„დასავლეთი ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ არაფრის ღირსი არაა, მაგრამ არც „ნაცები“ წყვეტენ დემოკრატიული ციდან ვარსკვლავებს“

„დასავლეთი ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ არაფრის ღირსი არაა, მაგრამ არც „ნაცები“ წყვეტენ დემოკრატიული ციდან ვარსკვლავებს“

„ნაცებს“ იმედი მიეცათ კონგრესმენთა წერილიდან და ევროპარლამენტართა მესიჯებიდან გამომდინარე. „ნაციონალები“ ამბობენ, რომ მთავარი დესტაბილიზაცია ივანიშვილია და დასავლეთი მათ დაეხმარება ამ დესტაბილიზაციის მოშორებაში.

„ნაციონალები“ ფიქრობენ, ჩვენი პარტნიორები ელოდებიან საქართველოში პოლიტიკურ ცვლილებებს, რადგან ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საზოგადოებისგან სრულ იზოლაციაშია. ამიტომ მას ერთადერთი რამ დარჩენია- ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. თუ ასე არ მოხდა, მეორე სცენარია დარჩენილი - საქართველოს მოქალაქეთა აღშფოთება.

„ნაციონალთა“ პარალელურად, „ევროპული საქართველოს“ მოწოდებაც არ აყოვნებს, „მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვკონცენტრირდეთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაზე“.

არის თუ არა დასავლეთის სურვილი, ისევ „ნაციონალებზე“ დადოს ფსონი? თუ დასავლეთის კრიტიკული ტონის მიუხედავად, „ნაციონალებს“ ნამდვილად არ აქვთ სასიხარულო, რადგან „ქართული ოცნების“ კრიტიკა სულაც არ ნიშნავს კარტ-ბლანშს „ნაციონალებისთვის“?

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი სულაც არ ფიქრობს, რომ დასავლეთი „ნაციონალებს“ დაეხმარება. კონფლიქტოლოგის აზრით, დასავლეთი ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ არაფრის ღირსი არ არის, მაგრამ არც „ნაცები“ და არც სხვები წყვეტენ დემოკრატიული ციდან ვარსკვლავებს.

„ჩვენ უკვე გავიარეთ „ნაცმოძრაობის“ პერიოდი, რაც დასავლეთშიც კარგად იციან. დასავლეთი არავის არ დაეხმარება, უბრალოდ, დააკვირდებიან დემოკრატიულად ჩატარდება თუ არა არჩევნები და, შესაბამისად, საქართველოს მიუჩენენ იმ ადგილს, სადაც მისი ადგილია. ასე რომ, არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც სხვა პოლიტიკური ძალა დღეს საქართველოში არ აღიქმება არც სიახლესთან, არც დემოკრტიასთან. ყველა, ვინც დღეს ჩანს საქართველოში, წარსულის პარტიებია და ყველას ვიცნობთ კარგად. საქართველოში არის უნიკალური სიტუაცია ახლა, რაც არ ყოფილა არასდროს. კომუნისტებიდან მოყოლებული, ყოველთვის ველოდით ვიღაც გმირს, ან რაღაც ძალას, რომელიც იმყოფებოდა ჩრდილში და ქართველ ერს იმედებს უჩენდა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში და კონკრეტულ მაგალითებს იხსენებს.

კერძოდ, კომუნისტების დროს არსებობდა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა - „მრგვალი მაგიდა“, ამის შემდეგ, „მრგვალი მაგიდის“ დროს, უკვე იყო შევარდნაძე, მოსკოვში მოღვაწე საგარეო საქმეთა მინისტრი, და არსებობდა იმის მოლოდინი, რომ, ბოლოს და ბოლოს, შევარდნაძე გვიშველიდა; შევარდნაძის დროს უკვე იყვნენ ახალგაზრდები-ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გარკვეული იმედები მათ მიმართაც გაჩნდა. სააკაშვილის დროს კი იყო იმედი, აი, ივანიშვილი გამოჩნდა და ახლა კი გვეშველება. სულ ვიღაც ეგონათ მშველელად, რომელიც ნისლში იყო გახვეული და ოდესმე გვიშველიდა. დღეს კი ასეთი გმირი არ არსებობს და, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ეს კარგია.

კონფლიქტოლოგს მიაჩნია, რომ ამერიკა და ევროპა კარგად ხედავენ, საქართველოში უკვე არსებული პარტიებიდან ვინ რისი მაქნისია. მათ ისიც იციან, რომ არავინ არაფრის მაქნისი არ არის განსაკუთრებულად, ამიტომ არავინ არ დაუჭერს მხარს რომელიღაც ძალას, მაგრამ ყველა დაუჭერს მხარს დემოკრატიულ პროცესებს და დააკვირდებიან, როგორ ჩატარდება არჩევნები საქართველოში.

„თუ ექიმი ხედავს, შენ არ მკურნალობ და წამალს არ სვამ, ან კიდევ ოპერაცია გაქვს გასაკეთებელი და არ იკეთებ, გეტყვის, რომ შენი ბრალია და თავს დაიღუპავ. დასავლეთის დამოკიდებულებაც ჩვენს მიმართ დაახლოებით ამის მსგავსია. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს, მათთვის მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის ნებას, ანუ ამ დისკრედიტირებული პარტიების რიგში ვის უფრო მეტად ენდობა ქართული საზოგადოება. ეს უნდა გამოიკვეთოს გამჭვირვალე, სანდო, პრინციპულ არჩევნებში. თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს ღირსეულად, არ იქნება გაყალბება და თვალში საცემი საეჭვო ვითარება, მაშინ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერენ მხარს დასავლეთში. თუ „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ დაუჭერს მხარს ქართველი ხალხი და ეს გამოჩნდება გამჭვირვალე არჩევნებში, დასავლეთიც „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ დაუჭერს მხარს. თითქმის დარწმუნებული ვარ, დასავლეთს არ ჰყავს ფავორიტი საქართველოში, მისი ფავორიტია ქართველი ხალხი, ქართველი ხალხის ნება. დასავლეთის ამოცანა იქნება, არა ვიღაცას დაუჭიროს მხარი, არამედ დაიცვას ქართველი ხალხის ნება, რომ ეს ნება შეესაბამებოდეს პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატთა რაოდენობას. ისინი არჩევნების შემდეგ გვეტყვიან, ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ გაიმარჯვებდა, ჩვენ ვიცით, რომ გამარჯვება მოპოვებულ იქნა ღირსეულ, თანასწორ პირობებში და დასავლეთი მხარს დაუჭერს იმას, ვინც გულწრფელად და დამსახურებულად გაიმარჯვებს“, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ილუზიაა, თითქოს დასავლეთი ფსონს ჩამოდის ვიღაცაზე. სინამდვილეში, დასავლეთი არავისზე ფსონს არ ჩამოდის, ის ხედავს ხარვეზებს და მათი მოთხოვნილებაა, საქართველოში ჩატარდეს კონკურენტული არჩევნები.

„დასავლეთს რატომ უნდა უნდოდეს „ნაცები“, რომელთა შესახებაც, აგრეთვე, სერიოზული იმედგაცრუება იყო 2012 წლამდე? დასავლეთს პირიქით გაუხარდება, ალტერნატიული ძალები თუ გამოჩნდებიან. მე ვისურვებდი და ამის პესპექტივა არსებობს, თუ ხელისუფლება ადეკვატურად მოიქცევა, რომ საერთოდ დავასრულოთ ერთპიროვნული მმართველობა, უკვე წლევანდელ არჩევნებზე მივიღოთ მულტიპარტიული დემოკრატიული სისტემა, ანუ კოალიციური ხელისუფლებები, რაც თავისთავად გამორიცხავს ძალაუფლების უზურპაციას. ასე რომ, ვერც „ნაცი“ იქნება ექსკლუზიურად ხელისუფლებაში, ვერც „ქოცი“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

         

ზურაბი პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დაღუპვა. ვიდრე ეს ერთკაციანი პარტიები იბრძოლებენ საბიუჯეტო ფულისათვი,მისთვისაც უნდათ პროპორციული არჩევნები კოალიციური მთავრობა,როგორ წარმოგიდენიათ ბოკერია, სამადაშვილი, ღარიბაშვილი,გახარია ერთ მთავრობაში. რამე სასიკეთო გამოვა აქედან?
4 წლის უკან