„ტექნოლოგიურად უფრო მგონია, რომ ირაკლი შოთაძის ხელში საქმეები დაეკიდება, მაგრამ ტოტალურ დაჭერებს არ მოველი“

„ტექნოლოგიურად უფრო მგონია, რომ ირაკლი შოთაძის ხელში საქმეები დაეკიდება, მაგრამ ტოტალურ დაჭერებს არ მოველი“

„შოთაძე არსად არ წასულა, უბრალოდ, გაფორმდა მეორედ მისი დანიშვნა“, - ასე ეხმაურებიან ოპოზიციონრები საპროკურორო საბჭოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 11 ხმით უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადეს ირაკლი შოთაძეს.

ახლა უკვე პარლამენტის ჯერია, რადგან პროკურატურაში ირაკლი შოთაძის მეორედ მოსვლას მხოლოდ პარლამენტის თანხმობა სჭირდება. სავარაუდოდ, კენჭისყრა მომდევნო კვირას გაიმართება. მმართველი გუნდის დეპუტატები აცხადებენ, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ირაკლი შოთაძეს, როგორც კეთილსინდისიერ, კვალიფიციურ ადამიანს. თუ ასე მოხდება, წელიწადნახევრის წინ სკანდალურად დახურული კარი შოთაძისთვის ხელმეორედ გაიღება. მმართველ გუნდში იხსენებენ შოთაძის გადადგომის მიზეზებს და ამბობენ, რომ შოთაძე არ გაუფრთხილდა სკამს, გაუფრთხილდა საკუთარ რეპუტაციას, ამიტომაც გადადგა თავის დროზე.

არასამთავრობოების ნაწილი არ იზიარებს მმართველი გუნდის განწყობას და აცხადებს, რომ შოთაძე „ქართული ოცნების“ დავალებების შემსრულებელია და მისი დაბრუნება დანაშაულია, ეს არის ხელისუფლების მიტაცების კიდევ ერთი გამოვლინება და საზოგადოების შეურაცხყოფა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აანონსებს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები სერიოზულად ემზადებიან შოთაძის დასახვედრად პარლამენტში. გოგიჩაიშვილს ისიც აინტერესებს, რატომ არ არის აღძრული საქმე კონკრეტული პროკურორების წინააღმდეგ?

„თუ შოთაძე ფიქრობს, რომ ტაშის გრიალით მოხდება მისი კანდიდატურის არჩევა, ძალიან ცდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდი იყოს. გადახვევით რომ ვთქვათ, მას სპეცნაზის ფონზე მოუწევს თავისი კანდიდატურის არჩევა, რადგან ჩვენ ვიტყვით ყველაფერს, რასაც ვფიქრობთ. ეს არის მაფიოზური ქვეყნის მშენებლობის მცდელობა, როდესაც საქმის განმრჩევლად გვევლინება გენერალური პროკურორი“.

„ნაცმოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავა ფიქრობს, რომ საპროკურორო საბჭო აღმოჩნდა ჩვეულებრივი მარჯანიშვილის თეატრალური დასი, რომელმაც ყველასთვის ცნობილი ფარსი გაითამაშა.

მოასწავებს თუ არა ირაკლი შოთაძის დაბრუნება „ნაცების“ დევნას?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი „ნაცების“ დევნის შესახებ აცხადებს, რომ, ვინც დასაჭერია, ირაკლი შოთაძე დაიჭერს, ვინც არ არის დასაჭერი, რასაკვირველია, არ უნდა დაიჭიროს.

„კონგრესმენთა შეშფოთება არ ნიშნავს იმას, ვინც კანონი დაარღვია, პასუხი არ აგოს. შოთაძეს აქვს საკმარისი გამოცდილება, კვალიფიკაცია, ეს ადამიანი საქმეში გვყავს ნანახი. პროკურატურის ცალკეული საქმეების მიხედვით მე მას ვერ შევაფასებ, რადგან ეს საქმეები ჩემთვის ხელმიუწვდომელია, მაგრამ, თუ გახსოვთ, 2015 წელს შეიქმნა სამართალდამცავ სისტემებში ჩადენილ დანაშაულთა დეპარტამენტი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, შოთაძის პერიოდში ბევრი საქმე იქნა ბოლომდე მიყვანილი, აქ წინა წლებში ჩადენილ დანაშაულებზეა საუბარი და ადამიანებს წართმეული ქონება დაუბრუნდათ, ბევრი ადამიანის რეაბილიტაცია მოხდა. მე ვერ ვიტყვი, რომ თადუმაძის დროს რაიმე პრობლემა შეიქმნა პროკურატურაში, მაგრამ არც არაფერი კეთდებოდა. ჯერ ერთი, საპროკურორო საბჭომ შეარჩია შოთაძის კანდიდატურა, იგი პროფესიონალებმა განსაჯეს და დასახელებულთაგან ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნიეს. თუ ვინმეს ეჭვი შეაქვს ამაში, უნდა დაასაბუთოს, რომ უკეთესი კანდიდატი არსებობდა, ან თუ ვინმეს რაიმე კომპრომატი აქვს, უნდა წარმოადგინოს შოთაძის წინააღმდეგ“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბარში.

ამასთან, მიიჩნევს, რომ შოთაძის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ის გადადგა სარალიძის საქმის შემდეგ, როცა მოსამართლემ ერთ-ერთ ბრალდებულს არ დაუდასტურა ბრალი და გამამართლებელი განაჩენი მიიღო იმის გამო, რომ პროკურატურამ ვერ წარადგინა საკმარისი დამაჯერებელი მტკიცებულებები. ეს პასუხისმგებლობა შოთაძემ აიღო, თუმცა ის კონკრეტულად ამ საქმის პროკურორი არ ყოფილა. ეს უფრო პოლიტიკური პასუხისმგებლობასავით იყო მისი მხრიდან.

„რა თქმა უნდა, ოპოზიციას არ მოსწონს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა. ოთარ კახიძის შეკითხვებიც სარალიძის საქმესთან დაკავშირებით უფრო პოლიტიკური გამოსვლა იყო და დამაჯერებელი არ ყოფილა. რაც შეეხება არგუმენტს, რომ პროკურორების წინააღმდეგ საქმეები არ არის აღძრული და ნუთუ ყველა უმწიკვლო პროკურორი გვყავს, ეს არ არის არგუმენტი. ეს არის წინასწარი განწყობა, რომ სამართალდამცავ სისტემას სახელი აქვს გატეხილი და მთავარი დანაშავეები თურმე იქ იმალებიან. ეს სპეკულაციებია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომელ პროკურორს კონკრეტულად რა დანაშაული აქვს ჩადენილი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იგი დაიჭირონ“.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ირაკლი შოთაძის არჩევის შემდეგ „ნაციონალების“ დაჭერის დაწყებას არ ელის.

„ტექნოლოგიურად უფრო მგონია, რომ საქმეები დაეკიდება, მაგრამ ტოტალურ დაჭერებამდე არ უნდა მივიდეს საქმე. თუმცა საქმეების დაკიდება პოლიტიკურ პროცესს თავისთავად რაღაცნაირად ასუსტებს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში.