ხელისუფლებიდან მე მხოლოდ გამარჯვებული წავალ“

ხელისუფლებიდან მე მხოლოდ გამარჯვებული წავალ“

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის რანგში თავისი პირველი პრეს-კონფერენცია ჩაატარა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად მან საზოგადოებას მთავრობის ერთთვიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებში შტატების დაკომპლექტების საკითხი თითქმის დასრულებულია და ახალმა ხელისუფლებამ ახალ კადრებთან ერთად რამდენიმე სამინისტროში მინისტრების ძველი მოადგილეებიც დატოვა. ამასთანავე, შესრულდება „ქართული ოცნების“ დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უწყებებში სამსახურს გააგრძელებს ყველა, ვისაც კონკრეტული დანაშაული არ ჩაუდენია.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირების, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაწყებულია, ისევე როგორც მედიასთან მიმართებაში სიტუაციის დარეგულირება, თუმცა ამ უკანასკნელ პროცესთან ხელისუფლებას შეხება არ აქვს. კერძოდ, ივანიშვილი ამბობს, რომ კარგია „იმედი“ მის კანონიერ მესაკუთრეს რომ დაუბრუნდა, ახლა კი პროცესი ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან დაკავშირებითაც დაწყებულია, რადგან მისი ყოფილი მესაკუთრეები ტელეკომპანიის დაბრუნებისთვის ბრძოლას აპირებენ.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით გააჟღერა მისი ახალი ინიციატივა, რომლის თანახმად ქვეყანაში უნდა შეიქმნას სპეციალური საინვესტიციო ფონდი. ამ ფონდში თითოეული მდიდარი ქართველი (ვისაც ამის სურვილი ექნება) ჩარიცხავს თანხებს, ხოლო ეს თანხები ქვეყანაში ინვესტორების მოსაზიდად იქნება გამიზნული. კერძოდ, ივანიშვილის თქმით, ნებისმიერი ინვესტორი (იქნება ეს უცხო თუ ადგილობრივი) თუკი მოინდომებს ქვეყანაში ბიზნესის დაწყებას, ეს საინვესტიციო ფონდი ქვეყანაში მისი პარტნიორი გახდება და თუკი ინვესტორი კონკრეტულ ბიზნესში 25%-იან ინვესტიციას განახორციელებს, 75%-ს საინვესტიციო ფონდი გაიღებს. ამით ხელოვნურად დაჩქარდება ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება. ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილი აპირებს სპეციალური კრეატიული ჯგუფი ჩამოაყალიბოს, რომელიც მთელი ქვეყნის დონეზე განიხილავს, სად უფრო საინტერესოა ფულის დაბანდება, შესაბამის პროექტებს შეადგენს და შემდეგ ინვესტორებს გაუწევს კონსულტაციებს და ამ მონაცემებს საინვესტიციო ფონდსაც მიაწვდის. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მუშაობა მიმდინარეობს შესაბამის კანონმდებლობაზე, რათა ქვეყანაში აღიკვეთოს მონოპოლიები, ხოლო კერძო საკუთრება იქნება ხელშეუხებელი.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ძალაშია მისი წინასაარჩევნო დაპირება სოფლის მეურნეობის მილიარდიანი ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, რისი განხორციელებაც უკვე გაზაფხულიდან დაიწყება. ამასთანავე, გაზაფხულისთვის ხელისუფლება აპირებს ტრაქტორებისა და მოტობლოკების შემოყვანას, სამელიორაციო სისტემის მოწესრიგებას და მიმდინარეობს მუშაობა იმაზეც, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით 60-მდე მცირე გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნას. აქვე ივანიშვილი აკონკრეტებს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის ის, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მესაკუთრეების 80%-ს ეს მიწები საკუთრებაში დარეგისტრირებული არ აქვს, რაც პრემიერის აზრით, წინა ხელისუფლების მიერ ხელოვნურად ჭიანურდებოდა, რათა ხალხი საკუთარი გავლენის ქვეშ ჰყოლოდათ.

ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ 2013 წლის იანვრის ბოლომდე სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი შეიქმნება, დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში მოქალაქეებს, შესაძლოა, უფრო მცირე სადაზღვევო პაკეტები გადაეცეთ, ივლისის ბოლოდან კი უფრო ფართო პაკეტი იქნება წარმოდგენილი, ანუ შესრულდება ის დანაპირები, რომ ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაზღვეული იყოს. ივანიშვილი განმარტავს, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზაციით და პრიორიტეტების შეცვლით დიდი თანხების გამოთავისუფლება გახდა შესაძლებელი, რაც აღნიშნულ მიმართულებებს მოხმარდება.

„შემცირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები, ასევე შენდებოდა პრემიერ-მინისტრის სასახლე და ამ მშენებლობას რატომღაც გრიფი საიდუმლო ედო. პრიორიტეტების შეცვლით ჩვენ მოვახერხეთ, რომ ბიუჯეტის სოციალური ნაწილი ბევრად უფრო ეფექტური გახდეს. გარდა ამისა, მომავალი წლის აპრილიდან შესაძლებელი გახდება, რომ 67 წლამდე ასაკის ადამიანებს იგივე ოდენობის პენსია დაენიშნოთ, რასაც 67 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერები ღებულობენ. ეს თანხა 100 ლარის ნაცვლად პირველი აპრილიდან იქნება 125 ლარი. 2013 წლის 1 სექტემბრიდან ასაკის პენსიონერებისა და პირველი ჯგუფის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირების პენსია დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს, 150 ლარს გაუტოლდება. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ საარსებო მინიმუმი გადაიხედება და სავარაუდოდ გაიზრდება. ასევე პირველი სექტემბრიდან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მეორე ჯგუფის მქონე პირების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პენსია - 70 ლარი, ასევე მარჩენალდაკარგული პირების პენსია 55 ლარი, ეს ყველაფერი გახდება თანაბარი და 100 ლარამდე გაიზრდება, რაც პირველ ეტაპზე ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მისივე თქმით, 2005 წელს ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილი პირების საპენსიო უზრუნველყოფაში არსებული დისკრიმინაცია აღმოიფხვრება და მოხდება მათი პენსიის გადაანგარიშება. კერძოდ, 2013 წლის პირველი აპრილიდან მათი პენსია დამოკიდებული იქნება ასაკით პენსიის ოდენობაზე და ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის სტაჟზე, წოდებების მიხედვით. ანალოგიურად გადაანგარიშდება სამოქალაქო ავიაციის თანამშრომელთა პენსიაც და ამ მიზნით 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 19 მილიონი ლარი გამოიყოფა. 2013 წლის 1 ივლისიდან უკიდურესად გაჭირვებულთათვის (480 000 მოქალაქე) სოციალური დახმარების ოდენობა გაორმაგდება, რეგრესირებული პენსიონერებისათვის შემოღებული იქნება რეგრესირებული პენსია, რომელიც წინა ხელისუფლებამ გააუქმა. ასევე დევნილების სოციალური დახმარებაც გაორმაგდება.

პრემიერ-მინისტრი განათლების სფეროსაც შეეხო და განაცხადა, რომ აქამდე განათლების სფერო მთლიანად პოლიტიზებული იყო, ახლა კი მისი სრული დეპოლიტიცაზია ხორციელდება. ივანიშვილი ამბობს, რომ მანდატურის სამსახური, რომლის მიმართაც საზოგადოებაში მრავალი კითხვა არსებობდა, მასწავლებლების მაკონტროლებელი ორგანოდან დაცვის სამსახურად გარდაიქმნა.

„გიორგი მარგველაშვილი ძალიან კარგი მინისტრია, იგი ფილოსოფოსია, მე მასთან ვმეგობრობ და ფოლოსოფიური კამათიც არაერთხელ გვქონია. მე მას ხუმრობით ვუთხარი, თავი დაანებოს ფილოსოფიას და მოსახლეობას მისთვის საინტერესო ინფორმაცია გასაგებ ენაზე უთხრას. სახელმწიფომ გააორმაგა თავისი წილი და მომავალი წლიდან სტუდენტობას აქამდე არსებული გადასახადები ორჯერ შეუმსუბუქდება. ვინაიდან საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობა არსებობს, განმარტავ, რომ სახელმწიფომ გააორმაგა თავისი წილი და სწორედ ამ მხრივ გაძვირდა უმაღლესი განათლება. სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში განათლების მინისტრს. შესაძლოა, გრანტების რაოდენობა გაიზარდოს, ან მაქსიმალური გადასახადების ნაწილში შევეხიდოთ მოსახლეობას. ამიტომ, 2250 ლარის ნაცვლად, შესაძლოა, ნაკლების გადახდა მოუწიოთ. ამაზე განათლების სამინისტროში მუშაობა მიმდინარეობს და ეს გრადაციები იქნება. მოკლედ რომ ვთქვთ, გრანტების რაოდენობა გაიზრდება და მოსახლეობის უფრო დიდ ნაწილს ექნება საშუალება სწავლის საფასური გადაიხადოს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მან შეფასებები პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებითაც გააკეთა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ სიცრუისა და ძალადობის იდეოლოგიის ერთგული რჩება. ამის მაგალითად პრემიერმა ბაჩო ახალაიას პოლიტპატიმრად და ცოტნე დადიანად გამოცხადება და საზოგადეობრივ მაუწყებელში ფინანსური პოლიციის შესვლასა და 2007 წლის 7 ნოემბერს „იმედის“ დარბევას შორის, ნაციონალების მხრიდან პარალელების გავლება მოიყვანა. მისი თქმით, ამით „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობის გონებასა და ცნობიერებაზე ძალადობს, რითაც საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს.

 პრემიერ-მინისტრმა მისი ამერიკის შეერთებულ შტატბში დაგეგმილი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება. მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდს იმდენი საქმე აქვს, რომ ევროპაში ივანიშვილის ვიზიტმა აჩვენა, რომ იმ 3-4-მა დღემ, რაც მან იქ გაატარა, საქართველოში სერიოზული პრობლემები შექმნა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელისუფლო გუნდს და მმართველ ვერტიკალს ჩამოყალიბება და გამაგრება სჭირდება, ქვეყნის ეკონომიკას კი უახლოეს დროში საწყისი ეტაპების სწორი დაფუძნება ესაჭიროება. ამიტომ, ამერიკაში ივანიშვილის ვიზიტი გადაიდო, რასაც მისი თქმით, ამერიკული მხარე გაგებით მოეკიდა. 29 ნოემბერს ამერიკაში ჩავა საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან და ამერიკის ადმინისტრაციის სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ექნება შეხვედრები.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ რუსეთში მისი ვიზიტი ვერ შედგება, რადგან რუსეთის ფედერაციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯერ ისევ აქვს საელჩოები, მაგრამ შესაძლოა, ასეთი შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდეს. აქვე პრემიერი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ სპეციალური წარმომდგენლის, ზურაბ აბაშიძის დანიშვნის შემდეგ, რუსეთიდან საპასუხო ნაბიჯები არ ყოფილა, მაგრამ იმედს იტოვებს, რომ რუსეთში გარკვეულწილად გადააფასებენ სიტუაციას და შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება.

ევროპაში თავის ვიზიტს ბიძინა ივანიშვილი აფასებს, როგორც წარმატებულს. მისი თქმით, ევროპელები ძალიან კარგად არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმირებულები, მათ იციან რა ხდებოდა ქვეყანაში არჩევნებამდე, იციან როგორ ჩატარდა არჩევნები და უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც სწორი ინფორმაცია აქვთ.

„ძალიან ცდილობდა გუშინდელი ხელისუფლება, რომ ევროპასაც და ამერიკასაც თავს მოახვიოს ეს აჟიოტაჟი, თითქოს საქართველოში პოლიტიკური დაპატიმრებები ხდება, მაგრამ ევროპელებმა ეს პროცესები, ძალიან მარტივად გაიგეს ეს სიტუაცია და ძალიან ცოტა განმარტებების გაკეთება დამჭირდა ამისთვის. მოკლედ, ევროპაში ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ძალიან ძვირად დამიჯდა ის ოთხი დღე, რომელმაც ჩვენი განვითარება ძალიან შეაფერხა. ამიტომ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს მომავალი წლისთვის დავგეგმავთ და ის უფრო ხანგრძლივი იქნება“, - ამბობს ივანიშვილი.

მან კიდევ ერთხელ განმარტება გააკეთა 2014 წლის გაზაფხულზე პოლიტიკიდან წავლის თაობაზე გაკეთებულ თავის განცხადებასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პოლიტიკიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება. ხოლო თუ ამის მზაობა არ იქნება, ან სახელისუფლო გუნდმა იმ დრომდე ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულება ვერ მოახერხა, ასეთ შემთხვევაში ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ამასთანავე, იგი აცხადებს, რომ 2014 წლის გაზაფხულის შემდეგ სამოქალაქო სექტორში გადანაცვლებას და მის გაძლიერებას აპირებს.

„თუ ჩვენი დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით კითხვები დარჩება, ან თუ გაჩნდება კითხვები, რომ პოლიტიკიდან იმის გამო მივდივარ, რომ ხელმოცარული ვარ და შემდეგი არჩევნებისთვის ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას (რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეიძლება ფიქრობდეს), თუ საზოგადოებაში ასეთი კითხვები დარჩა, ვარწმუნებ ყველას, რომ არსადაც არ წავალ, მზად ვარ დავრჩე და შემდეგ არჩევნებში ხელისუფლებაში დარჩენისთვისაც ვიბრძოლო. მაგრამ ეს ჩვენი საქმიანობის ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება. თუ მე გავაკეთე ის, რასაც ვაპირებ, მხოლოდ მაშინ წავალ პოლიტიკიდან და არა ისე, რომ პასუხისმგებლობებს გავექცე. ხელისუფლებიდან მე მხოლოდ გამარჯვებული წავალ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერზე და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებას, რომლის ინტერესებსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ემსახურებოდა, ყველაფერი მხოლოდ პიარზე ჰქონდა აგებული, რა გზითაც საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროპელებს არასწორ ინფორმაციებს აწვდიდნენ და ეს კავშირები დღესაც შენარჩუნებულია. ამიტომ, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა შეცდომაში იყო შეყვანილი და ამ მეთოდს „ნაციონალური მოძრაობა“ ხშირად იყენებდა. ამის დამადასტურებლად კი ივანიშვილს ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელ მარტინესის განცხადებები მოჰყავს, როდესაც მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მაცივრების და ტელევიზორების დარიგების გზით ამომრჩევლის მოსყიდვას ეწეოდა. სინამდვილეში კი ამის დამადასტურებელი ვერც ერთი ფაქტი ვერ მოიყვანა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე ზემოქმედება კი ივანიშვილის თქმით, სააკაშვილმა მოახერხა, მაგრამ მომავალში სიტუაცია ამ მიმართულებითაც დალაგდება. რაც შეეხება ფინანსურ შემოწმებას, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტის წინაშე სამ მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს და სრულიად ბუნებრივია, რომ ტელევიზიაში ფინანსური შემოწმება შევიდა.

ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილთან ურთიერთობაზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არ დადგება, მაგრამ კონსტიტუციის გადახედვა მოხდება, რადგან მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და ამიტომ, ლოგიკური იქნებოდა პრეზიდენტიც ახალ კონსტიტუციას დაექვემდებაროს. კერძოდ, კონსტიტუციური ცვლილებები შეიძლება იმ მიმართულებით გატარდეს, რომ პრეზიდენტს რაც შეიძლება სწრაფად გადაეცეს ის უფლება-მოვალეობები, რაც მას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ჰქონდეს. ამდენად, შენარჩუნდება პრეზიდენტი, მაგრამ ახალი უფლებამოსილებებით. აქვე პრემიერი განმარტავს, რომ მასა და იმ სახელისუფლებო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან წარმოდგენილები, კანონის დონეზე და საზოგადოებისთვის გამჭირვალედ წარიმართება.

ივანიშვილი გიგი უგულავას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლითაც მან პრემიერს მიმართა - გადაწყვიტოს, ვინ იქნება შემდეგი დასაჭერი პირი.

„გარწმუნებთ, ასე არ არის, როგორც ისინი იყვნენ მიჩვეულები, რომ პრემიერმა უკარნახოს პროკურორს, ვინ დაიჭიროს და ვინ არა. მთავარ პროკურორს, შესაძლოა, კვირაში ხუთი წუთითაც ვერ შევხვდე. პროკურატურასთან წინა ხელისუფლებისგან გამწარებული ადამიანების რიგები დგას და პროცესები სამართლის ფარგლებში განვითარდება“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

მან კომუნალური გადასახადების ტარიფებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ახალმა მთავრობამ ჯერ ვერ მოახერხა იმაში გარკვევა, თუ როგორ ხორციელდება ფასწარმოქმნა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უახლოეს დღეებში იქნება გარკვეული. ივანიშვილი განმარტავს, რომ „ტარიფების განახევრება ვერ მოხერხდება, თუმცა, მათი შემცირება, ალბათ, შესაძლებელია“.

პრემიერის განცხადებით, გარდაბანში დაგეგმილი იყო ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რაც 200 მლნ დოლარზე მეტი ჯდებოდა და ეს საინვესტიციო თანხა ელექტროენერგიის ტარიფში იყო ასახული. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ 50 მილიონი არის გადახდილი საპარტნიორო ფონდიდან, რომელსაც ამ საკითხთან არანაირი შეხება აქვს. აღნიშნული თანხა კი ტარიფში არის გათვალისწინებული. ამიტომ, ივანიშვილის განცხადებით, ამჟამად, ამ ხელშეკრულების გაუქმებაზე და ხელახალი ტენდერის ჩატარებაზე მიმდინარეობს მუშაობა. მისი თქმით, ასეთი გაუგებარი გარიგებები და პრობლემები ბევრია და მთავრობა მათ შესწავლას ახორციელებს და ამგვარი კიდევ სხვა კონტრაქტების და ვალდებულებების გაუქმებაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

ბიძინა ივანიშვილი ამობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ სამშაბათს საღამოს შემთხვევით გაიგო და კატეგორიულად უარჰყოფს იმ მოსაზრებას, რომ ხელისუფლებისგან ოქრუაშვილმა რაიმე სახის გარანტიები მიიღო.

„გუშინწინ, საღამოს მე და მაია ფანჯიკიძე ვისხედით და რაღაც საკითხებზე ვმსჯელობდით, რა დროსაც მაიამ უცემ მითხრა, - თურმე ირაკლი ოქრუაშვილი ჩამოსულაო. აი ასე გავიგე მე მისი ჩამოსვლის შესახებ. არავითარი გარანტია არავის არ ექნება, კანონის წინაშე ყველამ ერთნაირად უნდა აგოს პასუხი. ასევე იქნება ოქრუაშვილთან დაკავშირებითაც, თუ დამნაშავეა, პასუხი აგოს, ხოლო თუ არა, მასზე ზეწოლას არავინ მოახდენს“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

მან პოლიტპატიმრების სიაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ამ თემაზე მომუშავე ჯგუფს აკისრებს და ამბობს, რომ მისთვის უცნობი იყო, თუ ამ სიაში ირაკლი ოქრუაშვილიც იყო. აქვე პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ არაა გამორიცხული ყოფილი ხელისუფლების რომელიმე წევრის დაჭერა, მათ შორის სააკაშვილისაც, თუ ამის სამართლებრივი საფუძველი იქნება.

„არ არის ჩემი სურვილი და ალბათ, არც საზოგადოებას სურს ჩვენი ყოფილი ხელისუფლების, მათ შორის, პრეზიდენტის დაპატიმრება. კარგი იქნება, ამან მასიური სახე არ მიიღოს, რადგან საქართველო უფრო იოლად მოიხვეჭს დემოკრატიული სახელმწიფოს სახელს. მეორეს, მხრივ, ამ პროცესის ხელოვნურად შეჩერება ჩემთვის წარმოუდგენელია. მე არც ერთ პროკურორს და არც მოსამართლეს არ დავიბარებ და არ ვეტყვი, რომ არსებობს კონკრეტული საქმე და როგორმე ის მიჩქმალონ“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

იგი ამნისტიის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ პატიმრების ციხეებიდან გამოშვება, ალბათ, გარკვეულწილად დაამძმებს კრიმინოგენურ სიტუაციას, რასაც საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს, მაგრამ კრიმინალის ჩამდენი პირები ისევ ციხეებში შებრუნდებიან.

„ძალიან ბევრი პატიმარი იმსახურებს განთავისუფლებას, ვიღაცეები გამოგვეპარებიან, ვიღაცეების უკან შებრუნება მოგვიწევს და ამისთვის არსებობენ სამართალდამცავი უწყებები. მე მგონი ეს ჯანსაღი და ცივილიზებული პროცესია, რასაც საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ ხედავს ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალს, იგი პასუხობს, რომ ამაზე ისაუბრებს როგორც კონკრეტული პიროვნება და არა როგორც პრემიერ-მინისტრი და აღნიშნავს, რომ ვერ წარმოუდგენია, თავისუფალ არჩევნებში ვინმემ ამ პარტიას მისცეს ხმა. აქვე პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი საბოტაჟის გზით გააგრძელებს საქმიანობას და სტრესში ამყოფებს საზოგადოებას, მაშინ ივანიშვილი აპირებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. ვინაიდან მას, როგორც პრემიერ-მინისტრს ამის სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს, ივანიშვილი განმარტავს, რომ თუკი საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს, ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. თავისუფალ არჩევნებში კი პრემიერის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არავინ მისცემს.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების პროცესი დაწყებულია, რისთვისაც ახალ ხელისუფლებას პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია. უბრალოდ ეს ყველაფერი ბიზნესურთიერთობებიდან გამომდინარე ხორციელდებოდა და პრემიერ-მინისტრს რჩება შთაბეჭდილება, რომ ამის სურვილი აქამდე თავად ხელისუფლებას არ ჰქონდათ, თორემ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანა აქამდეც შესაძლებელი იყო.

და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაერთიანებაზე ისაუბრა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ მისთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის დისკომფორტია, რომ მის მეუღლეს ტელეკომპანია ჰქონდეს. ამიტომ, იგი აპირებს, რომ „მეცხრე არხის“ ქონება საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცეს იმ პირობით, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი მართლაც იქნება საზოგადოებრივი, გარდა ამისა, „მეცხრე არხის“ ჟურნალისტებიც იქ უნდა დასაქმდნენ. ხოლო, თუ ეს არ მოხერხდა, ივანიშვილი აპირებს, რომ „მეცხრე არხი“ ჭეშმარიტად საზოგადოებრივ არხად აქციოს.

„თუ საჭირო გახდა „მეცხრე არხის“ საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთება, ამას გავაკეთებთ გამჭირვალედ. ფულს კი წინასწარ ოცი წლისას გადავიხდი, რათა ბორდს ჩემზე ფინანსური დამოკიდებულება არ ჰქონდეს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.