ცხრა წლის შემდეგ

ცხრა წლის შემდეგ

ერთმმართველობა დამარცხდა - გაუმარჯოს ახალ ერთმმართველობას! - ცნობილი გამოთქმის ეს პერიფრაზი, ალბათ, ყველაზე ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც შეიქმნა ქვეყანაში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რასაკვირველია, ამ ორ ერთმმართველობას შორის დიდი (ძირეული) განსხვავებაა: სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი სწრაფი ტემპით მიექანებოდა დიქტატურისკენ, ტირანიისკენ, ტოტალიტარული მმართველობისკენ (ბევრის მტკიცებით, ერთს ამ სამთაგანს უკვე მტკიცედ ჰქონდა ფეხი მოკიდებული); ივანიშვილის ერთმმართველობის დემოკრატიული ფერისცვალება უახლოესი მომავლის საქმეა და მისი საფუძვლები მკაფიოდ გამოიკვეთა ამ ადამიანის პოლიტიკაში ჩართვის პირველი დღეებიდან და უკვე აღსრულების სტადიაშია. ხელისუფლების ცვლილების ერთი თვის თავზე თამამად შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ბიზნესი თავისუფალია, რომ კერძო საკუთრების დაცვა გარანტირებულია, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობამდე მხოლოდ ტექნიკური ხასიათის პრობლემები გვაშორებს (ძველი ხელისუფლების გადმონაშთების ჩანაცვლებას და აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებს ვგულისხმობ), რომ პოლიციის დეპოლიტიზაცია გარდაუვალია, რადგან ასეთია ბიძინა ივანიშვილის, „დროებითი ერთმმართველის“ პოლიტიკური ნება, რომელსაც ძნელია, არ ენდო!

მკითხველი უთუოდ შემახსენებს, მედიის თავისუფლება გამოგრჩაო. ვფიქრობ, აქ ყველაზე რთულადაა საქმე. ის პრობლემები, რომელზეც ბატონი ბიძინა ამახვილებდა ყურადღებას თავის პირველ განცხადებაში 2011 წლის 7 ოქტომბერს, დღესაც ძალაშია (შეგახსენებთ, რომ მაშინდელ შეფასებებში სახელისუფლო ტელეარხებთან ერთად ე.წ. ოპოზიციური ტელეარხების არაობიექტურობაზეც იყო საუბარი). „ნიუსები“ და პოლიტიკური თოქ-შოუები მხოლოდ ორი პოზიციის („მეოცნებეებისა“ და „ნაცების“) ასპარეზადაა ქცეული. მართალია, განვლილი ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკური სპექტრი „შუას გაკრეფვის“ შედეგად ერთობ გაღარიბდა, მაგრამ ის, რომ ხელისუფლებაში ორი სუბიექტია წარმოდგენილი, სულაც არ ნიშნავს, რომ არ არსებობს მესამე, ან თუნდაც მეოთხე და მეხუთე პოზიცია. ეს ერთი... და მეორე - პოზიციათა და შეფასებათა მრავალფეროვნებაზე მეტყველებს სოციალურ ქსელებში მიმდინარე დისკუსიები,- ანუ, სამოქალაქო საზოგადოება, თუნდაც ჩანასახში მყოფი, მრავალ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ერთ აზრზე არაა.

სწორედ გარემოებათა გამო დროებით „გაკრეფილი“ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისა (დრო აჩვენებს, თუ რომელი იქნება სიცოცხლისუნარიანი) და საზოგადოების აქტიური წარმომადგენლების ბაზაზე უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას ის ოპოზიციური გაერთიანება (გაერთიანებები), რაც მმართველ კოალიციასთან (სინამდვილეში ეს ბიძინა ივანიშვილის გუნდია, რომლის ცალკეულ ერთეულებს ამ ეტაპზე ძნელია ვუწოდოთ პოლიტიკური სუბიექტი) ერთად შექმნის დემოკრატიული მართვის იმ აუცილებელ პირობას, რასაც ჰქვია ჭეშმარიტი მრავალპარტიულობა. ამ თვალსაზრისით, ქვეყანაში ვითარება გაცილებით მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ყველა ხელისუფლება, მიუხედავად შინაგანი განსხვავებებისა, თავის მთავარ მოვალეობად თვლიდა, მოესუფთავებინა პოლიტიკური სივრცე. ასეთია ერთსუბიექტიანი მმართველობის არსი - იგი ისწრაფვის მუდმივი მმართველობისკენ, ვიდრე... ეს ყველაფერი არ დასრულდება კრახით.

დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მთავარი პირობაა სამოქალაქო საზოგადოების შექმნა. ეს არის პარალელური პროცესი, რომლის წარმატებაშიც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მედიის როლი. ერთსუბიექტიანი მმართველობის მუდმივი მმართველობისკენ სწრაფვის თეორია ყველა დროში, ყველა ქვეყანაში და ყველა ხალხში მუშაობს, თუ რა თქმა უნდა, მას ამისთვის სათანადო პირობები ექმნება. თავის მხრივ, ამ პირობების შექმნა-არშექმნა სამოქალაქო საზოგადოების არსებობა-არარსებობაზეა დამოკიდებული.

სამოქალაქო საზოგადება ხელისუფლებასთან ურთიერთობას მმართველის პატიოსან სიტყვაზე, თუნდაც ქაღალდზე დაწერილ პროგრამაზე ვერ ააგებს. სამოქალაქო საზოგადოების ამოცანაა, ხელისუფლება ამყოფოს მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში. უსაზღვროა ჩემი პატივისცემა და მადლიერება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისადმი“. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მათი ლიდერობით ქართველმა ერმა შეასრულა ისტორიული მისია და ქვეყანა გაათავისუფლა უბოროტესი რეჟიმისგან. თავისუფლებას იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ შეიძლება ყველაფერი დაგავიწყოს... მაგრამ ცხოვრება წინ მიდის - სახელმწიფოა ასაშენებელი! რამდენიმე ფაქტმა და მოვლენამ „მიკარნახა“, რომ თავისუფლებით ტკბობა გამიხანგრძლივდა. ვინაიდან საკუთარი თავი მომავალი სამოქალაქო საზოგადოების წევრად მყავს წარმოდგენილი, აუცილებლად მიმაჩნია, დამატებითი მახვილები დავსვა იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც ახალი ხელისუფლების (ახალი ერთმმართველობის) საქმიანობის პირველი თვის პერიოდში წარმოიშვა.

ყველაფრიდან ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ მკაფიოდ გაწერილი გეგმით მოქმედებს. ის ყოველდღიურად იმყარებს პოზიციებს, მოჩვენებითი ორხელისუფლებიანობა უმოკლეს დროში წარსულის კუთვნილება გახდება. პარადოქსულსაც ვერ ვუწოდებთ იმ ვითარებას, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც ხელში უჭირავს საპარლამენტო მანდატების 40%-ზე მეტი, ფლობს უმრავლესობას ყველა თვითმმართველ ორგანოში, აკონტროლებს ყველა გუბერნატორს, თითქმის ყველა მერსა და გამგებელს და ბოლოს - მისი ლიდერი ქვეყნის პირველი პირია, ყველაზე მეტად უჭირს, ყველაზე  უპერსპექტივო გაერთიანებაა.

„ქართული ოცნება“ ხვალ-ზეგ სრულ მარტოობაში დარჩება დაქცეული ქვეყნისა და მრავალწლიანი შიშისგან თავდახსნილი, გაუსაძლისი ყოფით გაწამებული მოქალაქეების წინაშე. ჩვენი ამოცანაა, ამ მოცარიელებულ ველზე შევქმნათ ოპონირების რეჟიმის გარემო, რაც არ იქნება იოლი საქმე, რადგან უკვე შეინიშნება, შუა რგოლები, თუ შეიძლება ასე ითქვას,  რომლებიც კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, დეზორიენტაციაზე იქნებიან მომართული.

ვიდრე თემას გავშლიდე, ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, რომ პოლიტიკურ ასპარეზს, „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა, შემორჩა კიდევ ერთი სუბიექტი ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის“ სახით, რომელსაც ზურგს უმაგრებს „სახალხო კრების“ ავტორიტეტთა გუნდი, ათეულობით პოლიტპატიმარი და 26 მაისის სისხლიანი ღამე, რომლის როლი და მნიშვნელობა დღევანდელი რეალობის შექმნაში აღიარებულია და დროთა განმავლობაში მეტ დატვირთვას შეიძენს. ხსენებული „სახალხო კრების“ პროექტის გარდა (თავისი 26 მაისით), „დემოკრატიული მოძრაობის“ „გადარჩენის“ საფუძველი გახდა ის თანმიმდევრული ინიციატივები და გადაწყვეტილებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის დღიდან ხორციელდებოდა ამ პარტიისა და „სახალხო კრების“ მხრიდან და რომლის გვირგვინიც იყო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა. ნინო ბურჯანაძის პარტია რომ პერსპექტიული ძალაა, უფრო დავრწმუნდებით, თუ ობიექტურად შევაფასებთ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებული პარტიების შესაძლებლობებს.

დავუბრუნდეთ პრობლემებს. ბიძინა ივანიშვილის მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ მას ზურგს არ უმაგრებს პოლიტიკური პარტია, ორგანიზებული პოლიტიკური ძალა, რომლის გარეშეც გრძელვადიანი, წარმატებული პოლიტიკური საქმიანობა შეუძლებელია. ეს ის თეორიაა, რომელიც კამათს და მითუმეტეს გადასინჯვას არ ექვემდებარება - პოლიტიკის სუბიექტია არა პიროვნება, რაგინდ ძლიერიც არ უნდა იყოს ის, არამედ პარტია.

საკუთარი პარტიული ორგანიზაციისადმი ყურადღების ვერდათმობის მიზეზებში ობიექტური ჭარბობს სუბიექტურს, მაგრამ წარსულის მიზეზები უკვე მეორეხარისხოვანი დატვირთვისაა, რეალობაა მთავარი. პარტია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებული ათასობით თუ ათიათასობით ადამიანი საარჩევნო ბატალიებში არ აღიქმებოდა ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად, განსხვავებით კოალიციის სხვა წევრი ორგანიზაციებისგან, ხოლო დღეს ცალკე დარჩენილები სრულ გაურკვევლობაში არიან მოქცეული: პარტიის ძირითად სტრუქტურულ რგოლებში, რაიონულ ორგანიზაციებში, არჩევნების შემდეგ მთელი ერთი თვის განმავლობაში არავინ მისულა, თუნდაც მადლობის სათქმელად. იგივე ითქმის დარგობრივ კომისიებთან დაკავშირებითაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არც მათი მომავალია გარკვეული.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრობლემა ძნელად გადასაჭრელთა კატეგორიას არ განეკუთვნება, მაინც იმსახურებს მძაფრ, კრიტიკულ დამოკიდებულებას, რადგან იგი, თავის მხრივ, წარმოშობს სხვა მრავალ პრობლემას, იქნება ეს ამა თუ იმ მიმართულებით შემუშავებული პოლიტიკის რეალიზება, თუ საკადრო საკითხების გადაწყვეტა.

წარმოდგენილ ღია წერილში რამდენიმე ისეთ თემაზე მსურს ყურადღების გამახვილება, რაც მე და ჩემი მსგავსი „მეოცნებეების“ (ვისაც პირველი დღეებიდან გვჯეროდა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით) მნიშვნელოვან ნაწილს გვაწუხებს და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვაიძულებს, რომ მეტი მოვითხოვოთ.

აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდა ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტი. საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით 1 ოქტომბრამდე კითხვები არ უჩნდებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა ფიქრობდა - პროგრამულ დოკუმენტებზე მომუშავე ჯგუფების ხელმძღვანელები, ანუ პროგრამაზე პასუხისმგებელი პირები ავტომატურად გახდებოდნენ პასუხისმგებელი მათ რეალიზებაზეც. ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ეს ასე არ მოხდა. უფრო მეტიც, ეს ასე არ მოხდა იმ სფეროებშიც, რომელიც პრიორიტეტულად ცხადდებოდა: სოფლის აღორძინება, განათლება, ჯანდაცვა.

მე გახლავართ ერთი იმათგანი, ვინც ყველაფერს უყურებდა, ყველაფერს უსმენდა და ყველაფერს კითხულობდა და, უნდა გითხრათ, დავრჩი განცვიფრებული, როდესაც გამარჯვების ეიფორიიდან გამოსვლის შემდეგ „აღმოვაჩინე“, რომ არ ვიცოდი, ვინ არიან სოფლის მეურნეობის, განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამების ავტორები. ბუნებრივია, საზოგადოების მხრიდან ეს დიდ ნაკლად ეთვლება „ქართულ ოცნებას“. როდესაც ორგანიზაცია დიდი გამარჯვების შემდეგ სახელდახელოდ არჩევს მინისტრობის კანდიდატებს, თავისთავად ჩნდება ეჭვები დანაპირების შესრულებასთან დაკავშირებით. ამას ემატება ისიც, რომ ზოგიერთი, უკვე შერჩეული, მინისტრის კომპეტენცია თავისთავად იწვევს ეჭვებს. არც „კაი ბიჭობა“, არც „კარგი მამის შვილობა“, არც „წარჩინების დიპლომი“, არც „სტაჟიანი ენჯეოშნიკობა“ არ არის საკმარისი პირობა მინისტრის ტვირთვის ზიდვისა. დარგის ხელმძღვანელის წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელი პირობაა პროფესიული გამოცდილება. კარგია, თუ ამას ემატება პოლიტიკური გამოცდილებაც. ამ წერილში პერსონიფიცირებას მოვერიდები, უბრალოდ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა უმოკლეს დროში საქმით, ვიმეორებ - საქმით გასცეს პასუხი ყველა კითხვას ხსენებულ თემებზე.

აქ კიდევ ერთხელ მედიაზე: წარმოუდგენელია ისეთი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებს, როგორიცაა ეკა ბერიძე, ვასილ მაღლაფერიძე, დავით აქუბარდია, ნინო ჯანგირაშვილი, თეა სიჭინავა, ნინო ჟიჟილაშვილი და სხვ. არ გასჩენოდათ პრიორიტეტულად გამოცხადებული დარგების პროგრამებთან და მათ ავტორებთან გაცნობის სურვილი. უნდა ვიფიქროთ, რომ აქ საქმე მედიასაშუალებების საქმიანობის „პოლიტიკაშია“(?). იმავეს ვიტყოდი ბეჭდვით მედიაზეც.

ერთია უსასტიკეს რეჟიმთან ბრძოლა და მისი დამარცხება და მეორე - ქვეყნის შენება.

კიდევ ერთი „გაუგებრობა“ პროგრამასთან დაკავშირებით: კოალიციის ლიდერმა, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, თავის საჯარო გამოსვლებში რამდენჯერმე განაცხადა, რომ სახელმწიფო მმართველობის ფორმას ახალი ხელისუფლება განსაზღვრავს ხალხთან დიდი დათათბირების შემდეგ. ძნელია არ დაეთანხმო ამ მიდგომას. აქ იმასაც უნდა მიექცეს ყურადღება, რომ კოალიციის სუბიექტების პოზიციების შეჯერება ამ საკითხთან დაკავშირებით შეუძლებელია. გავეცანით პროგრამას და აქაც გაურკვევლობის წინაშე აღმოვჩნდით - კოალიციას ერთ მშვენიერ დღეს გადაუწყვეტია, რომ თურმე საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა ავაშენოთ (?). იბადება ბუნებრივი კითხვა - რატომ დაშორდა სიტყვა საქმეს? ბატონი ბიძინა, იმედია, გააკეთებს განმარტებებს აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ მეც მაქვს ჩემი ვარაუდები და ამაში მარტო არ ვარ (სხვა შემთხვევაში მკითხველს ვერ შევბედავდი ამ ვარაუდებზე საუბარს). მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ გაუგებრობის შექმნაზე „რესპუბლიკელებმა“ „იზრუნეს“. (შეხსენებისთვის, „თავისუფალი დემოკრატები“ საპრეზიდენტო მმართველობას ემხრობიან, „ფორუმი“ კონსტიტუციურ მონარქიას უჭერს მხარს).

ვიდრე არგუმენტების ჩამონათვალს გავაკეთებ, მინდა ჩემი გაკვირვება გამოვხატო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ვახტანგ ხმალაძის პროფესიონალიზმის, უნარებისა და შესაძლებლობების აშკარად გადაჭარბებული შეფასებების გამო. ძლიერ ადამიანებს, ტრადიციულად, ახასიათებთ გარკვეული სუბიექტივიზმი (უნაკლო არავინაა). მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ბატონი ბიძინას დამოკიდებულება ვახტანგ ხმალაძისა და ზოგიერთი სხვა ცნობადი სახის მიმართ.

რაც შეეხება არგუმენტებს: პირველი - კოალიციაში საპარლამენტო რესპუბლიკის ყველაზე აქტიური მხარდამჭერები „რესპუბლიკელები“ არიან; მეორე - „თავზე მოხვევის“ ხერხის ხმარება „რესპუბლიკელებისთვის“ უცხო არაა. გავიხსენოთ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში დეპუტატობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებული „გაუგებრობა“ (გია ხუხაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერში დეტალურად იყო აღწერილი აღნიშნული პროცესი. ჩანაწერი ფალსიფიცირებული იყო თუ ნამდვილი, ამას არა აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია, რომ მისი შინაარსი ემთხვევა საზოგადოების შეფასებებს).

სად არის ამ შემთხვევაში პარტია „ქართული ოცნება“? ეს ის კითხვაა, რომელიც მუდმივად უნდა აწუხებდეს ქართულ საზოგადოებას. აწუხებს კიდეც! პირადად მე „რესპუბლიკელების“ იმედზე ვერ ვიქნები, ვერც „თავისუფალი დემოკრატების“. სხვების პერსპექტივებზე, ამ გადასახედიდან საუბარიც არ ღირს. გულახდილად რომ ვილაპარაკოთ, ხალხის ერთობის და ამის შედეგად მიღწეული გამარჯვების ერთადერთი განმაპირობებელი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იყო. უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ის რეალობა, რომ პირველად უახლესი ისტორიის განმავლობაში ხალხის მხარდაჭერა განაპირობა არა მხოლოდ ემოციურმა ფონმა, არამედ საარჩევნო პროგრამისადმი ნდობამაც. საზოგადოებამ ჩათვალა, რომ პროგრამა რეალისტურია და მის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და, შესაბამისად, მოლოდინებიც დიდია.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ქვეყნის აღორძინების პროგრამები ერთ ან ორ საპარლამენტო ციკლზე მაინც უნდა იყოს გათვლილი. არსებული პრობლემები წელიწადნახევარში ვერ დაიძლევა, წელიწადნახევარში მხოლოდ ტენდენციები შეიძლება გამოიკვეთოს. კი, ბატონო, წავიდეს ბიძინა ივანიშვილი, გადაინაცვლოს სამოქალაქო სექტორში, თუ ეს მისი პრინციპული პოზიციაა, მაგრამ ერთი პირობით - იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც იტვირთა ქართველი ერის წინაშე, მან უნდა შეძლოს, დატოვოს მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობით აღჭურვილი პოლიტიკური მმართველი სუბიექტი - ძლიერი, თვისებრივად ახალი პარტია.

არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლაში, რასაკვირველია, კოალიციის სხვა სუბიექტებმაც ითამაშეს მნიშვნელოვანი როლები, მაგრამ ეს როლები მაინც მეორეხარისხოვანი იყო. აქ პრობლემა ამაშიც არაა. პრობლემა ისაა, რომ ამ ეტაპზე ისინი ვერ შედგნენ, როგორც პოლიტიკის სუბიექტები. ამ შეფასების „გადასამოწმებლად“ თვალი გადავავლოთ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ბოლო სამ წელიწადს (მთავარ მოვლენებს). გავიხსენოთ: 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უღირსებო მრავალთვიანი პროცესი (რომლის არც ერთ ეტაპზე ბრძოლა არ ყოფილა) უღირსებო დასასრულით; მკვდრადშობილი ე.წ. „რვიანის“ პოლიტიკური არგუმენტებისგან დაცლილი, ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრის „ეპოპეა“; დამოკიდებულება 26 მაისისადმი სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებამდე და ოპერაციის ჩატარების შემდეგ... 26 მაისი, 7 ნოემბერთან ერთად, ერთგვარ ათვლის წერტილად იქცა ზოგადად ქართული პოლიტიკური პროცესის და კონკრეტულად პოლიტიკური სუბიექტების დახასიათებისთვის (ამ ფაქტების გამოძიება ამიტომ არის საშური საქმე). აქ ღრმა ანალიზს არ შევუდგები, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მოძალადე ხელისუფლებას მშვიდობიანი მოქალაქეების სამართლიანი პროტესტის მიმართ უპრეცედენტო აგრესიის გამოვლენისთვის ფონს უქმნიდნენ (ზოგ შემთხვევაში აქეზებდნენ კიდეც) ყველა ორიენტაციის მედიასაშუალებები, ე.წ. არასამთავრობოები, ე.წ. ექსპერტები და რაც მთავარია, „სახალხო კრების“ მიღმა მყოფი ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები. გია თორთლაძეებთან, ბაჩუკი ქარდავებთან, კოკო გამსახურდიებთან, პაატა დავითაიებთან ერთად, ამ საქმეში აქტიურად იყო ჩართული კოალიციის ზოგიერთი დღევანდელი აქტიური წევრი. რომ არა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ყოფილი „რვიანელები“, თარგამაძეებთან და გამყრელიძეებთან ერთად, ასეთივე ბედნიერი სახეებით ისხდებოდნენ ქუთაისის პარლამენტის წითელ სკამებზე, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნებოდა „ნაცმოძრაობა“, ხოლო მანდატების რაოდენობა, შეთანხმებისამებრ (ეს იყო „რვიანის“ „საბრძოლო ამოცანა“), გაიზრდებოდა 190-მდე (ყველა „ოპოზიციონერის“ დაკმაყოფილების მიზნით).

კიდევ ერთი პოლიტიკური მოთამაშე, ვინც, პარტიებთან და მედიასთან ერთად, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით შეიძლება შექმნას დაბრკოლებები, არის ე.წ. სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი (დიდი უმრავლესობა), რომელმაც წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლებების აქტიური თანადგომით („ახალი დემოკრატიის“ ქვეყნებში მათ „სამთავრობო არასამთავრობოებს“ უწოდებენ), მოახდინა საზოგადოებრივი აზრის მონოპოლიზება. სისტემას, რომელსაც დღეს სააკაშვილის რეჟიმს ვუწოდებთ, საფუძველი ეყრებოდა ჯერ კიდევ 1995 წლის არჩევნების (პირველი დიდი გაყალბების არჩევნები) შემდგომ პერიოდში. მისი არქიტექტორი, კონსტრუქტორი და მესაძირკვლე გახლდათ ზურაბ ჟვანია, რომელიც საბოლოოდ ემსხვერპლა კიდეც „საკუთარ პირმშოს“, რადგან ერთმმართველობა ორ ლიდერს ვერ იტანს. სქემა მარტივია - მართვადი მედია + მართვადი არასამთავრობო ორგანიზაციები + ერთი პარტიის ძლიერებაზე ორიენტირებული სახელმწიფო, და არა მხოლოდ სახელმწიფო, ფინანსები. ჩამონათვალს უნდა დაემატოს - ნამდვილი ოპოზიციის სრული განადგურებისკენ სწრაფვა და მართვადი „ოპოზიციისთვის“ შეუფერხებელი საქმიანობის პირობების უზრუნველყოფა. ამ ვითარებაში არჩევნების ფალსიფიკაცია  უკვე ტექნიკის საქმე იყო (მიხეილ მაჭავარიანები და ხათუნა გოგორიშვილები მხოლოდ შემსრულებლები არიან ამ თამაშში).

„სამოქალაქო სექტორიდან“ ხსენებული საფრთხის ნიშნები დღევანდელ რეალობაში უკვე გამოიკვეთა. სამ მათგანს გამოვყოფ:

პირველი, - ტელეეთერი კვლავაც იმ ძველი სახეებითაა გაჯერებული, ვისაც „ნოტებზე აქვს აწყობილი“ ის ტონალობა, თუ როგორ უნდა აკრიტიკო ხელისუფლება, მისი გულისწყრომა რომ არ დაიმსახურო, ანუ „პური არსობისა“ საფრთხის ქვეშ არ დააყენო. მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს დამოკიდებულება მისდამი და მისი ხელისუფლებისადმი არაფერში ესაჭიროება, მაგრამ თუ დროზე არ დაირღვა „იდილია“, საზოგადოებრივი კონტროლი მხოლოდ მოჩვენებითი იქნება და სამოქალაქო საზოგადოების შექმნის პროცესი უსასრულოდ გაიწელება.

მეორე, - კოალიციის კამპანიის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა გია ხუხაშვილმა არჩევნებიდან მოკლე ხანში გააკეთა განცხადება, რომ იგი უბრუნდება სამოქალაქო სექტორში საქმიანობას და „ოცნების“ მოღვაწეობას ხელისუფლების რანგში იქიდან დააკვირდება კრიტიკული თვალით. ამ შემთხვევაში ამუშავდა „შიგნიდან კონტროლის“ წინა ხელისუფლებების მიერ აპრობირებული ზემოთ ნახსენები პრინციპი. ჯერ კრიტიკული დამოკიდებულება რომ გაჩენილიყო და მერე ამას მოჰყოლოდა სამოქალაქო სექტორში დაბრუნება, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ...

მესამე, ესაა ომბუდსმენის კანდიდატურასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები. ყველასთვის ნათელია, რომ დასახელებულ პიროვნებებს შორის პოლიტიკური ნეიტრალურობით გამორჩეული ორი კანდიდატურა იკვეთება ლია მუხაშავრიასა და გელა ნიკოლაიშვილის სახით და რომელიმეს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება პრეტენზიებს არ გააჩენდა. პოლიტიკური ვაჟკაცობის (თუ შეიძლება ასე ითქვას) გამოვლენა იქნებოდა, დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურის მხარდაჭერა, რომელსაც გარკვეული საფუძველი ჰქონდა კოალიციაზე განაწყენებისთვის და ამ ადამიანის პროფესიონალიზმიდან და პიროვნული ღირსებებიდან გამომდინარე, ეს არჩევანი შექმნიდა ოპონირების ჯანსაღ გარემოს (სწორედ ეს მოეთხოვება სახალხო დამცველს). დღეს ამ თემას უამრავი კითხვის ნიშანი ახლავს თან, რაც არც „ქართული ოცნების“ და არც დემოკრატიული აღმშენებლობის ინტერესებში ნამდვილად არ უნდა შედიოდეს.

ორმოცდაათ წელს გადაცილებულ კაცს პირველად მაქვს განცდა, რომ სულ მალე მექნება დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრების საშუალება. უფლება არ გვაქვს ეს შანსი ხელიდან გავუშვათ. ხელისუფლებისადმი მოქალაქის დამოკიდებულების ყველაზე მიუღებელ ფორმად მიმაჩნდა და მიმაჩნია პოზიცია - „ვაცალოთ“. ხალხის მმართველობა სრულიად საპირისპიროს გულისხმობს. წინამდებარე წერილსაც ეს პასუხისმგებლობა უდევს საფუძვლად.