„ივანიშვილის მიმართ სანქციები იმთავითვე გამორიცხულია“

„ივანიშვილის მიმართ სანქციები იმთავითვე გამორიცხულია“

ამერიკაში ურთიერთსაწინააღმდეგო დინებებია. თუკი ვირწმუნებთ, რომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდაა გარდატეხილი კონგრესმენებთან ურთიერთობა, მაინც რჩებიან ისეთი კონგრესმენები, რომლებიც საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ.

მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილის მიმართ არაკორექტული ტონით გამორჩეული პიტ ოლსონი, რომელიც საქართველოში „პატიოსანი ბიზნეს პრაქტიკის“ სანქციების აქტს შეუერთდა და რიგით მეოთხე კონგრესმენია, რომელიც საქართველოსთვის სანქციების დაწესებას უჭერს მხარს. სანქციების დოკუმენტი, რომელიც 2019 წელსაა ინიცირებული, კონგრესმენ მარკვეინ მალენის მიერაა ინიცირებული. ამ სანქციებს რენდი უებერიც შეუერთდა. ასე რომ, საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესების კანონპროექტს ოფიციალურად მხარს უჭერს წარმომადგენელთა პალატის ოთხი წევრი: ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, პიტ ოლსონი, რენდი უებერი. ისინი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები არიან და პალატაში შტატ ტეხასის სხვადასხვა ოლქს წარმოადგენენ. კანონპროექტი ამჟამად წარმომადგენელთა პალატაშია და შესაბამის კომიტეტებში განხილვას ელოდება.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ სანქციები უნდა დაეკისროს ბიძინა ივანიშვილს და არა - საქართველოს. კოტე კემულარიას აზრით, უბედურება ის არის, რომ, პრაქტიკულად, სანქციები საქართველოს უკვე აქვს დაწესებული, რადგან არც ერთ ნორმალურ ინვესტორს საქართველოსთან ურთიერთობა არ სურს. თუკი მომავალში რეალური სანქციები დაეკისრება საქართველოს, ინვესტორებს საერთოდ აღარ მოუნდებათ აქეთკენ გამოხედვა.

ამის მიუხედავად, „ოცნებაში“ მშვიდად არიან, მათ არ აქვთ სანქციების მოლოდინი. ამ საკითხს დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ „ოცნებასა“ და ამერიკას შორის ურთიერთობას არ განსაზღვრავს ერთეული კონგრესმენის განცხადება.

თუმცა ავის მომასწავებელი პროგნოზებიც კეთდება, თუკი მმართველი გუნდი ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, კრიტიკულად განწყობილ კონგრესმენთა რაოდენობა გაიზრდება.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციებს არ ელის. ჩვენთან საუბარში ის აცხადებს, რომ პიტ ოლსონთან მიმართებით ყველაფერი გარკვეულია, ის „ფრონტერას“ ლობისტია და ძალიან ძნელია, პოზიცია შეიცვალოს, რადგან ხელშეკრულებითაა დაკავშირებული „ფრონტერასთან“ და სწორედ იმაში იღებს ანაზღაურებას, რომ ბოლომდე მისი ინტერესები დაიცვას.

„რასაკვირველია, პიტ ოლსონთანაც შეიძლება კომუნიკაციის დამყარება, მაგრამ „ფრონტერას“ საქმე არბიტრაჟშია და რაღაც გადაწყვეტილებამდე მივა. ივანიშვილის მიმართ სანქციები კი იმთავითვე გამორიცხულია. როდესაც ამერიკის ახალი ელჩი, კელი დეგნანი ჩამოვიდა აქ, მან ერთ სიბრტყეზე დააყენა არჩევნების მნიშვნელობა აშშ-სა და საქართველოში და თქვა, რომ 2020 წელს მიმდინარეობს არჩევნების გამოცდა. დაახლოებით მისი ნათქვამი ასეთი იყო, რამდენიმე კვირით ადრე საქართველოშია არჩევნები, შემდეგ კი - ამერიკაში და თითქოს ეს ერთი პოლიტიკური ველია, იქაც ასეთივე დაპირისპირებაა ფსევდოლიბერალურ პოზიციებსა და ტრამპის პოზიციებს შორის. სინამდვილეში, ეს არის შეტევა სახელმწიფოს იდეებზე და ეს ხდება ამერიკაშიც და საქართველოშიც. შეიძლება, გაზვიადებულ ინტერპრეტაციას ვაძლევ კელი დეგნანის გამონათქვამს, მაგრამ მან თქვა, რომ ორივე არჩევნები საეტაპოა და ერთ კონტექსტში გავა ეს ყველაფერი, მთელი მსოფლიო დაინახავს არჩევნების დემოკრატიულობას. დეგნანმა ისიც აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს ამერიკის საელჩო, რათა რუსეთისგან მომდინარე დესტაბილიზაციის საფრთხე განეიტრალდეს. ვინ არის დაინტერესებული ამ საფრთხით? ცხადია, „ნაცები“, რომლებიც ცდილობენ, საერთაშორისო პარტნიორების ჩართვას შიდა პოლიტიკურ საკითხებში, რაც თამაშის წესებს გარეთაა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისივე თქმით, „ნაციონალები“ ახლა ცდილობენ ამერიკელი კონგრესმენების დამუშავებას, რათა მათ შეუტიონ საქართველოს ხელისუფლებას. მათი ქმედება ღალატად უნდა შეფასდეს ისევე, როგორც ოდირში სულელური შეკითხვების გაგზავნა.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების თეორიული შანსი არსებობს, მით უმეტეს, შეერთებულ შტატებში პლახატნიუკის პრეცედენტი უკვე შეიქმნა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი არ არის.

„ჩემი აზრით, არჩევნებამდე ეს ნამდვილად არ მოხდება. ამერიკული პრეცედენტული სამართლისთვის დაახლოებით ერთი და იმავე ალგორითმით მოქმედებაა დამახასიათებელი. პლახატნიუკის პრობლემებიც დაიწყო არჩევნების შემდეგ, პოსტსაარჩევნო პერიოდში. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს ყველა შანსი აქვს იმისთვის, არ აღმოჩნდეს იმავე სიტუაციაში, მან უნდა გამოიყენოს ეს შანსი, კი არ უნდა ეპოტინოს ხელისუფლებას, არამედ რაღაც უნდა დათმოს საზოგადოებასთან მიმართებით, რაც სახელმწიფოსაც წაადგება და პირადად მისთვისაც უკეთესი იქნება. ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული შეიძლება სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს. რასაკვირველია, ამას არ ვამბობ გარანტირებულად, მაგრამ ასეთი რისკი არსებობს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა ჩვენთან საუბარში.

 

ზურაბი სანდო წყაროს ინფორმაციით , ივანიშვილს დაუწესდება სანქციები და მისი აქტივები, ხუხაშვილს გადაეცემა სამართავად.
4 წლის უკან