ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანში“ დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.
იტალიის ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურში მილანელებმა სტუმრად „კალიარი“ 2:0 დაამარცხეს, შვედმა ფორვარდმა კი ეფექტური დარტყმით 64-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რამდენიმე წუთში იბრაჰიმოვიჩმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა, რომელიც მსაჯის ვიდეოასისტენტმა გააუქმა. 19 ტურის შემდეგ 25 ქულით „მილანი“ სატურნირო ცხრილის მერვე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას სერია A-ში ზლატანი და მისი თანაგუნდელები 19 იანვარს, „სან-სიროზე” „უდინეზესთან“ გამართავენ.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ გასული წლის 28 დეკემბერს დაბრუნდა და 2020 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულება გააფორმა.