„ხავერდოვანი რევოლუციის ზოგადი ტექნოლოგია“ – (VI თავი)

„ხავერდოვანი რევოლუციის ზოგადი ტექნოლოგია“ – (VI თავი)

For.ge აგრძელებს ამერიკელი პროფესორის, ჯინ შარპის (ინგლ. Gene Sharp, 21 იანვარი 1928 ბალტიმორი - 2018 წლის 28 იანვარი, ოჰაიო) ნაშრომის „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“ ნაშრომის გამოქვეყნებას. ნაშრომი ქართულად ითარგმნა ნინო წოწორიასა და ნოდარ ლაბარტყავას მიერ.

თავი მეექვს

სტრატეგიული დაგეგმვის აუცილებლობა

დიქტატურის წინააღმდეგ პოლიტიკური დაუმორჩილებლობის კამპანია სხვადასხვანაირად შეიძლება დაიწყოს. ადრე ამგვარი ბრძოლა, თითქმის ყოველთვის, დაუგეგმავად იწყებოდა და ხშირად სპონტანურიც კი იყო. აქციის დაწყების საბაბი ხშირად ახალი სისასტიკე, ხალხის საპატივცემულო ადამიანის დაპატიმრება ან მკვლელობა, რეპრესიები ან შესაბამისი ბრძანებები, სურსათის მიწოდების შეფერხება, რელიგიური რწმენისადმი ან რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენის თარიღისადმი უპატივცემულობის გამოხატულება ხდებოდა. ხანდხან დიქტატურის რაიმე ქმედება იმდენად განარისხებდა ადამიანებს და ისინი იწყებდნენ ბრძოლას ისე, რომ საერთოდ ვერ წარმოედგინათ, თუ რით დამთავრდებოდა ეს ყოველივე. სხვა შემთხვევაში ერთი გამბედავი ადამიანი ან მცირე ჯგუფი იწყებდა აქციას, რომელიც შემდეგ მასობრივ მხარდაჭერას მოიპოვებდა. კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები შეიძლება ხალხს აღექვა, როგოც ყველას მიმართ ჩადენილი ქმედება. ასე იზრდებოდა ბრძოლის მონაწილეთა რიცხვი. ხანდახან მცირე ჯგუფის ან ერთი ადამიანის მოწოდებას, შეიძლება ფართო გამოხმაურება გამოეწვია.

მიუხედავად იმისა, რომ სპონტანურობაში უამრავი კარგი რამ არის, მას თავისი ნაკლიც გააჩნია. ხშირად დემოკრატიული მოძრაობის მონაწილენი დიქტატურის მხრიდან სასტიკ მოქმედებებს არ ელიან, რეაგირებენ ძალზედ მტკივნეულად და მარცხდებიან. უმეტესად მათ არ აქვთ გეგმა და მნიშვნელოვანი საკითხები შემთხვევის ნებაზეა მინდობილი, რაც ასევე დაღუპვის ტოლფასია. მაშინაც კი, თუ რეპრესიული რეჟიმი დამხობილია, დემოკრატიზაციაზე გადასვლის გეგმის არარსებობა ახალი დიქტარტურის წარმოქმნას უწყობს ხელს.

რეალური დაგეგმვა

პოლ პოტი, ნამდვილი სახელი  სალოტ სარი (1928-1998).  პოლ პოტი არის ფრანგული “politique potentielle” -„შესძლებლობების პოლიტიკის“ შემოკლებული ვარიანტი. „წითელი კჰმერებისა“ და ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებული პარტიზანული ომის ერთ ერთი მოთავე.1975 წ-ს აიღო კამბოჯის დედაქალაქი პნომპანი. ქვეყანას ეწოდა დემოკრატიული კამპუჩია. პოლ პოტის ხელისუფლება დაემხო 1979 წ-ს ვიეტნამის ინტერვენციის შედეგად, რამაც ძალიან გაანაწყენა ჩინეთი და ჩინეთ-ვიეტნამის ომი გამოიწვია. წითელი კჰმერები შემდგომ პერიოდშიც განაგრძობდნენ პარტიზანულ ბრძოლას, მათი ბოლო რადიკალური ლიდერი ტა მოკი 2000წ-ს დააპატიმრეს.

***

დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუგეგმავი სახალხო გამოსვლა უეჭველად დიდ როლს ითამაშებს. თუმცა ახლა შეგვიძლია განვსაზღროთ მისი დამხობის მეტ-ნაკლებად ეფექტური ხერხი, შევარჩიოთ ამისათვის საუკეთესო მომენტი, გადავწყვიტოთ, როგორ დავიწყოთ კამპანია. იმისათვის, რომ კონკრეტულ ვითარებაში თავისუფლების მისაღწევად ყველაზე ეფექტური გზა ავირჩიოთ, საჭიროა ჩვენი მდგომარეობა და შესაძლებლობები გულმოდგინედ და რეალისტურად გავიაზროთ.

თუ თქვენ გსურთ რაიმეს მიღწევა, გონივრული იქნება ამის წინასწარ დაგეგმვა. რაც უფრო მნიშვნელოვანია მიზანი, რაც უფრო საშიშია შედეგი დამარცხების შემთხვევაში, მით უფრო აუცილებელია გააზრებული გეგმის შედგენა. სტრატეგიული დაგეგმვისას საჭიროა იმის გათვლა, თუ როგორ უნდა მოხდეს ყველა რესურსის მობილიზება და ეფექტურად გამოყენება. ეს განსაკუთრებით ეხება დემოკრატიულ მოძრაობას, ვისი რესურსიც შეზღუდულია, ხოლო წევრებს ემუქრებათ საფრთხე, თუკი ისინი დიქტატურის დამხობას შეეცდებიან. დიქტატურას კი, როგორც წესი, ხელი მიუწვდება მატერიალურ რესურსებზე, ფლობს ორგანიზაციულ ძალაუფლებას და შეუძლია უსასტიკესად მოქმედება.

სიტყვები „სტრატეგიის დაგეგმვა“ ნიშნავს გაანგარიშებულ იქნეს მოქმედებათა თანმიმდევრობა, რომელიც დიდი ალბათობით, არსებული ვითარებიდან სასურველამდე მიგიყვანთ. ჩვენ შემთხვევაში ეს გზა დიქტატურიდან დემოკრატიისაკენ მიდის. მოქმედების გეგმა ჩვეულებისამებრ შედგება ფაზებად დაყოფილ კამპანიისა და სხვა ორგანიზაციული აქციისაგან, რომელთაც მხარი უნდა დაუჭირონ ჩაგრულთ და შეასუსტონ დიქტატურა. აღვნიშნოთ, რომ აუცილებელი არა მხოლოდ დიქტატურის დამხობა, არამედ დემოკრატიული სისტემის შექმნაცაა. თუ საბოლოო მიზნები მხოლოდ დიქტატურის დამხობით შემოიფარგლება, ჩვენ ახალი ტირანიის წარმოქმნის შესაძლებლობით ვრისკავთ.

დაგეგმვის სირთულეები

თავისუფლების აპოლოგეტებმა ყოველთვის კარგად არ იციან, როგორ მოიპოვონ თავისუფლება. მხოლოდ იშვიათად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქმედების დაწყებამდე ყველაფრის გულმოდგინედ დაგეგმვა. ჩვეულებისამებრ თანმიმდევრული გეგმა არ არსებობს.

რატომ არის, რომ ადამიანები, ვისაც სურთ ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვება, ყოვლისმომცველ სტრატეგიულ გეგმას იშვიათად ამზადებენ? სამწუხაროდ დემოკრატიული ოპოზიციური ჯგუფების წევრებს ყოველთვის არ ესმით, რამდენად აუცილებელია სტრატეგიული დაგეგმვა, ან ვერ შეეჩვიენ სტრატეგიულ აზროვნებას. ეს მართლაც არ არის იოლი. დიქტატატურის მიერ განუწყვეტლივ დევნილი, მიმდინარე საქმეებით დატვირთული ლიდერი საკმარისად დაცული არ არის და მისთვის სტრატეგიული აზროვნების უნარის გამომუშავება ძალიან ძნელია.

 ამის მაგივრად, ის დიქტატურის მოქმედებებზე უბრალოდ რეაგირებს. ოპოზიცია მუდმივად დაცვაშია. ის მიისწრაფის შეინარჩუნოს შეზღუდული თავისუფლება, უკეთეს შემთხვევაში, სრული კონტროლის დამყარებისათვის, რეჟიმს როგორმე მაინც რომ შეუშალოს ხელი.

რა თქმა უნდა, ზოგიერთი ადამიანი ან ჯგუფი, შესაძლოა, თვლიდეს, რომ ხანგძლივი დაგეგმვა საჭირო არ არის. ერთნი გულუბრყვილოდ ვარაუდობენ, რომ თუ საკუთარ მიზანს დიდი ხნის განმავლობაში დაჟინებით და შეუპოვრად გაახმოვანებ, ის რაღაცნაირად მაინც განხორციელდება. სხვები ფიქრობენ, რომ სირთულეების პირისპირ უბრალოდ საკუთარი პრინციპების შესაბამისად უნდა იცხოვრო. ჰუმანური მიზნების მხარდაჭერა და იდეალებისადმი ერთგულება აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ დიქტატურის ჩამოსაგდებად და თავისუფლების მისაღწევად სრულებით არ არის საკმარისი.

დიქტატურის სხვა მოწინააღმდეგენი მარტივად ვარაუდობენ, რომ თავისუფლების მიღწევა ძალადობის გამოყენებითაა შესაძლებელი. მაგრამ, როგორც ჩვენ უკვე ვთქვით, ძალადობა გარანტიას არ იძლევა. მან შეიძლება გამოიწვიოს მარცხი ან კატასტროფა, ან ერთიც და მეორეც. უმეტეს შემთხვევაში დიქტატურა უკეთესადაა მომზადებული ძალადობრივი ბრძოლისათვის. საომარი უპირატესობა დემოკრატების მხარეს იშვიათად ან საერთოდ არასდროსაა.

არიან აქტივისტებიც, რომლებიც „გრძნობენ“ რა უნდა გააკეთონ. ეს არა მხოლოდ ეგოცენტრულია, არამედ უაზროცაა. ამგვარი „შეგრძნებებით“ გათავისუფლების გენერალური გეგმა ვერ შეიქმნება.

ნაკლი „ბრწყინვალე იდეაზე“ დაფუძნებულ მოქმედებასაც გააჩნია. ყოველი მომდევნო ნაბიჯი გულმოდგინედ უნდა იქნას გათვლილი. სტრატეგიული ანალიზის გარეშე, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებს, უბრალოდ არ ეცოდინებათ როგორი უნდა იყოს შემდეგი ეტაპი, რადგანაც მათ გააზრებული არ აქვთ გამარჯვებისათვის აუცილებელად გადასადგმელი ნაბიჯების თანმიმდევრობა. შემოქმედებაც და ბრწყინვალე იდეებიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ამით შემოფარგვლა არ შეიძლება.

იციან, რა რომ დიქტატურის წინააღმდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას უამრავი მოქმედება, მაგრამ არ აქვთ წარმოდგენა, რით დაიწყონ, ზოგი ადამიანი ურჩევს: „ყველაფერი ერთდროულად აკეთეთ“. ამას შეეძლო მოეტანა სარგებელი, შესაძლებელი რომ ყოფილიყო მისი განხორციელება, განსაკუთრებით შედარებით სუსტი მოძრაობისათვის. გარდა ამისა, ასეთი გადაწყვეტილება ვერ კარნახობს, რით უნდა დაიწყო, რაზე მიმართო ძირითადი ძალისხმევა, როგორ გამოიყენო, უმეტესად, საკმაოდ მწირი რესურსები.

სხვა ადამიანები და ჯგუფები შესაძლოა ხედავდნენ დაგეგმვის აუცილებლობას, მაგრამ მისი მხოლოდ მოკლევადიან ან ტაქტიკურ საფუძველზე აგებული გააზრება შეეძლოთ. მათ არ ესმით, რომ ხანგრძლივი ვადით დაგეგმვა შესაძლებელი და აუცილებელიც კი არის. ხანდახან მათ სტრატეგიული აზროვნების უნარი არ გააჩნიათ, ყურადღება მუდმივად წვრილმანებზე გადააქვთ, ხშირად პასუხობენ მოწინააღმდეგის მოქმედებას, იმის მაგივრად, რომ ინიციატივა ხელში თავად ჩაიგდონ. მიმართავენ რა დიდ ძალისხმევას მოკლევადიან მოქმედებაზე, ასეთი ლიდერები არ გაიაზრებენ ბრძოლის ალტერნატიულ გზებს, რომლებიც შესაძლოა საბოლოო მიზანს თანდათანობით აახლოვებდეს.

ზოგიერთი დემოკრატიული მოძრაობა დიქტატურის დამხობის ყოვლისმომცველ სტრატეგიას არ შეიმუშავებს, კონცენტრირებას იმ პრობლემაზე ახდენს, რომლის წინაშეც იმ წუთას დგას და ნაწილებად შემდეგი მიზეზის გამო ხურდავდება: მათ არ გააჩნიათ შინაგანი რწმენა იმისა, რომ დიქტატურის დამხობა საკუთარი ძალისხმევითაა შესაძლებელი. ამიტომ ამგვარი მოქმედებების დაგეგმვა დროის უსარგებლო და რომანტიულ ხარჯვად ესახებათ. ისინი, ვინც იბრძვიან ძლევამოსილი და სასტიკი დიქტატურის წინააღმდეგ, ჩვეულებისამებრ უდიდეს სამხედრო და პოლიციურ შესაძლებლობებს უპირისპირდებიან, ამიტომაც თვლიან, რომ დიქტატურას შეუძლია ყველაფერი, რასაც მოისურვებს. არ გააჩნიათ რა რეალური იმედი, ისინი ხელისუფლებას შინაგანი პატიოსნების, შეიძლება ისტორიის გამო უპირისპირდებიან. თუმცა თავად ამას არასოდეს აღიარებენ და შესაძლოა არც ფიქრობდნენ ამის შესახებ, საკუთარი მოქმედებები მათ უიმედოდ ეჩვენებათ. მაშინ რატომ უნდა დაგეგმონ მათ რაიმე, მით უმეტეს ხანგძლივი დროით?

შედეგები სავალალოა: ძალები იქსაქსება, მოქმედებებს არაფრისკენ მივყავართ, ენერგია წვრილმანებზე იხარჯება, უპირატესობის გამოყენება არ ხერხდება, მსხვერპლის გაღება ტყუილუბრალოდ ხდება. თუ დემოკრატები სტრატეგიულად არ დაგეგმავენ საკუთარ მოქმედებებს, ისინი მიზნის მიღწევას ვერ შეძლებენ. ცუდი დაგეგმვა, აქციების შემთხვევითი შეთავსება, წინააღმდეგობის მოძრაობას ვერ დაეხმარება. ის უფრო დიქტატურის მიერ კონტროლისა და საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

რადგანაც გათავისუფლების სტრატეგიული გეგმები ძალზედ იშვიათად მუშავდება, დიქტატურული რეჟიმები გაცილებით მდგრადი ჩანან, ვიდრე ეს სინამდვილეშია, და ამიტომაც, იმაზე წლობით ან ათწლეულობით მეტხანს არსებობენ, ვიდრე ეს შესაძლებელია.

სტრატეგიული დაგეგმვის ოთხი ძირითადი ტერმინი

წითელი კჰმერები ბავშვების ნაწილს სპეციალურ ბანაკაბში ანცალკევებდნენ, სადაც მათთვის უნდა გაეღვივებინათ სიყვარული არებული რეჟიმისა და პოლ პოტის მიმართ და სიძულვილი საკუთარი მშობლებისადმი. მოზარდები უკვე ჯარში მიყავდათ, სადაც აძლევდნენ იარაღს. ისინი პატრულირებდნენ ქუჩაში, ზედამხედველობდნენ პლანტაციებში  მომუშავეებს, სასტიკად აწამებდნენ და ანადგურებდნენ ადამიანებს.

***

სტრატეგიული აზროვნებისათვის აუცილებელია ძირითადი ტერმინების ზუსტი განსაზღვრა. გენერალური სტრატეგია არის კონცეფცია, რომელიც საშუალებას აძლევს საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის მიმართულ ჯგუფს მოახდინოს ყველა საჭირო და ხელმისაწვდომი რესურსის (ეკონომიკურის, ადამიანურის, ზნეობრივის, პოლიტიკურის ორგანიზაციულის, და სხვა) კოორდინირება.

აქცევს რა მნიშვნელოვან ყურადღებას კონფლიქტში ჯგუფის მიზნებსა და რესურსებს, გენერალური სტრატეგია განსაზღვრავს ყველაზე შესაფერის მოქმედების ფორმას (მაგალითად, ჩვეულებრივი შეიარაღებული მოქმედება თუ არაძალადობრივი ბრძოლა). მისი შემუშავებისას წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებმა უნდა მოიფიქრონ როგორი ზეწოლა და გავლენა შეიძლება მოახდინონ მოწინააღმდეგეზე. გარდა ამისა, გენერალური სტრატეგია წყვეტს, როგორ პირობებში და დროის რომელ ჩარჩოში აიღებს სტარტს საწყისი და მომდევნო კამპანია.

გენერალური სტრატეგია ადგენს საბაზო ჩარჩოებს შედარებთ ლოკალური ბრძოლის სტრატეგიის ასარჩევად. იგი იმასაც განსაზღვრავს, თუ როგორ გადაანაწილონ საერთო ამოცანები და რესურსები კონკრეტულ ჯგუფებს შორის.

სტრატეგია არის კონცეფცია იმისა, თუ რომელია საუკეთესო გზა კონფლიქტში კონკრეტული მიზნის მისაღწევად. საუბარია იმაზე, რომ ღირს თუ არა ბრძოლაში ჩაბმა, როდის და როგორ წარვმართოთ ის, როგორ ვიმოქმედოთ მაქსიმალურად ეფექტურად და მივაღწიოთ დასახულ მიზანს. სტრატეგია შეიძლება შევადაროთ მხატვრის ჩანაფიქრს, სტრატეგიული გეგმა კი - არქიტექტურულ ნახაზებს.

სტრატეგია შესაძლოა შეიცავდეს მოქმედებებსაც, რომელიც ისეთი ვითარების მიღწევაში ეხმარება, რომლის დროსაც მოწინააღმდეგე მიხვდება, რომ ღია კონფლიქტი გარდაუვლად გამოიწვევს მარცხს და ამიტომაც ბრძოლის გარეშე ახდენს კაპიტულირებას. ხელსაყრელ სტრატეგიულ ვითარებას შეუძლია ოპოზიციის გრძელვადიანი ბრძოლის გამარჯვება უზრუნველჰყოს. სტრატეგია ეხება იმასაც, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რათა მოპოვებული გამარჯვებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ.

ბრძოლის მსვლელობისას გამოყენებადია სტრატეგიული გეგმა - ეს ძირითადი იდეაა იმისა, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს კამპანია და როგორ უნდა გაერთიანდეს მისი ცალკეული კომპონენტები, რათა დასახული მიზნების მიღწევაში მაქსიმალური წვლილი შეიტანოს. ეს მოიცავს კონკრეტული ჯგუფების გონივრულ გამოყენებას შედარებით წვრილმან ოპერაციებში. გონიერი სტრატეგიის დაგეგმვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნას მოთხოვნა, აუცილებელი იმისათვის, რომ შერჩეული მეთოდის მეშვეობით ბრძოლა წარმატებულად წარიმართოს. სხვადასხვა ხერხი განსხვავებულ მოთხოვნებს გულისხმობს. რა თქმა უნდა, უბრალოდ „მოთხოვნის შესრულება“ ჯერ კიდევ ცოტაა. ხდება ხოლმე, რომ კიდევ რაღაც სხვა ფაქტორებია საჭირო.

სტრატეგიის შემუშავებისას დემოკრატებმა უნდა მოახდინონ საკუთარი მიზნების ზუსტი ფორმულირება და განსაზღვრონ როგორ გაზომონ ძალისხმევის ეფექტურობა. ამგვარი განსაზღვრა და ანალიზი სტრატეგებს საშუალებას მისცემს მოახდინონ თითოეული დასახული მიზნის მიღწევის უზრუნველმყოფი ზუსტი მოთხოვნების იდენტიფიცირება. გარკვეულობა და განსაზღვრულობა ტაქტიკური დაგეგმვის დროსაცაა სჭირო.

სტრატეგიის განხორციელებისათვის გამოიყენება ტაქტიკა და მოქმედების მეთოდები. ტაქტიკა იძლევა შესაძლებლობას გონივრულად და მეტნაკლები სარგებლით იქნას გამოყენებული საკუთარი ძალები კონკრეტულ სიტუაციაში. ეს შემოფარგლული მასშტაბის მოქმედება ლოკალური მიზნების მისაღწევადაა განკუთვნილი. საჭირო ტაქტიკის შესარჩევად, უნდა შევისწავლოთ თუ როგორ უნდა იქნეს საუკეთესოდ გამოყენებული ხელმისაწვდომი ბრძოლის საშუალებები, რათა სტრატეგია კონფლიქტის შესაბამის ფაზაში განვახორციელოთ. მეტი ეფექტურობისათვის ტაქტიკა და მეთოდი შერჩეული და გამოყენებული უნდა იყოს ისე, რომ სტრატეგიული მიზნები მუდმივად მხედველობის არეში იმყოფებოდეს. თუ ტაქტიკური გამარჯვებები ამ მიზნებს არ უწყობს ხელს, ძალები უქმად იქნება დახარჯული.

ანუ ტაქტიკა მოიაზრება როგორც შედარებით მცირე მასშტაბის მოქმედება, რომელიც შედის ერთიან სტრატეგიაში, ზუსტად ისევე, როგორც უბრალო სტრატეგია „ერგება“, „ჯდება“ გენერალურ სტრატეგიაში. ტაქტიკა ყოველთვის ბრძოლას უკავშირდება, სტრატეგია კი გაცილებით ვრცელ პრობლემებს მოიცავს. კონკრეტული ტაქტიკა შეიძლება გაგებულ იქნას მხოლოდ როგორც ბრძოლის საერთო სტრატეგიის ნაწილი. ის გამოიყენება გაცილებით მოკლე დროის განმავლობაში, მცირე მასშტაბებით (გეოგრაფიულით, ინსტიტუციონალურით და სხვა), ადამიანების ნაკლები რაოდენობით და უფრო მოკრძალებული მიზნებისთვის. არაძალადობრი აქციებისას ტაქტიკურ და სტრატეგიულ მიზნებს შორის განსხვავება ნაწილობრივ შეიძლება განისაზღვროს იმით თუ როგორია შერჩეული აქციის მიზანი - დიდი თუ პატარა.

სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის შეტევით ტაქტიკურ მოქმედებებს ირჩევენ. ამგვარი მოქმედება - სტრატეგის იარაღია, რის მეშვეობითაც გადამწყვეტი დარტყმის მიყენებისათვის სასურველი პირობები იქმნება. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მათ, ვინც პასუხს აგებს ტაქტიკური ოპერაციების დაგეგმვასა და ჩატარებაზე, ვითარების სწორი შეფასება და მეტნაკლებად შესაბამისი მეთოდის შერჩევა იცოდნენ. პოტენციურ მონაწილეებს უნდა ასწავლონ, თუ როგორ გამოიყენონ შერჩეული ტაქტიკა და კონკრეტული მეთოდები.

მეთოდი კონკრეტული იარაღი ან მოქმედების საშუალებაა. არაძალადობრივი ბრძოლის ფარგლებში შედის მოქმედების მრავალი ფორმა (მაგალითად სხვადასხვა სახის გაფიცვა, ბოიკოტი, უარის თქმა პოლიტიკურ თანამშრომლობაზე და სხვა), რომელიც ჩამოთვლილი იყო მეხუთე თავში.

 არაძალადობრივი ბრძოლის ეფექტური და საპასუხისმგებლო სტრატეგიული გეგმის შემუშავება დამოკიდებულია გენერალური სტრატეგიის, ტაქტიკისა და მეთოდების გულმოდგინე ფორმულირებასა და შერჩევაზე.

ამ მსჯელობის ძირითადი გაკვეთილი იმაშია, რომ დიქტატურისაგან გათავისუფლების გეგმის გულმოდგინედ შემუშავებისას, რაც შეიძლება ფართოდ უნდა იყოს გამოყენებული აზროვნება. დაგეგმვის დროს დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს, მაშინ როცა ინტელექტის ეფექტურ გამოყენებას შეუძლია სტრატეგიული კურსის დასახვა, რომლის დროსაც ხელმისაწვდომი რესურსები სწორედ გამოიყენება, რაც უსწრაფესი გზაა საზოგადოების გათავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ.