რამდენი შავი წერტილია საქართველოს გზებზე? - მთავრობა კვლევას იწყებს

რამდენი შავი წერტილია საქართველოს გზებზე? - მთავრობა კვლევას იწყებს

საქართველოში ავარიებისა და ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობა არ იკლებს, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ თუ რეგიონულ გზებზე ათასობით ვიდეოკამერაა დამონტაჟებული. ამიტომ აუცილებელი გახდა ე.წ. შავი წერტილების განსზაღვრა და შემდეგ, უკვე, ამ ადგილებში საფრთხის თავიდან აცილება. პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა უკვე შესულია. პირველ ეტაპზე მოხდება არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთის დადგენა, სადაც 3 წლის განმავლობაში დაფიქსირდება არანაკლებ 4 საგზაო შემთხვევა, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება ანდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

საქართველოში ყოველწლიურად ასობით ადამიანი სიცოცხლეს ავტოსაგზაო შემთხვევით ასრულებს. ამიტომ, სპქციალისტები ფიქრობენ, რომ ამ საკითხის კანონის დონეზე მოგვარება, მართლაც საჭიროა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვს შეამცირებს. ე.წ. შავი წერტილების ინიციატივის ავტორი, ეკონომიკის სამინისტროა.

„ინფორმაცია გზებზე არსებული სახიფათო მონაკვეთების შესახებ მუშავდება უწყვეტად, მუდმივ რეჟიმში და აღნიშნული ვალდებულება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო უწყებების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღების შედეგად, მოხდება აღნიშნული პროცესის ფორმალიზება იმ განმარტების შესაბამისად, რომლითაც განისაზღვრება „შავი წერტილი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა.

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე ამბობს, რომ გზებზე „შავი წერტილი“ უკვე დიაგნოზია, რომლის შემდგომი აღმოფხვრაც იოლი და შედეგის მომტანია.

„შავი წერტილი ჰქვია იმ ადგილს, სადაც ხშირად ხდება ავარიები. ისევე როგორც ნებისმიერ ავადმყოფობას მკურნალობის უნივერსალური რეცეპტი არ გააჩნია, კონკრეტულ ადგილზე ავარიასაშიშ ე.წ. შავი წერტილის აღმოფხვრას ინდივიდუალური ანალიზი სჭირდება. ზოგან შესაძლოა იყოს ღამით ცუდი განათება, შესაძლოა სარეკლამო აბრის მეშვეობით შეზღუდული მხედველობა, შესაძლოა ეს იყოს უბრალო ინფრასტრუქტურული ხარვეზი, მაგალითად, ახდილი ან ჩაწეული ჭის ბუდე, ან გზის პროფილი.

ბევრი მიზეზია და როდესაც ერთსა და იმავე ადგილზე ავარიების განმეორება ხდება, ეს კონკრეტულად საგზაო სპეციალისტების ჩარევას მოითხოვს. ასე განისაზღვრება ეს „შავი წერტილები“. მის აღრიცხვას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ავარიების შემცირების თვალსაზრისით. ამის აღრიცხვა რომ არ ხდებოდეს, ყველგან შედგება ავარიის ბანალური ოქმი, მაგრამ თუ ეს ყველაფერი ერთი და იმავე ადგილზე ხდება, მაშინ ესაა კლასიკური „შავი წერტილი“, რომელიც სწრაფ ჩარევას მოითხოვს. ამიტომ ამ საკითხის ინიცირება მეტად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ოგბაიძემ.

„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილიც ადასტურებს, რომ მნიშველოვანი, მოხდეს სარისკო მონაკვეთების იდენტიფიცირება, რის შემდეგაც მოხდება პრობლემის აღმოფხვრა.

„დღეს ბევრი შავი წერტილი გვაქვს, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და დაზუსტებით არ ვიცით, სად არის ეს მონაკვეთი. პრობლემურია ის მონაკვეთები, სადაც წლის განავლობაში რამდნეიმე შემთხვევა ხდება და ფატალურად სრულდება ანდა მძიმე ტრავმით. გარდა იმისა, რომ განისაზღვროს რა არის შავი წერტილი, მნიშვნელოვანია, საპარტულო პოლიციამ საგზაო შემთხევის შემდეგ, დააფიქსიროს კონკრეტული ავარიის ადგილი, რომელიც აისახება ელექტრონულ რუკაზე, როგორც შავი წერტილი.

შემდეგ უკვე, როდესაც ელექტრონული რუკა გვექნება მოხდება შესწავლა, თუ რა ფაქტორების გამო მოხდა ეს შემთხვევები და მისი განეიტრალება დაიწყება“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

2018 წელს საქართველოში 6452 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რამაც გამოიწვია 459 ადამიანის დაღუპვა და 9048 სხეულის მძიმე დაზიანება. 2019 წლის 11 თვის მდგომარეობით (იანვარი-ნოემბერი) კი დაფიქსირებულია 5330 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რამაც გამოიწვია 427 ადამიანის დაღუპვა და 7291 სხეულის მძიმე დაზიანება.