„ვერ დაჯდები ას ზღარბზე, იმდენი უნდა დაიტოვო, რამდენზეც საჯდომი გაგწვდება“

„ვერ დაჯდები ას ზღარბზე, იმდენი უნდა დაიტოვო, რამდენზეც საჯდომი გაგწვდება“

მას შემდეგ, რაც ამ ერთი საქართველოს ტერიტორიაზე რფ-მ სამი პრეზიდენტი აღიარა, სავსებით ბუნებრივია, რომ ჩრდილოელ მეზობელთან დიპურთიერთობა გაწყდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ, როდესაც ჩვენს პარტნიორებს სჭირდებოდათ, კონსტრუქციული თანამშრომლობის მაგალითებს არ ვიძლეოდით და ამის ნათელი დასტურია, საქართველოს თანხმობით, რფ-ის WTO-ში გაწევრიანება. პარალელურად, პუტინსაც არაერთხელ უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაელაპარაკებოდა, მეორე მხრივ, ეს არდალაპარაკება რფ-სთვისაც მეტად მომგებიანი იყო. მაგრამ, რაკი საქართველოში ხელისუფლების კონფიგურაცია შეიცვალა, ლაპარაკი რფ-ის ძველ ხელისუფლებასაც მოუწევს და საქართველოს ახალ მთავრობასაც, თან – ერთმანეთან. ჩრდილოეთში არ ჩქარობენ, თუმცა ჩვენგან პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა – ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის პირად წარმოადგენლად დაინიშნა რუსულ საკითხში. ვინაიდან ჯერჯერობით ოფიციალური კრემლი დუმს, რუსეთის საქართველოზე გამავალ სამომავლო გეგმებზე ჩემს კოლეგასა და სეხნიას – მიხაილ ლეონტიევს გავესაუბრეთ.

რუსულ-ქართულ დიალოგში რამდენიმეწლიანი ვაკუუმი შეიქმნა. ამასობაში საქართვლოში ხელსუფლება შეიცვალა  და ახალმა პრემიერ-მინისტრმა უკვე დანიშნა წარმომადგენელი რუსეთთან მომლაპარკებლად. შეაფასეთ ეს ქმედება.

– ვფიქრობ, ეს პოზიტიური და შესამჩნევი ფაქტია, თუმცა მგონია, რომ საქართველოში უფროა შესამჩნევი, ვიდრე რუსეთში, რადგან რუსეთს პაუზა უჭირავს და აცხადებს, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს ელის. საქართველოში უფრო შესამჩნევია, რადგან ვექტორი შეიცვალა.

რას გულისხმობთ ვექტორის შეცვლაში?

– რიტორიკულ და პროპაგანდისტულ სივრცეს. როგორც ვიცი, ტონალობა შეიცვალა არა მარტო იმ ტელეარხებზე, რომლებიც არც მანამდე ეკუთვნოდა ყოფილ მმართველ ძალას, არამედ იმ არხებზეც, რომლებიც ისევ არიან დამოკიდებული ყოფილ ხელისუფლებაზე, თუმცა არ მგონია, ეს რაღაც ჩამოყალიბებული ცვლილებების შედეგი იყოს.

ანუ დირექტივების გარეშე, თავისთავად მოხდა ასე?

– არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი თუ პუბლიცისტი, რომელსაც უნდა, რომ დარჩეს მედიასივრცეში, არ აღიარებს ტერიტორიების ჩამოჭრას. თქვენთანაც იგივე სიტუაციაა, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის გამო: არც ერთი აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი არ აღიარებს ყარაბაღს და არც ერთი სომეხი პოლიტიკოსი არ დათანხმდება ყარაბაღის დათმობას. მიუხედავად ამისა, ერთია ფორმალური პოზიცია, და მეორე - რაღაც პრაქტიკული ქმედებები. ასეთი სიტუაციის გადასაწყვეტად ორი გზა არსებობს: შეიგნო, რომ მისი გადაწყვეტა განჭვრეტად პერიოდში შეუძლებელია და გაყინო, გვერდზე გადადო და დანარჩენი პრობლემები მოაგვარო ისე, რომ გაყინული სიტუაცია არ ახსენო; მეორე გზაა, პირიქით, დაძაბო სიტუაცია და ამ დაძაბვაზე დივიდენდები მოიპოვო. ერთსაც და მეორესაც სხვადასხვა პერიოდში პოლიტიკოსისთვის რაღაც შედეგი მოაქვს.

და რა შედეგი მოუტანა რუსეთს იმ გზა, რასაც ადგა პირველ ოქტომბრამდე და ახლაც ადგას?

– არ მინდა, განვმეორდე, რადგან თქვენ იცით, რომ, ჩემი აზრით, 2008 წლის კონფლიქტის დროს, პოლიტიკური და გლობალური კუთხით, რუსეთის ქმედება იყო ადეკვატური და სხვა ქმედების განხორციელება არ შეეძლო, მაგრამ, თუ კონკრეტულ გეოპოლიტიკურ შედეგზე ვილაპარაკებთ, ის რუსეთისთვის, უდავოდ, ნეგატიურია. რადგან გლობალური მიზანი (რუსეთი კი გლობალური მოთამაშეა), რასაც რუსეთმა მიაღწია, საქართველოს ამერიკულ პროტექტორატად გადაქცევას ვგულისხმობ, რბილად რომ ვთქვა, შეცდომაა. აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ ქცევა რუსეთის დე-ფაქტო პროტექტორატად, ნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს დე-ფაქტო ამერიკის პროტექტორატად აღიარებას. დღეს რუსეთი ფორმალურად, დიპლომატიურად ნეიტრალურად იქცევა, მაგრამ გვესმის, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია რუსეთს ხელს აძლევს. ანუ რუსეთისთვის ხელსაყრელია ის გარანტიები, რასაც ივანიშვილი აძლევს დასავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს.

რუსეთისთვის ხელსაყრელ რა გარანტიებს აძლევს?

– გარანტიებს ნატოში შესვლაზე, ანუ გეოპოლიტიკური ორიენტაციის გარანტიებს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. გასაგებია, რომ მშვიდობიანი გადასვლა სააკაშვილის ექსტრემიზმისგან ასეთი გარანტიების გარეშე შეუძლებელია. ის ხომ სისულელეა, რომ სააკაშვილის დამსახურებაა დემოკრატიის განვითარება და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება?! ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს არ არის სააკაშვილის დამასახურება?! ეს არის მისი კურატორების დამსახურება.

დიდი ანგარიშით, ეს ქართველი ხალხის, ამომრჩევლის დამსახურებაა.

– ქართველ ხალხს ამის გაკეთება მანამდეც შეეძლო, მაგრამ ამის ნებას არ აძლევდნენ.

აბა, როგორ გითხრათ... იქნებ, ქართველი ხალხი არ აკეთებდა ასეთ მობილიზაციას, რადგან მანამდე არსებული არც ერთი ოპოზიციონერი ლიდერი არ მოსწონდა?

– ქართველი ხალხისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ის არ არის მრავალრიცხოვანი, არც ისე ძლიერია და, ამასთან, არცთუ კარგად ორგანიზებული, რომ ამერიკის კოლოსალური ზეწოლისთვის გაეძლო. აქამდე ამერიკელები არ აძლევდნენ ოპოზიციას ნებას,  რომ გაემარჯვათ.

მიხაილ, მე აქ ვიყავი და უკეთ ვიცით, რა ხდებოდა.

– მე არ მინდა დავამცირო ხალხის როლი, მან მიაღწია გამარჯვებას არჩევნებზე, მაგრამ სწორედ ამერიკელებმა აღარ მისცეს სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენის ნება, ადრე კი ამის ნებას რთავდნენ. ეს გასაგებიცაა, რადგან სააკაშვილს ამ ადმინისტრაციასთან არ აქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც წინასთან ჰქონდა: ის აღარ იყო „ოქროს ბიჭუნა“ ობამასთვის, მაგრამ მათ მაინც არ უნდოდათ მისი თამაშიდან გამოყვანა რიგგარეშე არჩევნებით.

შესაძლოა...

– თქვენ ჩემი აზრი გაინტერესებთ თუ თქვენი?!

რომ არ ჩაგეკითხოთ, მკითხველი არ მაპატიებს: შესაძლოა, სააკაშვილი არ იყო ძველებურადოქროს ბიჭუნა“, მაგრამ საქართველოს ის ნაწილი, რომელიც დაგვრჩა, აღარ არისოქროს ტერიტორიაამერიკისთვის?

– ეს ძალიან რთული საკითხია. მეტიც, ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და პირდაპირ არც ეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს.

თქვენ კი მეუბნებოდით, ნუ მაწყვეტინებთო...

– მაინც მივიდოდით ამ საკითხებამდე. თქვენი კითხვა ეხება იმ გლობალურ პროცესებს, რომლებიც მსოფლიოში ხდება. ბუშსა და ობამას შორის მთავარი განსხვავება ის არის, თუ როგორ უყურებენ ისინი სამყაროს ამერიკულ გაგებას. ბუშის  მმართველობა ჰგავდა წარმატებებისგან თავბრუსხვევას, როდესაც წარმატებები აღარ იყო. ეს იყო ერთადერთი ზესახელმწიფოს ძლევამოსილობის პიკი, როდესაც ქვეყანას შეუძლია, დაამყაროს ისეთი წესრიგი, როგორსაც საჭიროდ მიიჩნევს იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლის. აქვს ერთპიროვნული ძალა, არავის გაუწიოს ანგარიში, მათ შორის - თავის სტრატეგიულ პარტნიორებსაც. ბუშის ომები იყო წესრიგის ომები და ამის შედეგია ის სურათი, რაც მივიღეთ ახლო აღმოსავლეთში. ობამას ომები კი არის უწესრიგობის ომები, უკონტროლო ქაოსის კონტროლის პოლიტიკა, როდესაც არ გაქვს წესრიგის დამყარების ძალა, მაგრამ მაინც მთავარი გეოპოლიტიკური ჟანდარმი  ხარ და შენი ფუნქციები უნდა შეასრულო. როდესაც წესრიგის დასამყარებლად ძალა აღარ გაქვს, რაღაც სტიქიური პროცესი უნდა დაიწყო. ამისთვის ნაკლები ძალისხმევაა საჭირო. რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს ადეკვატურმა პოლიტიკოსმა ჯერჯერობით ერთადერთ ზესახელმწიფოში, რომელიც უახლოეს პერიოდში ერთადერთი არ იქნება?! უნდა მოილაპარკოს და პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ მზადაა, დადოს გარიგებები. ვისთან იდება გარიგება? რა თქმა უნდა, მხოლოდ მოწინააღმდეგესთან. სატელიტებთან გარიგება უაზრობაა, ანუ საჭიროა კონტროლირებადი ქაოსი, რომ უკონტროლო ქაოსი დაიყვანო იმ დონემდე, რისი კონტროლიც შეგიძლია. არ შეიძლება, ერთი უკანალით იჯდე ას ზღარბზე. უნდა შეამცირო ზღარბების ოდენობა საჯდომის ზომამდე, უკაცრავად ასეთი ხისტი შედარებისთვის. ამდენად, საჭიროა კონფლიქტების გაყინვა, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ წერიტილებში, სადაც კონფლიქტები გაყინვა შესაძლებელია, უნდა მოელაპარაკო მოწინააღმდეგეს. რეგიონში აშშ-ს ორი მოწინააღმდეგე ჰყავს: რუსეთი და ირანი. ანუ აშშ შეეცდება, მოელაპარაკოს რუსეთსაც და ირანსაც. არ მგონია, რომ ეს გარიგება ხელსაყრელია რუსეთისთვის ან ამერიკისთვის, უბრალოდ, ფაქტებით ვმსჯელობ. ობამას მიაჩნია, რომ ასე უმჯობესია და ეს ბევრი მიზეზითაა უმჯობესი. გამიგეთ, ეს სივრცე ამერიკისგან ძალიან შორს არის.

ვისარგებლებ თქვენ შედარებით. ჩვენ ის ერთ-ერთი ზღარბი ვართ, რომელიც გამოგვიშვეს აღარ დავაკონკრეტებ, საიდან?

– გამოიღეს და გაყინეს, იდოს თავისთვისო. ერთი მხრივ, აშშ-ს საქართველოში აქვს კოლოსალური პოზიციები. მას აქვს შესაძლებლობა, იმოქმედოს იქ არსებულ ვითარებაზე, მეორე მხრივ, რუსეთი ახლოს და გვერდითაა. ეს ვითარება ამერიკისთვის მტკივნეულია, რადგან არ შეიძლება, თითები გედოს კარში, რადგან ის კარი ნებისმიერ დროს შეიძლება, ვიღაცამ მიკეტოს.

გეტკინება, რომ მოგყვეს?

– არათუ გეტკნება, ის თითები სხვა რამეში შეიძლება, დაგჭირდეს, თან – უფრო მნიშვნელოვანში. აშშ-ს არ შეუძლია სირიის პრობლემის გადაწყვეტა, თან, იქ გაყინვა უფრო რთულია, იქ უფრო მეტი მოთამაშეცაა და ასე შემდეგ. ამასთან, აშშ-სა და რუსეთს ნაკლები საშუალება აქვთ, გავლენა მოახდინონ სირიაზე. ასეთია მიმდინარე პროცესის სიღრმე. მე მგონია, რომ ბატონი ივანიშვილი რუსეთისთვის არ არის “ჩუჟოი”.

შეგიძლიათ თქვათრომ არისსვოი”?

– ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ივანიშვილი ის ვარიანტი არ არის, რომელიც ამერიკელებმა თვითონ აირჩიეს, ეს არის ვარიანტი, რომელსაც ისინი დათანხმდნენ, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ლოიალობის გარეგნული ატრიბუტები. თან, დააკვირდით, როგორ დელიკატურად იქცევა რუსეთი: ის ხელს არ უშლის თავისი ზეწოლით და, რაც მთავარია, რუსეთი ხელს არ უშლის თავისი მხარდაჭერით.

ეს უცხო და ახალია რუსეთის პოლიტიკისთვის. აქამდე მსგავსი რამ არ ყოფილა. მე მახსენდება, როგორც კი უკმაყოფილების ტალღა იწყებოდა სააკაშვილის მიმართ, რუსეთი აკეთებდა ისეთ ანტიქართულ განცხადებებს, რომ ავტომატურად გიბიძგებდა სააკაშვილის მხარდასაჭერად

– დღეს რუსეთი ხელს არ უშლის თავისი მხარდაჭერით და, რაც უფრო ვითარდება მოვლენები, მით უფრო ნათელია ეს მისთვის, ვინც ამდენი ხანია, აკვირდება მოვლენებს.

და სადამდე გაგრძელდება რუსეთის ეს დელიკატურად ჩუმი პოზიცია?

– დღევანდელი მომენტისთვის ჩვენ რაღაცნაირად მოგვეშვა. პრობლემა არის, მაგრამ ის აღარ არის ძველებურად მტკივნეული და ამ ფონზე ბევრი რამაა დამოკიდებული სხვადასხვა ფაქტორზე: ან შემთხვევითობაზე, ან პოლიტიკურ თამაშზე, იმაზე, თუ როგორ აეწყობა რუსულ-ამერიკული ურთიერთობები. თუ ისეთივე იქნება, როგორიც დღესაა, შესაძლოა, ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდეს, ხოლო, თუ რუსულ-ამერიკული ურთიერთობები სირიის თუ სხვა მიზეზების გამო გართულდება, ვითარება შეიცვლება. გაყინვის გზა ერთადერთი გზაა ამერიკისთვის, რათა გაიხანგრძლივოს თავისი ზესახელმწიფოობის პერიოდი იმ დრომდე, სანამ მზად იქნება, თვითონ გამოვიდეს კრიზისიდან. ეს მისთვის თვითგადარჩენის ერთდერთი გზაა და ეს არის კომპრომისი ამერიკის ამერიკაში დაბრუნების მოსამზადებლად.

არ შეუძლია ამერიკას უცებ წასვლა, ისე, როგორც საიგონიდან გაიქცნენ თავის დროზე. მეტიც, ეს კატასტროფა იქნება არა მარტო ამერიკისთვის, არამედ ყველასთვის. ეს იქნება არსებული მსოფლიო წესრიგის კრახი, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა წესრიგი. ამდენად, თანდათანობითი წასვლა შეინარჩუნებს ამერიკას პოსტგლობალისტურ სამყაროში - ჩვენ ვაკვირდებით სვლას დეგლობალიზაციისკენ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ პოსტსაბჭოთა ელიტები მთლიანად აგებული იყო ერთადერთი ზესახელმწიფოსადმი ლოიალობაზე, ანუ ვაშინგტონის „ობკომისადმი“ ლოიალობაზე. ბოლოს და ბოლოს, რა არის საქართველოსა და უკრაინის ერვოპული არჩევანი?! არანაირი ევროპული არჩევანი არ არის –  უკრაინა უბრალოდ ევროპაშია, რაღა არჩევანი უნდა?! მეორე მხრივ, ცხადია, რომ არანაირი ევროპული გაფართოება არ იქნება. თვითონ ევროპული სივრცე იშლება. სავსებით რეალურია, რომ ესპანეთი და საბერძნეთი მოიშორონ.

ევროპული არჩევანი გულისხმობს, უპირველესად, დემოკრატიულ მოწყობას და, რაც მთავარია, ჩვენ ხომ ვიცით, რომ საბერძნეთს ვერსადაც ვერ მოიშორებე. ის ევროპული ცივილიზაციის შემქმნელია და ეკუთვნის, სადაც არის.

– რა თქმა უნდა, იქიდან დაიწყო ევროპული ცივილიზაცია, მაგრამ შეუძლებელია, იარსებოს კავშირმა, რომელიც აშენდა კეთილდღეობის შეუწყვეტელ ზრდაზე გათვლით. არადა, ვხედავთ, რომ არანაირი ზრდა არ იქნება.

დავბრუნდეთ კავკასიაში და, კერძოდ - საქართველოში. რამდენად დიდხანს გაწელავს რუსეთი პაუზასთქო - გკითხეთ.

– უდავოდ, პოზიტიური მომენტია ჩვენი ურთიერთობის ფსიქოლგიური ნორმალიზაცია, მე ვიტყოდი, ფსიქიატრიული ნორმალიზაცია. რუსულ-ქართული ურთიერთობები მდიდარი და ფაქიზია, განსაკუთრებით - კულტურულ დონეზე. ეს არის მრავალპლანიანი ქსოვილი და თვითონვე რეგენირდება, თუ გამოვიყვანთ პარანოიული მდგომარეობიდან. არ ვიცი, რა ხდება საქართველოში, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იყო ომი, რასაც საშინელ სიზმრშიც ვერ წარმოვიდგენდი, იმის თქმა, რომ რუსეთში ანტიქართული განწყობებია, აბსურდია. ამის არანაირი ნიშანი არ არის.

რა მოტივით უნდა იყოს? რუსეთმა მოიგო ეს ომი.

– რუსეთს არ მოუგია ომი, არც წაუგია.

ასე არ ხდება: რადგან ჩვენ წავაგეთ და დავკარგეთ ტერიტორიები, ესე იგი, თქვენ მოიგეთ.

– არა, ქართველებმა უბრალოდ უარი თქვეს, ეომათ რუსებთან. შესაძლოა, იმიტომ რომ არ შეეძლოთ.

ეს მტკივნეული და მართლაც ფაქიზი თემაა, თან, ჩვენ ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ.

– რატომ არის მტკივნეული?! ქართული ჯარი უბრალოდ დაიფანტა, იმიტომ რომ ქართველები, ჩეჩნებისგან განსხვავები, სკოლაში სწავლობდნენ. ეს ჩეჩენებს ეგონათ, რომ რუსეთი ჩეჩნეთზე ოდნავ პატარაა, მათ, საერთოდ, უცნაური წარმოდგენა აქვთ სამყაროზე. ქართულ ჯარს კი არ უნდოდა ომი და მორჩა. ხალხი შეიძლებოდა, დათანხმებოდა „იუჟნაია ოსეტიაში“ წესრიგის დამყარებას, მაგრამ გიჟები კი არ არიან, რუსეთს შეებრძოლონ?! ასე რომ, არავის არავისთან არ წაუგია.

ზურაბ აბაშიძემ თქვა, ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა, ანუ ველით შემხვედრ ნაბიჯსო.

– თქვენ იცით ჩემი პოზიცია, მე ვარ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრე, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ერთადერთი გზით. აი, ჩემ წინ ჰკიდია გასული საუკუნის ბოლო პერიოდის რუკა და ამ რუკას ჰქვია „კავკასიის ეთნოგრაფიული რუკა“. აქ აღნიშნულია კავკასიაში მცხოვრები ხალხები და მათი რიცხოვნობა. სათვალეს ავიღებ, წერია: ქართველები, გურულები, მეგრელები, სვანები, თუშები, იმერლები, ხევსურები…

ეს ხალხები ცალ-ცალკე წერია და განსხვავებული ფერებითააა აღნიშნული. ერთი სიტყვით, საქართველოს გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ დიდი იმპერიის შიგნით. რუსეთი მოვიდა კავკასიაში იმისთვის, რომ ქართველებისა და სომხებისთვის მიეცა არსებობის საშუალება. სხვას ამ ფუნქციის შესრულება არ უნდა, არც შეუძლია და ვერც შეასრულებს. ამიტომ, როდესაც მეკითხებით, სანამდე გაგრძელდება არსებული სიტუაცია, გიპასუხებთ, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ყველაზე დიდი ხნით გაყინული კონფლიქტი არის ისრაელ-პალესტინური და ისიც გადაწყდება და ამას ჩვენი თაობა მოესწრება.

თქვენ ჩამოთვალეთ ქართველური ტომები თქვენი რუკიდან, არიან იმ ჩამონათვალში ოსები და აფხაზები? რუსეთის იმპერია გურულებს და მეგრელებს გაგვაერთიანებს თუ აფხაზებსაც და ოსებსაც მოამატებს?

– აფხაზებთან და ოსებთან პრობლემის გადაწყვეტა შეიძლებოდა ძალიან ადვილად.

შეიძლებოდა წარსულია, მე მომავალზე გეკითხებით.

– ეს დღეს გართულდა. არის რაღაცეები, რის აღდგენაც რთულია ან საერთოდ შეუძლებელია. როდესაც მრავალეროვანი სახელმწიფო შენდება წინა პლანზე გამოდის ნაციონალიზმი. როდესაც ხე იჭრება ნაფოტები ცვივა. თქვენ ჭრიდით იმ ხეს და აფხაზები და ოსები იქცნენ ნაფოტებად.

თქვენც დაგვეხმარეთ ამაში.

– რუსეთის იმპერია თავის თავს ჩეხავდა. მას არ უნდა დაეშვა არც საქართველოს, არც ყარაბაღის პრობლემა. იმპერია ეს სხვა იდენტობაა. ის არ შენდება ეთნიკურ შემადგენელზე. იმიტომაც არ არის ნორმალურ იმპერიაში ეთნიკური უმცირესობა, რომ ყველა თანაბარია.

მაინც ვერ მივიღე პასუხი.

– რუსეთმა უკვე ჩამოაყალიბა თავისი პრიორიტეტი: ეს არის ევრაზიული კავშირი, პოსტსაბჭოთა რეინტეგრაცია. არავინ ამბობს, რომ ეს სახელმწიფოებრივი ერთობა იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეინტეგრაციის სხვა ფორმების მონახვა არ შეიძლება: ლაპარაკია ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო-პოლიტიკურ ერთობაზე.