„ქართული ოცნების“ მთავრობა

„ქართული ოცნების“ მთავრობა

პირველი ბალანსი

21 ოქტომბერს მუშაობას შეუდგა საქართველოს ახალი პარლამენტი, რომელსაც სათავეში პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი უდგას. 150 დეპუტატიდან 85 – სამთავრობო კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია, ხოლო 65 – პრეზიდენტ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“. ატმოსფერო საზოგადოებასა და პარლამენტს, ისევე როგორც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებად ინსტიტუციებს შორის დაძაბულია. ორხელისუფლებიანობა ქვეყანაში ჯერ კიდევ ძლიერი პრეზიდენტითა და პრემიერით, რომელსაც ზურგს საზოგადოებრივი მხარდაჭერა უმაგრებს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის დიდი გამოწვევაა.

ივანიშვილის ახალი მინისტრთა კაბინეტი – „ქართული ოცნების“ მინისტრები

ახალი მთავრობა სხვადასხვა პარტიებისა და პოლიტიკური მოძრაობების წარმომადგენლებისგან შედგება – შესაბამისად, კაბინეტი, რომელიც 21 მინისტრისგან შედგება, მრავალფეროვანია. თუმცა მაინც გამოიყოფა სხვადასხვა დაჯგუფებები: უპირველესად აღსანიშნავია კოალიციის პარტიები, რომლებიც კაბინეტში ექვსი პოსტით არიან წარმოდგენილნი. ყველაზე ცნობილი ფიგურა მათ შორის ირაკლი ალასანიაა, “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” პარტიის თავმჯდომარე, ახლა უკვე ვიცეპრემიერი და თავდაცვის მინისტრი. ალასანიას მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილება აქვს, იყო დიპლომატი და სააკაშვილის მთავრობაში სეპარატისტულ რეგიონებთან კონფლიქტების მოგვარებაზე მუშაობდა, სანამ პროტესტის ნიშნად პრეზიდენტის პოლიტიკას ზურგი არ აქცია. მისი პარტიიდან არიან ასევე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი. რეინტეგრაციის მინისტრობა და ამით სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კონფლიქტების მოგვარების კომპეტენცია რესპუბლიკელს ხვდა წილად. პარტია “ეროვნული ფორუმი” მთავრობაში ოკუპირებული ტერიტორიებისა და ლტოლვილთა მინისტრ დავით დარახველიძეთია წარმოდგენილი. კიდევ ერთ დაჯგუფებას ქმნიან ივანიშვილის ბიზნესის თანამშრომლები და პირადად მისი ნდობით აღჭურვილი პირები. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 2005 წლიდან ივანიშვილის ბანკ „ქართუსა“ და მის ფონდში მუშაობდა, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აქამდე ივანიშვილის მშობლიურ რეგიონში მის მიერ დაფინანსებული საავადმყოფოს ხელმძღვანელი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, წარსულში “ქართუ ბანკის” გენერალური დირექტორი. გარდა ამისა, ივანიშვილმა თავისი პირადი ადვოკატი გენერალურ პროკურორად დაასახელა. სავარაუდოა, რომ ეროვნული ბანკის თავმჯდომარეც ივანიშვილის გარემოცვის წევრი გახდება. შევარდნაძის ეპოქის ბიუროკრატებიც, მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრი და ფინანსთა მინისტრი, მესამე დაჯგუფებას ქმნიან. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც 90-იან წლებში უკვე დიპლომატიურ სამსახურში იყო. ამით მინისტრთა კაბინეტი ბიზნესის სამყაროსა და პოლიტიკის/ბიუროკრატიის წარმომადგენლების საინტერესო ნაზავს წარმოადგენს. რამდენიმე სადავო პიროვნების გვერდით, ისეთების, როგორიცაა მაგალითად ფეხბურთელი კახა კალაძე, რომელმაც არა მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა, არამედ ასევე პრემიერმინისტრის მოადგილეა და უკვე ნახსენები დავით დარახველიძე, რომელმაც ყურადღება ნაციონალისტური გამონათქვამებით მიიქცია, კაბინეტში ახალგაზრდა და კომპეტენტური სახეებიც მოიძებნება. თვალში საცემია მთავრობის მნიშვნელოვანი პოსტების არაპროპორციული დაკავება ივანიშვილის “ქართუ ბანკის” პირების მიერ, პატარა ბანკისა, რომელსაც მთელ საქართველოში მხოლოდ 8 წარმომადგენლობა აქვს.

მთავრობის პროგრამა: რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკა და საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც უმნიშვნელოვანესი რეფორმები

“ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოს“ ქართული ოცნების სამთავრობო პროგრამა უაღრესად ზოგადი დოკუმენტია, რომელიც მართალია ყველა რელევანტურ პოლიტიკურ სფეროს მოიცავს, მაგალითად, ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, დასაქმების პრობლემებს და ა.შ., მაგრამ არ აკონკრეტებს პოლიტიკურ ინიციატივებს. თუმცა პროგრამაში მოიძებნება რამდენიმე მთავარი საკითხი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია წინამორბედი მთავრობისგან პრინციპულად განსხვავებული ორიენტირების დადგენა.

მათ შორის პირველ ადგილზეა რუსეთის მიმართ საგარეო პოლიტიკა. მიმართულების ცვლილებას ასახავს რუსეთთან ურთიერთობის საკითხში სპეციალური წარმომადგენლის პოსტის შემოღება, რომელსაც ყოფილი დიპლომატი, შევარდნაძის მთავრობაში საქართველოს ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე იკავებს. მას შევარდნაძესთან მჭიდრო ოჯახური ურთიერთობა აკავშირებს, ამასთან პატივს სცემენ რუსეთის მაღალჩინოსან წრეებშიც. ამ გადაწყვეტილებით, როგორც ჩანს, ივანიშვილმა რუსეთთან კონფრონტაციის კურსის დასრულების ნიშნული დასვა. აბაშიძე საჯარო გამოსვლებისას რუსეთთან დაახლოების მზაობას გამოხატავს და უკვე “პოლიტიკური დიალოგის ახალი ფორმატის” შესახებაც განაცხადა. ეს დაახლოება უპირველესად კულტურისა და ვაჭრობის სფეროში უნდა იყოს მიღწეული, რათა გრძელვადინ პერსპექტივაში შექმნას ნდობის საფუძველი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ორივე ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარებაში. აქ მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად შორს სურს წასვლა საქართველოს მთავრობას რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების საკითხში და რამდენად მზადაა ამისათვის რუსეთი. რუსულ პოლიტიკასა და მედიასაშუალებებში განსაკუთრებული წარმომადგენლის პოსტის შემოღებას თავშეკავებული გამოხმაურება მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯების მოლოდინში არიან.

რუსეთის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმოება უპირველესად იმაზე იქნება დამოკიდებული, ექნება თუ არა და როგორი ამბიციები ექნება მას სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით. პაატა ზაქარეიშვილის სახით მთავრობას ჰყავს რეინტეგრაციის მინისტრი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებიდან მოდის და ამბობენ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებთან ორმხრივი დიალოგის წინ წაწევა შეუძლია. თუმცა ეს რუსეთთან ურთიერთობის აუცილებელ გაუმჯობესებამდე არ მიიყვანს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მთავრობა სეპარატისტული რეგიონების ქართულ ტერიტორიებში ინტეგრაციას ზეწოლის გარეშე განახორციელებს. ამის ვარაუდი კი არ არსებობს. “ქართული ოცნების” მთავრობა ღიაა საერთაშორისო საზოგადოების ინიციატივებისათვის, რომ ამ უკანასკნელმა გასწიოს შუამდგომლობა საქართველოსა და რუსეთს შორის. სავარაუდოა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხში განსაკუთრებით გერმანიის როლს მიესალმება.

პროგრამაში ფორმულირებული ამბიციური მიზნებიდან ერთ-ერთია საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც მომავალში აღკვეთს მთავრობის ავტორიტარულ ქმედებას და სამოქალაქო საზოგადოებას კონტროლის მეტ შესაძლებლობას მიანიჭებს. კონსტიტუციის კონკრეტული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოებრივ აქტორებთან ღია დიალოგით უნდა გამოიკვეთოს. ამ კონტექსტში თვალშისაცემია ივანიშვილის გამონათქვამი, რომ მისი სამთავრობო კოალიციის “უმრავლესობა” ეთანხმება საპარლამენტო მმართველობის იდეას. 2011 წლის კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში შევა ძალაში, ისედაც ითვალისწინებს საპარლამენტო დემოკრატიის მიმართულებით სამთავრობო სისტემის ძირეულ ცვლილებებს. აქ უცნობია, რამდენად გაიზიარებენ ამას “ქართულ ოცნებაში” განსხვავებული პოლიტიკური დინებები.

საარჩევნო კამპანიის დროს გაცემული დაპირებების შესაბამისად, ივანიშვილს სურს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება და მათთვის ფინანსების და ადგილობრივი რესურსების გამოყენების თვალსაზრისით მეტი კომპეტენციის მინიჭება. თვითმმართველობის ხელმძღვანელები მომავალში პირდაპირი წესით უნდა იყვნენ არჩეული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობისათვის ცვლილებები სოციალური დაცვის სფეროში, რომლითაც ახალ მთავრობას აქამდე გაბატონებული უმუშევრობის, სოციალური უთანასწორობის და ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა სურს. გათვალისწინებულია სავალდებულო საპენსიო დაზღვევა და საპენსიო მინიმუმის საარსებო მინიმუმთან გათანაბრება. ჯანდაცვის სფეროში ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საბაზისო სადაზღვევო პაკეტი. ასევე უნდა განვითარდეს საციალური დაცვის სისტემები, თუმცა კონკრეტული მიზნები ჯერ უცნობია. ამ მიზნებით “ქართული ოცნების” მთავრობა სცილდება მისი წინამორბედის უფრო ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას.

ბიუჯეტი: პრემიერმინისტრი პრეზიდენტის ფინანსებს ამცირებს

ბიუჯეტის დაგეგმვა არა მხოლოდ მთავრობის პოლიტიკურ პრიორიტეტებს ასახავს, არამედ იმასაც, რომ პრეზიდენტისა და მისი აპარატისთვის მოქმედების თავისუფლების შეძლებისდაგვარად შეზღუდვას გეგმავს. ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი განახევრდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ. ეს უკანასკნელი 2013 წლიდან 33 მილიონი ევროთი მეტს მიიღებს, რითაც ივანიშვილს თავის საარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთი ცენტრალური დაპირების, აგრარული სტრუქტურების მხარდაჭერა სურს. ინსტიტუციებიდან ბიუჯეტი გაეზრდება მართლმადიდებლურ ეკლესიასაც, რომელიც არსებულ ბიუჯეტზე 1 მილიონი ევროთი მეტს მიიღებს. ბიუჯეტის მსუბუქი მატება ელის ასევე იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს. სხვა მხრივ, ბიუჯეტი არსებულ ჩარჩოებში რჩება, ზრდასა და შემცირებასთან დაკავშირებული მინიმალური ცვლილებებით.

განსაკუთრებით თვალშისაცემია პრეზიდენტის ფინანსური საშუალებების შემცირება, ის 6,6 მილიონი ევროდან 4,3, მილიონზე ჩამოვიდა, მისი სარეზერვო ფონდი 23,5-დან 4,7 მილიონამდე შემცირდა. ივანიშვილმა მანამდეც მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, დიდი ხარჯების გამო უარი ეთქვა პრეზიდენტის სასახლეზე და გადასულიყო სახელმწიფო კანცელარიაში. პრეზიდენტს დაქვემდებარებული ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის ეს უფრო დრამატულად გამოიყურება. საბჭოს განკარგულებაში ადრინდელი 11,6 მილიონის ნაცვლად 0,8 მილიონი ევროა. მისი ქმედუნარიონობა ამით მკვეთრად შეიზღუდება, რადგან გამოყოფილი სახსრები თანამშრომელთა ხარჯების დაფარვისთვის თუ იქნება საკმარისი. სეკვესტრი შეეხო ასევე რეგიონული პროექტების ფონდს, მისი მოცულობა 169 მილიონიდან 71 მილიონ ევრომდე მცირდება. ასევე მკვეთრად შემცირდება სააკაშვილის მიერ დანიშნული ყველა გუბერნატორის ბიუჯეტი.

საჯარო თანხების განაწილება ნათლად ასახავს იმას, რომ შეზღუდვა უმთავრესად იმ ინსტიტუციებს შეეხო, რომლებიც არ ექვემდებარებიან ”ქართული ოცნების” მთავრობის კონტროლს. სახსრების შემცირებასთან ერთად მსგავს მიმართულებაზე მიუთითებს სახელმწიფო საგადასახადო უწყების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის არაგეგმიური შემოწმება. მანამდე საჯარო გახდა გაურკვევლობა საქართველოში ერთადერთი რუსულენოვანი არხის “პირველი კავკასიურის” ფინანსებში. მათი ახსნა ჯერ მომავლის საქმეა. ტელე-რადიო მაუწყებლის მსგავსი სახელმწიფო კონტროლი აქამდე არ მომხდარა და, შესაბამისად, მოტივების შესახებ შეკითხვებსაც წარმოშობს. ცნობილია მთავრობის ბრალდება, რომ მაუწყებელი სააკაშვილისა და მისი “ნაციონალური მოძრაობის” მხარეზეა.

სამართლიანობა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?

ბაჩო ახალაიას, შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსისა და კიდევ ერთი მაღალჩინოსანი სამხედროს დაკავებით ახალმა მთავრობამ არა მხოლოდ საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია, არამედ გააღვივა მისი ხანგრძლივი გეგმების მიმართ არსებული ეჭვი. დაპატიმრებების გამო კრიტიკა ნატოს შეფის რასმუსენის მხრიდანაც გაისმა. ევროკავშირის კომისიის შეფი ბაროზო გაფრთხილებას იძლევა “არჩევითი სამართლის” გამო. ახალაია რამდენიმე სამთავრობო პოსტზე მუშაობდა, მათ შორის თავდაცვისა და სასჯელაღსრულების მინისტრებად. საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ის ციხეებში წამების სკანდალის დროს შინაგან საქმეთა მინისტრობიდან გადადგა და გარკვეული დროით გაუჩინარდა. მოსახლეობაში მის პერსონასთან დაკავშირებით ძლიერი ნეგატიური ასოციაციები არსებობს. ახალაია საკმაოდ სუსტი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ასევე 2011 წელს ჯარისკაცების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. დამატებითი ბრალდებების თანდათანობითი გამოქვეყნება და სხვა მოწმეების გამოჩენა ბადებს შთაბეჭდილებას, რომ დამამძიმებელი მტკიცებულებების მოძიება, რომელიც ძველი მთავრობის განსაკუთრებით სადავო წამყვან პოლიტიკურ პირებს ეხება, მხოლოდ დაპატიმრებების შემდეგ დაიწყო. ამასობაში, ახალაიას ბრალად ედება სხვადასხვა შემთხვევებში ძალაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჯარისკაცებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მათი წამება. საგამოძიებო პროცესი გრძელდება, მოსალოდნელია სხვა ბრალდებებიც. ახალაიას გარდა, ორ სამხედროს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება. ისინი პროცესის დაწყებამდე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა გენშტაბის უფროსი უკვე ცოტა ხნის შემდეგ ახალი ბრალდებების საფუძველზე მეორედ დააკავეს და მოგვიანებით, გაორმაგებული გირაოს სანაცვლოდ ისევ გაათავისუფლეს. მეთოდები და თანმხლები პოლიტიკური პოზიციები პროცესის სამართლიანობის ეჭვს ბადებს. გარდა ამისა, გაურკვეველია სპეციალური საპარლამენტო კომისიის ამოცანები, რომელმაც პოლიტიკური კორუფციული შემთხვევები უნდა გამოიძიოს. რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ეს ნაბიჯი, ჯერ დამაჯერებლად ახსნილი არ არის. არჩევნებამდე პოლიტიკური ბანაკების პოლარიზებისა და მუდმივი პროვოკაციების ფონზე, შესაძლოა, ეს მიზანი ყოფილ ხელისუფლებასთან მიზანმიმართული ანგარიშსწორება იყოს. ასე რომ მოხდეს, ეს საქართველოს დემოკრატიისათვის სერიოზული საფრთხე იქნებოდა. მეორე მხრივ, ამჟამინდელი ქმედება შესაძლებელია შეფასდეს როგორც მთავრობის პოლიტიკური გამოუცდელობა და ემოციური რეაქცია და არა გამიზნული სტატეგია. ყოველ შემთხვევაში, მთავრობის ქმედებების ერთობლიობაში იკვეთება უმეტესად ნიშნები, რომ ახალი მთავრობა ფართო კონტროლისა და ძალაუფლებისათვის იღვწის. ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის რეზოულუციაში “ევროპის მეზობელ ქვეყნებში დემოკრატიის მომავლის შესახებ” გამოხატა ეჭვი საქართველოში ახლო წარსულში განვითარებული მოვლენების გამო.

დემოკრატიის მომავალი

ისღა დაგვრჩენია, დავაკვირდეთ, როგორ გააგრძელებს ახალი მთავრობა აქამდე მიღწეულ წინსვლას დემოკრატიის გზაზე. საზოგადოებაში განწყობა დაძაბულია, მთავრობის მიმართ მოლოდინი – დიდი. ბოლო კვირების განმავლობაში მუშების დიდი ნაწილი გაიფიცა, მათ შორის ავტობუსის მძღოლები, პორტების თანამშრომლები და მაღაროელები. დაძაბული ატმოსფეროა ხელისუფლებაშიც. მთავრობა ოპოზიციას მიზანმიმართულ პროვოკაციებში და გაფიცვების ხელშეწყობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც ოპოზიცია მთავრობას პოლიტიკურ დევნასა და “ქართული ოცნების” მიერ არაკონტროლირებად ადგილობრივ თვითმმართველობებზე ზეწოლაში სდებს ბრალს. ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურ ბლოკადას ჯერ ადგილი არ ჰქონია. თავისი ტემპერამენტითა და ეკლექტური საქციელით ცნობილი პრეზიდენტი, რომელსაც გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების შესაძლებლობა აქვს, ძალიან თავდაჭერილად იქცევა. მან არა მხოლოდ მთავრობა, არამედ ბიუჯეტიც დაამტკიცა და თანამშრომლობას ცდილობს. სავარაუდოდ, სააკაშვილს არ უნდა ძალიან დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მქონე “ქართული ოცნების” პროვოცირება. “ქართული ოცნების” წინამორბედი ხელისუფლების მიმართაც “ანგარიშსწორება” ჯერჯერობით ასატან საზღვრებშია მოქცეული. გაცხადებული რეფორმების განხორციელებისთვის რთული სტრუქტურული წინაპირობების გარდა, ახალი მთავრობის გეგმებისთვის გამოწვევაა ასევე ის, რომ ივანიშვილი ხშირად იმეორებს, რომ წელიწად-ნახევრის შემდეგ პოლიტიკიდან წავა. პრემიერმინისტრის წამზომი უკვე ჩართულია.
foreignpress.ge