მთავრობა ცდილობს პენსიის ზრდის საკითხი ინფლაციას მიაბას

მთავრობა ცდილობს პენსიის ზრდის საკითხი ინფლაციას მიაბას

პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარედგინება. ამით მთავრობა შეეცდება სამომავლოდ პენსიის ზრდის საკითხი ინფლაციას მიაბას, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს ცხოვრებისეულ რეალობას სხვა საკითხია. როგორც წესი, პენსიისა და ზოგადად სოციალური გასაცემელის ზრდა ინფლაციას ტემპს ვერასდროს ეწევა.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულება, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, პენსიის ინდექსაციის ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება.

„საპენსიო ინდექსაციაში გათვალისწინებული იქნება ასაკში სხვაობა. საპენსიო ინდექსაციასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გრძელდება კონსულტაციები მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან. გარკვეულ პრინციპებზე შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის და სანამ შეთანხმება საბოლოოდ არ მიიღწევა, მანამდე ვერ იქნება წარმოდგენილი. გვინდა, რომ ინდექსაცია გაკეთდეს 2021 წლიდან, ამიტომ 2020 წელს ამ კანონის მიღებას ყველა ვარიანტში ვგეგმავთ, თუ რა თქმა უნდა, პარლამენტიც მხარს დაგვიჭერს“, - განაცხადა კაკაურიძემ.

„ბიპიენის“ ინფორმაციით, პენსიების ინდექსაცია ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციის პარალელურად მოხდება. პენსიის ოდენობა ასევე მიბმული იქნება ქვეყანაში საშუალო ხელფასზე, ეკონომიკურ ზრდასა და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.

ფაქტია, რომ ბოლო დროს ნომინალურმა პენსიამ თავისი მსყიდველუნარიანობა დაკარგა. დღეს 200 ლარით იმავეს ყიდვა შეუძლია საშუალო სტატისტიკური საჭიროებების მქონე პენსიონერს, რამდენიც 170 ლარად შეეძლო 2016 წელს. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის აზრით, ეს არის ყველაზე მოკრძალებული შეფასება.

„ფაქტობრივად, გვიწევს ტრიალი, ისე როგორც ციყვს ბორბალში. ნომინალურად იზრდება შემოსავალი, მაგრამ, რეალურად, ეს არ ჩანს. ხალხისთვის ეს 10 ლარის დანაკარგია“, - აცხადებს არჩვაძე.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 6 წლის განმავლობაში, პენსია ეტაპობრივად 100 ლარით გაიზარდა და ახლა 220 ლარს შეადგენს, თუმცა ამ სეგმენტისთვის განსაკუთებით მაღალი ინფლაციის გამო პენსიონერების ყოფა არ შემსუბუქებულა.

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ 20-ლარიანი მატება ვერ ავსებს იმ ინფლაციურ ხვრელს, რომელიც მეტია ოფიციალურ სტატისტიკაზე.

„ინფლაცია საქართველოში ითვლება ისე, რომ მასში მოჭარბებული წილი აქვს ხანგრძლივი მოხმარების ელექტრონულ საქონელს, რომელიც არ არის პენსიონერთა კალათაში. რეალურად კი, თუ გადავხედავთ წამლებზე ფასების ზრდას და ასევე საკვებზე, დავინახავთ კატასტროფულ სურათს, რომელიც ოფიციალურ მაჩვენებელს რამდენჯერმე აღემატება და არა რამდენიმე პროცენტით“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში პენსიას და სოციალურ პაკეტს 934 333 პირი იღებდა, რაც 24 320-ით აჭარბებდა 2018 წლის მაჩვენებელს.

2019 წლის სტატისტიკით, საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 762 621, სოციალურ პაკეტის მიმღებთა რაოდენობა კი 171 712 იყო.