ირანის ისტორიაში ოლიმპიური თამაშების ერთადერთმა ქალმა მედალოსანმა, ტაეკვონდოს 21 წლის მებრძოლმა კიმია ალიზადემ ქვეყანა პოლიტიკური ვითარების გამო დატოვა. ამის შესახებ ალიზადე Instagram-ზე წერს.
„ირანში მილიონობით დაჩაგრული ქალია და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. იქ მგზავნიდნენ, სადაც სურდათ. იმას ვიცვამდი, რასაც ისინი მიბრძანებდნენ. მათ ყოველ წინადადებას ვიმეორებდი, ისინი კი მიყენებდნენ, როცა ვჭირდებოდი. ირანის ხელისუფლებაში ჩემი მიღწევები უხაროდათ და, ამავდროულად, ტაეკვონდოს აკრიტიკებდნენ“, - წერს ალიზადე.
როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, სპორტსმენი საცხოვრებლად ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში გაემგზავრა. ირანული საინფორმაციო სააგენტო ISNA-ს ცნობით, ალიზადე ნიდერლანდების სახელით იასპარეზებს.
2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე კიმია ალიზადემ ტაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ირანის ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ოლიმპიური მედალოსანი ქალი გახდა.