შოთაძე გენერალურ პროკურატურაში ბრუნდება

შოთაძე გენერალურ პროკურატურაში ბრუნდება

მომავალი გენერალური პროკურორი ცნობილია. ხელისუფლების გადაწყვეტილება „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტიმა“ გაახმოვანა, როდესაც საპროკურორო საბჭოს, გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, გადამდგარი გენპროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შესთავაზა. ტექნიკური უნივერსიტეტის პრეს–სამსახურის ხელმძღვანელი, დარეჯან მეფარიშვილი გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ირაკლი შოთაძე შეძლებს პროკურატურა გადაიყვანოს რეფორმების ახალ რელსებზე.

„ასოცირებული პროფესორი ირაკლი შოთაძე ჩვენთან აკადემიური საბჭოს მიერაა მოწვეული. კითხულობს ლექციებს და აკადემიურმა საბჭომ, რომელიც შედგება მეცნიერებისგან, პროფესორებისგან, გადაწყვიტეს, რომ ირაკლი შოთაძე შეძლებს პროკურატურა გადაიყვანოს რეფორმების ახალ რელსებზე, იმიტომ, რომ ირაკლი შოთაძე მაღალი კლასის იურისტია“, – ამბობს დარეჯან მეფარიშვილი.

რაც შეეხება ყოფილ გენერალურ პროკურორს, რომელიც თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს გადადგა, წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები, გამოძიების პროცესში არსებული დარღვევებთან დაკავშირებით. პროტესტი იმდენად ხმაურიანი იყო, რომ შოთაძე იძულებული გახდა გადამდგარიყო. პროკურორობიდან გადამდგარი შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად დასაქმდა. პარალელურად „სილქნეტის“ იურიდიული კონსულტანტის თანამდებობასაც ითავსებდა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, რომელიც ირაკლი შოთაძეს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშულებდა, შოთაძის გადაწყვეტილებას ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად აფასებს. მისი შეფასებით, ყოფილ გენერალურ პროკურორს ამ საქციელით სურს საზოგადეობას დაანახოს თავისი უდანაშაულობა ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი ბრძოლის მთავარი მიზანი იყო დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯა. დათუჩას საქმეზე კონკრეტული ადამიანების თუ მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებდი სწორედ იმის გამო, რომ არ მქონდა სამართლიანობის განცდა, არ მქონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი სწორად მიდიოდა. ახლა საქმე მიდის სწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე აუცილებლად, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

არ მაქვს არანაირი პრეტენზია, არ მაქვს არანაირი საფუძველი რომ არ ვენდო გამოძიებას ამ ეტაპზე. ამიტომ, ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუნება. ვფიქრობ,რომ ამ საქციელით მას სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ. დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს და აუცილებლად ბოლომდე მივყვები ამ საქმეს, რათა ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს და არავინ დარჩეს დაუსჯელი“, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარს უჭერს მმართველი გუნდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ირაკლი შოთაძეს პროკურორობა გადაწყვეტილია და მისი წარდგენა, ისევე როგორც გადადგომა, მხოლოდ ფორმალობა იყო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ გუნდი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, რადგან ის არის ღირსეული და პროფესიონალი კაცი.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხადრ მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ დროებით აიღო? მდინარაძემ უპასუხა, რომ იქ ყველაფერი გარკვეულია და გამოძიების მიმართ კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს.

„თუ საპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძის კანდიდატურას წარმოადგენს, მე მას მხარს დავუჭერ. ჩემი აზრით, გუნდიც ამ აზრზე იქნება იმიტომ, რომ ეს არის ღირსეული და პროფესიონალი კაცი. თავის დროზე, ასევე ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. თავისი გზავნილით თქვა, რომ ყველა სკამი არის დროებითი და თანამდებობის დატოვება პრობლემას არ წარმოადგენს.

როდესაც იქ ყველაფერი გარკვეულია, როდესაც გამოძიება მიდის და კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს, მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ისევ იყოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი. როგორც ღირსეულს და თავისი საქმის პროფესიონალს, მე მას მხარს დავუჭერ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძეს იურისტთა წრეებში აქვს მაღალი რეპუტაცია, მის სახელს უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის კუთხით არაერთი საქმის გამოძიება. ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ შოთაძე ასოცირდება სამართლიანობის აღდგენის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების გახსნასთან, უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებასთან.

„თუკი ადამიანი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან, თუკი ადამიანს ახასიათებს მნიშვნელოვანი თვისება, რომ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და არის დანაშაულთან შეუპოვარი მებრძოლი, ეს არის ის მახასიათებლები, რომლის გამოც მე ამ ადამიანს მხარს დავუჭერ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურის სისტემას მის მიმართ აქვს საკმაოდ ობიექტური ნდობა, ვინაიდან ეს ადამიანი გახლავთ პროფესიონალი. შესაბამისად, არის ობიექტური მოცემულობა, რომელი მოცემულობითაც იგი არის პროფესიონალი. ჩვენ მოვისმინეთ ზაზა სარალიძის პოზიცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ადამიანს აქვს ნდობა ირაკლი შოთაძის მიმართ და ეს უკვე ბევრის მანიშნებელია“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია აქვს უმრავლესობის ყოფილ წევრს, ბექა ნაცვლიშვილს, რომლის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ საკადრო დეფიციტი აქვს. როგორც დეპუტატი აცხადებს, ყველას კარგად ახსოვს, რომ ირაკლი შოთაძის პროკურატურიდან წასვლა სარალიძის საქმეს უკავშირდებოდა, რომელზეც საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა.

„ამ კომისიის დანიშვნა იმაზე მეტყველებს, რომ პროკურატურაში სწორად ვერ მიმდინარეობდა გამოძიება. აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საკადრო დეფიციტი, ის ვერ პოულობს შესაბამის კანდიდატურას და ერთადერთი კანდიდატი მას შერჩა ირაკლი შოთაძე. საგამოძიებო კომისია არ ინიშნება ხოლმე ისეთ საქმეებზე, რომლის მიმართაც გამოძიებას კითხვები არ აქვს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შოთაძის დაბრუნება ნიშნავს, რომ პროკურატურის მართვის სადავეები ფარცხალაძის ხელში გადადის, ეს არის დაანონსებული ძალადობა და უკანონობა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს ირაკლი შოთაძე დავალებების შესასრულებლად სჭირდება.

„ვფიქრობ, როგორც ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა „ენდიაის“ კვლევებით ბიძინა ივანიშვილს არანაირი შანსი აღარ აქვს შეინარჩუნოს ძალაუფლება და ის გადადის, როგორც ჩანს, პირდაპირ ტერორის რეჟიმზე. ამისთვის, რა თქმა უნდა, სჭირდება პროკურატურა, რომელიც იქნება სრულად მართული და შეასრულებს ყველა დავალებას პირადად ივანიშვილისგან. შოთაძის დაბრუნება ნიშნავს, რომ პროკურატურის მართვის სადავეები პირდაპირ გადადის ფარცხალაძის ხელში და ეს არის დაანონსებული ძალადობა და უკანონობა ქვეყანაში.

ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან ცუდად ივანიშვილისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც ამაში მონაწილეობს შოთაძის ჩათვლით, მათ მოუწევთ მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა იმ კანონდარღვევების გამო, რომელსაც ისინი გეგმავენ ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავა განცხადებით, ეს არის მორიგი ცინიზმი ივანიშვილის მხრიდან. როგორც უგულავა ამბობს, შოთაძის დაბრუნება ნიშნავს ფარცხალაძის რეანიმაციას, ყველაფერი უკანონობის რესტავრაციას, რის გამოც საზოგადოებამ აიძულა შოთაძე გადამდგარიყო.

„როგორც ჩანს, შოთაძეს უპირებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას. მერე ზაზა თავაძე, რომელიც ასევე ივანიშვილის მონა–მორჩილი გახლავთ, დარჩა იქ და შესაბამისად, შოთაძე დაუბრუნდა თავის წიაღს. შოთაძის კარიერა, ინტელექტუალური შესაძლებლობები, რეპუტაცია პროკურორის კი არა, ოპერმუშაკისასაც არ შეესაბამება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ივანიშვილის ცინიკურ დამოკიდებულებას და აბუჩად აგდებას საზოგადოების, მერე უკვირთ რატომ მიდის მათი რეიტინგები ქვევით“, – აცხადებს გიგი უგულავა.

საპროკურორო საბჭოს ყოფილი წევრი გიორგი გაბოძე მიიჩნევს, რომ არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, რის გამოც ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე არ უნდა წარედგინათ. გაბოძის თქმით, მთავარია პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდეს.

„მთავარია, რომ გამჭვირვალედ ჩატარდეს ეს პროცესი, ყველა კანდიდატს მოუსმინოს საბჭომ და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება გამჭვირვალე პროცესის შესაბამისად. მე არ ვფიქრობ, რომ ეგ საქმე რაიმე დაბრკოლებაა, იმიტომ, რომ არანაირი გარემოება, რაც შოთაძის კანდიდატურას დააბრკოლებდა, ამ საქმის გამოძიების პროცესებით არ გამოკვეთილა. შესაბამისად, მას აქვს სრული უფლება, როგორც ყველა სხვა კანდიდატს“, – აღნიშნა გიორგი გაბოძემ.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი არ უჭერს მესამე სექტორი და მიმართავენ საპროკურორო საბჭოს, მხარი არ დაუჭირონ მის კანდიდატურას. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მიიჩნევს, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღიარებას გულისხმობდა.

„ირაკლი შოთაძის გადადგომა მისი მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღიარებას გულისხმობდა, რაც მისი, როგორც მთავარი პროკურორის, ლეგიტიმაციის არარსებობას უკავშირდებოდა. ამ ფონზე, შოთაძის კანდიდატურას არ აქვს საზოგადოებრივი ნდობა და გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვა ქმნის სისტემის პოლიტიზირების კიდევ უფრო გაძლიერების რისკს და ანულებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას და შინაარსს, რაც შეუძლებელს უნდა ხდიდეს სისტემურ ჩავარდნაზე პასუხისმგებელი ფიგურების იმავე პოზიციაზე დაბრუნებას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ხორავას ქუჩის“ საქმეზე ამ დრომდე არ არის საბოლოო შედეგები დამდგარი პროცესში მონაწილე პირების მიმართ და ბოლომდე არ არის გამოკვეთილი, რა პასუხისმგებლობა ჰქონდათ საქმის სამართალწარმოებაში გამოვლენილ ხარვეზებზე კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელობას. ამავდროულად, შოთაძის ხელმძღვანელობის პირობებში, პროკურატურის მიერ არ იქნა გამოძიებული არაერთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის და აფგან მუხთარლის საქმეები“ ,– ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.