„როდემდე უნდა აყვეს ხელისუფლება ოპოზიციის სტილს? გამოდის, ყველა დაპატიმრებისას მოუწევთ უცხოელების ჩამოყვანა?!“

„როდემდე უნდა აყვეს ხელისუფლება ოპოზიციის სტილს? გამოდის, ყველა დაპატიმრებისას მოუწევთ უცხოელების ჩამოყვანა?!“

ბრალდებულ გიგი უგულავას საქმეს, ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისია შეისწავლის. უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის შექმნის ინიციატივით ევროპარლამენტს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მიმართა. ინიციატივას მხარი დაუჭირა „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“, რომლის ფარგლებში, გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია ჩამოვა.

„ჩვენ მივესალმებით ამ ნაბიჯს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესებისკენ. ეს მისია, რომელსაც უხელმძღვანელებენ ჩვენი კოლეგები სოციალისტების და დემოკრატების ალიანსიდან და ევროპის სახალხო პარტიიდან, დიდ წვლილს შეიტანს ამ საქმის არსებითი მხარის ზედმიწევნით შესწავლასა და შეფასებაში, ასევე სიცხადის შეტანაში“, - განაცხადა „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ პრეზიდენტმა, სერგეი სტანიშევმა.

„ქართულმა ოცნებამ“ უგულავას საქმეზე ევროპარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც უგულავა დაკავების შემდეგ, საქმეზე სასამართლო პროცესის გარშემო წარმოიშვა ცხარე დებატები, როგორც თბილისში, ასევე ევროპარლამენტში. როგორც კახა კალაძე აცხადებს, დასავლელ პარტნიორებს კითხვები, სხვა საკითხების გარდა, გიგი უგულავას დაკავების შესახებაც ჰქონდათ.

„გავაჟღერეთ სიახლე, რომ შეუძლიათ შექმნან ჯგუფი, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ადგილზე გაეცნობა ამ კონრკეტულ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მასალებს, რათა თავადაც დარწმუნდნენ, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი.

ჩვენ ევროპარლამენტარებს დამატებით შევთავაზეთ, საქართველოში გამოგზავნონ ფაქტების შემსწავლელი მისია, რათა გულდასმით შეისწავლონ/შეაფასონ ამ სისხლის სამართლებრივი საქმის არსი და პროცედურული მხარე, სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს კახა კალაძე.

ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელ მისიას გახმაურებულ საქმეების შესწავლის პრაქტიკა აქვს. ეს კომისია მივლენილი იყო მალტაშიც. ასე რომ, ფაქტი, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, უპრეცედენტო არ არის. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოსვლის საკითხმა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა სატელიტით პანიკაში ჩააგდო, რაც მათ განცხადებებზე აისახა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი, რაც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს არ აწყობს, ეს არის ფაქტის დადგენა, რადგან ფაქტები ყოველთვის მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. „რუსთავი 2“-ის შემთხვევის დროს ფაქტები სხვაგან იყო და მათი შეფასებები სხვაგან, სტრასბურგმა კი თქვა, რომ „რუსთავი 2“-ის მაშინდელი მენეჯმენტი - ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობა“ და ბათუ ქუთელიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი იტყუებოდნენ. ოპოზიციის წევრები ახლა ფაქტის წინაშე დადგნენ, რომ შეიძლება, ფაქტების შემსწავლელმა მისიამ, ევროპარლამენტმა დაადგინოს, რომ ისევ იტყუებიან. მათი განცხადებებიც აქედან გამომდინარეობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტრასბურგში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გიგი უგულავას მხარდამჭერი პლაკატები გაშალეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილისა და „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის მიერ გაშლილ პლაკატებზე წარწერა - „გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია“ იყო. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, უგულავა არ არის ერთადერთი პოლიტპატიმარი. შესაბამისად, ყველა შემთხვევაზე ევროპარლამენტარებს მისიის შექმნა ვთხოვოთ, არარაციონალურია.

„რაც უფრო მეტი დაკვირვება და ზედამხედველობა იქნება ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის გიგი უგულავას საქმეზე, ძალიან კარგია. დღეს უგულავას საქმე არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გიგი უგულავა არ არის ერთადერთი პოლიტპატიმარი. პოლიტპატიმარია გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი. პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან მელია, გვარამია, ანუ მთელი ჯარი არის ადამიანების. ამიტომ ჩვენი პოზიციით, ყველა შემთხვევაზე ევროპარლამენტარებს მისიის შექმნა ვთხოვოთ, არარაციონალურია“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

საერთაშორისო ჩართულობას მხარს უჭერს დავით ბაქრაძე, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეს „ქართული ოცნების“ ტრიუკია, რომ მოატყუონ მეგობარი ევროპარლამენტარები. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, საკითხის ასე დაყენება თავისთავად იმას ნიშნავს, რომ თვითონ „ქართული ოცნებაც“ კი აღიარებს, რომ გიგი უგულავასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არსებობს.

„ასეთი კომისია და მისია უნდა ჩამოვიდეს მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და არა მაშინ, როდესაც უკვე შალვა თადუმაძის ხელმოწერით ადამიანი დაპატიმრებულია. „ქართული ოცნება“ ცდილობს მოატყუონ ჩვენი მეგობრები, ევროპარლამენტარები და კონგრესმენები. კიდევ ერთხელ ჩააქრონ ცეცხლი და ისეთივე ტყულით გაძვრენ ფონს, როგორც გასულ კვირას, როდესაც საგარეო საქმეთ მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კონგრესმენებს არწმუნებდნენ, რომ საქართველოში არ იქნებოდა პოლიტიკური დევნა და დიალოგი მიმდინარეობდა და ამის პარალელურად დაიჭირეს გიგი უგულავა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თამარ ჩუგოშვილი არ ფიქრობს, რომ უგულავას საქმეზე ევროპელი ექსპერტების დასკვნა ხელისუფლებისთვის სახარბიელო იქნება, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, ეს ექსპერტები აღმოაჩენენ, რომ ადამიანი, რომელმაც პროკურატურიდან სასამართლოს მიმართა და უგულავასთვის დამატებითი სასჯელი მოითხოვა, შემდეგ აღნიშნულ საქმეს მოსამართლის მანტიით დახვდა და დაცვის მხარის არგუმენტებს არც მოუსმინა, ისე დაუმატა სასჯელი.

„ამ სახის სასჯელებზე სტრასბურგის გადაწყვეტილება უკვე არსებობს და ეს არის ცნობილი, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა. დარწმუნდებიან იმაში, რომ ეს ყველაფერი მოხდა პოლიტიკურად ძალიან ცხელ, დაძაბულ, მძიმე ფონზე. ხელისუფლება ამ დასკვნაში დიდად სახარბიელოს არ უნდა ელოდოს, არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად. მათ ადგილზე დავფიქრდებოდი, რამდენად აწყობთ ასეთი მისია. შეიძლება, მხოლოდ გაამყაროს ის წუხილები და შიშები, რაც უკვე ყველამ გამოხატა“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

„შენების მოძრაობის“ ლიდერს არ სჭირდება ამერიკელი და ევროპელი იმის დასანახად, რომ საქართველოში ძალიან ცუდადაა საქმე. დავით უსუფაშვილის განცხადებით, სპექტაკლების შემხედვარე ქართველსაც, ევროპელსაც და ამერიკელსაც ექმნება ძალიან მკაფიო განცდა, რომ არის პოლიტიკური დავალება, რომელიც სრულდება პროცედურული წესების ფორმალური დაცვით.

„არავინ ამბობს, გიგი უგულავას დედაქალაქის მერობის დროს არაფერი გაუფუჭებია, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მისი დაჭერა მოხდა ახლა. გიგი უგულავა იყო დაჭერილი, იხდიდა სასჯელს და არ მქონია განცდა, რომ ის იყო მსხვერპლი, მაგრამ, როდესაც სახელმწიფო მოქალაქეს ეუბნება, ექვსი წელი დამჭირდა შენს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკციისთვის, მაშინ როცა არაფერი არ შეცვლილა, უცებ, როდესაც პოლიტიკური ვითარება მწვავდება, გამახსენდა, მივხვდი, რომ თავის დროზე ლმობიერად დამისჯიხარ და შენ სხვა დანაშაული გქონია ჩადენილი, ეს აჩენს კითხვას ყველაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მმართველი გუნდის ინიციატივას აკრიტიკებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ეს არის წამგებიანი, როდესაც იმდენად არადამაჯერებელი და მაღალია უნდობლობა, რომ ხელისუფლებას ბრალდებულ უგულავას საქმეზე, ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისია ჩამოყავს.

„ასეთი ჩართვის ინიციატივა გულისხმობს, ჩამოდით, ნახეთ და ჩვენს ოპონენტებს უთხარით, რომ ჩვენ სწორი ვიყავით. ეს თავის მხრივ წამგებიანია, როდესაც იმდენად არადამაჯერებელი და მაღალია უნდობლობა, რომ ასეთი რაიმეს გაკეთება გჭირდება. ე.ი. შენმა გადაწყვეტილებებმა აქამდე ნდობა ვერ მოიპოვა. სამწუხარო ის არის, რომ „ქართული ოცნება“ ოპონენტების მიმართ არის მგრძნობიარე. ენდობა თუ არა საზოგადოება ამ ნაბიჯს, ეს პრაქტიკულად შესწავლის საგანიც არ ყოფილა.

რატომ არის ეს ნაბიჯი წამგებიანი? - იმიტომ, რომ ამ ფონზე ოპონენტი ყოველთვის იტყვის, რომ დამნაშავე ხარ. როდემდე უნდა აყვეს ხელისუფლება ამ სტილს? გამოვა, რომ ყველა ტიპის დაპატიმრებაში მათ მოუწევთ უცხოელების ჩამოყვანა?! რაღაცა ძალიან საბავშვო ბაღს ჰგავს ეს ამბავი. ეს არის გულდასაწყვეტი, ისევ გაგრძნობინებს შენს თავში, რომ ჩამოყალიბებული ქვეყანა არ ხარ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

for.ge-ს კითხვაზე, რატომ წავიდა ხელისუფლება ამ ნაბიჯზე, ექსპერტის შეფასებით, პრობლემა იმაშია, რომ „ქართული ოცნება“ მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოპონენტების რეპლიკებს, რაც კარგად აქვს დაცდილი ხელისუფლების ოპონენტებს.

„მდგომარეობიდან გამოჰყავთ „ქართული ოცნება“, ხან რას დააბრალებენ და ხან რას, ან რაღაცას გაუკეთებენ და ა.შ. რადგან „ქართული ოცნება“ ადვილად ვარდება სტრესში, ისინიც იყენებენ ამ თავიანთ უპირატესობას. თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, უნდა დაფიქრდეს რას აკეთებს თავისი ამ ნაბიჯით. აი, ეს ფიქრი აკლიათ და გონიათ, რომ თუკი ოპონენტებს მოუგეს, მოგებული აქვთ თამაში. არის კიდევ ერთი მხარე, ვისი აზრიც უნდა გამოიყენონ და ეს არის საქართველოს მოსახლეობა“, -აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, თუკი უგულავა 48 მილიონი ლარის გაფლანგვაზე ზის, 3 წელიწადში პატიმრობიდან როგორ ანთავისუფლებენ სახელწმიფო თანამდებობების დაკავების უფლებით?! მისი თქმით, არადეკვატური სასჯელების სისტემა რომ გვაქვს, ეს არის ფაქტი.

„80-იან წლებში თბილისის ცენტრში მაღალსართულიანი საუწყებო სახლი შენდებოდა და იქ ბინის მიღებაზე ერთი ვაი-უშველებელი ატყდა. ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოები არ იკმარეს და მოსკოვი დაიბომბა უამრავი საჩივრით. იქაც გაიყო აზრები - ზოგი ერთ მომჩივანს ლობირებდა, ზოგი-მეორეს. ბოლოს საქმე პოლიტბიურომდეც მივიდა. განხილვის შემდეგ ცეკას მდივანს დაურეკეს და ასეთი კითხვა დაუსვეს - „когда прекратится безобразие на счет этого проkлятого дома?“ - ასე იყო საუკუნეების განმავლობაში. ქართველები ერთმანეთს ხან თურქეთში ასმენდნენ, ხან ირანში, ხან რუსეთის იმპერიაში და საბჭოთა კავშირში, ახლა ევროკავშირის და აშშ-ს დრო გვაქვს.

დარბიან და თათხავენ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას, ვითომ ძალიან გულს ტკენს კიზინგერს და მალენს საქართველოში არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება თუ მაჟორიტარულით. გენიოსი იყო დავით კლდიაშვილი, „ბაკულას ღორების“ ფსიქოლოგიას ვერ გავცდით, სულ უცხო და გარეული გვინდა მსაჯულად.

რადგან ერთმანეთში მოლაპარაკების უნარი დაკარგული გვაქვს, უკვე რანდენიმე საუკუნეა ახალ სიმაღლეზე ავიდა ჩვენი ეს ისტორიული ჩვევა და დღეს ევროპელ პარლამენტარებს ვიწვევთ იმის დასადგენად, გაფლანგა თუ არა გიგი უგულავამ 48 მილიონი და არის თუ არა ის პოლიტპატიმარი?“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

მისი თქმით, ჩვენ შიგნით ვერ ვადგენთ რა დავარქვათ 48 მილიონის გაფლანგვაზე დაკავებულ ადამიანს, ასევე, უნდა იყოს თუ არა ის პოლიტიკაში და საერთოდ, თუკი პასუხისგებაში მიეცემა, არის თუ არა ის პოლიტპატიმარი.

„ეს არის შიდა პოლიტიკური ბრძოლის მოსაგებად გადადგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ჩამოვლენ ევროპარლამენტარები, გამოიკვლევენ მასალებს და ნახავენ, რომ თურმე 48 მილიონის გაფლაგვასთან გვქონია საქმე და მიიღებენ გაოცებულ სახეებს. ერთის მხრივ იფიქრებენ, რომ ესენი საერთოდ არ არიან საღად და ჩვენ რა შუაში ვართ, როდესაც არსებობს ასეთი დოკუმენტაცია. კიდევ ერთელ შერცხვება „ნაციონალური მოძრაობა“ და ქართული ოპოზიცია თავისი არაკომპეტენტურობის და უსირცვილობების გამო. ასევე, ხელისუფლებაც არ აღმოჩნდება მაინცდამაინც მომგებიან პოზიციაში, ვინაიდან შეეძლო, სანამ მათ ჩამოიყვანდა, ეთარგმნა ეს საქმე და გაეგზავნა აშშ-ში და ევროკავშირში. თუმცა იქიდანაც შეიძლება წამოვიდეს კონტრკითხვები, - რატომ იქნა ეს ადამიანი განთავისუფლებული და რატომ დადგა მის მიმართ ასეთი მსუბუქი განაჩენი, როდესაც იგივე აშშ-სა და ევროპაში მსგავსი დანაშაულისვის ასეთი მსუბუქი სასჯელი არ დადგება. ისმევა კითხვა, კი მაგრამ რატომ იქნა უგულავა გამოშვებული, იქნებ აქ არის პოლიტიკური ნაწილი ჩართული? ეს უხერხულობა აუცილებლად შეიქმნება და არა იმ ნაწილში, უნდა მჯდარიყო თუ არა, არამედ სასჯელის ზომაზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

ზურაბი ასეთი პოლიტიკა დანერგეს ნაცებმა, მოსკოვის ცეკა ჩაანაცვლეს ამერიკული ცეკა-თი. ასე აშინებდნენ შევარდნაძეს,ალბათ აწი აღარ გაუვათ. სამარცხვინოა საარჩევნო კამპანიას ევროპაში და ამერიკაში ატარებდე,როდესაც ქვეყანაში აღარავის უნდიხარ.
4 წლის უკან
Maverick რამაზ საყვარელიძეს ვეთანხმები!
ხელისუფლება ოპოზიციის სტილს აყვება იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლებაში დაბრაკული ნაცების, "თავისუფლების" ინსტიტუტში, ასოებში ტვინგამორეცხილი ლიბერასტების ნაცვლად არ მოვა ჭეშმარიტი მამულიშვილები!
4 წლის უკან