3 თამაში

3 თამაში "მილანის" ისტორიაში შესასვლელად: დონარუმას რეკორდი

ჯანლუიჯი დონარუმა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მეკარეა, მაგრამ მისი უფროსი ძმის, ანტონიოს შესაძლებლობებზე ფართო საზოგადოებამ ნაკლებად იცის. ის 2017 წლიდან „მილანის“ მესამე მეკარეა და თავის დროზე გაზეთების პირველ გვერდებზეც იყო, ვებგვერდებზეც და ტელევიზორშიც.

მაშინ, უფროსმა დონარუმამ ყურადღება იმით მიიპყრო, რომ მესამე მეკარეს „როსონერიმ“ წელიწადში ხელფასის სახით 1 მილიონი ევრო დაუნიშნა. ალბათ, ანტონიო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მესამე მეკარეა.

საინტერესოა, რომ სამ წელიწადში მან სამი მილიონი ევრო გამოიმუშავა და ამ პერიოდში „მილანის“ ღირსება სამ შეხვედრაში დაიცვა. 2017 წლის 27 დეკემბერს, იტალიის თასზე „ინტერთან“ (1:0), 2018 წლის 22 თებერვალს, ევროპა ლიგაზე „ლუდოგორეცთან“ (1:0) და გუშინ, იტალიის თასზე „სპალთან“ (3:0).

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მიუხედავად მეტად მწირი მატჩებისა, ანტონიო „მილანის“ მდიდარ ისტორიაში უკვე შევიდა. საქმე ისაა, რომ ლომბარდიული გრანდის არსებობის განმავლობაში პირველი მეკარე გახდა, რომელმაც მოედანზე გატარებულ მინიმუმ 300 წუთში გოლი არ გაუშვა.

სწორედ 300 წუთი აქვს ამ დროისთვის 29 წლის კიპერს შავ-წითელთა კარი დაცული („ინტერთან“120 წუთი, „ლუდოგორეცთან“ და „სპალთან“ 90-90). ასე, რომ ჯიჯოს უფროსი ძმა, როგორც ჩანს, წელიწადში მილიონ ევროს სულ ტყუილადაც არ გამოიმუშავებს...