ხელისუფლება მეხუთე რაუნდისთვის ემზადება, ოპოზიცია ქუჩია აქციისთვის

ხელისუფლება მეხუთე რაუნდისთვის ემზადება, ოპოზიცია ქუჩია აქციისთვის

მამუკა მდინარაძე გამოგონილს უწოდებს ინფორმაციას, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე ხელისუფლებამ შესაძლოა, ოპოზიციას საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი შესთავაზოს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების 120-მდე გაზრდას, ხოლო მაჟორიტარების 30-მდე შემცირებას ითვალისწინებს.

„ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას მაჟორიტარების რაოდენობის 30-მდე შემცირებას შესთავაზებს, რომელიღაც „ნიუსრუმში“ ახალი დღის წესრიგის შესაქმნელად მოიგონეს,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობას ჰქონდა მოლოდინი, რომ პროპორციული სისტემის შეთავაზებით თანხმობა შედგებოდა და სიტუაცია განიმუხტებოდა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციამ ეს შესაძლებლობაც ჩაშალა და დესტრუქცია გააგრძელა. მათივე თქმით, გამოჩნდა, რომ ოპოზიციას სურდა დესტაბილიზაცია და არა პროპორციული არჩევნები.

„აშკარად გამოჩნდა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი არათუ თანამშრომლობისთვის არის მზად, არამედ პირიქით - ყველა გზას ეძებს, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მიაღწიოს ცვლილებებს, რასაც ვერ დავუშვებთ. 100/ 50 მოდელი კომპრომისული ვარიანტია. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და იმას, რომ ქვეყანაში მმართველობის პროცესი განხორციელდეს შეფერხების გარეშე.

იმედი მაქვს, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხედავენ საკუთარ თავს პოლიტიკაში, გაემიჯნებიან დესტრუქციულ პროცესებს და ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ყველამ ვიცით, რომ კანონმდებლობაში დღევანდელი სტასტუს-კვო არის შერეული მოდელი და არჩევნები ჩატარდება შერეული საარჩევნო მოდელით. ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე და ხელისუფლება ელოდება, რა იქნება მათი პასუხი“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლების შეთავაზება 100/50 კვლავ ძალაშია.

„არ ვთვლი, რომ ინფორმაცია - 100/30-ის შესახებ, ცუდი ადამიანების მოგონილია. ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც განიცდიან შექმნილ მდგომარეობას და რომლებიც ვითარებიდან, გამოსავალს ხედავენ ასეთი ან სხვა ფორმულით, ისინი ცდილობენ, რომ თავის მოსაზრება გამოიტანონ განსჯის ასპარეზზე.

ზოგს შეიძლება თავისი მერკანტილური აზრი აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა არ მიმდინარეობს. არის საკმაოდ პრაგმატული შეთავაზება. ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, რაზეც ბევრი გვაკრიტიკებს, საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რათა მათაც ჩამოუყალიბდეთ პოზიცია, რა სჭირდება საქართველოს. კატეგორიულად მიუღებელია იმის მტკიცება, თითქოს საზოგადოების დიდ ნაწილს მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის არსებობა სურს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერი არ გამორიცხავს ოპოზიციასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას, თუმცა ამის მიუხედავად ამ საკითხის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი.

„სიტუაციას სიღრმისეულად თუ დავაკვირდებით, პროპორციული არჩევნები საკმაოდ დიდ რესურსს აძლევს ოპონენტებს თავისი შეხედულება გაატარონ და ამასთანავე ისინი დარწმუნებულები არიან იმაშიც, რომ მაჟორიტარულ არჩევნებშიც ექნებათ საკმაოდ სერიოზული წარმატება. ჩვენ სწორედ იმიტომ ვთავაზობთ, რომ 2024 წელშიც მოვრიგდეთ და გადავდოთ პოლიტიკური პარტიის ინტერესი, რადგან თუ ისრაელი გაუძლებს, რაღაც პერიოდი მთავრობის გარეშე ყოფნას, საქართველოსთვის ეს იქნება დამანგრეველი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გია ვოლსკიმ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია ამბობს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები თუ აქამდე მალავდნენ, დღეს უკვე ღიად აცხადებენ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არ სურდათ და დღესაც არ სურთ.

„აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი ეს მასკარადი საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს, პირდაპირ იძახის კალაძე, ვოლსკიმაც ეს თქვა, რომ პროპორციული სისტემა არ უნდოდათ და არ უნდათ. იმდენად უტიფრები არიან ტიპები, გუშინწინ რომ იძახდნენ, კი, გვინდოდა, მაგრამ დემოკრატია გვაქვს პარტიაში და მაჟორიტარები აჯანყდნენო, ახლა ეს დაივიწყეს და პირდაპირ ეუბნებიან საზოგადოებას ხომ გადაგაგდეთ, ჩავთვალეთ, რომ ძალაუფლებას ვკარგავთ ამ სისტემით და ამიტომ ფეხებზე გვკიდია დადებული პირობა, დაღვრილი სისხლი და ყველაფერიო. კარგია, რომ ასე ღიად იძახიან, ეს უფრო მეტ ლეგიტიმურ ბრაზს გამოიწვევს, მეტი მობილიზება იქნება მშვიდობიანი პროტესტისთვის, უფრო მეტი მობილიზება იქნება არჩევნებში მათი ძალიან მწარე დამარცხებისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის მეხუთე რაუნდს, დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, როცა დიალოგი თვეების განმავლობაში უშედეგოა, ამის ლოგიკური გაგრძელება პროცესების კვლავ ქუჩაში გადასვლა იქნება. დეპუტატის განცხადებით, არ აქვს განცდა, რომ საქართველოს, როგორც ქვეყანას უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემა ექნება 2020 წლის არჩევნებისთვის.

„არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის უშუალო მონაწილეობა შეხვედრებში, შედეგის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირი ის არის, რადგან მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, ყველაზე გავლენიანი ადამიანია და მისი პოზიცია გადამწყვეტია.

დიალოგის პროცესი დაიწყო და, როდესაც თვეების განმავლობაში დიალოგს შედეგი არ მოაქვს, ბუნებრივია, ლოგიკური გაგრძელება პროცესების ქუჩაში გადასროლა იქნება. პროცესები ასე განვითარდება, სხვანაირად, უბრალოდ, შეუძლებელია. სამწუხაროდ, არ ველოდები, არ მგონია, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რეალური ცვლილებები იქნება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.