიდეს. ტრამპმა შეიძლება უთხრას პუტინს, მე არ ჩავერევი ამ საქმეში, თუ აიღებ საქართველოს, აიღე, მაგრამ, თუ ვერ აიღებ, ჩემი იმედი არ გქონდეს. თუ ამერიკა ამდენ ხანს გვიცავდა, ახლა აღარ დაგვიცავს, ოღონდ არც დაეხმარება რუსეთს არაფერში და არ გვეტყვის, ახლა რუსეთის ინტერესები გაითვალისწინეთო.

თუ ასე მოხდა, რუსეთი ისედაც ყოველგვარი რევერანსების გარეშე შეძლებს საქართველოში შემოსვლას და არც აშშ-ის მე-6 საზღვაო ფლოტი მოადგება შავი ზღვის ნაპირებს რუსების შესაშინებლად.

- თუ რუსეთს გარანტირებულად ეცოდინება, რომ ტრამპი არ ჩაერევა ამ საქმეში, მერე უკვე თავისუფლად იმოქმედებს, როგორც სირიაში. როგორც კი სირიიდან ამერიკელებმა გაიყვანეს ჯარები, რუსეთმა უკვე დაიწყო თავხედური პოლიტიკა. რაც შეეხება გემს, გემი შეიძლება შემოვიდეს შავ ზღვაში, მაგრამ იმ გემმა არც თავის დროზე არ გააკეთა დიდი არაფერი, არც მერე გააკეთებს.

რაც შეეხება ბოლოდროინდელ გახმაურებულ ამბავს, სიტყვაზე, რომ დაეჭირათ ბოკერია, რომელიც ამოჩემებული ჰყავდა ირმა ინაშვილს, ალბათ, ისეთი რეაქცია არ იქნებოდა, მაგრამ გიგი უგულავას დაჭერა თვით ყოფილმა „ქოცებმაც“ გააპროტესტეს. არის ასეთი ვერსია, რომ „ნაცების“ გაყოფა უნდოდა ბიძინა ივანიშვილს გიგის ციხიდან გამოშვებით, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან „ნაცები“ და „ევროპული საქართველო“ ერთად დადგნენ კრიტიკულ მომენტში.

- „ქართულ ოცნებას“ დღეს სჭირდება, როგორმე შექმნას დაძაბულობა საქართველოში, რათა ოპოზიცია გამოვიდეს და გახდეს არაკონსტრუქციული. ახლახანს გიგი უგულავა დააპატიმრეს, რადგან ხელმოსაკიდი უფრო მეტი იყო მასზე, გიგი მაინც დედაქალაქის მერი იყო და უფრო იოლი იქნებოდა მასზე საქმის შეკერვა. ბოკერიას წინაღმდეგ კი საქმეს ასე იოლად ვერ შეკერავდნენ, თორემ დარწმუნებული ვარ, ბოკერიასაც დააპატიმრებდნენ. ყველაფერი დამოკიდებულია სურვილსა და შესაძლებლობაზე, სურვილი აქვთ, ყველა დააპატიმრონ, მაგრამ რესურსი ყველაზე არ აქვთ. ახლა მოლოდინია თუნდაც იმავე მელიასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, „თიბისის ბანკის“ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებითაც კიდევ რაღაცას განახორციელებენ. მათ უნდათ, როგორმე წყობიდან გამოიყვანონ ოპოზიცია.

ოპოზიციის წყობიდან გამოყვანის შემთხვევაში, ფინალი რა იქნება, ვადამდელი არჩევნები?

- რაღა დროს ვადამდელი არჩევნებია, გაზაფხული მოდის და შემოდგომაზე არჩევნები იქნება. ფინალი იქნება ის, რომ მათ უნდათ ოპოზიციის დისკრედიტაცია, რათა საზოგადოებას უთხრან, აი, ხალხო, ესენი გინდათ ხელისუფლებაში მოვიდნენ? უკვე აღარ მუშაობს ის, რომ ოდესღაც „ნაცები“ რაღაცებს ცუდად აკეთებდნენ, ეს უკვე წარსულის ამბებია, დღეს ხალხს შია და წყურია. აღარ მუშაობს „ნაცმოძრაობა“ და ნიკოლოზ მეორე რომ ცუდი იყო. ხალხს დღევანდელობა სჭირდება, ნებისმიერი არჩევნების დროს მოსახლეობა აფასებს არსებულ და არა წარსულ ხელისუფლებას. ამიტომ ვეღარ გაყიდიან „ნაცმოძრაობის“ ძველ უარყოფით მომენტებს, ახალი უარყოფითი მომენტები, ახალი დისკრედიტაცია უნდათ შემოიტანონ - დარბევები, მიტინგების დროს თუ ვინმე ჩაამტვრევს ვიტრინებს, ესეც აწყობთ. ოპოზიციის დაპატიმრებით „ქართულ ოცნებას“ უნდა, აგრესიული ენერგია გამოუშვას ოპოზიციამ. ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ პროტესტი იყოს მხოლოდ მშვიდობიანი, დროებითი, დროში გაწელილი და სერიოზულად მოემზადონ არჩევნებისთვის.

 

ზურაბი რომ ყვირიან პოლიტიკური პატიმრების შესახებ, ერთი დაასახელონ ვინ დააპატიმრეს უკანონოდ/ მხოლოდ ეს თქვას პოლიტიკურად არა ანგაჟირებულმა ხალხმა და არა ხოშტარიასებრებმა.
4 თვის უკან
Gami ენაბლუობა ტვინის ბლუობიდან მოდის.
4 თვის უკან
Aburjga Tasmanieli ეს ბლუ ადრე კარგი კაცი მეგონა!!! ვახ მე ამის ნაგლი და უნსმუსო..!
4 თვის უკან
Maverick "სტრასბურგში „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული რეზოლუციის ჩავარდნის შემდეგ „ნაციონალები“ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, „ქართული ოცნება“ კი „ნაცების“ მიერ დაგეგმილ საბოტაჟზე საუბრობდა."

პატ-ლო მანანა ნოზაძევ! თუ შეიძლება მე, უდაბურ კუნძულზე, უსიერ ტყეში მცხოვრებს რამოდენიმე სტრიქონით ამიხსენით რა რეზოლუციაზეა საუბარი და საერთოდ რას მოითხოვდა არაფრისმაქნისი კონსტუტუციით, ქვეყნის მმართველი უსაქმური პარლამენტი!
4 თვის უკან