„თუ ევროპარლამენტი ასე იწყებს საქართველოსთან ურთიერთობას, ე.ი. ტემპერატურას აღარ დასწევს ქვემოთ“

„თუ ევროპარლამენტი ასე იწყებს საქართველოსთან ურთიერთობას, ე.ი. ტემპერატურას აღარ დასწევს ქვემოთ“

საქართველოს მთავრობამ და, კერძოდ, გიორგი გახარიამ ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ გამოგზავნილი კრიტიკული წერილი გაასაჯაროვა, რომელსაც ხელს აწერენ ადამ კიზინგერი, ჯერალდ კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკოლი. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, რამდენიმე მძიმე წერილი კიდევ მზადდება გახარიას სახელზე, თუმცა რეალურად, ყველამ იცის, რომ გახარიას ნაცვლად ამ წერილების ადრესატი ივანიშვილია.

დასავლეთმა არაერთი გასაკრიტიკებელი მოუძებნა მმართველ გუნდს: ანაკლიის პორტის სამიზნედ ქცევა, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, პროპორციული არჩევნების უგულებელყოფა, ამერიკულ და ევროპულ კომპანიებზე ზეწოლა, პოტენციური ინვესტორების დაფრთხობა და რეგიონში პუტინის გავლენის სამომავლო გაძლიერება.

რას ნიშნავს დასავლეთის მხრიდან საჯარო წერილების გამოგზავნის ტრადიცია, ამის შესახებ For.ge-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ბრიუსელშიქართული ოცნებისგანკითხვის დღე მოეწყო, რასაც მოჰყვა 4 კონგრესმენის წერილი გახარიას მისამართით. რატომ იგრძნობა ერთი ტონალობა ამერიკასა და ევროპაში საქართველოს ხელისუფლების მიმართ და, ნაწილობრივ, ხომ არ აიხსნება ეს იმით, რომქართული ოცნებისსაგარეო გუნდმა დატოვა მმართველი პარტია? „ნაცებისხელწერა იგრძნობა ამაში, თუ სკრუპულოზურად იმუშავა დასავლეთმა საქართველოში?

- მე მგონი, დასავლეთი ხედავს რეალობას. საქართველო ითვლება დასავლეთისთვის კავკასიაში ყველაზე სანდო პროდასავლურ დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ასე რომ, თუ საქართველოში მოხდა რევიზია, ეროზია დემოკრატიისა, ეს დასავლეთს არ მოეწონება. ისინი გარკვეულ რესურსებს ჩვენში დებენ, არა მარტო ინტელექტუალურს, ასევე, ფინანსურსაც, გვეხმარებიან და რატომ უნდა დაეხმარონ სახელმწიფოს, რომელიც დემოკრატიაზე უარს ამბობს?! ისინი უფრო მკაცრები და პრინციპულები არიან დემოკრატიულთან ახლოს მყოფ სახელმწიფოებთან, ვიდრე ავტორიტარულ რეჟიმებთან. ავტორიტარულ რეჟიმს ისედაც არ ადარდებს დემოკრატია, მას თავისი „დემოკრატია“ აქვს და ამბობს, მე ჩემი „დემოკრატია“ მაქვს, დამანებეთ თავი, თქვენი არც ფული არ მინდა, არც არაფერი, ჩემი ნავთობი მაქვს და მივხედავ საკუთარ თავს. დემოკრატიული სახელმწიფოს პრეტენზია კი ვისაც აქვს, ისინი ამბობენ, მე ვარ დემოკრატიული, მომეცით ფული, დამეხმარეთ, მე მჭირდება ტერიტორიული მთლიანობა, არაღიარება, ამ მოთხოვნების საპასუხოდ დასავლეთი ინტერესდება, კი მაგრამ, დემოკრატიულები ხართ? მაშინ მაჩვენეთ, როგორ ტარდება თქვენთან არჩევნები, როგორ ამართლებთ თქვენდამი წაყენებულ მოთხოვნებს, ატყუებთ თუ არა საკუთარ ხალხს, როგორია თქვენი სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები, უმცირესობის უფლებები, ანუ, დასკვნა ასეთია - თუ ხარ დემოკრატი, იყავი დემოკრატი. მათ აინტერესებთ, ვის რაში აძლევენ ფულს და პოლიტიკურ მხარდაჭერას. თუ შენც ისეთივე ხარ, როგორც რუსეთია, რატომ უნდა დაგიცვან რუსეთისგან? სულ ახლახანს აირჩიეს ევროკავშირის პარლამენტის ახალი შემადგენლობა და ეს არის პირველი შეფასება ევროკავშირისა მას შემდეგ, რაც ის ახალი შემადგენლობით შეიქმნა.

ასეთი მძაფრი, მკაცრი კრიტიკა ევროკავშირიდან საქართველოს არ ჰქონია არასდროს. პირველივე შეფასება ძალიან პრინციპული იყო. კი ბატონო, შეიძლება ვთქვათ, რომ ევროპარლამენტის რომელიღაც დეპუტატები ასე მკაცრად აფასებენ ვითარებას, მაგრამ სად არიან სხვა დეპუტატები, რომლებიც დადებითად აფასებენ ჩვენს ხელისუფლებას? უხეშად რომ ვთქვათ, თუ ეს „ნაცების“ ნამუშევარია, მზად ვარ, მივიღო ეს არგუმენტი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ გვაჩვენებს, თავად მისი ნამუშევარი სად არის? რა, „ოცნებას“ არ ჰყავს მოკავშირეები ევროკავშირში? გარდა ამისა, „ნაცების“ და „ევროპული საქართველოს“, ან „ქართული ოცნების“ დაკრულზე დასავლეთში არ ცეკვავენ, ისინი თავად ხედავენ, რაც ხდება საქართველოში. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ამერიკელი კონგრესმენების შესახებაც. განა „ოცნებას“ არ ჰყავს მეგობარი კონგრესმენები და მხოლოდ „ნაცებს“ ჰყავთ მეგობრები? თუ პირიქით, კონგრესს არ სჭირდება მეგობრები, რადგან თვითონ ხედავს, რაც აქ ხდება, აქ საელჩო აქვს, აქ არსებობენ ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები.

ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჯოხი გადატყდება, როგორც საკუთარ ლობისტებზე, ისე უცხოეთში მოღვაწე ქართველ დიპლომატებზე?

- კი ბატონო, ლობისტებს ქირაობენ და მათ საკმაოდ დიდ ფულს უხდიან, რათა გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვონ დასავლეთში. რაც შეეხება საქართველოს საელჩოების წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, მათ მოხვდება საკმაოდ სერიოზულად, მათ გაწკეპლავენ, რადგან ამ ადამიანებს, ალბათ, ევალებათ, გაასაღონ არადემოკრატიული საქართველო დემოკრატიულად, მათ ევალებათ, გაასაღონ საქართველო, სადაც ჩატარდა კენჭისყრა 14 ნოემბერს და თურმე შემთხვევით და მოულოდნელად ჩაუვარდათ პროპორციული სისტემა. ეს ხომ სასაცილოა. ამიტომ ვერ ახერხებენ ტყუილის სიმართლედ გასაღებას. ამის მიუხედავად, ჩვენი საელჩოები, ალბათ, მიიღებენ ამაზე სერიოზულ შენიშვნას.

კუჭავა-ციხელაშვილის შემყურე, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ბრიუსელში ისინი მორიდებულად ისხდნენ და თავდაცვასაც არ ცდილობდნენ. ეს იმით აიხსნება, რომ წუთნახევარი ჰქონდათ აზრის გამოსახატად, თუ სათქმელიც არაფერი იყო?

- ძალიან ძნელია ტყუილის საუბარი. მით უმეტეს, ორივე ახალგაზრდაა, მომავალზე ფიქრობენ, პერსპექტივა აქვთ, სულაც არ უნდათ, ჩაყვნენ „ქართულ ოცნებას“ უფსკრულში, ორივეს გარკვეული კავშირები აქვს დასავლეთთან. წარმომიდგენია მათი მდგომარეობა, ისიც წარმომიდგენია, საჯაროდ როგორ ელაპარაკნენ და კულუარებში როგორ დაელაპარაკებოდნენ?! სულ გაატყავებდნენ მათ.

კუჭავა და ციხელაშვილი კიდევ დარჩებიან ბრიუსელში და კულუარებშიც გაიმართება მათი შეხვედრები. მოახერხებენ კი ევროპარლამენტართა გადარწმუნებას?

- ჯერ ერთი, დელეგაცია ძალიან სუსტია. როგორც წესი, ასეთი სუსტი დელეგაციები ასე დიდხანს არ მუშაობს. აშკარად ჩანს, ევროპაში გაუშვეს ხალხი ინგლისურის ცოდნიდან გამომდინარე, თორემ, ზოგადად, ქეთევან ციხელაშვილს შიდა საქმეები ეხება, მას ეხება აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი. ახლა, პრაქტიკულად, ის ევროპაშია, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციას ასრულებს. მინისტრი, რომელსაც ევალება საშინაო პრობლემები, კონფლიქტები, დღეს საქართველოს იცავს საგარეო დარტყმისაგან, რაც მისი ფუნქცია არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი არ ჰყავთ და უცხოეთში უშვებენ ადამიანებს, ვინც კარგად იცის ინგლისური. წესით, ევროპაში უნდა იმყოფებოდეს ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ან მისი მოადგილე.

ზალკალიანს აღარ ენდობიან? სხვათა შორის, დავით ზალკალიანი თავს იმშვიდებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერა აქვს და წერილებზე მეტად მნიშვნელოვანი პირადი კონტაქტებია.

- ამით თავს ვერ დაიმშვიდებენ. მახსენდება, სააკაშვილის დროს ვენეციის კომისიას კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა საქართველოსთან მიმართებით და მაშინ სააკაშვილმა თქვა, ბუკიკიომ სმს-ი გამომიგზავნა, ყველაფერი კარგად არისო. ზალკალიანის ნათქვამი მეტყველებს, როგორ უჭირს მასაც, ეს კრიზისის მანიშნებელია, როცა ამბობს, რომ საჯარო გამოსვლებზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია კულუარული კონტაქტებიო. ასე არ არის, მით უმეტეს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ეს ახლად არჩეული ევროპარლამენტია. ამიტომ „ოცნებას“ ვურჩევ, კარგად დაფიქრდეს ამაზე. თუ ევროპარლამენტი ასე იწყებს საქართველოსთან ურთიერთობას, ე.ი. ტემპერატურას აღარ დასწევს ქვემოთ, მათ სჭირდებათ, ნამდვილი, რეალური დემოკრატია.

ეს წერილები და განცხადებები საქართველოსთვისაც საშიში იქნება, თუ მხოლოდ ხელისუფლებისთვის?

- ხელისუფლება წარმოადგენს საქართველოს. ძალიან მკაცრი შეფასებები გაკეთდა, თუ თქვენ გინდათ ევროკავშირში შესვლა, თუ თავს თვლით ევროპელებად, კეთილი ინებეთ და გვაჩვენეთ, რომ ხართ ევროკავშირში შესვლის ღირსები და ხართ ევროპელები. სწორედ ეს იყო სულისკვეთება. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველო არ არის მზად ამისთვის, საქართველომ ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა უკან, ევროპიდან და არა ევროპისკენ. შემაშფოთებელია, რომ ახალი ევროკავშირი კრიტიკული იქნება და მკაცრად დააკვირდება საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებს. გულახდილად გეტყვით, დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ ეს არ ადარდებს, მათ დიდი ხანია, გაუწყდათ შუბლის ძარღვი და ისინი პრინციპულად აზარტშიც კი არიან, გაიმარჯვონ და მოიპოვონ ხელისუფლება.

რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ან ქვეყნის შიგნით, ისინი უკან არ დაიხევენ. მათ ჩააგდეს კენჭისყრა, სპექტაკლიც დადგეს, თეთრი ძაფითაა ნაკერი ყველაფერი. მათ არ აინტერესებთ არც ამერიკა, არც ევროკავშირი, სხვათა შორის, არც რუსეთი. მათ აინტერესებთ საკუთარი თავის გადარჩენა, ეს არის დღეს მთავარი „ქართული ოცნებისთვის“. ნუ ველოდებით, რომ უკან დაიხევენ, ისინი უკან არ დაიხევენ. ამიტომ ოპოზიცია უნდა შეიკრას, გამთლიანდეს, მყარი იყოს არჩევნებამდე და ცალსახად და მკაფიოდ უნდა თქვას, შერეული სისტემა? კი ბატონო, მაგრამ მთელი მობილიზაცია უნდა მოხდეს, რომ შერეული სისტემით დაამარცხონ „ქართული ოცნება“.

Aburjga Tasmanieli ეს ადამიანი უკვე გაცდა ყველა ზღვარს და ბარიერს, რასაც დამოუკიდებელი-სუვერენული სახელმწიფოს ინტერესების მსახურება ჰქვია! ადრე მეგონა კეთილი და წესიერი კაცი იყო. ახლა ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი სულგაყიდული ფლიდია! აი ასეთები დასავლეთის ბრჭყვიალა ფასადის წინ მუხლებზე დაცემულები ანადგურებენ ქართულ სახელმწიფოებრიობის უკანასკნელ ნიშნებს! ამ საიტზე მიხვდნენ, რომ ძმები ბერძენიშვილების ატანა აღარ გვაქვს და ახლა ამ (არ ვიცი კორექტულად რა ვუწოდო?) სუბიექტის ლიბერალური აბდაუბდის ტირაჟირება დაიწყეს! არც მინდა დავიხარჯო ამ ბრიყვული აზრების განხილვაზე, მაგრამ სულ არაფერი თუ არ ვუთხარით ისეც არ იქნება. სტატიაში ჩანს რამხელა წარმოდგენა აქვს ტავის თავზე და სინამდვილეში რა არარაობაცაა აზროვნების მხრივ. აქაურ იუზერებს ძიას, პაპას, მავერიკს, რომას მინდა გთხოვოთ აქვე საკადრისი პასუხი გასცეთ ამ საშინელ კაცს, ყველა იმ სისულელეზე და მავნებლურ სიცრუეზე რაც ამ ინტერვიუში დაროშა! იქნებ წაიკითხოს და ობიექტურობის, სიმართლის, პატრიოტიზმის რაღაც ოდნავი ნაპერწკალი მაინც გაუკრთეს მის გაუკუღმართებულ რესპუბლიკურ ტვინში.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli აქვე მინდა გაცნობოთ რომ პუტინმა თანამდებობიდან გაუშვა თავისი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რომელიც კურირებდა აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და მოგვიანებით დონბასის საკითხებსაც! ეს კი მომასწავებელია, რომ რუსეთი აპირებს ძირფესვიანად გადახედოს თავის მიდგომებს ამ საკითხებთან მიმარტებაში!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რაც შეეხება ამ რესპუბლიკელს დავიწყოთ მისი აზრების გარჩევა პირველივე მისი პასუხი შოკისმომგვრელია. ზაქარე დემოკრატიული სახელმწიფოს პრეტენზია კი ვისაც აქვს, ისინი ამბობენ, მე ვარ დემოკრატიული, მომეცით ფული, დამეხმარეთ, მე მჭირდება ტერიტორიული მთლიანობა, არაღიარება, ამ მოთხოვნების საპასუხოდ დასავლეთი ინტერესდება, კი მაგრამ, დემოკრატიულები ხართ? მაშინ მაჩვენეთ, როგორ ტარდება თქვენთან არჩევნები, როგორ ამართლებთ თქვენდამი წაყენებულ მოთხოვნებს, ატყუებთ თუ არა საკუთარ ხალხს, როგორია თქვენი სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები, უმცირესობის უფლებები, ანუ, დასკვნა ასეთია - თუ ხარ დემოკრატი, იყავი დემოკრატი. მათ აინტერესებთ, ვის რაში აძლევენ ფულს და პოლიტიკურ მხარდაჭერას. თუ შენც ისეთივე ხარ, როგორც რუსეთია, რატომ უნდა დაგიცვან რუსეთისგან? " მინდა ამ გამლენჩებულს ვკითხო, ჯერ ერთი როდის დაგვიცვა ამ ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთისაგან? სწორედ მას მერე რაც რუსეთს ვუთხარით წადი შენი, შენი არაფერი გვინდა,არც მეგობრობა, არც რესურსები, აღარც თქვენი ბაზარი.... ჩვენ მოვძებნეთ ჩვენი განვითარებისახალი დასავლური ვექტორი, კოლექტიურ დასავლეთს მივანდეთ ჩვენი სამშობლოს ბედ-იღბალიო, სწორედ ამის მერე მოხდა ჩვენი ტერიტორიების სამხედრო ანექსია და ოკუპაცია! და ჩვენს ძირძველ ტერიტორიებზე 2 ახალი სახელმწიფო შეიქმნა!!! ეს არის მოკავშირის მიერ მტრისგან დაცვა?! ახლა რაც შეეხება ფულს. ზაქარეიშვილისგან ვიგებთ, თურმე ფულს გვიხდიან იმაში, რომ ჩვენ უარი ვთქვთ ჩვენს სუვერენიტეტზე და ამ გადახდილი თანხის ნაცვლად ყიდულობენ უფლებას უცერემონიოდ ჩაერიონ ჩვენი სამშობლოს საშინაო საქმეებში! რადგანაც რომელ საარჩევნო სისტემას აირჩევს ქართველი ხალხი ეს ნამდვილად ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეა! თუ ამისი უფლებაც არ გვაქვს, თუ მეტროპოლია როგორც კოლონიას გვიწესებს საარჩევნო სისტემას რაღა სუვერენულ სახელმწიფოზეა საუბარი?! ან ეს ვაჭრუკანული მიდგომა რაა აი შენ ფული და მე რასაც გეტყვი ისე უნდა მოიქცე! დასავლეთის მიერ საქართველო დიდი ისტორიის და უძველესი კულტურის სახელმწიფოდ განიხილება თუ ქუჩის პირას მდგომ პუტანად, რომელიც ყველაფერ უწმაწურობაზეა ფულის სანაცვლოდ წამსვლელი??!! საკვირველია ღმერთმანი ეს ზაქარეიშვილი როგორ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო მინისტრი?!
კიდევ უარესი, ფულსაც არავინ იხდის!!! ახლა ვნახოთ ვის უხდის აშშ და ევროპა ფულს საქართველოში? - მხოლოდ თავიანთ ლეგალურ მსტოვრებს - მათ მიერვე დაარსებულ ათასი ჯურის არასამთავრობო ორგანიზაციებს და ფონდებს ხომ არა?! აი ისეთებს როგორიცაა" საერთაშორისო გამჭვირვალეობა", "თავისუფლების ინსტიტუტი" და უამრავი მათნაირი, რომლებიც აშკარად დგანან ანტიეროვნულ პლატფორმაზე და სძულთ ყოველგვარი ქართული, ტანსაცმელი, საჭმელი, ღვინო, ცეკვა-სიმღერა! გაგრძელება იქნება!)))
4 წლის უკან
Goliaff პასუხი თავში დასმულ კითხვაზე: ევროპელი ჩინოვნიკები, პარლამენტარები არაფრის მაქნისი, მმართველი კლასის ლაქიებია, მათზე მაღლა ამერიკრლი კონგრესმენებია, ამერიკელი მმართველი კლასის ლაქიები, ევროპელები კი მათ ვასალებს წარმოადგენენ, შესაბამისად ერთი და იგივე დღის წესრიგი გამოსდით. საქართველოს მთავრობა და მმართველი ელიტა უფრო დაბალი საფეხურია ამ პირამიდაში, მათი საქმე ევროპაში, ამერიკადი გამგზავრება და ფორთხვით პატიების თხოვნა. ვინ შეეცდება “თავის აზრზე” დარჩეს “ფერადი რევოლუცია” ელოდება.
4 წლის უკან
Maverick Aburjga Tasmanieli, პაატა ზაქარეიშვილი არის ხუხა 2, მედროვე, წარუმატებელი ყოფილი ჩინოვნიკი, რომელმაც ისე უსახურად წარმართა მასზე მინდობილი დარგი, რომ ოცნებამ თავისი გემბანიდან მოისროლა, ახლა კი ბოღმისაგან და შურისაგან ისე დაბრმავდა ლიბერტარიანობს და მუცლით მეზღაპრეობს.

წერილთან დაკავშირებით იგი არ უნდა დამალულიყო (მგონი მაკკეინის სული ჩაუსახლდა კონგრესმენებს), ყოჩაღ ბატონ გახარიას!

რაც შეეხება საგარეო უსაქმურობის სამინისტროს და მის "დიპკორპუსს" როგორი უფერული მინისტრიც ყავთ, ისეთივე ელჩებით (ეს გარკვეულწილად სათბურის ელჩებს ეხებათ) არის წარმოჩენილი!
4 წლის უკან