კორონავირუსმა, შესაძლოა, მსოფლიო ტურიზმს ძალიანაც ავნოს, მაგრამ საქართველოს ხეირი მოუტანოს. პირველი დასკვნა ისაა, რომ ჩინეთში განვითარებული მოვლენები ადგილობრივ ტურისტულ მზარდ დინამიკას ვერ მიაყენებს, ხოლო ხანგრძლირვ ვადაში შეიძლება არგოს კიდეც.
საინვესტიციო ბანკი „გალტ ენდ თაგარტი“ ჩინეთთან დროებით შეჩერებული ავიამიმოსვლის ტურიზმზე ნეგატიურ ასახვას არ ელის. საქართველომ ჩინეთთან ავიამიმოსვლა კორონავირუსის გამო აპრილამდე შეაჩერა.
კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა საკმაოდ მცირეა და მათ მთლიან ტურისტულ ვიზიტებში მხოლოდ 0.6% უკავიათ. შესაბამისად, ჩინეთთან ფრენების შეზღუდვა ტურიზმის სექტორზე მინიმალურად აისახება. 2019 წლის პირველ კვარტალში ჩინელმა ტურისტებმა საქართველოში 3.8 მლნ დოლარი დახარჯეს, რაც მთლიანი ტურისტული შემოსავლის მხოლოდ 0.7% იყო.
„შესაბამისად, სხვა ქვეყნებიდან მზარდი შემოდინება აღნიშნულ დანაკლისს სრულად დააკომპენსირებს. მოლოდინი შეიძლება შეიცვალოს, თუკი გლობალურად ვირუსის გავრცელების არეალი გაიზრდება“, - აღნიშნავენ საინვესტიციო ბანკში.
მეზობელი ქვეყნებიდან რომ ტურისტული ნაკადი შეიძლება გაიზარდოს, ამას ადასტურებენ როგორც ადგილობრივი ექსპერტები, ასევე უცხოური ანალიტიკოსები. საქმე ისაა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით თითქმის ყველა თავს შეიკავებს და უფრო უსაფრთხო მარშრუტებს აირჩევენ. ასეთი ალტერნატივა საქართველო და ეგვიპტე იქნება.
2020 წლის გაზაფხულზე რუსი ტურისტებისათვის აქამდე ჩაკეტილი მიმართულებები გაიხსნება, საუბარია ეგვიპტესა და საქართველოზე. ამ კუთხით აქტიური კონსულტაციები დაწყებულია. გამოცემა „ტურპრომ.რუ“ წერს, რომ ამ მიმართულებების გახსნის სასარგებლოდ ახალმა კორონავირუსმა იმუშავა. ჩინეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ რუსულმა ტურისტულმა სააგენტოებმა დიდი ზარალი ნახეს და საჭიროა ახალი მიმართულებების გახსნა, „ახალ მიმართულებებად“ კი სწორედ რომ, ეგვიპტე და საქართველო მოიაზრება.
ტურიზმის სფეროს სპეციალისტი მარინა მეტრეველი მიიჩნევს, რომ ეს სრულებით შესაძლებელი და ბუნებრივია, რადგან ტურისტები აუცილებლად დაიწყებენ ალტერნატიული ადგილების ძიებას.
„თავისთავად ცხადია და რეალური, რომ საქართველოს მიმართულებაზე გადმოერთონ რუსი ტურისტები, მით უფრო, რომ ჩვენ ახლო მიმართულება ვართ მათთვის. მთავარი კითხვა ისაა, რას მოგვცემს ეს ჩვენ? არ ვიცი, რამდენად ხელსაყრელია იმ რეალობაში, როცა პირდაპირი ფრენა არ გვაქვს, თუმცა მათ შეუძლიათ, მანქანებითაც შემოვიდნენ.
ზოგადად, ძალიან რთულია რამის პროგნოზირება რუსეთთან მიმართებით იმიტომ, რომ ამას მთლიანად პოლიტიკური კონტექსტი განსაზღვრავს. ახლა არ ვიცით, რა იქნება მაისში, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული და არა ფუნდამენტურ ფაქტორებზე“, - განაცხადა მეტრეველმა.
მიუხედავად რუსეთის საჰაერო ემბარგოსი, ქართული ტურიზმის სექტორი კვლავ მაღალი ტემპით იზრდება, 2020 წლის იანვარში 633201 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ზრდა, წინა წლის იანვართან შედარებით, 19.8%-ია.