2011 წელს ფინანსური კრიზისი, ხოლო 2012 წელს ქვეყნის კოლაფსია მოსალოდნელი

2011 წელს ფინანსური კრიზისი, ხოლო 2012 წელს ქვეყნის კოლაფსია მოსალოდნელი

წყლის გადასახადი გაძვირდა, მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა შემცირდა და მგზავრობის საფასური გაძვირდა. უკვე გააქტიურდა საუბრები, რომ მალე, შესაძლოა, ნარჩენების გატანაზეც გააიზარდოს გადასახადი. მომავალი წლიდან მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებზე ერთიან ქვითარს მიიღებს და წყლის გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, ელექტროენერგიის გარეშე დარჩება.

და ეს ხდება იმ მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფონზე, როცა ქუჩაში, კვლავ ათასობით ადამიანი გამოდის. როგორც ექსპერტები აფასებენ საზოგადოება დენთის კასრზე ზის და არავინ იცის ეს კასრი როდის აფეთქდება.

„ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთ ლიდერი, თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე თბილისში ტარიფების გაზრდას ბიუჯეტის პრობლემას უკავშირებს და 2011 წელს ფინანსურ კრიზისს, ხოლო 2012 წლიდან კოლაფსს წინასწარმეტყველებს.

თუმცა, რა, როგორ და რატომ ხდება ამ კითხვებზე პასუხს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც პრესა.გემ ვიქტორ დოლიძესთან ჩაწერა.

წყლის ტარიფისა და მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან თითქოს, განმარტებები მოვისმინეთ, მაგრამ საზოგადოებას რჩება განცდა, რომ ხელისუფლების არცერთი განმარტება არგუმენტირებული არ არის. თქვენი სუბიექტური აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით როგორია?

–ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ ობიექტურები. თავიდანვე, როდესაც საკრებულოში შემოვედით, ყველა პოლიტიკურ ძალასთან და მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვთქვით, რომ პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო ჯანდაცვა და სოციალური სფერო. სამედიცინო სფერო დეპოლიტიზირებული უნდა იყოს და იძლეოდეს შედეგს. ამ საკითხებზე ორიენტირებული მოვედით და ასე ვაგრძლებთ.

როგორც ჩანს, თქვენი სურვილი არ იქნა გაზიარებული და ალბათ, ეს იყო მიზეზი, რომ  თავისუფალმა დემოკრატებმა 2011 წლის ბიუჯეტს დამტკიცებას მხარი არ დაუჭირეთ?

–2011 წლის ბიუჯეტს იმიტომ არ დავუჭირეთ მხარი, რომ ეს არის არაკანონზომიერი ბიუჯეტი, რომელიც შემცირებულია 123 მილიონი ლარით და ეს აუცილებად  აისახება ხალხის ყოფა-ცხოვრებაზე. სხვათა შორის, 2010 წლის ბიუჯეტი შეადგენს 730 მილიონ ლარს, ხოლო 2011 წლის ბიუჯეტი კი – 660 მილიონი ლარით განისაზღვრა, ამიტომ, როცა ამ ბიუჯეტშიც კი არ არის გათვალისწინებული ჯანდაცვითი სისტემის, როგორც მასშტაბური, ისე მიკრო პრობლემები, როგორ გადაჭრის ამ პრობლემებს 2011 წლის ბიუჯეტი? მაგალითად, შაქრის დიაბეტი ადრეულ ასაკში, რომლის დაფინანსებისთვის სულ რაღაც 60 000 ლარია საჭირო,  ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული.

ამასთან ერთად, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წლევანდელი ბიუჯეტის მხოლოდ 92% შესრულებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 37 მილიონი ლარი, რომელიც გრანტის სახით უნდა წამოსულიყო – არ წამოსულა. ხელისუფლება თვლის, რომ ეს დავალიანებაა, თუმცა ამ დიდ დანაკარგზე არავინ ფიქრობს და, სწორედ ამას მოჰყვა ტარიფების გაძვირებაც.

როგორც პოლიტიოსები და ექსპერტები ამბობენ, 2007 წლის ხელშეკრულების თანახმად, წყლის გადასახადი 5 წლის განმავლობაში არ უნდა გაძვირებულიყო. რატომ დაირღვა ეს ხელშეკრულება?

–ეს, არა მარტო 2007 წლის ხელშეკრულებით იყო გათვალიწინებული, არამედ უგულავას ბოლო გამოსვლიდანაც ჩანდა. მან განაცხადა, რომ არანაირი გადასახადი არ გაძვირდებოდა, თუმცა ამას მთლად მუნიციპალიტეტებსაც ვერ დავაბრალებთ. აქ სხვა პრობლემებია, კერძოდ, დედაქალაქის ბიუჯეტის 75% ნოტარიულია, ანუ გრანტებზეა გათვალისწინებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ 25%–ს განაგებს ხელისუფლება.

როგორც არ უნდა იყოს, მაშინ, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, რამდენად ადეკვატურია გადასახადების გაზრდის გადაწყვეტილების მიღება?

–ტრანსპორტის გაძვირებამ, ძალიან ცუდად იმოქმედა მოსახელობაზე, თუ აქამდე ადამიანს ერთი ადგილიდან მეორეზე მისასვლელად მხოლოდ ერთი ტრანსპორტი სჭირდებოდა, ახლა რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა მოუწევს. პირველი მგზავროვა 0.5 ლარი ეღირება, ხოლო ყველა მომდევნო 0.3 და 0.2 ლარი. თუმცა, რომ გამოვითვალოთ, დღის განმავლობაში, ერთი ადამიანის ტრანსპორტზე დანახარჯი, საშუალოდ 1.5–2 ლარს შეადგენს. რაც შეეხება წყლის ტარიფს, თუ აქამდე ადამიანი  2.4 ლარს იხდიდა ახლა 3.15 ლარი უნდა გადაიხადოს.

ბიუჯეტის შემცირება როგორ იმოქმედებს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე?

–პირდაპირ შეიძლია გითხრათ, რომ ამ  მიმართულებისთ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. როდესაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველთა ბაზაში 1 800 000 ადამიანს აფიქსირებს, რეალურად, დღეს 2 200 000 ადამიანია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და ამდენივე ითხოვს დახმარებას. მართალია, ხელისუფლებამ მათი რიცხვი შეამცირა, თუმცა თითოეული მათგანის შენახვა სახელმწიფოს სულ რაღაც 0,72 ლარი უჯდებოდა.

თქვენი პარტია ხშირად ახსენებს მოსალოდნელ სოციალურ ბუნტს, რამდენად რეალურია, რომ ამჟამინდელმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ ბუნტამდე მიიყვანოს ქვეყანა?

–სოციალური ბუნტი, ალბათ, მოსალოდნელია, თუმცა ჩვენ გვირჩევნია, რომ კონსტიტუციური გზით მოვაგვაროთ პრობლემა.

ამისთვის რა ბერკეტები გაქვთ ხელთ?

–ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი პოზიცია შევინარჩუნოთ. ფართო ინტეგრაცია მოვახდინოთ ხალხში, ვცდილობთ უფრო მეტი ოფისები გავხსნათ, რათა ახლო ურთიერთობა გვქონდეს ხალხათან, ასევე ყოველდღე გვაქვს გასვლები სხავადსხვა რეგიონებში. ჩვენ უნდა შევცვალოთ არა მარტო ხელისუფლება, არამედ ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობა.