ეროვნული ბანკის რეგულაციების შერბილების შესახებ, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გახდეს ცნობილი. ინფორმაციას უშუალოდ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე ავრცელებს. იმედიანადაა განწყობილი როგორც ბიზნესი, ისე მომხმარებელიც, რადგან საქართველოში ფინანსური რესურსი მწირია, ხოლო მოთხოვნა თანდათანობით - მზარდი.
2019 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საბანკო რეგულაციები და ბანკებს მოქალაქეთა შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხის გაცემა შეეზღუდათ. ამ ცვლილებიდან ერთი წლის შემდგომ, საქართველოს ეროვნული ბანკი მათ შეცვლაზე მუშაობს.
საბანკო რეგულაციების შესაძლო შერბილების შესახებ 2019 წლის დეკემბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან გახდა ცნობილი. ცვლილებები 2020 წლის მარტიდან არის მოსალოდნელი.
„ბიზნეს ასოციაციის ფორმატში ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს მთავრობასთან, იგეგმება ძალიან საინტერესო ცვლილებები და ამას რამდენიმე დღეში, კვირაში მთელი საზოგადოება გაიგებს. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ჩვენ იმ კონდიციამდე მივალთ, როცა ორივე მხარე იქნება კმაყოფილი, ანუ ბიზნესი და ხელისუფლება“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
„ბიემის“ ინფორმაციით, ეროვნულ ბანკთან კომუნიკაციაშია „საქართველოს ბანკიც“. ორგანიზაციის გენერალური დირექტორი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა არჩილ გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ სებ-ისგან კონკრეტულ შემოთავაზებას სწავლობენ.
„უშუალოდ კონკრეტულ შემოთავაზებას დღეს ვსწავლობთ და პოზიციას ჩამოვაყალიბებთ მოგვიანებით. ბევრ სხვადასხვა ვარიანტზე იყო საუბარი, კონკრეტულად რამის თქმა გამიჭირდება, შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ქმედება არის მისასალმებელი ჩვენი მხრიდან, რომელიც იქნება თუნდაც პატარა ნაბიჯი გადადგმული, რათა შემსუბუქდეს დღევანდელი ტვირთი“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
მარტიდან საბანკო რეგულაციების ახალ ეტაპზე გადასვლა, მოსახლეობისთვისაც ერთგვარი შვება იქნება, რადგან რეგულაციების შერბილება, სავარაუდოდ, სესხზე ხელმისაწმდომობას გაზრდის. „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ თუკი რეგულაციების გარკვეული ნაწილი მაინც შემსუბუქდება, საბანკო სექტორი, ზრდას კიდევ უფრო მეტად გააგრძელებს.
„შედარებით შემცირებაა მოკლევადიან სესხებში, თუმცა, გრძელვადიანი, მათ შორის ბიზნეს სესხები, იზრდება, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის გაცილებით მომგებიანია.
თუ რეგულაციების გარკვეული ნაწილი მაინც შემსუბუქდება, საბანკო სექტორი, ზრდას კიდევ უფრო მეტად განაგრძობს. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, საქართველოში საბანკო სექტორი არის ერთადერთი დამფინანსებელი პირველადი ეკონომიკისა, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ჩვენთან არ არის განვითარებული კაპიტალის ბაზარი. ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი დინამიური განვითარება და ეს პროცესი უნდა იყოს თანხვედრაში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან“, - განაცხადა კეპულაძე.
„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ მარტიდან შერბილებული რეგულაციებით, გრძელვადიანი სესხების გაცემა გაიზრდება.