პაატა ჯიბლაძე - „შალვა ნათელაშვილი ხალხის ინტერესებს იცავდა“

პაატა ჯიბლაძე - „შალვა ნათელაშვილი ხალხის ინტერესებს იცავდა“

ბატონო პაატა, თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილი 5 იანვარს კვლავ გახდება პრეზიდენტი?

- საზოგადოებამ უკვე კარგად დაინახა სააკაშვილის სახე, რომელიც მგელთან ასოცირდება.

7 ნოემბერს მან შეუბრალებლად დაარბია მშვიდობიანი აქცია. იმის მაგივრად, რომ ხალხთან გასულიყო, მათთან დიალოგი ეწარმოებინა და დაეკმაყოფილებინა მათი სამართლიანი მოთხოვნები, მათ ხელკეტებით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით გაუსწორდნენ.

სხვა რომ არაფერი ვთქვათ, იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილს ხელთ აქვს უზარმაზარი რესურსი სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციათა თანამშრომელთა, ჯარის სახით, მას ხმა არ უნდა მივცეთ.

დღეს კარგად ჩანს, თვით სანდო ხალხშიც კი აღარ აქვს მას დასაყრდენი ძალა. გარდა ამისა, ის აგონიაშია, რადგან დიდ სისულელეებს ლაპარაკობს.

თქვენ ფიქრობთ, რომ 7 ნოემბრის ფაქტი საკმარისია იმისთვის, რომ ხალხმა სააკაშვილს უნდობლობა გამოუცხადოს?

- რა თქმა უნდა, საკმარისია, მაგრამ, ამას გარდა, საქართველოს მოსახლეობა სოციალურ სიდუხჭირეში იმყოფება. აქ საუბარია ინფლაციურ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს.

ასევე საუბარია ადამიანის უფლებების შელახვაზე, ეკლესიების შეურაცხყოფაზე, გირგვლიანის, რობაქიძის საქმეებზე, ათეულათასობით უსამართლოდ დაპატიმრებულ ადამიანთა საქმეებზე.

გავიხსენოთ ჩვენი თანამოქალაქეები, ზოგს კერძო საკუთრება ჩამოართვეს, ზოგს კი სახლები დაუნგრიეს. გავიხსენოთ, რამდენი ადამიანი გამოყარეს სამსახურიდან.

სააკაშვილმა საქართველოს კონსტიტუცია გააუპატიურა, ამით მან იმპერატორის უფლებები მიიღო, ის ნერონი გახდა. მიზეზთა ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, ამიტომ ხალხს ჩემი ახსნა აღარ დასჭირდება, რომ მას ხმა აღარ მისცეს.

თქვენ სოციალური სიდუხჭირე ახსენეთ, თუმცა, ამ მხრივ გარკვეული ძვრები შეინიშნება. ეს წინასაარჩევნო ტრიუკი ხომ არაა?

- დიახ, სიმართლე ბრძანეთ. ეს ცნობილი ფანდია. სააკაშვილი ცდილობს მოსახლეობის მოქრთამვას, გასცემს თანხებს და დახმარებებს, საინტერესოა, აქამდე რატომ არ ახსოვდა, ქვეყანაში ინფლაციური პროცესები რომ მიმდინარეობდა, ასევე ელექტროენერგიის გადასახადი ძვირდებოდა.

მხოლოდ ახლა, არჩევნების წინ გაახსენდა პედაგოგები და მათ 200 - ლარიანი ხელფასები დაუნიშნა, ასეთი შედეგების მისაღწევად, ალბათ, გახსოვთ, როგორი ხმალამოღებით იბრძოდა ლეიბორისტული პარტია. მე ვერ გეტყვით, ვინ უნდა მისცეს სააკაშვილს ხმა, თუ არა მისმა უახლოესმა გარემოცვამ ბოკერიას, ნადირაძის, ლომაიას, მერაბიშვილის და ადეიშვილის მეთაურობით, მათი უახლოესი ნათესავების ჩათვლით.

დანარჩენი არ ვიცი, რომელი ჭკუათმყოფელი კაცი მისცემს მას ხმას, რადგან მან თითოეულ ჩვენგანს სულში ჩაგვაფურთხა იმ დიდი ტყუილით, რაც „ვარდების რევოლუციისას“ გაითამაშა. 1995 წლიდან დღემდე ვებრძოდით ჯერ შევარდნაძის, მერე სააკაშვილის კლანს. იმედს ვიქონიებ, რომ ხალხი გონიერებას გამოიჩენს და ქვეყანაში ვისაც დემოკრატიის დამყარება სწადია, მკვლელს და დიქტატორს ხმას აღარ მისცემს.

ოპოზიციას რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს წამოყენებული. ეს ფაქტი სააკაშვილს ხელს ხომ არ აძლევს?

- საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი კონკურენტი სააკაშვილი არაა. თუ მათ ხელისუფლებაში მოსვლა გაყალბებით გადაწყვიტეს, მაშინ 150 000 კაცი კი არა, მთელი საქართველო გამოვა გარეთ და არ დაუშვებს იმას, რომ სააკაშვილი კვლავ ქვეყნის მმართველი გახდეს.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, თითოეულ პარტიას თავისი ელექტორატი ჰყავს. მემარჯვენეები ჩვენ მხარს არ დაგვიჭერდნენ და პირიქით. 5 იანვარს ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს, სწორედ იმ ადამიანზე გააკეთებს არჩევანს, რომელიც ყოველთვის იბრძოდა ხალხის უფლებების დასაცავად და ქვეყანაში სამართლიანობის აღსადგენად.

შალვა ნათელაშვილი ყოველთვის ხალხის ინტერესებს იცავდა და დაიცავს ყოველთვის, ის ხალხს გვერდიდან არ მოშორებია. წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძნელია, რამდენი პროცენტის მოგროვებას შეძლებს ის, თუმცა, იმის თქმა ახლავე შემიძლია, რომ სააკაშვილს შანსი არ ექნება ღირსეული შედეგის მისაღებად.