ნიკო ნიკოლაძე ამბობდა: „ყოველი ერის საფუძველი, ძალა, მომავალი უფრო მის მეურნეობაზეა დამყარებული, მის მწარმოებლურობაზე. სხვა ყველაფერი თითქმის უმნიშვნელოა ამასთან შედარებით. ერი, რომლის წარმოებაც შეფერხდა და სხვა ქვეყნების წარმოებასთან შედარებით ხეირიანად ვეღარ აჯილდოვებს მწარმოებელს, სხვის მსხვერპლადაა გამზადებული. თუ ვერ მოვახერხეთ საკუთარი წარმოების გაუმჯობესება, გაიაფება, გაადვილება და გახვიანება, ჩვენი საქმე წასული და დაღუპულია“.
საქართველოს უამრავი პრობლემა აქვს, თუმცა ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზები ძირითადად სახელმწიფოს სიღარიბეს უკავშირდება. ექსპორტ–იმპორტ შორის უარყოფითი სალდო 6 მილიარდ დოლარს აღწევს. ქვეყანა ახდენს მუშახელის ექსპორტს და მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მათ მიერ ფულად გზავნილებზე, რომელიც წელიწადში მილიარდნახევარ დოლარზე მეტია. საქართველო უნდა გახდეს მწარმოებელი და არ უნდა იყოს მხოლოდ მომხმარებელი სახელმწიფო. ამისათვის კი უარი უნდა ვთქვათ არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკაზე. მოდით, ამერიკელ ეკონომისტს, ნობელის პრემიის ლაურეატს იოზეფ შტიგლიცს მოვუსმინოთ: „შეძლებული ქვეყნები, რომლებიც ოფიციალურად თავისუფალ ვაჭრობას ქადაგებენ, უფრო ხშირად თავად იყენებენ საბაჟო გადასახადებსა და სუბვენციებს ღარიბი ქვეყნებიდან იმპორტის შესაზღუდად და ისინი ამით უარს ამბობენ ღარიბი ქვეყნების საექსპორტო შესაძლებლობების რეალიზაციაზე, რაც მათ სიღატაკისაგან თავის დასაღწევად და ეკონომიკური ზრდისთვის ბიძგის მისაცემად სჭირდებათ“.
ვინაიდან სახელმწიფოში არ არსებობს შიდა ბაზრისა და ადგილობრივი წარმოების დაცვის პოლიტიკა, არსებული მიდგომა უნდა შეიცვალოს, სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში პროტექციონიზმისა და პრეფერენციების მეშვეობით, აქტიურად ჩარევით. სანამ ინდუსტრიალიზაციისკენ ნაბიჯებს გადავდგამდეთ, თავდაპირველად, სასიცოცხლოდ აუცილებელია „სასურსათო ეკონომიკური უსაფრთხოების“ შექმნა, რაც გულისხმობს მოსახლეობის ადგილობრივი წარმოების კვების ძირითადი პროდუქტებით უზრუნველყოფას. 2017 წელს შვეიცარიის ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა შემდეგი განაცხადა: „მინდა გულახდილად გითხრათ, როდესაც თქვენი ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყანას საკვების 70–80% იმპორტით შემოაქვს, ეს არამარტო არასწორი, არამედ არანორმალურია.“ აგრარული სექტორის მიზანმიმართული განადგურების პოლიტიკის შედეგად, აგრარულ ქვეყანაში მოსახლეობის მიერ მოხმარებული სურსათის 70–80%–ზე მეტი იმპორტირებულია. ქვეყანაში შემოდის სასურსათო პროდუქციის ისეთი სახეობებიც, რომლის ძირითადი მწარმოებელი თვით საქართველო იყო (ხილი, კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, სტაფილო და სხვ.). მაგალითად, ბოლო წლებში კარტოფილის იმპორტი 19–ჯერ გაიზარდა, მაშინ, როცა ამ პროდუქციით თვითუზრუნველყოფა ქვეყანაში პრაქტიკულად 100%–ს შეადგენდა. დარგისადმი გატარებული ასეთი პოლიტიკა სრულიად მიუღებელი იყო ქვეყნისათვის, მაგრამ, სამაგიეროდ, ხელს აძლევდა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, რომლებსაც ხელში ჰქონდათ ჩაგდებული სასურსათო პროდუქტების იმპორტის მონოპოლია.
პაატა კოღუაშვილი (პროფესორი): „სამწუხაროდ, არავის უფიქრია უახლოეს პერიოდში მოსალოდნელ უმწვავეს კლიმატურ კატაკლიზმებზე და მისგან მოსალოდნელ მწვავე მოსალოდნელ კრიზისზე, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებით, გარდაუვალია მსოფლიოში და რომლის ნეგატიური შედეგები, უპირველესად, სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებზე აისახება. საქართველოს აქვს შესაბამისი ბიოკლიმატური პირობები, აგრარული პოტენციალი და სხვა კომპონენტები, რომლებიც აუცილებელია მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფისთვის. საქართველოს, ბიორესურსის გამოყენებით, შეუძლია 10–12 მილიონი ადამიანის გამოკვება. ამასთან, ის გამოირჩევა იმითაც, რომ აქ ადამიანის კვებისთვის აუცილებელი თითქმის ყველა სახეობის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობა და საკმარისი რეზერვია. ეს ნიშნავს, რომ სწორი აგრარული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია საკუთარი მოსახლეობის გამოკვება სამამულო წარმოების პროდუქციით. ანუ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ ნებისმიერ სასურსათო კრიზისს, გამოვკვებოთ საკუთარი თავი და გარკვეული რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქცია ექსპორტზეც გავიტანოთ“.
სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე 2004 წელს გაუქმდა „მიწის მართვის სახელმწიფო დეპარატამენტი“, შედეგად აღარ ვიცით რამდენი ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების სავარგული აქვს სახელმწიფოს და რამდენია კერძო მფლობელობაში, მათ შორის უცხოელების საკუთრებაში. ხელისუფლებას მრავალი წლის მანძილზე მოვუწოდებდი აღედგინა აღნიშნული დეპარტამენტი, მისასალმებელია, რომ 2019 წლის თებერვალს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება „მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს“ შექმნის შესახებ, რომელიც 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს. თუმცა საქართველო ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც მიწის კოდექსი არ გააჩნია. სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკური ძალები ამაზე არ საუბრობენ, ვერც ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური უსაფრხოების შესახებ საუბარს მოისმენთ მათგან. ჩვენს პოლიტელიტას საარჩევნო სისტემა და სკამების გადანაწილება უფრო აღელვებს, ვიდრე ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, თორემ 3,7 მილიონიანი ქვეყნის ფეხზე დაყენება არც ისე რთულია ჩვენი მიწის, კლიმატისა და სხვა რესურსების გათვალისწინებით.
წერილს ამერიკელი პოლიტოლოგის ჩალმერს ჯონსონის სიტყვებით დავამთავრებ: „გლობალიზაციის დოქტრინა სხვა არაფერია, თუ არა ლამაზად შეღებილი ფასადი, რომლის საშუალებითაც იგი თავის მსხვერპლს განვითარებად ქვეყნებში ადუნებს და მისი ყურადღება გადააქვს სხვა თემებზე, სანამ მდიდარი ქვეყნები ღარიბ ქვეყნებს რესურსებისაგან ფიტავენ და ისეთ მდგომარეობაში აგდებენ, რომ ვერასოდეს შეძლონ მათთან წინააღმდეგობის გაწევა“.