ხელისუფლება ოპოზიციას „გონზე მოსასვლელად“ ვადას თებერვლის ბოლომდე აძლევს

ხელისუფლება ოპოზიციას „გონზე მოსასვლელად“ ვადას თებერვლის ბოლომდე აძლევს

თუ ოპოზიცია მმართველი გუნდის ვარიანტს – 100/50 არ დათანხმდება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – ასეთია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომელიც გადახედვას არ ექვემდარება. „ქართული ოცნების“ აღამასრულებელი მდივანი განმარტავს, რომ სწორედ ამ სისტემით მოვიდნენ ხელისუფლებაში, როცა სააკაშვილის რეჟიმი ყველაფერს იყო დაპატრონებული. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან შეთავაზებული იქნა კომპრომისული ვარიანტი.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, თუ ისინი არ დათანხმდებიან ამას, არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივად, არსებული შერეული სისტემით, რომელიც არის დემოკრატიული, რომელიც არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. სხვათა შორის, ამ სისტემით მოვედით ჩვენ ხელისუფლებაში, მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი იყო დაპატრონებული აბსოლუტურად ყველაფერს, ტელევიზიები ჯიბეში ედო, ზოგადად მედია იყო მისი საკუთრება. ერთი რამ მინდა ყველამ კარგად დაიმახსოვროს, საარჩევნო სისტემები არჩევნებს არ და ვერ იგებს, არჩევნებს იგებს ხალხი და ხალხის მხარდაჭერა“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ვარიანტზე თებერვლის ბოლომდე შეთანხმება თუ ვერ შედგება, ასეთ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოლაპარაკების რაუნდი დაიხურება, რადგან პარლამენტი უკვე ვეღარ მოასწრებს ამ ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში.

„შესაბამისად, თებერვლის ბოლომდე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვნახოთ ოპოზიციის პრაგმატული პასუხი ამ შეთავაზებაზე. 100/50 - ეს არის ნამდვილად კომპრომისული ვარიანტი იმასთან შედარებით, თუ რა არის დღეს ჩაწერილი კონსტიტუციაში, გარდამავალ დებულებებში და ის ითვალისწინებს მნიშვნელოვნად პროპორციული მანდატების გაზრდას და ასევე მნიშვნელოვნად მაჟორიტარული მანდატების შემცირებას.

თუ ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ შეთანხმება მოხდეს და მიიღოს კონკურენტული საარჩევნო გარემო, ამ ეტაპზე, ეს არის კომპრომისული და სამართლიანი შეთავაზება. მაგრამ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს, რომელთაც არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, მათი ერთადერთი ამოცანა არის დესტუქცია, როგორმე არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან მათ არ აქვთ იმედი, რომ ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწევენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ვიცე–სპიკერი იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დიალოგის მეხუთე რაუნდზე, მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან კონსტრუქციულ დამოკიდებულებას დაინახავს. გიორგი კახიანის შეფასებით, კონგრესმენების, ეუთო/ოდირისა თუ სხვა პარტნიორების განცხადებებში, იკვეთება თხოვნა, რომ მხარეები კონკრეტულ საარჩევნო მოდელზე შეჯერდნენ.

„ძალაშია შერეული საარჩევნო სისტემის მოდელი 77/73-ზე, ოპოზიცია კი, არჩევნების ჩატარებას სრულად პროპორციული სისტემის საფუძველზე ითხოვს. ჩვენ კომპრომისის სასარგებლოდ ნაბიჯი გადავდგით, რაც გულისხმობს პროპორციული წესით მანდატების გაზრდას და მაჟორიტარული წესით – შემცირებას.

იმედი მაქვს, ოპოზიციის მხრიდანაც ანალოგიური დამოკიდებულება იქნება, რადგან შეთანხმება ორივე მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა. რაც შეეხება ე.წ. გერმანულ მოდელს, მის არაკონსტიტუციურობაზე ჩვენი მოსაზრება არ შეცვლილა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიცია დათმობაზე თუ არ წავა, დაადასტურებს, რომ მხოლოდ რევოლუციური სცენარი აქვს. ხუნდაძის განცხადებით, მეხუთე რაუნდს აუცილებლად ექნება შედეგი, მაგრამ ამისთვის აუცილებელი პირობაა შესასრულებელი, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა ორივე მხარემ ბოლომდე წაიკითხოს და არა მხოლოდ ის აქცენტები, რაც აქამდე ერთი თუ მეორე მხარიდან მოისმინა.

„ეუთოს დასკვნაში მინიშნებულია, რომ საარჩევნო სისტემა უნდა ემსახურებოდეს ორ ძირითად პრინციპს: წარმომადგენლობითობა დაცული უნდა იყოს და ხელი უმრავლესობის ჩამოყალიბებას უნდა შეეწყოს, რაც იქნება იმის გარანტი, რომ მმართველი გუნდი შეძლებს სტაბილურ მართვასა და სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბებას.

ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით და ამან განაპირობა ჩვენი პრინციპული პოზიცია. ეს დასკვნა ბოლომდე წაიკითხონ და ძირითადი აქცენტები გაითავისონ. მაშინ, მეხუთე რაუნდი აუცილებლად იქნება შედეგიანი. 100 /50 სრულად ასახავს და ბოლომდე ამოწურავს იმ მითითებებსა და კომპრომისსაც, რაც შესაძლოა, იყოს მიღწეული“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ოპოზიციის შეთავაზებას მოტყუების და დროის გაწელვის მცდელობად აფასებს „ნაციონალური მოძრაობა“. რომან გოცირიძის განცხადებით, მმართველი გუნდი პარტნიორებს კონგრესშიც ატყუებენ, რომ რაღაც სერიოზულ მოლაპარაკებაზე მოდიან.

„უამრავი კომპრომისი შევთავაზეთ: „გერმანული მოდელი“, გერმანულის მოდიფიცირებული მოდელი, ასევე არსებულ სისტემაშიც კი მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის იდეა, რომელიც უფრო ახლოს იყო მანდატების სამართლიან გადანაწილებასთან. ყველა ეს შეთავაზება უარყვეს. ახლაც იტყუებიან. 100/50 არის მოტყუების, დროის გაწელვისა და უცხოელებთან სახის მობანვის ერთ-ერთი მცდელობა.

ჩვენს პარტნიორებს კონგრესშიც ატყუებენ, რომ რაღაც სერიოზულ მოლაპარაკებაზე მოდიან. მათი სურვილია, რომ არჩევნებამდე არსებული სისტემით როგორმე მივიდნენ. არაფერი გამოუვათ, ნებისმიერ სისტემაში „ქართული ოცნება“ უკვე დამარცხებულია. მათი მიზანია მოლაპარაკებების ჩაშლა, არავითარი ოთხი რაუნდი არ ყოფილა, ეს იყო დროის მოგების მცდელობა, მაგრამ დრო ოპოზიციის, ანუ, ხალხის სასარგებლოს მუშაობს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას წამ–ზომი ჩაურთო, ოპოზიციისგან უკვე უარია ნათქვამი. „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, დახურულ შეხვედრაზე არც განიხილავენ 100/50–ის მოდელს. ბოკერიას თქმით, არ სურთ, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს შანსი, ხმების მესამედით ან 50%–ით იყოს საპარლამენტო უმრავლესობაში. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ვაშინგტონში ატყუებს როგორც მეგობარ ქვეყანას, ასევე საქართველოს მოსახლეობას და აძლევს ცრუ დაპირებებს.

„ეს არის ისტერიკის ნიშანი. ჩვენ ვუპასუხეთ იქვე, დახურულ შეხვედრაზეც, რომ არც განვიხილავთ 100/50–ის ამბავს. არა იმიტომ რომ ვიღაცის ხუშტურია, არამედ იმიტომ, რომ ეს სისტემა არაფერს ცვლის ისევე, როგორც 77/73–ზე. ეს სისტემა ტოვებს შანს პირველზე გასული პარტიისთვის, რომ იყოს უმრავლესობაში. როდესაც 10–დან მხოლოდ 3 ამომრჩეველი გაძლევს ხმას და 7 წინააღმდეგია, შანსი გაქვს იყო საპარლამენტო უმრავლესობაში.

დავაგროვეთ გამოცდილება არამარტო ამ სამარცხვინო ხელისუფლების დროს, არამედ წინა ხელისუფლების დროსაც, რომლის ნაწილი მეც ვიყავი. არ გვინდა, რომ მომავალში, როდესაც უკეთესი ხელისუფლება იქნება, იქაც ვინმეს ჰქონდეს შანსი, რომ მესამედი ხმებით ჰქონდეს უმრავლესობა და ნახევარი ხმებით უკონტოლო უმრავლესობა. ამ ყველაფრის გამო უკვე უარია ნათქვამი. დადიან ვაშინგტონში, იტყუებიან ან პირდებიან, რომ პროგრესი გვექნება. თუ გონს მოეგებიან და რეალურად უკან წაიღებენ ამ შეურაცხყოფას და არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადავლენ, მაშინ იქნება შედარებით ნორმალური ატმოსფერო და ამ ატმოსფეროში დამარცხებას უნდა შეეგუონ,“ – აცხადებს გიგა ბოკერიამ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია კონსტრუქციულადაა განწყობილი და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს ელოდება. „საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, თუ ხელისუფლებას გონიერება შერჩენია, კომპრომისზე უნდა წამოვიდეს.

„ჩვენ სრული მორალური უფლება გვქონდა პროპორციული სისტემა ბოლომდე მოგვეთხოვა იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო დაპირებული, მაგრამ გავუფრთხილდით ქვეყანაში სტაბილურობას და დავიწყეთ კონსულტაციები მმართველ ძალასთან. 100/50–ზე არის აბსოლუტურად მიუღებელი, იმიტომ, რომ ამით დღევანდელი სისტემის არსი არ იცვლება, მაგრამ არსებობს სხვა ვარიანტები, რომლებიც შესაძლებელია, რომ მაქსიმალურად იყოს მიახლოვებული პროპორციულობის პრინციპთან და ვფიქრობ, რომ ჩვენი ეს წინადადება არის ძალიან კონსტრუქციული“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული ვერსია, მიუღებელია „ლელო საქართველოსთვის“. მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა მიუღებელია.

„თალაკვაძემაც იცის, ამერიკელებმაც და ევროპელებმაც, რომ ის ვერსია, რაც თალაკვაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავზა არის მიუღებელი. 100/50 მიუღებელია, ასევე პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა მიუღებელია, თუმცა შესაძლოა აღმოჩნდეს მისაღები სხვა ბალანსი, პროპორციულ და მაჟორიტარულ მანდატებს შორის, რომელიც სისტემას მაქსიმალურად მიიყვანდა პროპორციულ შედეგამდე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.