ჯანო ანანიძეს რუსეთის პრემიერლიგის გუნდი იწვევს

ჯანო ანანიძეს რუსეთის პრემიერლიგის გუნდი იწვევს

ჯანო ანანიძის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ქართველს "სპარტაკის" დატოვება უნდა, მაგრამ უცნობია სად ითამაშებს სეზონის მეორე ნახევარში. რუსული "ტამბოვი" კი, მზადაა ჩვენებური იჯარით სეზონის ბოლომდე დაიმატოს. კლუბის სპორტულმა დირექტორმა პაველ ხუდიაკოვმა ეს ცნობა ადგილობრივ მედიას დაუდასტურა.

„სპარტაკისთვის“ ჯანოს გამო წინადადება არ გაგვიკეთებია, მაგრამ ასეთი მოთამაშე ჩვენთვის საინტერესოა. თავადაც გესმით, რომ მისი ხელფასი ჩვენი კლუბის ბიუჯეტის ნახევარია. მოთამაშის მოწვევის შესაძლებლობას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ მხოლოდ იჯარით“, - უთხრა რუსულ მედიას ხუდიაკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ანანიძეს აქამდე აქტიურად „დენიზლისფორთან“ აკავშირებდნენ, ხოლო „სპარტაკმა“ აბუ-დაბიში შეკრებაზე არ წაიყვანა. ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში 10 თამაში აქვს ჩატარებული და 1 საგოლე პასი შეასრულა.

რაც შეეხება „ტამბოვს“, რუსეთის პრემიერლიგაში 19 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-11 ადგილზეა. ამ გუნდის ღირსებას ქართული წარმოშობის სამი ფეხბურთელი, გიორგი შელია, გურამ თეთრაშვილი და გიორგი მელქაძე იცავენ.