ოპოზიცია ქუჩაში დისლოკაციის ადგილს უბრუნდება

ოპოზიცია ქუჩაში დისლოკაციის ადგილს უბრუნდება

საპარლამენტო ოპოზიცია პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს და პლენარულ სხდომებს არ დაესწრება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციები დღეიდან განახლდება. პროტესტს უერთდება ყველა ოპოზიციური პარტია, სამოქალაქო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული აქციებში.

ოპოზიციის გეგმაშია პროტესტის ახალ ეტაპზე გადაყვანა. ისინი სირცხვილის კორიდორების და პიკეტირების გზით აპირებენ, დისკომფორტი შეუქმნან ხელისუფლებას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოუწევს უკან დახევა და საკუთარი დანაპირების შესრულება. „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, პიკეტირების პარალელურად გაიმართება მოლაპარაკებებიც საარჩევნო სისტემაზე.

„ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა უნდა ივანიშვილს. ივანიშვილს უნდა, 10-დან სამმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი, ანუ 30-მა პროცენტმა და გააკონტროლოს ხელისუფლება. მე ვსვამ შეკითხვას - არის თუ არა ეს ლოგიკური, სამართლიანი, ნორმალური? - არა. შესაბამისად, მე მგონი, ჩვენ იმაზე უნდა ვფოკუსირდეთ, რა უნდა ხალხს.

ჩვენ არაერთგზის მოვისმინეთ, რომ არც მოლაპარაკებები იქნება, მაგრამ თვითონ, საბოლოო ჯამში, დათანხმდნენ მოლაპარაკებებს. ჩვენ ასევე ბატონი კალაძისგან მოვისმინეთ, რომ თემა დახურულიაო, ამ თემაზე ვსაუბრობდით ორი თვის წინ, მაგრამ იმის შემდეგ ვნახეთ დალაგებული დელეგაცია - მოლაპარაკებებზე მოსული „ქართული ოცნების“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

პარლამენტის გარდა, იგეგმება მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების პიკეტირებაც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ აქციები გადაინაცვლებს რეგიონებშიც და აქციები იქნება მანამდე, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული.

„შედეგია დემოკრატიული საარჩევნო სისტემის ფორმირება. თუ ხელისუფლება დადებულ პირობას არ შეასრულებს, პროტესტები იქნება, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ ჩამოიშლება. გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე ან „ქართული ოცნება“ ვერ გაუძლებს საგარეო და საშინაო ზეწოლას. მისი მომავალი ხალხის ნებით იქნება განსაზღვრული, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან წავა. როცა საჭიროება იქნება, პარლამენტის ტრიბუნას გამოვიყენებთ, რათა უმრავლესობას კომფორტულ ვითარებაში ყოფნის საშუალება არ მივცეთ“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

რუსთაველზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდება არასაპარლამენტო ოპოზიცია. „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პიკეტირება განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ არ მოეგო გონს. მისი თქმით, აქცია არ იქნება მასშტაბური და გადამწყვეტი ბრძოლა, მაგრამ პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და ამ გზით ივანიშვილს აიძულებენ საერთაშორისო თანამეგრობრობას მაინც გაუწიოს ანგარიში.

„პიკეტით ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეახსენებს ხელისუფლებას შეუსრულებელ დაპირებებს, სიტყვის უკან წაღებას, ქვეყნის შიგნით. პიკეტი იქნება მშვიდობიანი აბსოლუტურად კანონი ფარგლებში და ძალის დემონსტრირებაზე ხელისუფლების მხრიდან განცხადებები, უსუსურად გამოიყურება“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პროცესები აწუხებთ, პარლამენტის სხდომებს ესწრებიან და პიკეტირებაში მონაწილეობას არ მიიღებენ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საჯარო ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება კანონით აკრძალული ქმედებაა, რაც შეეხება პროტესტის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმას, ეს არის სრულიად კანონიერი და ლეგიტიმური.

„საპარლამენტო პროცესში მონაწილეობას აზრი აქვს და ეს არის პარლამენტის წევრების ვალდებულებაც. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მაწუხებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პროცესები, პარლამენტის სხდომებში ვმონაწილეობ. რაც შეეხება პროტესტის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმას, ეს კანონით დასაშვებია. რაც შეეხება საჯარო ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებას, ეს არის კანონით აკრძალული ქმედება. დანარჩენი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს პროტესტის გამოხატვასთან, არის სრულიად კანონიერი და ლეგიტიმური“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

სახელმწიფო უწყებების პიკეტირება კანონდარღვევაა. შესაბამისად, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ არავითარი კავშირი პიკეტირებას არ აქვს იმ პროცესთან, რასაც საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა ჰქვია. მისივე თქმით, ეს არ არის პარლამენტის პიკეტირება, ეს იმ საკითხების პიკეტირებაა, რომელიც ეხება მთელ რიგ მიმართულებებს და რომელიც არის ორიენტირებული საზოგადოების ინტერესებზე.

„ეს საკითხებია, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის საკითხები, სამართლებრივი საკითხები, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს და თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს ხალხის და ქვეყნის წინაშე. სწორედ ამის პიკეტირება ხდება და ასეთი პიკეტირებით ვითომდა საარჩევნო თემებზე მოლაპარაკების წარმატებაზე საუბრობენ. ეს ტყუილია, არავითარი კავშირი პიკეტირებას არ აქვს იმ პროცესთან, რასაც ჰქვია საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია“, - აცხადებს გია ვოლსკი.

უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსი იმისკენაა მიმართული, რომ დესტრუქცია შეიტანოს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, თუ ოპოზიციის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება კანონის ფარგლებს გასცდება, ამას ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.

„პირველ რიგში, ხაზგასასმელია, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და სიტყვის და აზრის გამოხატვის უფლება აქ შეუზღუდავია. რაც შეეხება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და მათ ინიციატივას, გავიხსენოთ ამ პოლიტიკური პარტიის წარსულიც და დღევანდელობაც. მათთვის დესტრუქცია და ხელის შეშლა არის ერთგვარად საფირმო ნიშანი. თუმცა, ეს ყველაფერი მოთმენილ იქნა.

როცა კანონის დარღვევას ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, ადეკვატური იქნება რეაგირებაც. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, მის ხელთ არსებული რესურსი არის სწორედ იმისკენ მიმართული, რომ სწორედ დესტრუქცია შეიტანოს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ეს არის ის რეალობა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება თვალ-ყურს ადევნებს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

Aburjga Tasmanieli მოლოდეც ბატონო ბადრი! აი ქალბატონ ნინოზე ითქმის მოვლილი და შენეხული.... მოლოდეც!
4 წლის უკან
tngh საქართველოს ტერიტორია 69 000 კვ. კილომეტრია. მოსახლეობა არა ნაკლებ 3 500 000. "ნაც-ოპოზიციას" და მის ტელევიზიებს 500 კვ. მეტრ ფართზე, რამოდენიმე ასეული ბიძინას ზიზღით პათოლოგიორად დაავადებული ადამიანის აკვიატება, სურთ სრულიად საქართველოს პროტესტად წარმოადგინონ. ღიმილი მომგვრელია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მათი ქმედებები.
4 წლის უკან
tngh საქართველოს ტერიტორია 69 000 კვ. კილომეტრია. მოსახლეობა არა ნაკლებ 3 500 000. "ნაც-ოპოზიციას" და მის ტელევიზიებს 500 კვ. მეტრ ფართზე, რამოდენიმე ასეული ბიძინას ზიზღით პათოლოგიორად დაავადებული ადამიანის აკვიატება, სურთ სრულიად საქართველოს პროტესტად წარმოადგინონ. ღიმილი მომგვრელია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მათი ქმედებები.
4 წლის უკან