კიკე სეტიენის ბარსელონური დებიუტიც შედგა. მოგეხსენებათ, ბეტისის ყოფილმა დამრიგებელმა რამდენიმე დღის წინათ ერნესტო ვალვერდე შეცვალა კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
ვალვერდეს წასვლას ხმაური მოჰყვა. მის სავარაუდო შემცვლელად ამჟამად ყატარში მომუშავე ჩავის მოიაზრებდნენ. შეხვდნენ კიდეც მას მაგრამ ჩავიმ უარი თქვა. შუა სეზონში გუნდს არ ჩავიბარებ, ზაფხულში კი მზად ვარო. ჩავის გუნდის ნულიდან აწყობა და თავისი საფეხბურთო ფილოსოფიის დამკვიდრება სურდა.
ბარსას ხელმძღვანელობამ კი მკითხაობა აღარ დაიწყო და ახალ დამრიგებლად კიკე სეტიენი დანიშნა.
რა შეიძლება ითქვას, ერთი თამაშით რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. „ბარსელონას“ ცუდად არ უთამაშია, თუმცა ჟინი აშკარად აკლდათ. ჩანს სეტიენი ტიკი-ტაკას მომხრეა, ყოველ შემთხვევაში, ვალვერდეს დროს გუნდი ცოტა სხვაგვარად თამაშობდა, ამჯერად კი დაბალი ტემპი და უამრავი მოკლე პასი. ბურთის ფლობა 73 პროცენტი.
გამარჯვების გოლი ლეო მესიმ გაიტანა, რომელიც არტურ-ვიდალის ლამაზ კომბინაციას მოჰყვა. ჩილელმა მეტოქის საჯარიმოში ქუსლით მისცა პასი არგენტინელს და ამ უკანასკნელს გატანა არ გასჭირვებია.
სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. ერთხელ ძელსაც მოარტყეს ბურთი. მერე კი რიცხობრივ უმცირსობაში დარჩნენ და კონტრშეტევებზე აღარ უფიქრიათ.
„ბარსელონა“ ისევ გალიდერდა, თუმცა კატალონიელებს და „რეალს“ თანაბარი 43-43 ქულა აქვთ.