„მაჩალიკაშვილის ოჯახი „ნაციონალური მოძრაობის“ მითითებას ასრულებს“

„მაჩალიკაშვილის ოჯახი „ნაციონალური მოძრაობის“ მითითებას ასრულებს“

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ, არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია. მათივე განმარტებით, ასევე დადასტურდა, რომ სპეცრაზმის თანამშრომელი, რომელმაც მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა განახორციელა, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, არსებული ინფორმაციით, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ პირებს თან ჰქონდათ დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა, რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ პირთა დაკავების შესახებ.

ადგილზე მისულ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ბინაში მყოფმა ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა – ახმედ ჩატაევმა, „აბუ ჰურეირას“ და ასლანბეგ სოლტახმადოვმა გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, რის გამოც სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა მიერ განხორციელდა შენობის შტურმით აღების ოპერაცია, რა დროსაც ლიკვიდირებული იქნა ორი ტერორისტი, ხოლო ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას 2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა ხუთ პირს, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების განჩინება, რომელიც დაეხმარა ტერორისტულ დაჯგუფებას, მათ შორის ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემა და რესურსებით უზრუნველყოფა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2017 წლის 26 დეკემბერს, ღამის საათებში, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სუს–ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა განხორციელებული გასროლის შედეგად, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, თავის არეში დაჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

მაჩალიკაშვილის გარდაცვალების მიზეზის გასარკვევად, მოწმის სახით გამოიკითხა 124 პირი, მოწმის სახით გამოიკითხნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მისი მეზობლები, სუს–ს 32–ივე თანამშრომელი, რომლებიც ზემოხსენებული 5 პირის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა.

აღნიშნული ხელყუმბარა ამოღებული იქნა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად, ჩხრეკას ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე. მას რაიმე შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია. მან შენიშვნა გააკეთა მხოლოდ ამოღებულ თანხასთან დაკავშირებით, როდესაც განმარტა, რომ თანხა ეკუთვნოდა მის ქალიშვილს.

„მალხაზ მაჩალიკაშვილს შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია, რაც ნიშნავს, რომ იგი დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ ხელყუმბარა რეალურად მისი შვილის ოთახიდან იქნა ამოღებული. აღნიშნულ ხელყუმბარაზე ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი თემირლან მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია. აღნიშნული ხელყუმბარა დაილუქა მალხაზ მაჩალიკაშვილის თანდასწრებით“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

პროკურატურის გადაწყვეტილებას არ იზიარებს მალხაზ მაჩალიკაშვილი და აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება არც კი ყოფილა.

„გამოძიება არც ყოფილა, არც ჰქონდა ამას დასაწყისი და დასასრული. ამ ყველაფერს იურისტები გასცემენ პასუხს. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მე ისეთი ადამიანი არ ვარ, როგორც თქვენ ხართ ტყუილების ქსელში გაჩენილი და გაზრდილები, უღირსო ნაძირლებო. მე ის ვარ, რომელიც სიმართლეს დაადგენს და თქვენ სათითაოდ დედას გიტირებთ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამ ხნის განმავლობაში მალხაზ მაჩალიკაშვილი ამტკიცებდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სუს–ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა მოკლა, რომელიც ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას. მაჩალიკაშვილს გარდაცვალებასთან კავშირს არ ადასტურებდა თავად გოგაშვილი, რომელიც მიესალმება პროკურატურის გადაწყვეტილებას საქმის გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით. როგორც გოგაშვილმა for.ge–სთან საუბრისას აღნიშნა, გამოძიება სრულყოფილად მიმდინარეობდა.

„თემირლან მაჩალიკაშვილი იყო ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი. ის ეხმარებოდა ახმედ ჩატაევს, ეხმარებოდა ორგანიზაციას იმ გეგმებში, რომლის განხორციელებაც საქართველოში, კონკრეტულად, თბილისში უნდოდათ. პირველი ზარი, რომელიც ჩატაევმა განახორციელა, ის ტელეფონი იყო, რომელიც მაჩალიკაშვილს ეჭირა.

დაჭრილი მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უდანაშაულო იყო. მონაწილეობდა ყველა პროცესში, რასაც გეგმავდა ჩატაევი. თანაუგრძნობდა მას, იდეოლოგიურადაც. ის არ იყო მხოლოდ დაქირავებული, რომელსაც, დავუშვათ ხელფასს უხდიდნენ. იდეოლოგიურადაც უჭერდა მხარს, გავრცელდა ეს მტკიცებულება და კიდევ გავრცელდება სხვა მტკიცებულებები, რაც ადასტურებს მის მიდრეკილებას შაჰიდობისკენაც. რა თქმა უნდა, ის რაც პროკურატურისგან გავიგეთ, ჩემთვის არ იყო ახალი, იმიტომ, რომ სიმართლე ერთია და ასეც უნდა ყოფილიყო“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოსო გოგოაშვილი.

რაც შეეხება მის მონაწილოებას და ბრალდებას, რომ უშუალოდ მონაწილეობდა მაჩალიკაშვილის დაჭრაში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა, გოგაშვილი აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახი „ნაციონალური მოძრაობის“ მითითებას ასრულებს.

„შეგიძლიათ ნახოთ ვახა ტერლოევის ფეისბუქპოსტები, რომელსაც აქვეყნებს – ერთი ნაწილი არის აბდა–უბდა, აზრს ვერ გამოიტან, ვერ მიხვდები რა დაწერა და არის მეორე ნაწილი, ძალიან გამართული იურიდული ტექსტებით, რომელსაც კონკრეტული ადამიანები უწერენ. ჩემზე ხან ამბობდა, თითქოს  ვიყავი ღამე, მერე ვიყავი დილას, მერე მივედი და დავემუქრე. მისი მეუღლე ჯერ ამბობდა, რომ არ ვყოფილვარ და ვერ დავადებ ხელსო, მაგრამ შემდეგ უთხრეს, რომ რასაც გეუბნებით ის თქვითო და აკეთებენ იმას, რასაც დამფინანსებლები ეუბნებიან. ვისგან იღებენ ფულს, ვის მესიჯბოქსებსაც იმეორებენ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ამას მე ძალიან მარტივად დავამტკიცებ.

ვაპირებ რეაბლიტაციას, რადგან სხვა გზა არ არსებობს, მართალი ადამიანი უნდა გამართლდეს. ყველა ბერკეტს გამოვიყენებ, რომ სიმართლე გაიგოს საერთაშორისო საზოგადოებამ. ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით რა მასალებიც მაქვს, მათ ისედაც აქვთ, რადგან ჩვენ ვთანამშრომლობთ და ერთმანეთს ვუცვლით ინფორმაციას ტერორისტებთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ჩართულობას ამ პროცესში, „ისლამური სახელმწიფოს“ გამოყენებას, დაფინანსებას, წახალისებას და წაქეზებას, ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება იქნება ძალიან საინტერესო და მე მაქსიმალურად უზრუნველვყოფ აშშ–ის ინფორმირებას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო გოგაშვილმა.