„ოცნებას“ სჭირდება მობილიზება და უნიათო ხელისუფლების იარლიყი, რომელიც მათ მიაკერეს, პასუხი უნდა გასცეს“

„ოცნებას“ სჭირდება მობილიზება და უნიათო ხელისუფლების იარლიყი, რომელიც მათ მიაკერეს, პასუხი უნდა გასცეს“

უსაფრთხოების საბჭოს მდივნის და დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტური გახდა. ლევან იზორიამ თანამდებობები დატოვა და საქამიანობას გერმანიაში, სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე გააგრძელებს. ლევან იზორია აცხადებს, რომ ელჩად დანიშვა ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა და მის მიერ დაზვერვისა და უსაფრთხოების საბჭოდან წასვლა არ უკავშიირდება მისი ძმის, კიტა იზორიას საქმეს.

„დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები და ჩვენ, იანვრის დასაწყისში, გვქონდა გაცხადებული იმასთან დაკავშირებით, რომ 27 იანვარს დავწერდი გათავისუფლების შესახებ განცხადებას, რათა გარკვეული დროც მქონოდა პირადი, ან ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად. მათ შორის, აგრემანზე მოთხოვნაა გაგზავნილი, რომელსაც თებერვლის შუა რიცხვებში ველოდებით. სავარაუდოდ, სწორედ თებერვლის მიწურულს იგეგმება ჩემი იქ ჩასვლა და ჩემი, როგორც ელჩის რანგში მოღვაწეობის გაგრძელება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ ლევან იზორია საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და უსაფრთხოების საბჭოს უფროსის თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ დაზვერვის სამსახურის თანამდებობაზე შს მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიას კანდიდატურა განიხილებოდა. თუმცა მაშინ განვითარებულმა მოვლენება ვითარება შეცვალა და დაზვერვის ნაცვლად, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა.

მთავრობის კულუარებში აქტიურად საუბრობენ სამთავრობო ცვლილებაზე, რომლის მიხედვით, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის და დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობას ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს. რაც შეეხება თავად პრემიერის თანამდებობას, არსებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას ისევ ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება სათავეში.

სწორედ ამ ნაწილში მოუწევს თანამდებობის დატოვება იუსტიციის მინისტრს თეა წულუკინას, რომელიც პოლიტიკურ მოღვაწეობას პარლამენტში გააგრძელებს. for.ge-ს ინფორმაციით იცვლება მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამტკიცებს, რომ მთავრობა ძალიან კარგად, შეხმატკბილებულად მუშაობს და შესაძლო ცვლილებებზე ინფორმაციის გავრცელება შავი პიარის ნაწილია.

„არ ვადასტურებ არანაირ სამთავრობო ცვლილებებს. ეს არის აგორებული შავი პიარი იმ მიზნით, წარმოჩინდეს, თითქოს რაღაც არასტაბილურობაა სამთავრობო გუნდში, რაც ტყუილია მეგობრებო. ძალიან კარგად, შეხმატკბილებულად ვმუშაობთ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და არ გვცალია ამ ჭორებისთვის“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნათია თურნავამ.

ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებს არ ელოდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ. ფეიკ ნიუსებს უწოდებს. მინისტრის განცხადებით, არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანია მოსახლეობაში არასტაბილურობის განცდის შექმნა.

„ჩვენი ოპოზიციური ძალებისა და მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, მოსახლეობას შეუქმნან არასტაბილურობის განცდა. სამთავრობო ცვლილებებზე – როგორც გიორგი გახარიას წასვლა, ბიძინა ივანიშვილის მოსვლა და შესაბამისად, რამე სახის სამთავრობო მნიშვნელოვან ცვლილებებზე არ გვაქვს საუბარი. აქედან გამომდინარე, კითხვა - მე დავრჩები თუ არა მინისტრთა კაბინეტში, აზრს მოკლებულია“, – განუცხადა ჟურნალისტებს მაია ცქიტიშვილმა.

ლევან იზორიას დაზვერვიდან დიპლომატიურ სამსახურში გადაყვანას, როტაციის პრინციპით მიღებულ ფორმას უკავშირებს ანრი ოხანაშვილი, რომლის განცხადებით, ეს ჩვეულებრივი მიმდინარე საკითხია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ეს არის საკითხი, რომელიც გარკვეულ დროს დგება.

„ზოგადად გეტყვით იმას, რომ ელჩების როტაციის პრინციპი მიღებული ფორმაა. ეს არის საკითხი, რომელიც გარკვეულ დროს დგება ხოლმე, შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე საკითხი ელჩის როტაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დეტალებს და სხვა კონკრეტულ საკითხებს, თქვენ შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართოთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

დაიწყო თუ არა საარჩევნო ცვლილები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ამის პროგნოზირება რთულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელისთვის. ირაკლი გოგავა for.ge–სთან ამბობს, რომ რთულია პროგნოზირება რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“, ეს მათი შიდა გუნდური თემაა. თუმცა როგორც გუგავა ამბობს, ერთი მახასიათებელი „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად აქვს – ითვალისწინებს საზოგადოებრივ აზრს, სკანდალებში გახვეულ თანამდებობის პირებს განზე გაწევს, რაც მისი თქმით, ცუდი არ არის.

„რაც შეეხება სისტემურ ცვლილებას, შესაძლოა გააკეთონ, შესაძლოა არა. ამას ვერ დავადასტურებ. თუმცა „ოცნებას“ ნამდვილად სჭირდება გარკვეული მობილიზება და უნიათო ხელისუფლების იარლიყი, რომელიც მათ მიაკერეს, ამას პასუხი უნდა გასცეს. როგორ გააკეთებს ამას? - შესაძლოა, ეს იყოს ივანიშვილის პრემიერეად დაბრუნება, მთავრობის ეფექტური მართვის განხორციელება, მობილიზება. ცნობილია, რომ ბევრი საკითხი კვირაობით ჰაერშია ხოლმე დაკიდებული, რაც კომუნიკაციის ვერტიკალის პრობლემა შეიძლება იყოს. თუ ამას გამოასწორებენ, ეს მათთვის კარგი იქნება“, – განმარტავს გოგავა.

კითხვაზე, საჭიროებს თუ არა ისეთ ძირეულ ცვლილებას „ქართული ოცნების“ მთავრობა, რასაც ჰქვია ივანიშვილის დაბრუნება, რათა რეალურად აიღოს მართვის ბერკეტები, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ამომრჩევლის 60%-ს არ აქვს გადაწყვეტილი ვის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევნს, გოგავა პასუხობს, რომ განახლება ნებისმიერი პოლიტიკური გუნდისთვის არის ტექნოლოგიის ნაწილი.

„მობილიზება და ეფექტური მუშაობა საჭიროა და ამას რად უნდა ლაპარაკი. თუ ივანიშვილი თავად გადაწყვეტს აიღოს პასუხისმგებლობა და ყოველდღიურ რეჟიმში თავად მართოს მთავრობა, რა თქმა უნდა, ცუდი არ უნდა იყოს.

არსებობს მეორე ვარიანტი – გახარიას მისცენ იმხელა მანდატი, რომ მან მართოს ეფექტურად მთავრობა, ესეც შესაძლებელია. საერთოდ, რთულია მართვა, როცა სრული მანდატი არ გაქვს მართვაზე. შეზღუდული ლიდერი ცოდვაა. ეს გამოწვევები აქვთ და როგორ გადაწყვეტენ ამას ვნახავთ“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.

ცვლილებები, რომ გარდაუვალია ამის შესახებ საუბრობს ექსპერტი გელა კვარაცხელია, რომლის განცხადებით ფუნდამენტალურად შეცვლება მთლიანი სამთავრობო კაბინეტი, თუ სხვა ტაქტიკა იქნება არჩეული და მისი თქმით, ამას რამდენიმე წინაპირობა აქვს.

„ცვლილებები აუცილებლად იქნება, მაგრამ ეს იქნება ეტაპობრივად ძირეული ცვლილებებისკენ წასვლა, თუ პირდაპირ იქნება ძირეული ცვლილებები, ამ ეტაპზე გამოკვეთილი არ არის. ეს დამოკიდებულია ამერიკის ახალი ელჩის ჩამოსვლასთან და სამთავრობო დელეგაციის ამერიკაში ვიზიტთან. ამიტომ, ცვლილებები გადაიდება, ამ ყველაფრის შეჯერების შემდეგ და ალბათ, თებერვლის ბოლოსკენ გამოიკვეთება ის სურათი, როგორ ტაქტიკას აირჩევს ხელისუფლება. თუ დაიწყება პირდაპირ ძირეული ცვლილებები, პრაქტიკულად დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გელა კვარაცხელია.

კითხვაზე, შექმნილი მდომარეობიდან გამომდინარე რამდენად აუცილებელია სამთავრობო ცვლილება, მით უმეტეს, რომ ეკონომიკის მინისტრის მტკიცებით მთავრობა შეხმატკბილებულად მუშაობს, კვარაცხელია პასუხობს:

„ცვლილებები შეხმატკბილებულობაზე არ არის დამოკიდებული. უფრო მეტსაც გეტყვით, ეს იქნება გამოწვული აუცილებლობით, ეფექტურობის დაცვით. შემოწმდება როგორც პირადი რეიტინგები, ასევე უწყებრივი რეიტინგები. ცვლილებები იმის მიხედვით იქნება, რომელი რამდენად ეფექტურია და ელექტორალურ ხმებზე რამდენად ახდენს გავლენას. მე ვფიქრობ, ახლა ის ეტაპია, რომ ერთმანეთს ცუდად არ დაემშვიდობებიან.

მიუხედავად იმისა, მეც მქონდა ინფორმაცია, რომ ბატონი იზორიას გადასვლა მზადდებოდა, მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცა საკითხები დაჩქარდა, გადაიხედა, რაღაცა უფრო სხვანაირად გამოჩნდება. ვნახოთ, თუ ხელისუფლება შეინახვს დაზვერვის ადგილს, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება რაღაცა ცვლილებები.

მინდა გითხრათ, რომ ცვლილებები გარდაუვალია, ეს არ ეხება იმას, ტკბილად არიან ერთმანეთთან, თუ დაპირისპირებულები. ცვლილებები იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ გაიზარდოს მმართველი ძალის ელექტორალური ეფექტურობა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გელა კვარაცხელია.

პრემიერის შეცვლას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლიც NDI-ის კვლევას იშველიებს და აცხადებს, რომ გიორგი გახარია რეიტინგული პრემიერია.

„ლაპარაკი იმაზე, რომ გახარია თუ არ შეიცვალა, ცუდ დღეში ჩავარდება „ქართული ოცნება“, ლოგიკურად არ მეჩვენება. ის რეიტინგის მქონე პრემიერია და რეიტინგული პრემიერი რომ სხვაგან გადაიყვანონ და უცნობი დანიშნონ, წამგებიანი იქნება. ნაცნობებში ლაპარაკია ივანიშვილის დაბრუნებაზე, რაც საერთოდ წამგებიანია. როცა ადამიანი იგივე კაბინეტში ორჯერ შედის, მით უმეტეს როცა თქვა - ქვეყანა თუ არ დაიქცევა, მომბრუნებელი აღარ ვარო.

ივანიშვილის მობრუნება მოსახლეობაში ნაწილობრივ გააჩენს დაქცევის განცდას. ასევე გააჩენს იმ განცდასაც, რომ თვითონ „ოცნებაც“ არის დაქცევის პირას. ივანიშვილის ამ ნაბიჯს გარკვეული დასკვნები მოჰყვება. ის შინაარსი რომელიც ამ ნაბიჯებში იქნება ჩადებული, შეიძლება არ იყოს სახარბიელო „ოცნებისთვის“. შეიძლება არ აღიქვას მოსახლეობამ ეს ნაბიჯები როგორც განახლების ნიშნები, რადგან მოსახლეობას უკვე აღარ აქვს იმის გარანტია, რომ ბიძინა მოვა და გვეშველება. შეიძლება ერთ წელიწადში ბიძინამ ისევ თქვას, რომ წავედიო. რისთვის გაკეთდება ამგვარი ცვლილებები, სიმართლე გითხართ ჩემთვის გაუგებარია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.