ლევან ვარშალომიძეს არავინ ემუქრება და არც არავინ აპირებს მასზე თავდასხმას

ლევან ვარშალომიძეს არავინ ემუქრება და არც არავინ აპირებს მასზე თავდასხმას

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დავით ბაციკაძე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძისათვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას ითხოვს. 

ბაციკაძემ ლევან ვარშალომიძის სახლის წინ ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ აჭარის ყოფილმა ჩინოვნიკმა ქვეყანაში შექმნილი სულ სხვა რეალობა ვერ გააცნობიერა და იგი კვლავაც სარგებლობს იმ სიკეთეებით, რაც არსებობდა მისი მოღვაწეობის პერიოდში მთელი რვა წლის განმავლობაში. უფრო მეტიც, მისი თქმით, ლევან ვარშალომიძემ და მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რომ უკანონო ქმედებები ამ ქვეყანაში აღარ გავა.

ამდენად, დავით ბაციკაძე მოითხოვს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან, ლევან ვარშალომიძეს მოეხსნას დაცვა და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა შეჩერდეს.

For.ge დავით ბაციკაძეს ესაუბრა.

დავით ბაციკაძე: დღესდღეობით ლევან ვარშალომიძე არის ჩვეულებრივი მოქალაქე. შესაბამისად, სპეციალური დაცვის სამსახურის შესახებ კანონი მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების დაცვას ითვალისწინებს. ასეთი პირები კი არიან პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, აჭარის ან  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, პრეზიდენტის განკარგულებით, კანონი გულისხმობს იმ ადამიანების დაცვასაც, ვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება. ლევან ვარშალომიძე კი ამ კატეგორიაში არ შედის, რადგან არავის გაგვიგია, რომ პროკურუტურაში რაიმე საქმე იყოს აღძრული იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან ვარშალომიძეს ვინმე ემუქრება ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს, რათა ვინმეს დასაცავი გახდეს. უბრალოდ, დაცვის სამსახური ჯერ კიდევ ემორჩილება პრეზიდენტს. ამდენად, დაცვა ყოვლად უკანონოდ გამოუყვეს ვარშალომიძეს და მისთვის პრიორიტეტები დღესაც გრძელდება. იგი დაახლოებით 20 კაცის (ოპერატიული, გარე დაცვა, პირადი დაცვა) მომსახურებით, ანუ ყველა იმ სიკეთით სარგებლობს, რითაც უმაღლესი საბჭოს მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში სარგებლობდა, რაც  უკანონობაა.

დაცვის შესანახად რა თანხებზეა საუბარი?

- დაახლოებით 20 კაცის ხელფასი უნდა ვიანგარიშოთ. მათ შორის არიან ოპერატიული სამსახურის ბიჭები, რომლებსაც სახელმწიფო დაცვაში მაღალი ანაზღაურება აქვთ, 1000 ლარამდე ხელფასზეა საუბარი. ვარშალომიძის პირად დაცვასაც ამდენივე თანხა ექნება. ამას ემატება გარე დაცვა. მაგალითად, დღეს მის სახლს სამი კაცი იცავდა მორიგეობით. მის დასაცავად სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა კონტინგენტი მუშაობს. 20 კაციანი ჯგუფის წლიური ანაზღაურება კი, საერთო ჯამში, ასი ათას ლარზე მეტი გამოვა. 

ლევან ვარშლომიძეს 28 ოქტომბერს არ შეუწყდა უფლებამოსილება?

- დიახ, ჩვენი უმაღლესი საბჭოს არჩევისთანავე ლევან ვარშალომიძეს შეუწყდა უფლებამოსილება, მაგრამ იგი დროებით უფლებამოსილებას ასრულებდა, სანამ არ ავირჩიეთ არჩილ ხაბაძე, მთავრობის თავმჯდომარე. არჩილ ხაბაძის არჩევის შემდეგ კი ვარშალომიძე არავითარი თანამდებობის პირი აღარ არის. კანონის შესაბამისად, ვარშალომიძე არ შედის იმ ადამიანთა ნუსხაში, ვისაც დაცვა ეკუთვნის. ამიტომ ვამბობ, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება, რადგან მიხეილ სააკაშვილი თავის დაქვემდებარებაში მყოფ დაცვის სამსახურს უკანონოდ იყენებს. ამ თანხებს კი ბიუჯეტიდან ისტუმრებს. ვარშალომიძის დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დღეს აღნიშნა, რომ უკვე ერთი წელიწადია, ამ სახლს ვიცავო. ანუ, არაფერი შეცვლილა. თავიდან გვეგონა, რომ ესენი კერძო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ, სინამდვილეში, ესენი არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები. ამ კანონდარღვევის გამო პროკურატურას მივმართავ. ჩემმა სამდივნომ უკვე გაამზადა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაგზავნი წერილი, რომლითაც მოვითხოვთ, გაგვარკვიონ, თუ რატომ ემსახურება ეს ხალხი ლევან ვარშალომიძეს. სხვათა შორის, პრეზიდენტის საიტზეც ვეძებეთ შესაბამისი დადგენილება, რომლითაც უნდა მიენიჭებინა პრეზიდენტს ლევან ვარშალომიძისთვის დაცვის უფლება, მაგრამ ასეთი დადგენილება ვერ აღმოვაჩინეთ, არ არსებობს ბუნებაში. როგორც ჩანს, საერთოდ არ გაითვალისწინეს, არ დაფიქრდნენ ამაზე, რადგან ისინი მიჩვეულნი იყვნენ ასეთ ცხოვრებას.

ლევან ვარშალომიძის გარდა ასეთი უპირატესობა კიდევ ვის მიანიჭა პრეზიდენტმა?

- რამდენადაც ვიცი, ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიასაც ჰყავდა აღნიშნული დაცვა, დღესაც ყოფილ მინისტრებს სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები დაჰყვებათ და ეს ინფორმაცია გადასამოწმებელია. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მიხეილ მახარაძესაც ჰყავდა დაცვა, მაგრამ 28-ში მიხეილ მახარაძემ მანქანაც მოიყვანა და უმაღლეს საბჭოში დატოვა, რომლითაც იგი ბოლო დღემდე, ანუ 28-მდე სარგებლობდა. მიხეილ მახარაძე კანონის შესაბამისად მოიქცა, განსხვავებით, ვარშალომიძისგან. ამასთან, მას დაცვა შეუწყდა და ახლა არავინ ემსახურება. გარდა ამისა, აჭარაში დაცვა ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა აღნიშნა, რომ, ფაქტობრივად, არ არსებობს ისეთი თანამდებობის პირი, რომლის სახელიც პროკურატურის ბაზაში არ ფიგურირებდეს. მათ შორის, ვარშალომიძის მიმართ რა კუთხით შეიძლება აღიძრას საქმე?

- ჩემი აზრით, ძალიან საეჭვოა ბათუმის ცენტრში ერთ ლარად გასხვისებული არაერთი ქონება. თუ გახსოვთ, გმირების მოედანი, რომელიც შუაზე გაყვეს და მისი ნახევარი სულ რაღაც ერთ ლარად გადასცეს თურქულ კომპანიას, სადაც სახლი უნდა აშენებულიყო. ეს ჩვენში ეჭვს იწვევს, რადგან იგივე მიწა სხვისთვის რომ მიეცათ, ნებისმიერი კომპანია საკმაოდ დიდ თანხად იყიდდა. ეს არ არის ინვესტიცია, როცა ლარად ასხვისებ მიწას. ძალიან ბევრი ქართველი ბიზნესმენი ვიცი, თუნდაც იმავე უკრანიაში ან დასავლეთ ევროპაში, მათთვის რომ შეგვეთავაზებინა ეს მიწები, საკმაოდ დიდ თანხასაც გადაიხდიდნენ და ფულსაც ჩადებდნენ. ამიტომ, ეჭვი მიჩნდება, რომ ეს მიზანმიმართული კორუფციული გარიგებები იყო.

თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ვარშალომიძის შესახებ აღნიშნა, რომ მას მეუღლეც ვერ მოუყვანია, სახლიც არ აქვსო.

- ის სახლი, სადაც დღეს ჩავატარე პრესკონფერენცია, თითქმის მთლიანად შეისყიდა მისმა ოჯახმა - მამამ და ძმამ, მეზობლები გაუშვეს და იქ დავაც იყო ამის გამო. ამასთან ერთად, ამ სახლის მოშორებით არის კომერციული ფართი, რომელიც თავიდან კომკავშირს ეკუთვნოდა და ამის შემდეგ ახალგაზრდობის სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა. ზუსტად ეს ფართიც ვარშალომიძის ოჯახს აუქციონზე კაპიკებში აქვს ნაყიდი. ასე რომ, მისი მეუღლის მოყვანა ამასთან დაკავშირებული არ არის, მშვენივრად აქვს ბიუჯეტის ფულები გახარჯული. ამას დამტკიცება უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კორუფციაშიც უშუალოდ იგი იყო გარეული, რადგან ერთ ლარად გასხვისებული მიწების არ მჯერა, სადაც დღესაც არ მიმდინარეობს სამუშაოები. ისეთ ადგილებში გაასხვისა ერთ ლარად ბათუმში მიწა, რომ ის მიწა თავისი ვალდებულებებით რომ გაგვეყიდა, აუცილებლად მილიონად იყიდდა ინვესტორი. მან ამაში ფული აიღო და ეს მიწები გადასცა უცხოელ ან ადგილობრივ ინვესტორებს.