დედაქალაქის ქუჩებს მიტოვებული მანქანებისგან გაათავისუფლებენ

დედაქალაქის ქუჩებს მიტოვებული მანქანებისგან გაათავისუფლებენ

თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩები თანდათან ივსება გამოუსადეგარი ავტომობილებით, რომლებიც რეალურად ჯართად არის ქცეული. გარდა ესთეტიკური მხარისა, პრობლემაა ის, რომ ასეთი ავტომობილები საპარკინგე ადგილებს იკავებენ მაშინ, როცა დედაქალაქში ამ მხრივ მწვავე დეფიციტია.

ამიტომ გადაწყდა, რომ თბილისის ქუჩებში წლების განმავლობაში მიტოვებულ ავტომანქანებს, შესაბამისი კანონი დაარეგულირებს. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, მუშავდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტი მსგავსი ავტომანქანების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლებას მოიპოვებს.

„ჩვენ ვამზადებთ სამართლებრივ ცვლილებებს იმ ავტომობილებთან დაკავშირებით, რომლებიც წლების განმავლობაში მუნიციპალურ ტერიტორიაზეა განთავსებული, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა მოიპოვოს სამართლებრივი მექანიზმი და უფლება, რომ მსგავსი ავტომანქანების გადაადგილება და სპეციალურ სადგომზე გადაყვანა მოხდეს. ვეთანხმები ყველას, ვინც ამ საკითხზე პრეტენზიას გამოთქვამს. რა თქმა უნდა, ამ საკითხს უახლოეს პერიოდში დავარეგულირებთ“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება ზონალურ საათობრივ-პარკირებას, თბილისის ვიცე-მერის თქმით, უახლოეს მომავალში ზონალურ-საათობრივი პარკირების შემოღება ბარათაშვილის ქუჩაზე იგეგმება.

„საპილოტე პროექტები წარმატებით ხორციელდება. უახლოეს მომავალში, დაიწყება უკვე საინფორმაციო კამპანია და პროექტის მომდევნო ეტაპი უკვე ბარათაშვილის ქუჩაზე განხორციელდება. შემდგომში უკვე სხვა მასშტაბურ ქუჩებს მივანიჭებთ ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალს“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

მაშინ, როცა დედაქალაქში მანქანების რაოდენობა ბევრად აღემატება საპარკინგე ადგილების რაოდენობას, დიდ პრობლემას ქმნის ეზოებში, კორპუსებთან, ქუჩებში მუდმივად მდგომი ავტომობილები, რომლებიც თვეების განმავლობაში იკავებენ ადგილს. მათი 99% საერთოდ გამოუსადეგარია.

პრობლემა აშკარაა, თუმცა კანონში აქამდე არ ყოფილა არავითარი რეგულაცია ჯართად ქცეული მანქანის მფლობელთათვის. დაახლოებით 1 წლის წინ ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი გელა კვაშილავა აცხადებდა, რომ ქვეყანაში 150 000 გაჩერებული ავტომობილია.

„ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომობილების დიდი ნაწილი, დაახლოებით 150 ათასი ავტომობილი, გაჩერებულია და საერთოდ არ მოძრაობს. გარდა ამისა, არის ავტომობილები, რომლებსაც ძალზე იშვიათად იყენებენ მფლობელები და ისეთებიც, რომელთა ექსპლოატაცია დაუშვებელია ტექნიკური გაუმართაობის გამო. ყველა ქვეყანაში მუშაობს მეორადი ავტომობილების განსაკუთრებული მონიტორინგის პროგრამა, რაც ჩვენთანაც აუცილებლად დასანერგია“, - აცხადებდა კვაშილავა.

მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა სავალდებულო ტექნიკურმა ინსპექტირებამ, რადგან სატრანსპორტო საშუალებების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება და ისინიც სამუდამოდ გაჩერებული მანქანების რიგს შეუერთდნენ. ამას ადასტურებს კიდეც სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში რეგისტრირებული 1,3 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 1 წელიწადში ტექდათვალიერება მხოლოდ 800 000-მა გაიარა. ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ ბევრი მანქანა, უბრალოდ, არც კი მივიდა ინსპექტირების ცენტრებში, რადგან აზრი არ ჰქონდა მის შემოწმებასაც კი.