ვღებავთ დღითა და ღამით

ვღებავთ დღითა და ღამით

ის, რაც ადრე თბილისის მერის ინიციატივა იყო („სტუდენტური ზაფხული“ მაქვს მხედველობაში), ახლა საპრეზიდენტო პროგრამა გახდა (ანუ ბატონმა მიხეილმა ბატონი გიგის მისამართით, ხატოვნად რომ ვთქვათ, ბრძანა: „შენი იყო, ახლა ჩემიაო“) და საქართველოს რეგიონები სტუდენტური დასაქმების პროგრამებმა მოიცვა, თუმცა რაღა მოიცვა, დასრულდა და ესაა.

განსაკუთრებული აქტივობით თავი ქვემო ქართლის გუბერნატორმა გამოიჩინა და, შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტებზე მუხლჩაუხრელადაც იშრომა (განსაკუთრებით ღებვისადმი გამოიჩინა მიდრეკილება).

თუმცა მას არც მისი თბილისელი თანამოაზრეები ჩამორჩენიან და ბატონებმა არველაძემ და მაჭავარიანმა არა მხოლოდ მოინახულეს სამუშაოები, არამედ ფუნჯებიც მოიმარჯვეს და ერთი - ორი მესერიც ლაზათიანად გადაღებეს.

ბატონმა არველაძემ მოგვიანებით პროგრამის სასიკეთო მხარეებზეც გაამახვილა ყურადღება: სტუდენტები, გარდა იმისა, რომ ანაზღაურებას იღებენ, შრომის დაფასებასაც სწავლობენო (ესე იგი, ვინც არ მუშაობს, არ ჭამსო).

თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი შრომის დაფასებას ამ გზით ნაკლებად ისწავლიან (რადგან სამას ლარს ამგვარი სამუშაოს შესრულებაში რეალურად არავინ გადაიხდის), სამაგიეროდ, იმას კი კარგად დაისწავლიან, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამომრჩევლების მოხიბვლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში დარჩენა გინდა.

მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ამომრჩეველს ღებვის უნარ - ჩვევების ფლობის გამო არ აურჩევია.

როდესაც თავისი  ნებით საქმეს ჩამოცილებულ კეისარს სთხოვეს, დაბრუნდიო, მან უპასუხა: რომ იცოდეთ, როგორი კომბოსტო მომყავს, ამას არ მთხოვდითო. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენებური პოლიტიკოსებიც შემოგვეხვეწონ: რომ იცოდეთ, როგორ ვღებავ, საკანონმდებლო მუშაობას არ მთხოვდითო.

ასე რომ, ფუნჯები გადამალეთ, თანაც, რაც შეიძლება, შორს, თორემ დაგვრჩა და ესაა ქვეყანა უპატრონოდ!