„თუ ვინმე „ჟვანიობას“ დააპირებს, ნაციონალები მის მოსაგუდად იუსუფოვსაც, კონსპირაციულ ბინასაც და გაფუჭებულ გაზის გამათბობელსაც ისევ მოძებნიან“

„თუ ვინმე „ჟვანიობას“ დააპირებს, ნაციონალები მის მოსაგუდად იუსუფოვსაც, კონსპირაციულ ბინასაც და გაფუჭებულ გაზის გამათბობელსაც ისევ მოძებნიან“

კახა კალაძე თვლის, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რეალური შანსი, ხმათა უმრავლესობით და შესაძლებელია, საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი მოვიდეს ხელისუფლებაში. როგორც თბილისის მერი აცხადებს, თუკი ვიმსჯელებთ და გადავხედავთ, რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს ყველაზე დიდი მხარდაჭერა ქვეყანაში, ეს არის „ქართული ოცნება“.

„გამიჭირდება ციფრებზე საუბარი, თუ რამდენი იქნება ეს პროცენტულად, თუმცა „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც აქვს რეალური შანსი, ხმათა უმრავლესობით და შესაძლებელია, საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი მოვიდეს ხელისუფლებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პროგრამა მინიმუმი არის ამომრჩევლების ყოველი მეორე ხმის მიღება.

„რაც მეტი იქნება - უკეთესი. ჩვენ გვაქვს 60%-იანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსიც. ყველაფერი იქნება დამოკიდებული ჩვენ მუშაობაზე და საზოგადოების განწყობაც არის ჩვენს სასარგებლოდ,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, უმრავლესობას სწორება აქვს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე მიიღოს სულ ცოტა 50%-დან 60%-მდე შედეგი. როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, ეს არ არის უტოპია, ეს რეალობაა.

„კვლევებს თუ „ბათუ ქუთელიები“ ჩაატარებენ, ეს კვლევა რეალური არ იქნება. ექსპერტები, რომლებიც ჩაჯდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში, შეგვიძლია „ბათუ ქუთელიებად“ მოვიხსენიოთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ დღეს ჩვენი რეიტინგი 60%-ია, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდი იძლევა იმ განსაკუთრებულ შესაძლებლობას, როდესაც ამ ნეგატიური დღის წესრიგის გარდა, უფრო მეტად შევძლოთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე, ჩვენს პროგრამაზე საუბარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

უმრავლესობას ოპტიმიზმს უწუნებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა, რომლის განცხადებით, ეს ციფრები „ქართული ოცნებას“ ახალი მესიჯბოქსია.

„60%-მდე ავიღებთო გაიძახიან დიდიან პატარიანად. მერე, თუ ამდენს იღებთ პროპორციულადაც ხომ იგებდით - თავი შარში რად ჩაიგდეთ? არა რა, რეგვენი მოუშუშებელი ჭრილობაა“, - წერს გიგი უგულავა.

უმრავლესობის ყოფილი წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე ამოწურა ნდობის რესურსი, სულ ტყუილა არიან კალკულაციით დაკავებული.

„მიუხედავად იმისა, რომ წესით, ასაკით არ უნდა ყოფილიყვნენ, „ოცნების“ ეს ახალგაზრდები ნამდვილი, ჩამოყალიბებული კომკავშირლები არიან. პოლიტიკაში თუ რამის გამკეთებელი ხარ, 10 წელიწადში ყველაფერი უნდა გააკეთო, მერე წახვიდე, გაკეთებულით დატკბე და ხალხი დაასვენო“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

კობახიძის პროგნოზს, რომ მმართველმა პარტიამ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 60%-ზე მეტიც კი აიღოს, კობახიძის მიერ მათემატიკის არცოდნით ხსნის ეკა ბესელია.

„პროპორციული სიით 60 პროცენტი 2016 წლის არჩევნებშიც ვერ ავიღეთ. ასეთი ანონსის გაკეთება არის „ქართული ოცნებისა“ და ილუზიების ტყვეობაში ყოფნა. მისი ციფრები არასდროს არ ამართლებდა, არც მაშინ, როცა მე უმრავლესობაში ვიყავი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, პროპორციული არჩევნების შემთხვევაში ძალიან დიდი ალბათობით, ვითარება უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნებისას შექმნილ ვითარებას დაემსგავსება - „პირველი ტური“ გამარჯვებულს ვერ გამოავლენს - ანუ პროპორციული არჩევნების შედეგად ვერც ერთი პოლიტიკური ბანაკი მთავრობას ვერ შექმნის. რაც იმას ნიშნავს, რომ „მეორე ტურის“ ჩატარება გახდება საჭირო საპარლამენტო უმრავლესობის გამოსავლენად. ხოლო სანამ ეს უმრავლესობა არ გამოვლინდება, ქვეყნის მმართველობა ისევ „ქართული ოცნების“ მთავრობის იქნება.

„დარწმუნებული ვარ, პროპორციული არჩევნების შემთხვევაშიც, „მეორე ტურს“, ე.ი. რიგგარეშე არჩევნებს მაინც ოცნება მოიგებს. ასე რომ, პროპორციული არჩევნები - მხოლოდ ტურბულენტობაა, ზედმეტი თავის ტკივილია, ხოლო საბოლოო შედეგი მაინც იგივე იქნება. ესეც რომ არ იყოს, მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს: ცხადია, ნაცების მიზანი არც არასდროს ყოფილა, არც ახლა არის და არც ოდესმე იქნება ხელისუფლებაში ვინმესთან კოალიციით მოსვლა. მათი ზნე უცვლელია - დღესაც ზუსტად იგივეა, როგორც, მაგალითად „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იყო, როცა ჟვანია-სააკაშვილი - ბურჯანაძეს ტრიუმვირატი სულ რაღაც რამდენიმე თვეში დაიშალა! ახლაც დაახლოებით იგივე ელის ყველას, ვინც ნაცებთან კოალიციაში შევა. ოღონდ საკითხავია - ვის გაუყენებენ ნაციონალები ჟვანიას გზას დღევადელი „მოკავშირეებისგან“ და ვის კიდევ „გააბურჯ-ჯღანებენ“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსის განცხადებით, ისეთ ოპორტუნისტებს, როგორებიც „ვარდების რევოლუციის“ პირველ თვეებში მაშინდელი „რესპუბლიკელები“ იყვნენ, ნაციონალები პირველივე შესაძლებლობისთანავე, დაუყოვნებლივ მოიცილებენ თავიდან და ზუსტად ისე მოექცევიან, როგორც მაშინ.

„არაფრად ჩააგდებენ. მოეპყრობიან, როგორც არარას, როგორც აბსოლუტურად ცარიელ ადგილს და მართლებიც იქნებიან. თუ ვინმე „ჟვანიობას“ დააპირებს, მის მოსაგუდად იუსუფოვსაც, კონსპირაციულ ბინასაც და გაფუჭებულ გაზის გამათბობელსაც ნაციონალები ისევ იოლად მოძებნიან. არც ისა მგონია, მაგალითად ბოკერია უფრო წინდახედული იყოს, ვიდრე ჟვანია იყო.

რასაკვირველია, „ყველა ერთის წინააღმდეგ“, „პროპორციული არჩევნები“ და მერე „კოალიციური მთავრობაც“ ნაცებისთვის მხოლოდ ამ ვითარებაში ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა და არავითარ შემთხვევაში - მიზანი. მიზანი კი იგივეა - ამ ქვეყანაში ისევ ბოროტების გაბატონება.

ცხადია, ახლა სხვა დროა და ეს მიზანი მიუღწევადია! მაგრამ ნაცები მაქსიმალურ ტურბულენტობას, რაც შეიძლება - მეტ განსაცდელს შექმნიან, ე.ი. ქართული სახელმწიფოს სტაბილურობის მოსაშლელად ყველაფერს გააკეთებენ, ცხოვრებას, რამდენადაც შეძლებენ, იმდენად გაგვირთულებენ. თავიანთი პროპორციული არჩევნებიც ამისთვის მოიგონეს, როგორც მეტი არეულობის შექმნის მეთოდი და სხვა არც არაფერი“, - წერს დავით ზარდიაშვილი.

ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების დიდი შანსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში გარკვეული ნიჰილისტური დამოკიდებულება არსებობს, არეშიძის განცხადებით, ეს ზოგადად პოლიტიკური ელიტის მისამართითაა.

„გარდა ამისა, ოპოზიცია არის უაღრესად დაქსაქსული, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ გაერთიანებისკენ აქვთ ზრახვა. „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება გამარჯვება იმ შემთხვევაში, თუ რადიკალური რეფორმების პერსპექტივა არ დაინახა მოაზროვნე ამომრჩეველმა. უფრო ღრმა ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, უფრო სერიოზული საკადრო ცვლილებები და უფრო სერიოზული ნაბიჯები ეკონომიკური აღორძინებისთვის. ის, რომ მსოფლიო ბანკის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებით, ქართული ეკონომიკის განვითარება 5%-ზე მაღალი მაჩვენებლით არის, ეს კარგია თავისთავად, მაგრამ ეს სოციალურ სურათს არ ცვლის. სოციალური სურათის გამოსწორება არის „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა და იმ ნაპრალის ამოვსება, რაც არსებობს ღარიბებსა და მდიდრებს შორის, ეს ნაპრალი დღითიდღე იზრდება, მით უმეტეს, მსოფლიო სავარუდო ეკონომიკური კრიზის ფონზე. ამ მოცემულობის არდაშვება არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომ ეს ნაპრალი არ გაიზარდოს. იმ შემთხვევაში, თუ კრიზისი მართლა შედგა, რისი პროგნოზებიც არსებობს, საქართველოს მოსახლეობა დაცული უნდა იყოს“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

 

Aburjga Tasmanieli მივმართავ მმართველ პარტიას, არავითარი დათმობა არჩევნების კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით ე.წ. ოპოზიციის წინაშე! ყველამ უნდა იცოდეს, რომ კონსტიტუცია არის ძირითადი კანონი, რომელიც არ შეიძლება იცვლებოდეს ყოველ 6 თვეში და თუნდაც 1 წელში მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას, ვიღაცეებს ეს ცვლილება აწყობთ მოცემულ პოლიტიკურ მომენტში! არჩევნები უნდა ჩატარდეს ზუსტად ისე, როგორც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით!
4 წლის უკან
tngh ბ-ნო დავით ჭიჭინაძევ!!! და კიდევ ბევრო სხვა... რომ იცოდეთ, როგორ უყვარხართ საზოგადოებას და "კომპლიმენტებით" გამკობთ, სულ ცოტა, გაჩუმდებოდით...
4 წლის უკან
tngh ბ-ნო დავით ჭიჭინაძევ!!! და კიდევ ბევრო სხვა... რომ იცოდეთ, როგორ უყვარხართ საზოგადოებას და "კომპლიმენტებით" გამკობთ, სულ ცოტა, გაჩუმდებოდით...
4 წლის უკან