„ვერ დაუშვეს, რომ ასეთი შედეგით დასრულდებოდა არჩევნები“

„ვერ დაუშვეს, რომ ასეთი შედეგით დასრულდებოდა არჩევნები“

ქართველებისთვის სამართლიანობის აღდგენამ დასავლეთში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სასწრაფოდ გამოეშურა ახალ ხელისუფლებასთან შესახვედრად და ის გზავნილები ჩამოიტანა, რაც დასავლეთის მხრიდან საქართველოში დემოკრატიული პროცესების ცნობისთვის არის აუცილებელი.

„პრემიერ-მინისტრს ნათლად განვუცხადე, რომ არავინ უნდა დაინახოს ისე, თითქოს, საქართველოში კანონის უზენაესობა არ არსებობს. თუ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს, გამოძიება უნდა ჩატარდეს და დამნაშავეებმა აუცილებლად პასუხი აგონ. მე საქართველოში არ მინახავს ადამიანი, ამას რომ არ ეთანხმებოდეს. მე კი ორივე მხარეს შევხვდი. ზუსტად ამ კონტექსტში აუცილებელია ამ პროცესებისადმი და მათი აღქმისადმი სკურპულოზულობის გამოჩენა. თუ ისე ჩანს, ან რეალურადაც ისეა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დასაკავებლად კეთდება, მაშინ მთელ ქვეყანას ეს ძვირი დაუჯდება“, - განაცხადა ფილიპ გორდონმა.

ფაქტია, რომ ახალ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს გავლა. მან დასავლეთის მხარდაჭერაც უნდა მოიპოვოს, სამართლიანობაც აღადგინოს. რაც მთავარია, მან ხელისუფლებაში თავი შეინარჩუნოს არა საკუთარი თავის, არამედ იმ ხალხისათვის, რომელმაც ის ძალაუფლებაში მოიყვანა.

„ზოგჯერ მგონია, რომ სხვა განზომილებაში მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ ამ ყველაფერში, ჩვენი, თითოეული ადამიანის წვლილიც ხომ არის. არმადები მოდიოდა საარჩევნო უბნებთან და ლამის ყველას კალამი ეჭირა ხელში. მაშინ ის კალამი იყო ლამის ატომური ენერგიის მქონე... ამ ხალხმა გააკეთა ის, რაც გააკეთა, ამიტომ, ეს ხელისუფლება თავის ყველა ნაბიჯზე ვალდებულია, ამ ხალხს გასცეს პასუხი. იმაზეც, რომ სამართლებრივად გამართული ნაბიჯებით, მაგრამ რეალურად ნულოვანი საინფორმაციო პოლიტიკით, რატომ მიიყვანა საქმე იქამდე, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია ჩამოდის და ასეთი უმწვავესი ტონით ელაპარაკება 25 დღის არჩეულ ხელისუფლებას“, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ რეალობაზე გვესაუბრება.

დასავლეთმა ცალსახად ჩამოგვიყალიბა რამდენიმე აუცილებელი პირობა, რაც უნდა შევასრულოთ - არ უნდა მოხდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, ძველმა და ახალმა ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს და საპრეზიდენტო არჩევნები მომავალი წლის ოქტომბერში  ჩატარდეს. მაშინ, როდესაცნაციონალური მოძრაობა“, რბილად რომ ვთქვათ, სათანამშრომლოდ ნაკლებად არის განწყობილი, რას ნიშნავს დასავლეთის მხრიდან ასეთი ულტიმატუმები?

- არჩევნებიდან სულ რაღაც თვენახევარში საკმაოდ დელიკატური სიტუაცია შეიქმნა ახალი ხელისუფლების ირგვლივ. რაც იმაში გამოიხატება, რომ ასეთი კატეგორიული განცხადებები არც ნატოსგან და არც აშშ-სგან არ მოგვისმენია 9-წლიანი ნაციონალური დიქტატის პირობებშიც კი.

ხელისუფლება, რომელიც ერთი თვეც არ არის რაც შეუდგა საკუთარი მოვალეობის შესრულებას, ძალიან მძაფრი კრიტიკის ქვეშ მოექცა და ერთგვარად, უსამართლო კრიტიკის ქვეშაც. ამ დროის განმავლობაში, განა რა შეიძლებოდა გაეკეთებინა ხელისუფლებას ისეთი, რომ ასეთი მძაფრი შეფასებები დაემსახურებინა საერთაშორისო თანამეგობრობისგან.

მითუმეტეს, როცა ვხედავთ შიგნიდან, რომ რეალურად, ის შეფასებები, რაც კეთდება აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. მეორე მხრივ, სურვილიც უნდა გქონდეს, დაინახო, რეალურად რა ხდება საქართველოში - საერთაშორისო აქტორებს ვგულისხმობ.

სურვილი უნდა ჰქონდეთ, მოუსმინონ ორივე მხარეს. როდესაც საუბარია ნატოსა და აშშ-ზე, მათ გაცილებით მეტი საინფორმაციო წყარო აქვთ საქართველოში და ამ წყაროებსაც შეეძლოთ მათთვის გაცილებით მრავალმხრივი ინფორმაცია მიეწოდებინათ.

ის, რომ ისინი მაინც თავის შეფასებებს აკეთებენ და, როგორც ჩანს, უფრო ერთი მხარის, ნაციონალების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს მხოლოდ ტენდენციებზე მიგვანიშნებს.

პირველი, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ და ამერიკელებს ეს არც დაუმალავთ, ღიად იწერებოდა, როგორ გამოეპარათ, რომ საქართველოში მომზადებული იყო ნიადაგი სახელისუფლებო ცვლილებისთვის და ბიძინა ივანიშვილის ძალა იყო ძველი ხელისუფლების რეალური კონკურენტი.

მიუხედავად საქართველოში მიმდინარე პროცესების ერთწლიანი დაკვირვებისა, ეს ამერიკელებისთვის სრული მოულოდნელობა იყო. ამას წერდა ყველა წამყვანი ამერიკული ჟურნალი და გაზეთი, რომელიც პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ანალიზს ეხება.

რეალურად საქართველოში ასეთი სიტუაცია არ ყოფილა, მათ ჰქონდათ მცდარი წარმოდგენები?

- როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ შეფასებებს არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებენ, ასეთ ფონზე გასაკვირი არ არის, რადან ერთი წელი აკვირდებოდნენ მოვლენებს და ვერ დაუშვეს, რომ ასეთი შედეგით დასრულდებოდა არჩევნები.

ზოგჯერ მათ რეალობის ხედვა ღალატობთ, რადგან ის საინფორმაციო წყაროები, ანუ ის წყაროები, რაც მათ გააჩნიათ, ძალზე ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ყოფილ ხელისუფლებასთან. ამ ურთიერთობებიდან გამომდინარე, მათი აღქმის სუბიექტურობა იყო ძალიან მაღალი და ეს სუბიექტურობა ნარჩუნდება დღესაც.

შეიძლება, დავუშვათ, რომ ამერიკას არც აწყობდა, რომ რაიმე სხვანაირად ყოფილიყო, რადგან იგივე აშშ- საკმაოდ ბევრი ინვესტიცია ჩადო სააკაშვილში, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ქვეყანაში გასატარებელ რეფორმებში, მეორეა, რეალურად რა გაკეთდა...

- ვფიქრობ, ისინი უფრო გამრუდებულ სარკეში იყურებოდნენ და სააკაშვილი რჩებოდა მათთვის სასურველ პარტნიორად. რაც შეეხება ახალ ხელისუფლებას, მიუხედავად არაერთხელ დეკლარირებული სააგარეო კურსისა, ეს ხელისუფლება მათთვის მაინც ათუცნობიანი განტოლებაა. ამიტომ, ისინი ვერ გრძნობენ თავს მყარად და კომფორტულად ამ ხელისუფლებასთან უერთიერთობაში.

დღესაც მათი გადაჭარბებულად კრიტიკული განცხადებები აქედან გამომდინარეობს. და კიდევ იქედან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯზე დარტყმა ირიბად ურტყამს ამერიკული პროექტის „დემოკრატიის შუქურას“ იმიჯს. ამიტომაა, რომ ცდილობენ, შეინარჩუნონ საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტიული ძალა.

დღევანდელი სახით „ნაციონალური მოძრაობა“ პერსპექტიული ვერ იქნება, მაგრამ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდმა, პირობითად რომ ვთქვათ, ბოკერიას გარშემო შემოკრებილმა გუნდმა თავის შენარჩუნება და რეინკარნაცია შეძლო, ეს იქნება თავიდან ბოლომდე ამერიკული სურვილი და ხელშეწყობა.

ისევ იმიტომ, რომ მათ საქართველოში ჰყავდეთ ისევ ის პარტნიორი, რომელსაც კარგად იცნობენ და რომელშიც ასეულობით თუ არა ათეულობით მილიონი აქვთ ჩადებული.

ამით რისი მიღწევა სურთ?

- იმ კომენტარებში, მაგალითად, რაც გორდონმა გააკეთა, იგრძნობა სურვილი - აშშ-ს სურს, ვაღიაროთ, რომ საქართველოში ნამდვილად ჩატარდა დემოკრატიული რეფორმები.

რაც შეეხება დაპატიმრებებს, გორდონი იმასაც ამბობს, რომ საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ არსებობს გარკვეული წუხილი, რომ ძალაუფლება შეიძლება გამოყენებული იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის და არა კანონის უზენაესობისთვის.

მოდით ასე ვთქვათ, პრევენციას აკეთებენ იმისა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება გააკეთოს. იგრძნობა სურვილი იმისა, რომ სურთ, შეინარჩუნონ „ნაციონალური მოძრაობა“. ის დღემდე არის პარტია, რომელიც ამ კონსტიტუციის თანახმად, ფლობს ძალზე სერიოზულ ბერკეტებს პრეზიდენტისა და  ადგილობრივი ორგანოების სახით. ლაპარაკია არა მხოლოდ როგორც პარტიულ წარმონაქმნზე, არამედ როგორც რეალურად, სახელისუფლებო პარტიაზე. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ფლობს ძალზე სერიოზულ სახელისუფლებო ბერკეტებს. ამერიკა ასე ვთქვათ, სამარქფო ვარიანტს იტოვებს.

რატომ მაინც და მაინც ბოკერიას ფრთა?

- დანარჩენი „ნაციონალებისგან“ გამოირჩევიან განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობის კონტაქტებით იგივე დასავლეთთან. პოლიტიკური ტექნოლოგიების ფლობის და გამოყენების თვალსაზრისითაც გამოირჩევიან „ნაციონალთა“ შორის და დღეს რაც ყველაზე დიდი იარაღია, სამი თუ არა, ორი ტელევიზია მაინც მათ ხელშია. ამ რესურსს აუცილებლად გამოიყენებენ, ახალ სახეებს წამოსწევენ წინა პლანზე და ალბათ, ახალ სახელსაც გამოიყენებენ. ასე ზუსტად მათი გეგმების შესახებ ლაპარაკი არ შემიძლია, ეს ჩემი ვარაუდებია.

ასეთ პირობებში რა საინფორმაციო რესურსი ექნება მეორე მხარეს ძალზე მნიშვნელოვანია. თუმცა მთავარია, როგორ გამოიყენებენ ამ რესურსებს. შეიძლება ათი ტელევიზია გქონდეს და ვერ ასრულებდეს იმ ფუნქციას, რასაც საინფორმაციო ველის შექმნა და საინფორმაციო პოლიტიკის გატარება ჰქვია...    

ამერიკელების ასეთი კატეგორიული ტონი სწორედ ორ მიზანს ემსახურება. ერთი ის, რომ შეინარჩუნონ „ნაციონალური მოძრაობა“ კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში და იმ სახელისუფლებო შტოებში, რომელშიც არის. მეორე მხრივ და მათ ამისთვის მადლობაც კი ეკუთვნით, შეინარჩუნონ სტაბილურობა ქვეყანაში.

იმასაც კი ამბობენ კომენტარებში, ორივე პარტიას მოვუწოდებთ, ჩხუბი და ურთიერთდაპირისპირება თავიდან აიცილონო. ანუ მათ იმისიც ეშინიათ, პროცესები ხელიდან არ გაიქცეს და საქართველოში უმართავი არ გახდეს.

არის ამისი ალბათობა?

- თუ გარედან არ მოხდა ესკალაცია და ამაში ვგულისხმობ „ნაციონალების“ მხარდაჭერას, შიგნით, ქვეყანაში ამისი მოცემულობა ნამდვილად არ არსებობს. იმასაც ვიტყვი, რომ ხელისუფლება ამის ანალიზს უნდა აკეთებდეს, რატომ მოითხოვენ ასე დაჟინებით კონსტიტუციური ვადების დაცვას.

ხელისუფლება ვალდებულია სააკაშვილის ხელისუფლებაში შენარჩუნების ასეთი დაჟინებული მოთხოვნის მიღმა მისთვის რაღაც რისკები დაინახოს. თუნდაც ის, რომ დარჩენილ ოთხთვენახევარში დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. გარწმუნებთ, თუ სააკაშვილს ამაზე ნებართვა და მხარდაჭერა ექნება, ის ამას გააკეთებს.

ძნელია უცხოეთს უსაყვედურო რატომ გთხოვს კონსტიტუციის დაცვას, თუმცა, მეორე საკითხია რა უქნანაციონალურმა მოძრაობამ“ ამ კონსტიტუციას, ხოლო მესამე - რეალურად რა მიზანი აქვს და რას ემსახურება იგი...

- მე პირადად, მომხრე ვარ იმისა, რომ ქვეყანაში დაცული იყოს ყველანაირი კონსტიტუციური ვადა. ყველა ხელისუფლებამ თავისი კონსტიტუციური ვადა უნდა ამოწუროს, თუ გვინდა, რომ ქვეყანამ რაღაცას მიაღწიოს სამომავლოდ. არც ჩვენი და არც სხვა ქვეყნის კონსტიტუციები არ ითვალისწინებს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ საკუთარ თავზე მოირგოს  ხელისუფლების ყველა შტო, როგორც საპრეზიდენტო ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის შემთხვევაში - როდესაც ვადებზე ვსაუბრობთ.

მაგრამ მეორე თემაა, რომ თუკი „ნაციონალურ მოძრაობას“ პრეზიდენტის სავარძელიც და ადგილობრივი ორგანოებიც სჭირდება იმისთვის, რომ კონსტიტუციისა და  კანონის გვერდის ავლით ემზადოს რევანშისთვის და მოახდინოს ხელისუფლებაში ძალისმიერი დაბრუნება, თუკი ამისი ალბათობა არსებობს, ასეთ შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული პრევენციული ზომები უნდა გაატაროს. ასე რომ, საკმაოდ რთული სიტუაციაა.

ნორმალურ ვითარებაში ის, რასაც დასავლეთი გვკარნახობს ალბათ, მისაღები იქნებოდა...

- ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ამოძრავებთ ის მიზანი, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობა, ასევე, პირველად, საქართველოს ისტორიაში მოხდეს პრეცენდენტი იმისა, რომ შესაძლებელია ორი პოლიტიკური ძალის თანაარსებობის, თანამშრომლობის რეჟიმში თანაცხოვრება, ასეთი სურვილი ორივე პოლიტიკურმა ძალამ უნდა გამოხატოს.

ასეთ შემთხვევაში ჩვენ წავალთ კლასიკური დემოკრატიისკენ, სადაც ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც პარლამენტს, ადგილობრივ თვითმმართველობას სხვადასხვა პოლიტიკური ძალები აკომპლექტებენ, პრეზიდენტი კი სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია. თუმცა, ეს იმ ქვეყნებისთვის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორი კი არ არის, არამედ დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მყარი დასაყრდენი ხდება, რადგან ეს ძალები ერთმანეთს ანეიტრალებენ და ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ მიდრეკილება ასეთი სისტემის პირობებში ნულამდეა დაყვანილი.

ჩვენს შემთხვევაში ეს რამდენად მოხერხდება, რეალურად რასაც ვხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომქართულ ოცნებას“ ხელი შეუშალოს...

- სწორედ ამას ვამბობ... თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კანონისა და კონსტიტუციის დარღვევით, ხალხის ნების წინააღმდეგ გეგმავს ხელისუფლებაში დაბრუნებას, მაშინ რა ჰქვია ამას თუ არა შეთქმულება ახალი ხელისუფლების და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. თუმცა, ვიდრე ეს არ დადასტურდება, ძალიან ძნელია, ამაზე ილაპარაკო.

„ქართულ ოცნებას“ თუ შეეძლო ასეთი მწვავე შეფასებების თავიდან აცილება, იყო შეცდომები?

- ახალმა ხელისუფლებამ საერთოდ არ იზრუნა საკუთარ ვიზუალზე. იმ სახეზე, როგორ იქნებოდა აღქმული მისი ქმედებები საზღვარგარეთ. როგორ უნდა მიეწოდებინა თავისი არგუმენტაცია, თავისი ქმედებები, რომ მათ გამოსცლოდათ საფუძველი მსგავსი შეფასებების გაკეთებისა. ეს არ მომხდარა. არც კი ჩაუთვლიათ, რომ ისინი არ არიან ჩაკეტილი სივრცე და მათ ნებისმიერ ნაბიჯს ლუპით აკვირდება საერთაშორისო საზოგადოება.

როდესაც ქვეყანაში გყავს ამ ტიპის ოპოზიცია, რომელიც რომ არ იყოს პრობლემა, თვითონ შექმნის პრობლემას იმ მიზნისათვის, რომ ისინი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ყველაფერს გააკეთებენ.

ასეთ შემთხვევაში რას აკეთებს „ქართული ოცნება“? - მოძრაობს სპონტანური ნაბიჯებით და ნაკლებად ცდილობს, რომ ეს ნაბიჯები პოლიტიკურად მიზანშეწონილი გახადოს, გახადოს ინფორმაციულად გასაგები და მისაღები იგივე უცხოეთისთვის.

უფრო კონკრეტულად შეიძლება ვთქვათ, რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში?

- ვიღაცამ ჩათვალა, რომ სასწრაფოდ აუცილებელია დაკმაყოფილდეს ხალხის მოთხოვნა და ჟინი, რომ დაისაჯოს წინა ხელისუფლება. მოდით, ეს საწრაფოდ დავაკმაყოფილოთ, ხალხმა რომ არ ჩათვალოს, რომ ჩვენ უსუსურები ვართ და ა.შ. და უეცრად, სპონტანურად დაიწყეს ეს დაპატიმრებები, რისთვისაც მზად არ იყვნენ და თვითონაც აღიარებენ, რომ მზად არ იყვნენ. მერე და მერე აგროვებენ მტკიცებულებებს.

როდის იქნებოდა მიზანშეწონილი ამ ყველაფრის გაკეთება?

- ამისათვის, აუცილებლად, საჭირო იყო იგივე დასავლეთის ინფორმაციული შემზადება, ამას სჭირდებოდა სხვა ტიპის კომუნიკაცია, საინფორმაციო საბაბების შექმნა და ამ ყველაფერს უნდა მოჰყოლოდა ეს პროცესი.

თუ ასე გაგრძელდა და ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ საინფორმაციო პოლიტიკა არის ზოგადად პოლიტიკის ორგანული და სისხლხორცეული შემადგენელი ნაწილი, არ ვიცი, ასეთ პირობებში, რამდენად ხანგრძლივი იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა. ამისი თქმა არჩევნებიდან სულ რაღაც თვენახევარში, ძალიან მიჭირს.

დღევანდელ მსოფლიოში, 21-ე საუკუნეში ქვეყანა არ არის ჩაკეტილი სივრცე, არ არის ვაკუუმი და არ არის ქვევრი, საიდანაც ინფორმაცია არ გადის არსად. ელემენტარულად, აშშ-სთან იმითი ხარ ვალდებული, რომ 1 ოქტომბერი ამ ფორმით, მშვიდობიანი ფორმით დაგიმთავრა. ისევ შენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ხარ ვალდებული, რომ საქმის კურსში ჩააყენო საერთაშორისო ორგანიზაციები და შენი პარტნიორები.

ვერ მივიღებ არგუმენტად, რომ ეს არის ახალი ხელისუფლება და ვერ მოასწრო - იმაზე მაქვს საუბარი, რომ ვერ გათვალეს, როდის რა უნდა დაეწყოთ. თუ შენ არ ხარ მზად, რომ ამ ყველაფერს შეუქმნა არგუმენტირება და სათანადო ფონი, საერთაშორისო არეალის მხარდაჭერის გარეშე, შენ უბრალოდ დამთავრდები - ჯერ ეს ფონი უნდა შეექმნათ და მერე დაეწყოთ ეს პროცესები.

ჯერ მოიმაგრე ფეხი მყარად და მერე დაიწყე იმაზე ფიქრი, როგორ შეისრუტო ხელისუფლების სხვა შტოები. ამას სრულიად სხვაგვარად აღიქვამენ დასავლეთში, ისე, როგორადაც აღიქვეს და როგორც მიაწოდეს კიდეც.

კიდევ ვამბობ, კარგად მესმის, რომ ქვეყანაში გვყავს არა ოპოზიცია, არამედ მტრულად განწყობილი ძალა, რომელიც რევანშისთვის ემზადება. რა ფორმებს იყენებდა ის მთელი ამ 9 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან მწარედ გვახსოვს, რადგან სულ რაღაც 45 დღეა, რაც ამ დიქტატისგან გავთავისუფლდით.

რა ფორმებს გამოიყენებს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ვფიქრობ, ამ ყველაფრის წარმოდგენაც ძალზე მარტივია.

ახალმა ხელისუფლებამ ერთდროულად ორი საქმე უნდა აკეთოს - ერთი ის, რომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკური წინსვლას მოემსახურება და მეორე - თავის გარშემო შექმნას ინფორმაციული ჯებირები, რადგან დღეს სწორედ ინფორმაციაა ომის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი. იმ ტიპის ინფორმაციულ ჯებირებს ვგულისხმობ, რომელიც არ მისცემს ნაციონალებს რევანშის განხორციელების საშუალებას.

ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩაიკეტონ და ჭურში ჩასხდნენ, არამედ იმას, რომ იმგვარად ააგონ თავიანთი საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს შემოტევებისგან. მაქსიმალურად დაიცავს ყველანაირი რისკისგან.

თუმცა, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. წრეც თანდათანობით ვიწროვდება, გიგი უგულავა ამბობს, რომ მისი მოადგილის დაპატიმრება მერის პასუხისმგებლობის დაყენების წინა ნაბიჯია, იქით ვანო მერაბიშვილს ჰგონია, რომ ხიზანიშვილი მის დასაჭრად აიყვანეს. ისმის ლაპარაკი იმაზეც ,რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობაზეც დაიწყოს ლაპარაკი, ანუ პროცესის უკან დაბრუნება უკვე, ალბათ, შეუძლებელია. თქვენი პროგნოზით, სადამდე შეიძლება მივიდეს ყველაფერი?

- იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, უკვე არ ვიცი, ვისი აყვანა და ვისი არაყვანა რა რეაქციას გამოიწვევს. ეს უკვე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებია და მისი საჯაროდ განხილვა, ალბათ, არ შეიძლება. ამის ანალიზს, ალბათ, ის ძალა უნდა აკეთებდეს, ვინც არის ხელისუფლებაში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როდესაც კეთდება განცხადებები იმის თაობაზე, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა, ვშიშობ, ამან კიდევ უფრო არ დაამძიმოს ფონი. ერთია ის დაპირებები, რასაც მისგან ელოდებიან, ხოლო მეორეა, ასეთ მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე როგორ უნდა მოახერხოს ისეთი პოლიტიკური ლანდშაფტის დატოვება, რომელიც შემდგომ ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ეს ხომ მნიშვნელოვანი რამ არის. დღეს ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ჯერჯერობით, არაფერი დაუშავებია და ნახეთ, რა რეზონანსი მოჰყვა უცხოეთიდან! აშშ-ს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ არადემოკრატიულობაზე საბოლოო დასკვნის გამოტანა ნაადრევიაო. ანუ, რაღაც დასკვნები უკვე ჩამოყალიბდა!

სხვა საკითხია, რა მეთოდებით, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა სიტუაციასნაციონალური მოძრაობა“ მართავს...

- აქ მხოლოდ ამ ხელისუფლების ბედზე არ არის ლაპარაკი, აქ მთელი ქვეყნის ბედზეა ლაპარაკი, თითოეული ჩვენთაგანის, ჩვენი ოჯახების მომავალზე. ყველამ საკუთარ შეცდომებში უნდა ეძებოს მიზეზები, თუ საკუთარი შეცდომები ვერ დაინახე, ვერც იმას მიხვდები, რა გაქვს გამოსასწორებელი, ან რა გზით უნდა იარო, რომ გამოასწორო.