რუსული წინააღმდეგობის მიუხედავად, ტელეარხი "პირველი კავკასიური", მისი მესვეურების თქმით, მალე მაინც გავა ახალ სიხშირეზე ახალი ძალებით. სანდო წყაროს ინფორმაციით, "პირველი კავკასიურის" ეთერში ოლეგ პანფილოვის გარდა, სხვა ცნობილ რუს ჟურნალისტებსაც ვიხილავთ.
ოლეგ პანფილოვს აეროპორტში მიეჩქარებოდა. ის ვალერია ნოვოდვორსკაიას, კონსტანტინ ბოროვოისა და გალინა აკერმანის დასახვედრად ემზადებოდა. ბუნებრივია, მათი საქართველოში ვიზიტის მიზეზითაც დავინტერესდი.
- ბრალდება, რომ "პირველი კავკასიური" ანტირუსულია, აბსურდულია. საქართველოს ნამდვილად არა აქვს იმდენი ფინანსური რესურსი, რომ რუსულ პროპაგანდულ მანქანას ებრძოლოს. ჩვენი მიზანია, მაყურებელს მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია და ვუთხრათ ის, რასაც რუსული პროპაგანდა მალავს. საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რა ხდება სამხრეთ და ჩრდილო კავკასიასა და თავად რუსეთში. დღეს "პირველი კავკასიური" ერთადერთი არხია, სადაც შეუძლიათ ილაპარაკონ იმ პირებმა, რომელთა გამოჩენა რუსულ არხებზე აკრძალულია.
ხშირად სიმართლე ყველაზე საშიში იარაღია...
- მართალია, მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არხი არ უნდა არსებობდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვიღაცას კრემლში არ მოსწონს, სისულელეა. რომელი კანონი (საერთაშორისო, საქართველოს თუ თვით რუსეთის) დაარღვია საქართველომ?
ამიტომ დაინტერესდა ფრანგული კომპანია კანონიერებით და "პირველი კავკასიურის" სიხშირე "გაზპრომს" მიჰყიდა?!
- ეს ტექნიკური პრობლემაა პოლიტიკური ელფერით. რუსეთი ძალიან დაემსგავსა საბჭოთა კავშირს, მაგრამ მთელ მსოფლიოს რომ ის გაეკეთებინა, რაც საბჭოთა კავშირს ეამებოდა, მაშინ მსოფლიოც აღარ იარსებებდა. გარწმუნებთ, საბჭოთა კავშირი ყველას გადაუვლიდა. თუ არჩევანის წინაშე ვდგავარ მშვიდ დუმილსა და ხიფათიან სიმართლეს შორის, მე სიმართლეს ვირჩევ.
რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები "პირველ კავკასიურზე" ხომ არ იწყებენ მუშაობას?
- ერთ-ერთი ნამდვილად იმუშავებს "პირველ კავკასიურში", მაგრამ ვინ იქნება, არ გეტყვით.
თქვენს გადაცემას "საქართველო ოლეგ პანფილოვთან ერთად" ჰქვია. როგორია თქვენი საქართველო?
- ორატორი რომ ვიყო და გაუჩერებლივ საუბარი შემეძლოს, ვილაპარაკებდი იმაზე, რომ საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, სადაც ცხოვრობს სხვადასხვა ეროვნების ხალხი და არც ერთი მათგანი არ გრძნობს დისკომფორტს. საქართველოს ისტორია, კულტურა, ხელოვნება, ლიტერატურა, ბუნება - ეს არის ჩემი საქართველო.
ამას წინათ ერთ ბაკურიანელ უკრაინელს ვესაუბრე. მე-19 საუკუნეში საქართველოში ჩამოსახლებული უკრაინელის შთამომავალი აღმოჩნდა. წმინდა რუსული შეკითხვა დავუსვი, რატომ არ მიდიხარ უკრაინაში-მეთქი? იცით, როგორ იწყინა? რატომ უნდა წავიდე უკრაინაში, საქართველო ჩემი სამშობლოა, ეს ქვეყანა, მისი მიწა და მთები მიყვარსო. ოსები, რომლებიც ჩრდილო ოსეთში იყვნენ გაქცეული, უკან, ბაკურიანში ბრუნდებიან. საქართველოში ადამიანებთან ურთიერთობის სხვა ფორმულაა ჩამოყალიბებული. მისი საიდუმლო კი ის არის, რომ საქართველოში ადამიანს არა ეთნიკური კუთვნილების, არამედ მხოლოდ მისი ღირსების მიხედვით აფასებენ. 2008 წლის დეკემბერში ტაქსიში ჩავჯექი. აგვისტოს ომი ახალი დასრულებული იყო. ტაქსისტმა მიცნო და საუბარი დამიწყო, ოღონდ ინგლისურად. ვერ გავიგე ეს ჟესტი.
ჩემი თანმხლები ქართულად გამოელაპარაკა ტაქსისტს. რუსული ლიტერატურისა და ენის მასწავლებელი გამოდგა, რომელმაც თავს პირობა მისცა, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ აღარასოდეს ელაპარაკა რუსულად. მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო პროტესტი რუსული პოლიტიკის მიმართ, მაგრამ ამ ადამიანს სიძულვილი ვერ შევატყვე.
საქართველოს ხელისუფლება ხშირად არის კრიტიკის ობიექტი იმის გამო, რომ ვერ შეძლო საფრთხე აეცილებინა ქვეყნისთვის. როგორ ფიქრობთ, პრობლემა საქართველოს ხელისუფლებაშია?
- პრობლემა კონკრეტულ ხელისუფლებაში კი არა, კონკრეტულად საქართველოშიც არ არის. პრობლემა იდეურია. რუსეთის ხელისუფლება ვერ იტანს მათ, ვინც ისე არ იქცევა, როგორც მას სურს. მაგალითად, თუ ყირგიზები მოიქცევიან ისე, რომ რუსეთის ხელისუფლებას მათი ქცევა არ მოეწონება, პირობას გაძლევთ, ყირგიზებს შეიძულებენ. ახლა რუსებს მოლდაველების სიძულვილის შეტევა ეწყებათ, რადგან მოლდავეთმა ზურგი აქცია რუსეთს და გაბედა ევროპისკენ გახედვა. როგორ ფიქრობთ, რუსეთის ხელისუფლებისთვის ეს საკმარისი საფუძველი არ არის, სძულდეს ყველა მოლდაველი? არც იმას გამოვრიცხავ, რომ პუტინს შეიძლება მტკივნეული მოგონებები აკავშირებდეს საქართველოსთან. შესაძლოა, მის დედაზე გავრცელებული ვერსია მართალია.
რაღა დაგიმალოთ და, ნელ-ნელა ვიჯერებ ამ ამბავს, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც იმპერიის აღდგენის სურვილია. კრემლში უკვე ძალიან კარგად გაიგეს, რომ პატარა საქართველოს გამო ყელამდე პრობლემებში აღმოჩნდნენ. ამას წინათ ვფიქრობდი, რომ ბოლო თვეებში მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი არ ჩასულა. ეს უკვე იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის იზოლაციის რკალი ვიწროვდება. დროა, მიხვდნენ, რომ ამბიციების გამო ქვეყნის დაღუპვა არ ღირს, მაგრამ კრემლში არ მეგულება ხალხი, ფიქრის უნარი რომ ჰქონდეს. რუსეთში არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და რა ფიქრებზე უნდა ვილაპარაკოთ?
"პირველ კავკასიურზე" საქართველოში აზრთა სხვადასხვაობაა. ბევრს მიაჩნია, რომ ეს არხი რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს.
- ოპოზიციის ადგილას რუსეთ-საქართველოს საზღვართან გამოვცხადდებოდი და დავიჩოქებდი. მაშინ იქნება ყველაფერი კარგად? არ შემიძლია, ნოღაიდელზე არ ვთქვა ორიოდე სიტყვა. ის ძალიან ჰგავს გოგოლის "რევიზორის" პერსონაჟ ხლესტაკოვს. ხომ გახსოვთ, როგორი ბაქიბუქაა: "მე გენერალ-გუბერნატორთანაც კი დავდივარ!" - აი, ეს არის ნოღაიდელი. კრემლში ჩავიდა თუნდაც ერთი ქართველი, რომელმაც ნებით დაიჩოქა! უხარიათ, ამით იწონებენ თავს. სხვა ყველაფერი ბლეფია.
ის, რომ საქართველო ყველაზე მკაცრად დაისაჯა, კანონზომიერია, რადგან ისჯება სწორედ ის, ვინც ყველაზე მეტად მებრძოლია. როგორც ბისმარკი ამბობდა, რევოლუციას გენიოსები გეგმავენ, ფანატიკოსები ასრულებენ და ნაძირალები იყენებენ. ნაძირალა კოკოითი და ნაძირალა ბაღაფში სარგებლობენ იმით, რომ ოდესღაც რუსულმა სპეცსამსახურებმა აიყოლიეს აფხაზები და სოხუმის უნივერსიტეტში მიიყვანეს სულელური მოთხოვნებით. რას მიაღწიეს აფხაზებმა, უფრო მეტად ან უკეთესად ლაპარაკობენ აფხაზურად?
თქვენი აზრით, საქართველოში არის დემოკრატია?
- თუ ქვეყანაში არის ოპოზიცია და ორი ისეთი ტელევიზია, რომლებიც დილიდან საღამომდე სწყევლიან მთავრობას, თუ ქვეყანაში არსებობს ისეთი სულელი ოპოზიცია, როგორიც რადიკალები არიან, გამოდის გაზეთები, რომლებიც რასაც უნდათ, იმას წერენ, ესე იგი ეს ნორმალური ქვეყანაა! მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ტონუსში ჰყავთ.
თქვენ ფიქრობთ, რომ ნორმალური ქვეყნისთვის ტელეკომპანიებში შეჭრა და ჟურნალისტებისთვის რეზინის ტყვიების სროლა მისაღებია?
- არ შეიძლება ტელეკომპანიაში იარაღით შეჭრა, მაგრამ არც ის შეიძლება, ტელევიზია საინფორმაციო იარაღად აქციო და პოლიტიკური თამაშის ნაწილი გახადო.
ქართულ ხასიათში ფატალიზმი ყველაზე მთავარია. მე შემიძლია შედარება გავაკეთო. იცით, რომ რუსეთში ბოლო 7-8 წელია, არც კასიანოვი, არც კასპაროვი ეთერში არ გამოჩენილან? აქ კი ჩართეთ ნებისმიერი სახელისუფლებო არხი და გინდ გაჩეჩილაძეს უსმინეთ, გინდ ბესელიას და გინდ ნოღაიდელს. მახსოვს, გაჩეჩილაძე მთელი ერთი საათი იჯდა გრიგოლიასთან ეთერში და ლაპარაკობდა იმას, რაც უნდოდა.
ეს გადაცემა დახურეს.
- პირადად ჩემი ნება რომ ყოფილიყო, გრიგოლიას არც ერთ გადაცემას არ გავუშვებდი ეთერში. როცა ჟურნალისტი რესპონდენტს უყვირის, მისი ადგილი ჟურნალისტიკაში არ არის. როდესაც სტუდიაში იწვევ ადამიანს, მასთან საუბარი უნდა შეგეძლოს და არა სკანდალის ატეხა.
თქვენ რადიკალურ ოპოზიციას ჭკუანაკლული უწოდეთ, რით გამოიხატება ეს?
- ოპოზიციას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში უპროგრამოდ მონაწილეობს, ჭკუანაკლულის გარდა ვერაფერს დაარქმევ. კარგი, ბატონო, გავიგეთ, რომ მიშა უნდა წავიდეს, მაგრამ რა იქნება მერე? მხოლოდ ორი კაცი ვიცი, ვისაც პროგრამა აქვს, სხვები? ოპოზიციის ყველაზე ცუდი თვისება უპასუხისმგებლობაა. თვალსა და ხელს შუა ისე უსინდისოდ იტყუებიან და არ გრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარ ნათქვამზე, რომ პირდაპირ გაოგნებული ვარ. ასეთი რაღაცები საკუთარ თავზეც გამოვცადე, მაგალითად, შაშიაშვილისაგან გავიგე, რომ ცისფერი ვყოფილვარ.
უჩივლებთ შაშიაშვილს ცილისწამებისთვის?
- ეგღა მაკლია, შაშიაშვილს რეკლამა გავუკეთო!