ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „ფრონტერასა“ და გაზისა და ნავთობის კორპორაციას შორის თურმე დავა მიმდინარეობდა, თუმცა ამის შესახებ თითქმის არავისთვის ცნობილი არ იყო. ეს ყოველივე სულ ცოტა ხნის გახდა ცნობილი და დეტალები კი, საერთოდაც, ახლახან გაირკვა.
2019 წლის ზაფხულში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 2018 წლის აუდიტორული ანგარიშგება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ 2018 წლის ივლისში „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ“ „ფრონტერას“ მიერ საქართველოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დარღვევის გამო საარბიტრაჟო დავა დაიწყეს. საქმე კომპანიის მიერ ქართულ მხარესთან დადებული ხელშეკრულების PSA (შემოსავლის გაყოფის) მუხლების დარღვევას უკავშირდებოდა. კიდევ ერთი მუხლი აღნიშნულ დავაში, ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის მოსაკრებელში არსებული დავალიანება იყო, რომლის გადახდასაც კომპანია თავს არიდებდა.
2018 წლის სექტემბერში კი „ფრონტერამ“ საპასუხო საარბიტრაჟო დავა წამოიწყო და ქართული მხარისგან მიუღებელი მოგების ანაზღაურება მოითხოვა. კომპანია სარჩელში 2012-2027 წლების „მიუღებელი მოგების“ ანაზღაურებას ითხოვს, რასაც 3.5 მილიარდ დოლარად აფასებს. 2019 წლის იანვარში „ფრონტერა“ ლონდონის საფონდო ბირჟის ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრიდან მოიხსნა. ვაჭრობიდან მოხსნის მიზეზს საფონდო ბირჟაზე „ფრონტერას“ დანიშნული მრჩევლის, კომპანია Cairn Financial Advisors პოზიციიდან გადადგომა წარმოადგენდა, ხოლო ასეთი მრჩევლის არსებობა კი, თავად აღნიშნული ბირჟის მოთხოვნას წარმოადგენდა. კომპანიის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებში სოლიდური ზარალი იყო მითითებული. კომპანიის მთლიანი შემოსავალი 2018 წლის 6 თვეში 1 832 407 დოლარს, ხოლო სრული ზარალი კი - 6 978 138 დოლარს შეადგენდა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის მიმდინარე დავის შესახებ განცხადებები ვაშინგტონში გაკეთდა.
რამდენიმე დღის წინ, კონგრესმენმა მარკვეინ მულინმა გააკეთა განცხადება და საქართველოს სახელმწიფოს ამერიკელი ინვესტორის მიმართ სამართლიანი თამაშის წესების გამოყენებისკენ მოუწოდა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში კი აცხადებენ, რომ ამჟამად დავა საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს, თავად საქმის განმხილველი არბიტრები კი ორივე მხარის მიერ არის შერჩეული. „საარბიტრაჟო წარმოება frontera Resources Georgia corporation-ის წინააღმდეგ დაიწყო კონტრაქტიდან გამომდინარე და კონტრაქტით გათვალისწინებული დავის მექანიზმების გამოყენებით. არბიტრაჟი მიმდინარეობს საერთაშორისოდ აღიარებული საარბიტრჟო წესების მიხედვით. მხარეებმა პარიტეტულ საწყისებზე ჩამოაყალიბეს საარბიტრაჟო ტრიბუნალი. არბიტრაჟის ერთი წევრი კორპორაციისა და სააგენტოს მიერაა დანიშნული, მეორე - Frontera Resources Georgia-ს მიერ, ხოლო მესამე მათ მიერ შერჩეულია. ამდენად, დავის განმხილველი არბიტრაჟი არის ობიექტური, მიუკერძოებელი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. დავის დაწყების დღიდან ქართული მხარე თავს იკავებს კომპანიის საქმიანობაში ყოველგვარი ზედმეტი ჩარევისგან. ჩვენ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მოლოდინში ვართ და ვიმოქმედებთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, აბსოლუტურად ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ კორპორაციის ან სააგენტოს დევნის ან ექსპროპრიაციის მცდელობებს მიმართავს“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ კორპორაციის მრჩეველმა ვაჟა ხიდაშელმა.
აღსანიშნავია, რომ „ფრონტერამ“ უკვე გამოთქვა მზაობა, უარი თქვას 3.5 მილიარდი დოლარის მოთხოვნაზე, თუმცა ამ მოთხოვნასთან ერთად, კომპანია სხვა მოთხოვნებსაც აყენებს. კორპორაციაში გამოთქვამენ იმედს, რომ საქმეზე განაჩენი 2020 წლის პირველ ნახევარში გამოცხადდება.
„ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სარჩელი ეხებოდა რამდენიმე დარღვევას, რაც განახორციელა „ფრონტერამ“. კერძოდ, დარღვევა შეეხება საკონტრაქტო ტერიტორიის უდიდესი ნაწილის - 99%-ის დაუბრუნებლობას. აღნიშნული ვალდებულება „ფრონტერას“ ჰქონდა 2017 წლის ნოემბერში, გარდა ამისა, არსებობს კიდევ რიგი დარღვევები, რომლებიც მათ შორის ეხება პროდუქციის განაწილებას, რომლის გამოც, ჩვენ მივმართეთ არბიტრაჟს. როდესაც შევიტყობთ შინაარსს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემდგომ, უკვე, ჩვენ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას. სადავო თანხა მცირე არ არის. თავს ავარიდებ ამ ეტაპზე მის დასახელებას. რამდენიმე ალტერნატიული მოთხოვნა არის დაყენებული, შესაბამისად, კონკრეტული ციფრებისგან თავს შევიკავებ.
ჩვენ ამ ეტაპზე სრული მასშტაბით მხარს ვუჭერთ იმ სასარჩელო მოთხოვნებს, რომლებიც დაყენებული გვაქვს“, - ამბობს „ბიემთან“ ხიდაშელი.
„ფრონტერა“ საქართველოში 1997 წელს შემოვიდა. 1997 წელსვე კომპანიამ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ხელი მოაწერა ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში „XII სალიცენზიო ბლოკზე“.
„ფრონტერას“ მოპოვებითი ინფრასტრუქტურა ტარიბანის ველზე, მწარეხევში და სოფელ მირზაანში მდებარეობს (გარე კახეთი). კომპანიას თითოეულ პუნქტში რამდენიმე ჭაბურღილი აქვს განთავსებული. „ფრონტერა“ საქართველოში ორი შპს-ის მეშვეობით შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიასა“ და „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია“-ს მეშვეობით ოპერირებს.