„პენსიები და სოციალური დახმარებები მომავალი წლიდან გაიზრდება“

„პენსიები და სოციალური დახმარებები მომავალი წლიდან გაიზრდება“

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელების მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროსა და მედიას შორის კომუნიკაციის ნაკლებობა გახდა.
როგორც მინისტრი აცხადებს, „ეს ინფორმაცია არ შეეესაბამება სიმართლეს. მე ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშაობას იმ გეგმის მიხედვით, რაც შეთანხმებულია. საიდან წამოვიდა ეს ინფორმაცია, ამის სრული ანალიზი გამიჭირდება, ალბათ, ეს ჩემი მინუსია, რომ 2 კვირის განმავლობაში ვერ მოვახერხე პრესისთვის ინფორმაციის მიწოდება. ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა. ჩვენ ცაიტნოტურ რეჟიმში ვმუშაობდით და პირველი შედეგები გვქონდა, რაც იყო ბევრად უფრო ოპტიმისტური და რეალური, ვიდრე ვგეგმევდით. პრობლემის მიზეზი, ალბათ, არის არცთუ ისე კარგი კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიას შორის. კომუნიკაციის წყვეტა კი მუშაობის ცაიტნოტური რეჟიმის გამო მოხდა“.

დავით სერგეენკო ისევ და ისევ დროის უქონლობის გამო მოკლედ გვესაუბრება იმ ძირითად თემებზე, რომელიც დღეს აქტუალურია.

ბატონო დავით, ჯანდაცვა ერთ-ერთი რთული სფეროა, წინა ხელისუფლების დროს იყო ჩავარდნებიც და იყო პრობლემებიც. უკვე მოასწარით თუ არა შესწავლა, რა დაგიტოვათ წინა ხელისუფლებამ?

- ერთადერთი არა, ერთ-ერთი ჩავარდნილი სფეროა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრუქტურა, როგორც თანამშრომლების რაოდენობით, ასევე ბიუჯეტის მოცულობითაც - ამხელა ბიუჯეტი არც ერთ სხვა სამინისტროს არ აქვს, ასევე ინფრასტრუქტურულადაც - რამდენიმე ასეულ სამედიცინო დაწესებულებას მოიცავს. შესაბამისდად, ამ ყველაფრის ერთ თვეში შესწავლა უბრალოდ, შეუძლებელია.

მუშაობს რამდენიმე ჯგუფი - ჯანდაცვის, ფინანსური, სოციალური - ყველა იმ მიმართულებით, რაც საჭიროა და პირველ შედეგებს ახლა ვიღებთ.

პირველი რაც ჩანს, არის ის, რომ მთელი გუნდი დეკლარირებულად გამოხატავს მზადყოფნას იმისთვის, რომ პირველი გამოწვევები ეფექტურად შეასრულოს.

რა თქმა უნდა, მუშაობის პროცესში გამოჩნდება უამრავი დადებითი ან უარყოფითი მომენტი, მაგრამ ეს სამუშაო პროცესია და შესაბამისი მართვა და მენეჯმენტიც იარსებებს.

თქვენ გიწევთ რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მუშაობა, ცალკეა ჯანდაცვა, ცალკე - სოციალური სფერო. საქართველო იმითაც არის გამორჩეული, რომ ჰყავს ბევრი უმუშევარი - სამ თუ ოთხმილიონიან ქვეყანას 2 მილიონამდე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი ჰყავს და რამდენადაც ცნობილია, კიდევ ბევრია რიგში, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი მიიღოს. რაიმე გეგმა თუ არსებობს მათ მიმართ?

- რთულია იმისი თქმა, რეალურად რამდენი ადამიანია სოციალურად დაუცველი. ამას განსაზღვრავს ის, თუ რა კრიტერიუმს მიუსადაგებ ადამიანს, ვის ჩათვლი სოციალურად დაუცველად და ვის არა. არსებული მდგომარეობითა და შეფასების მეთოდოლოგიით არის ის, რაც არის - ანუ 1,7 მილიონი სიღარიბის ზღვარს მყოფი ადამიანი.

ამის გარდა, რეალურად დაახლოებით მილიონამდე თვითდასაქმებული ადამიანია, რომელიც რაიონებში ცხოვრობენ და კერძო, ფერმერულ მეურნეობებს აწარმოებენ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა, ალბათ, მართლაც სოციალურად დაუცველია, რადგან მათი შრომის პრიოდუქტი არის ის, რომ წლიდან წლამდე გაჭირვებით გაიტანონ თავი.

არსებული მეთოდოლოგიით, ისინი არ შედიან სოციალურად დაუცველებში, მაგრამ თუ სამართლიანობის გათვალისწინებით ვიმსჯელებთ, ეს ასეა. დღეს ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რეალურად უჭირს.

ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ბიუჯეტის გაზრდა ვერ იქნება. როგორც გითხარით, ჯანდაცვასა და სოცუზრუნველყოფას, ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს. ამ ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი კი პენსიებში იხარჯება. თუმცა ესეც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ ადამიანების საარსებო მინიმუმი. საჭიროა, ბიუჯეტი იყოს უფრო მეტი. ამას ხელოვნურად ვერ მივაღწევთ. ეს უნდა შექმნას გადასახადებმა, ხოლო გადასახადები ეკონომიკამ. ანუ ეს საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გარეშე ვერ მოგვარდება.

კი, ვადასტურებ, რომ დღეს სოციალურად დაუცველი უფრო მეტია, ვიდრე არსებული მეთოდოლოგიით არის შეფასებული, მაგრამ ბიუჯეტის მექანიკურად გაზრდა შეუძლებელია, მხოლოდ ეკონომიკის ზრდაა ქმედიტი ბერკეტი ამ პარიტეტის შესაცვლელად.

რაც შეეხება იმ ინციდენტს, რაც მოხდა მერიასთან დაკავშირებით, რამდენადაც ცნობილია, ამ საკითხზე კვლავ მიმდინარეობს მსჯელობა. უკვე თუ გამოიკვეთა, ახალ წლამდე  ვინ აიღებს ვალდებულებას თბილისელი სოციალურად დაუცველების მიმართ, მერია თუ თქვენი სამინისტრო?

- ძალზე მნიშვნელოვანია, ცოტა რამ ვთქვა წინაპირობაზე, რამ გამოიწვია ამ ვალდებულების გადამისამართება უწყებიდან უწყებაზე. ამისი მიზეზი იყო ის, რომ გარკვეულ პერიოდში, წლის განმავლობაში განვითარდა ისეთი აქტივობები, რომელსაც სჭირდებოდა ფინანსური უზრუნველყოფა, რაც წინასწარ არ იყო გათვლილი და ჩადებული ბიუჯეტში. ამ ფაქტორებმა გამოიწვია ეს ცვლილებები.

დღევანდელი სიტუაციით მთავრობის სხდომაზე უკვე მოხდა განხილვა როგორც მერიის მიერ შემოთავაზებული, ასევე ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვარიანტებისა. ჩვენი აზრით, შეირჩა ოპტიმალური მოდელი და ისევ მერია განახორციელებს ამ აქტივობებს.

რაც შეეხება 2013 წლის ანალოგიურ პროექტს, ამაზეც გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკება, ანუ ეს ადამიანები არ დარჩებიან დახმარებებისა და დაზღვევის გარეშე.

რომელიმე თვე მათ ჩაუვარდებათ და ერთიანად მიიღებენ დახმარებას თუ ჩვეულებრივი გრაფიკით გაიცემა?

- თვე არ ჩაუვარდებათ, ჩვეულებრივი გრაფიკით მიიღებენ. ეს გაგრძელდება და იქნება უწყვეტი პროცესი.

რაც შეეხება პენსიებს, ბევრ ადამიანს აინტერესებს, რა, როგორ და როდის იქნება. სააკაშვილის 100$-იანი პენსიის დაპირება ვერ შესრულდა. სავარაუდოდ, ახალი ხელისუფლებაც ვერ შეძლებს წლის ბოლომდე პენსიების გაზრდას. როდისთვის იგეგმება ეს პროცესი?

- პენსიებიცა და შემწეობებიც წლის ბოლომდე დარჩება იგივე. თითქოსდა ამ რიცხობრივად მცირე თანხას- პენსიას - ზრდის თვითონ პენსიონერების რაოდენობა. პენსიის თითოეული ლარით მომატება ნიშნავს რამდენიმე მილიონიან ზრდას ბიუჯეტში.

ბიუჯეტი, მოგეხსენებათ, ფიქსირებულია, როდესაც რაღაც მიმართულებით ზრდი, რაღაც მიმართულება უნდა შეამცირო, რაც ასე მარტივი გასაკეთებელი არ არის.

მომავალი წლის გაზაფხულიდან პენსიები გაუტოლდება საარსებო მინიმუმს, გაიზრდება ასევე ინვალიდობის პენსია, გაიზრდება კომპენსაციების ოდენობა ცალკეული ჯგუფებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის სამუშაოს ასრულებდნენ.

ეს ყველაფერი უკვე დათვლილია, არსებობს რეალისტური ციფრები და გრაფიკი, რომელსაც წარვუდგენთ პარლამენტს და თუ პარლამენტმა მოიწონა, ეს პროექტი, უკვე დაიწყება განხორციელება.

საარსებო მინიმუმი თუ არის დათვლილი, როგორც ექსპერტები ამბობენ, კალორიების ხარჯზე ნაციონალებმა საარსებო მინიმუმი ხელოვნურად შეამცირეს. როდის გაიგებს საზოგადოება, რამდენია საარსებო მინიმუმი და რა კომპონენტების გათვალისწინებით დაითვლება?

- საარსებო მინიმუმის გადაანგარიშება უკვე მიმდინარეობს. ეს არის მოცემულობა, რომელიც შედგება რამდენიმე პირველადი მოხმარების ფაქტორისგან. კვება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ის დამოკიდებულია არა მხოლოდ კალორიებზე, არამედ ძირითად ბალანსზე, რისგან უნდა შედგებოდეს ეს კვება.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია კომუნალური გადასახადები, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ამ გადასახადების შემცირებაზე. მოკლედ, რომ ვთქვა, საარსებო მინიმუმზე მუშაობა მიმდინარეობს.

მოსახლეობის ნაწილში ასეთი მოლოდინიც კი არსებობს, რომ პენსიები შესაძლოა, გაორმაგდეს კიდეც...

- გაორმაგების მოლოდინია არარეალურია, ისევე, როგორც ამის დაპირება. როგორც მოგახსენეთ, ასეულობით ათასი პენსიონერია საქართველოში და თუნდაც ერთი ლარით გაზრდა დიდ თანხას შეადგენს.

რა თანხას ხარჯავს სახელმწიფო წელიწადში პენსიებსა და სოციალურ დახმარებებზე?

- ჩვენი ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიარდნახევარი იხარჯება ამ ვალდებულებებზე, დანარჩენი ჯანდაცვაზე მიდის.

იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილი მუდმივად საავადმყოფოების რეკლამირებით იყო დაკავებული და 100-ის ნაცვლად ბოლოს 150 საავადმყოფოს აშენებდა, დაგხვდათ თუ არა ისეთი მდგომარეობა ამ სექტორში, რაზეც ყოფილი მმართველი პარტია საუბრობდა - ანუ დღვანდელი საქართველოს მოთხოვნას რამდენად პასუხობს ჰოსპოიტალური სექტორი?

- მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებისა, ჰოსპიტალური რეფორმის მიმართ, ერთს ვიტყვი - ზოგადად ქვეყნის უზრუნველყოფა სამედიცინო დაწესებულებებით ძალზე მასშტაბური ამოცანაა და წლები სჭირდება, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდეს. ეს ვერ მოხდება ერთ, სამ ან ხუთ წელიწადში. ამას ბევრი დრო და დიდი რესურსები სჭირდება.

იმას, რაც უკვე განხორციელდა, ჰოსპიტალურ რეფორმას ვგულისხმობ, ჰქონდა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. დადებითი იყო, რომ მინიმალური ინფრასრტუქტურა შეიქმნა. უარყოფითი არის ის, რომ ამ დაწესებულებების არსებული სიმძლავრეები უბრალოდ, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს სამედიცინო სერვისების მართვა. მითუმეტეს არ იქნება საკმარისი, როდესაც რამდენიმე თვეში დაიწყება საქართველოს მოსახლეობის 100% -ის უნივერსალური საბაზისო პაკეტით უზრუნველყოფა.

ალბათ, გაზაფხულიდან უკვე დაიწყება მოსახლეობის საბაზისო სადაზღვევო პაკეტებით მოცვა, იქამდე კი ალბათ, დაგვჭირდება, სამედიცინო დაწესებულებების ქსელის ოპტიმალური რეორგანიზაცია მოვახდინოთ.

ამაში ბევრი სირთულეა. არის საავადმყოფოები, რომლებსაც 15-25-მდე საწოლი აქვთ. ასეთი საავადმყოფოების შენახვა ძალზე რთულია, რადგან დიდი ოდენობის ადმინისტრაციულ ხარჯებს მოითხოვს. კერძო მესაკუთრეები ცდილობენ ხარჯები  თანამშრომლების შემცირების ხარჯზე დაზოგონ, რაც სერიოზული სოციალური უკმაყოფილების ფონს ქმნის ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამ საავადმყოფოებს ექნებათ თავისი ფუნქცია, თუმცა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ამა თუ იმ რაიონში ყველა პაციენტს მოემსახურონ.

კიდევ ერთი თემა, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის სამედიცინო სფეროში არსებული მონოპოლიები. მართალია ასეთი კვალიფიკაცია ოფიციალურად მათთვის არავის მიუნიჭებია, მაგრამ საინტერესოა როგორ ხდება, რომ ერთი კომპანია არის წამლის შემომტანი, მისი რეალიზატორი, საავადმყოფოსა და ამავდროულად, სადაზღვევო კომპანიის მფლობელიც. მეორე მხარეს დგას ბიზნესის ხელშეუხებლობის ინტერესებიც. ამ კუთხით თუ მიმდინარეობს მთავრობაში სამედიცინო სექტორის შეფასება და თუ დაიწყო ამ სიატუაციიდან გამოსავლის ძიება?

- ოლიგოპოლიის ნიშნები აქვს აშკარად ამ სისტემას და ამაზე ბუნებრივია, ვფიქრობთ. ამ სფეროში მართვა არ უნდა მოხდეს იმპერატიულად. დაწყებულია კონსულტაციები და ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს საკანონმდებლო დონეზე.

ამისი გამოცდილება ბევრ ქვეყანაში არსებობს. ეს არ არის უნიკალური შემთხვევა მხოლოდ საქართველოში. არსებობს გზები და საშუალებები, რომ ასე თუ ისე, ცივილურად მოგვარდეს არც თუ ისე იდეალური ოლიგოპოლიური ელფერის მქონე მექანიზმი.

ალბათ, ეს არ გულისხმობს არც კომპანიების და არც მათი მომხმარებლების დაზარალებას...

- ყველა გადაწყვეტილება მოითხოვს გარკვეულ კომპრომისებს ყველა მხარისგან. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ პაციენტის ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და ამოსავალი წერტილი რა თქმა უნდა, ეს იქნება.

ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას მიიღებს ყველა მხარე და როგორც გითხარით, ეს იქნება ახალი საკანონმდებლო წესით და რიგით დალაგებული, განსხვავებული უერთიერთობები.

რას უნდა ელოდეს ქართველი მოსახლეობა მომავალი წლის განმავლობაში. როგორც წინასწარ ითქვა ეს იქნება პენსიების ზრდა და უფასო დაზღვევა...

- უფასო დაზღვევას ნუ ვიტყვით, რადგან ეს ასოცირდება-ხოლმე უფასო მედიცინასა და საბჭოთა კავშირთან. უფასო ეს არ იქნება, რა თქმა უნდა. არსებული სტატუსით, სადაზღვევო პოლისებით უზრუნვეყოფილნი არიან ასაკობრივი ჯგუფები 2-6 წლამდე, საპენსიო ასაკის და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, პედაგოგები და ა.შ.

ჩვენი ამოცანაა სადაზღვევო პოლისით უზრუნველყოფილი იყოს ყველა. ლაპარაკია საბაზო სერვისებზე. ექიმთან ვიზიტი, გადაუდებელი, გარკვეულ შემთხვევებში გეგმიური მიმართულებების მართვა.

ეს არ იქნება უფასო, იქნება გარკვეული სადაზღვევო შენატანები, თუმცა, სახელმწიფო ბიუჯეტიც სერიოზულ მონაწილეობას მიიღებს ამაში. ეს პროცესი რამდენიმე თვეში დაიწყება.

მანამდე მოხდება პენსიების ზრდა, ალბათ, უკვე, გაზაფხულიდან, რომელიც იქნება რეალურად გადათვლილი საარსებო მინიმუმის ტოლი.

დაგეგმილია სოციალური დახმარებების ზრდა, არა მხოლოდ თანხაში, არამედ რაოდენობრივადაც - უფრო მეტ კატეგორიას მოიცავს ეს დახმარება და უფრო მეტი ადამიანი მიიღებს დახმარებას.