თომას დე ვაალი:

თომას დე ვაალი:"ცუდი მეზობლით შეშფოთებული"

საქართველოს ბოლოდროინდელი არჩევნების შემდეგ ყველაზე დიდი ყურადღება რუსეთის საკითხს დაეთმო, რაც სავსებით გასაგებია, რადგან თუ საქართველოს ახალ პრემიერმინისტრზე ვინმემ რამე იცის ეს ისაა, რომ მან თავისი დიდი ქონება რუსეთში შეიძინა.

ანალიტიკოსები ცუდი მეზობლის გამო შფოთავენ. საქართველოს რუსეთთან ურთიერთობებში, ალბათ, ბევრი არაფერი შეეცვლება, მაგრამ ურთიერთობა თურქეთთან შეშფოთების უფრო დიდ საბაბს იძლევა.

როდესაც ივანიშვილის კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობაზე გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა, უამრავმა კომენტატორმა დღის წესრიგში რუსეთის საკითხი დააყენა და სტატიები ასე დაასათაურა ”რუსეთის გამარჯვება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში.”

ყველაზე საგანგაშო სტატიები მოსკოველი პრო-დასავლელი კომენტატორებისგან მოდიოდა, რომელთაც მიხეილ სააკაშვილი მიამიტად აღიარეს კერპად. ზოგიერთი ამ კომენტარიდან საქართველოსადმი კოლონიალურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა, სურვილს ბერტოლდ ბრეხტის ცნობილი ფრაზის ციტირებისა – ”გავყაროთ ხალხი და ავირჩიოთ ახალი”. მაგალითად, იულია ლატინინას ერთ-ერთ სტატიას ერქვა ”საქართველოს ოპოზიციამ გააკეთა ის, რაც რუსულმა არმიამ ვერ შეძლო”.

რეალურად კი ქართველთა უმეტესობა ხედავს განსხვავებას რუსულ არმიასა და რუსულ ფულს შორის, საიდანაც ბევრი უკვე საქართველოშია ინვესტირებული.

ივანიშვილის რუსული ბიზნესწარსული დამაინტრიგებელი ამბავია. ბიჭი, რომელიც წარმოშობით ცენტრალური საქართველოს სოფლიდან იყო, ღარიბ ოჯახში გაიზარდა, 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში და 1990-იან წლებში იქ, ძირითადად ბანკის, ”რუსკი კრედიტის” მეშვეობით თავისი კოლოსალური ქონება დააგროვა. ეს ქონება ახლა ექვს მილიარდ დოლარზე მეტადაა შეფასებული. რუსეთში ივანიშვილი რამდენიმე უფრო მეტად წინააღმდეგობრივ ფიგურასთან თანამშრომლობდა, ასეთი იყო მაგალითად წარმოშობით უზბეკი მაგნატი ალიშერ უსმანოვი. მან თავი პოლიტიკაშიც მოსინჯა და 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა ალექსანდრე ლებედს, რომელიც შემდგომში ბორის ელცინის მთავრობაში ეროვნული უშიშროების დარგში მრჩევლად მუშაობდა.

ივანიშვილმა რუსეთი 2002 წელს დატოვა, ჯერ საფრანგეთში წავიდა, მერე საქართველოში. მას შემდეგ ის რუსეთში აღარ დაბრუნებულა. როდესაც გასულ წელს ქართულ პოლიტიკაში შესვლა გადაწყვიტა, მან განაცხადა, რომ გაყიდის მთელ თავის ქონებას რუსეთში და რომ ეს ქონება მისი თქმით, მთელი მისი სიმდიდრის ერთ მესამედს შეადგენს.

ამაზე მეტი მოსაყოლი არც არაფერია. ივანიშვილი ჩუმი მაგნატი იყო და რეალურად არ იმსახურებდა ”ოლიგარქის” სახელს, რადგან საჯარო ცხოვრებაში თითქმის არ მონაწილეობდა. თითქმის ყველა ეჭვი, რომელიც მის გარშემო ტრიალებს ირიბია და არ არსებობს აშკარა კავშირები პუტინთან და კრემლთან. იმ პერიოდში რუსეთში მცხოვრები სხვა მილიარდერების ბიოგრაფიები ბევრად უფრო საინტერესო მასალას იძლევა, მაგალითად ბიოგრაფიები რომან აბრამოვიჩისა, ბორის ბერეზოვსკისა, ვლადიმერ გუსინსკისა, მიხეილ ხოდორკოვსკისა და თუნდაც ქართველი კახა ბენდუქიძისა, რომელიც სააკაშვილის მთავრობაში ეკონომიკის მინისტრად მუშაობდა.

ის იმას არ ნიშნავს რომ ივანიშვილის რუსულ წარსული უცოდველი იყო, მაგრამ რაიმე ხელმოსაკიდი რომ ყოფილიყო, ვფიქრობ სააკაშვილის ორი მხარდამჭერი ტელევიზია, “რუსთავი 2″ და ”იმედი” აუცილებლად გამოიტანდნენ ამ ინფორმაციას დღის სინათლეზე სენსაციური კომენტარით – მათ ხომ ასეთი ჩვევა ჰქონდათ, სააკაშვილის ოპოზიციის წევრებს ყოველთვის პრო-რუსის აირლიყით სვრიდნენ. არადა მათ თითქმის მთელი წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ რაიმე ეღონათ.

ასე რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ისე შევიდა, როგორც tabula rasa. პირველი მოკავშირეები, რომლებიც მან აირჩია, ორი პრო-დასავლური პარტია იყო, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან განაცხადა, რომ თავისი წინამორბედებივით უერთგულებს პრო-დასავლურ პოლიტიკას. მის მიერ დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მანამდე, სანამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული საელჩოებია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ლაპარაკი ზედმეტია.

არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ ქართველების უმეტესობის სურვილია, რუსეთი არსებით პრობლემად არ იქცეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ძირითადად ეკონომიკაზე სწუხან, მაგრამ არა სურთ, რომ საქართველო რაიმე კომპრომისზე წავიდეს ტერიტორიულ მთლიანობასთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ამავე დროს ბევრ ქართველს ძალიან უნდა, რომ აღდგეს ვაჭრობა რუსეთთან, რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს ქართული მინერალური წყლები და ღვინო – ეს კი, ალბათ, ისედაც მოხდება, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გამო.

20 წლიანმა პოლიტიკურმა კონფლიქტმა რუსეთთან დაჩრდილა უფრო ღრმა ისტორიული რეალობა: რიგითი ქართველი უფრო მჭიდრო სიახლოვეს გრძნობს რუსებთან, ვიდრე ბევრ სხვა ერთან, მათ შორის ამერიკელებთანაც. ჩაიხედეთ ზედაპირს მიღმა და თქვენ ქართულ კულტურულ განწყობებში ”უცხოს” უფრო ძველ წარმოდგენას გადააწყდებით. ეს უცხო თურქია და არა რუსი. მთელი ისტორიის მანძილზე საქართველოს სახელმწიფოებრიობას ოსმალეთი უფრო უქმნიდა საფრთხეს, ვიდრე რუსეთი, ამ დროს კი რუსები დროდადრო იცავდნენ კიდეც ქრისტიანულ საქართველოს მუსულმანი სპარსებისა და თურქებისაგან.

კავკასიის კვლევისა და რესურსცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ქართველები ქართველი ქალების რუსებზე გათხოვებას უფრო ეთანხმებიან (41 პროცენტი თანახმაა, ხოლო 51 პროცენტი წინააღმდეგი), ვიდრე ამერიკელებზე და განსაკუთრებით თურქებზე (21 პროცენტი თანახმაა და 74 პროცენტი – წინააღმდეგი). მსგავსი პასუხებია იმ კითხვაზეც, თუ ვისთან ისურვებდნენ ბიზნესის წარმოებას ქართველები.

სააკაშვილის მთავრობის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მათ ძალიან ბევრი გააკეთეს ანტი-თურქული სტერეოტიპების დასანგრევად და ცდილობდნენ უკეთესი ურთიერთობების კულტუვირებას თავის ყველაზე პრო-დასავლელ მეზობელთან. ამ წლის დასაწყისში, ორმა ქვეყანამ უვიზო რეჟიმის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამ შეთანხმების თანახმად, საზღვრის გადასალახავად ორივე ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის საიდენტიფიკაციო დოკმენტები სჭირდებათ. თურქეთი იქცა საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორად. 2012 წლის პირველ სამ კვარტალში სავაჭრო ბრუნვამ ერთ მილიარდს გადააჭარბა .

შავი ზღვის საკურორტო ქალაქ ბათუმში, რომელიც ორი ქვეყნის საზღვართან მდებარეობს, თურქული ფული და ქართული პოლიტიკა ერთმანეთს შეერწყა. ბათუმი სააკაშვილის საყვარელი პროექტი იყო, მისი ორგანიზებულია ექსტრავაგანტური მშენებლობები, რომლის შედეგია ჰილტონი, შერატონი, რედისონი და კაზინოების ჯაჭვი.

ყველაფერს ამას ნეგატიური რეაქცია მოყვა. ბათუმი 1878 წლამდე ოსმალთა იმპერიის ნაწილი იყო და გარშემო რეგიონში ჯერ კიდევ ცხოვრობს დიდი მუსულმანური პოპულაცია. ადგილობრივი ნაციონალისტი პოლიტიკოსები, მართლმადიდებლურ ეკლესიაზე დაყრდნობით, აღვიძებენ შიშს მათ ქალაქში ნეოოსმალური ექსპანისიის შესახებ, რადგან სამუშაო ადგილებს თურქი მუშები დაიკავაბენ, ხოლო ქრისტიანები უმუშევარნი დარჩებიან. გეგმამ, რომლის თანახმადაც ოსმალეთის იმპერიის დროს აშენებული და სტალინის ეპოქაში დანგრეული მეჩეთი უნდა აღდგეს, ნაციონალისტური სენტიმენტებისთვის მეხამრიდის ეფექტი შექმნა. ერთმა ადგილობრივმა პოლიტიკოსმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ თუ მეჩეთი აღდგება, ის ისურვებდა მისი განადგურების მოწმე გამხდარიყო.

თუ თბილისში ივანიშვილის მომხრეებს დემოკრატიული ელფერი ჰქონდათ, ბათუმში სწორედ ეს ნაციონალისტები შეადგენდნენ ”ქართული ოცნების” წინა ხაზს. ”ქართულმა ოცნებამ” პარლამენტი ჩაიბარა. დუმბაძემ ბათუმის პარლამენტში მოიპოვა მანდატი.

ახლა გაიჟღერებს თურქთა ემიგრაციისა და თურქეთთან ვაჭრობის შეზღუდვის მოთხოვნები. თურქული ექსპორტი მართლა ათჯერ აღემატება სხვა ქვეყნებისას, რაც წინა მთავრობის მიერ შექმნილი დაუბალანსებელი ეკონომიკის სიმპტომია. მაგრამ შეცდომა იქნება, თუ საქართველოს მთავრობა ნაციონალისტურ ფრთას თავის ყველაზე კარგ მეგობარ მეზობელთან გაუცხოვების საშუალებას მისცემს. სწორედ ეს საკითხი და არა რუსეთი შეიძლება გახდეს ივანიშვილის პირველი საგარეოპოლიტიკური გამოწვევა.
foreignpress.ge