რამდენიმე დღის წინ, საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა კიდევ ერთი ტერორისტული აქტის შესახებ ამცნეს საზოგადოებას, რომელიც არ შედგა.
სპეცსამსახურებმა გააუვნებელყვეს ორი ნაღმი. ისინი დისტანციური მართვის პულტით უნდა აფეთქებულიყვნენ მაშინ, როდესაც წყნეთის გზაზე ზურაბ ჟვანიას მანქანა გაივლიდა. პარლამენტის თავმჯდომარე მუდმივად წყნეთში ცხოვრობს, ამდენად არავითარი ეჭვი არ შეიძლება არსებობდეს იმის თაობაზე, რომ ამჯერად ტერორისტებს სწორედ იგი ჰყავდათ მიზანში ამოღებული.
როგორც ჩანს, საქართველოში ტერორისტული „ამბოხის“ ახალი ეტაპი იწყება. ამ ეტაპს წინა პერიოდის ბევრი თვისება და უცნაურობა ახასიათებს - იდუმალებით არის მოსილი ტერორისტული აქტის მომზადების წინა პირობა, ხოლო ოფიციალური ფიგურები ვარაუდითაც კი არ ასახელებენ, თუ ვის შეიძლებოდა სდომოდა ახალი ტერორისტული აქტის ორგანიზება საქართველოში. სავარაუდო კი ნამდვილად არის. უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, ტერორისტული აქტების ახალი სერია ხელს აძლევთ იმ ადამიანებს თუ ძალებს, რომელთაც ამით სურთ დაამტკიცონ, რომ იგორ გიორგაძე არ არის ერთადერთი, ვისაც ძალუძდა და ძალუძს საქართველოში ტერაქტების ორგანიზება. უფრო ზუსტად, იგორ გიორგაძის „იმიჯი“ კვლავ გამოიყენება შირმად, რომლის მიღმა ჭეშმარიტი მკვლელი იმალება. იმავე ძალებმა მოკლეს გია ჭანტურიაც, სოლიკო ხაბეიშვილიც, გია გულუაც და ბევრი სხვაც, ვისი ვინაობა საზოგადოებამ არ იცის, ვინაიდან ისინი განსაკუთრებულ ფიგურებს არ წარმოადგენდნენ.
ჯერ კიდევ 1995 წელს, იგორ გიორგაძის საქართველოდან გაქცევისთანავე, გამოითქვა ორიგინალური აზრი, რომლის თანახმად, უშიშროების ყოფილი შეფი არ ყოფილა მკვლელობათა მთავარი ორგანიზატორი და ავტორი. მკვლელობები „მხედრიონმა“ დაგეგმა და აღასრულა, მაგრამ პოლიტიკურ ელიტას იმ დროს ხელს არ აძლევდა ნამდვილი დამნაშავისა და მკვლელის დასახელება, ვინაიდან თავად ჰქონდა შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი ამ „ურჩხულის“ შექმნაში. ამიტომ, იგორ გიორგაძე იქცა მთავარ დამნაშავედ. რასაკვირველია, გიორგაძესაც ხელი სისხლში აქვს გასვრილი, მაგრამ ის მაინც „რიგითი“ არამზადა იყო. „მხედრიონელ“ მგლებს: ჯაბა იოსელიანს, გიგა გელაშვილსა და სხვებს - იგორ გიორგაძის „ლიდერობა“ სასაცილოდაც არ ეყოფოდათ. ეს რასაკვირველია, არ ნიშნავს, თითქოს იგორ გიორგაძე და მის ზურგს უკან მდგომი რუსეთის სპეცსამსახურები „არაფერ შუაში იყვნენ“ და საერთოდ არ მონაწილეობდნენ ტერორისტული აქტების ორგანიზებაში.
რუსეთი სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული შევარდნაძის ლიკვიდაციით - ამის გაკეთება კი იმ დროს მხოლოდ „მხედრიონის“ ხელით შეიძლებოდა - რათა რუსეთის „უშუალო ჩარევა“ მინიმალური ყოფილიყო. „მხედრიონი“ არ შედგებოდა „კრემლის აგენტებისაგან“ - უბრალოდ, მათ საკუთარი ინტერესები ჰქონდათ, სულ არ აინტერესებდათ არც საქართველოს „საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია“ და არც ის, თუ ვინ გახდებოდა „პირველი კაცი“ საქართველოში ედუარდ შევარდნაძის შემდეგ. მათ იცოდნენ მხოლოდ ერთი რამ: თუ შეძლებდნენ შევარდნაძის მოკვლას, ქვეყანა უეჭველად „აირეოდა“, დაიწყებოდა ანარქია და მათი „ძმაკაცები“ ციხეებიდან გამოვიდოდნენ. სხვა არაფერი მათ არ აინტერესებდათ.
სწორედ აქ არის გასაღები იდუმალებით მოსილი „ტერაქტისა“ (რომელიც არ შედგა) - ზურაბ ჟვანიას წინააღმდეგ. კრიმინალური სამყაროსათვის ხელისუფლება ყოველთვის მიუღებელია: ნებისმიერი ხელისუფლება, - როგორიც არ უნდა იყოს იგი და რა პოლიტიკასაც არ უნდა ატარებდეს. ამდენად, უცხო ძალა, თუ იგი სახელმწიფოში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს, უეჭველად შეუწყობს ხელს კრიმინალურ-პოლიტიკური ფენომენის წარმოშობას და მის პოლიტიზაციას. ამ დაინტერესებაში უნდა ვეძიოთ „მხედრიონის“ კრიმინალურ-პოლიტიკური ფენომენის წარმოშობისა და მისი გაძლიერების მიზეზები.
რასაკვირველია, კრემლის სპეცსამსახურებს არაფერი გამოუვიდოდათ, რომ არა ეს ჩვენი „ბრძენი“ საზოგადოებრივი ელიტა და არანაკლებ „ბრძენი“ და „ზნეობრივი“ პოლიტოკრატია, რომელიც, შემდგომ თავად გახდა მსხვერპლი მის მიერვე შექმნილი ურჩხულისა.
მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მეტად საინტერესოა იმ პერსპექტივის დანახვა, რომელიც რუსეთის წინაშე იშლებოდა „წარმატების“ შემთხვევაში. ვახტანგ გოგუაძეს, რასაკვირველია, ტყუილად „აბრალებენ“ შევარდნაძის წინააღმდეგ „შეთქმულებაში“ მონაწილეობას. „აფეთქების“ შესახებ მან არაფერი იცოდა, მაგრამ დავსვათ კითხვა: რა საჭიროა, რომ სცოდნოდა? იქ, სადაც ტერაქტი დაიგეგმა, შესანიშნავად უწყოდნენ რომ სახელმწიფოს მეთაურის „მკვლელობის“ შემდეგ დროებით სწორედ ვახტანგ გოგუაძე გახდებოდა საკვანძო ფიგურა. პოლიტიკურ ძალთა განლაგება ისეთი იყო, რომ პარლამენტი ნებას არ დართავდა რაიმე დამატებითი ორგანოს შექმნას. რასაკვირველია, ვახტანგ გოგუაძე მოიქცეოდა ისე, როგორც საკუთარი რწმენა უკარნახებდა, ანუ ისე, როგორც ხელს აძლევდა მოსკოვს.
რაკი ზურაბ ჟვანიას მარშრუტზე ნაღმები აღმოჩნდა, - ეს უეჭველად იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი მას არ ენდობა და საკმაოდ „საშიშ“ ფიგურად მიაჩნია. დღეს საქართველოში უკვე აღარ არის ისეთი მოღვაწე, რომელიც შეასრულებს ისეთსავე როლს, როგორიც ვახტანგ გოგუაძეს უნდა შეესრულებინა 1995 წლის 29 აგვისტოდან - 5 ნოემბრამდე. აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადება უაღრესად ნიშანდობლივი ფაქტია, რომელიც ბევრ ანალოგიას შეიცავს და სერიოზულ ფიქრებსაც აღძრავს.