ბოსნიელი ქალები, რომლებიც 1990-იან წლებში იუგოსლავიის სამხედრო კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, გაეროში კეთილი ნების ელჩის ანჯელინა ჯოლის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ. მათი თქმით, მსახიობმა დღემდე არ გაუკეთა კომენტარი ხმებს იმის შესახებ, რომ მისი სარეჟისორო დებიუტი სერბი მოძალადისა და მუსლიმანი მსხვერპლი ქალბატონის სასიყვარულო ისტორიას ეძღვნება.
იმ ფაქტმა, რომ ჯოლის ფილმის პროდიუსერმა უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს მომავალი ფილმი შეურაცხყოფდა ბოსნიელ ქალებს, ორგანიზაცია ”ომის მსხვერპლი ქალების” წევრებზე არ იმოქმედა. ასოციაციის თავმჯდომარე ბაკირა ჰასეჩიჩი ადგილობრივი გაზეთის კორესპონდენტთან ინტერვიუში აცხადებს, რომ აპირებს წერილი გაუგზავნოს გაეროს უმაღლეს კომისარს დევნილების საკითხში, - იტყობინება AP. როგორც ადრე ვიუწყებოდით, ანჯელინა ჯოლის ფილმი მოგვითხრობს შეყვარებული გოგონასა და ვაჟის ამბავს, რომლებიც იუგოსლავიის ომმა ერთმანეთს დააშორა.
მოგვიანებით მათი გზები კვლავ იკვეთება, მაგრამ ამჯერად სულ სხვა ვითარებაში - ქალიშვილი სამხედრო ტყვეთა ბანაკში აღმოჩნდება, რომლის უფროსიც მისი ყოფილი შეყვარებულია. ფილმის გმირი ცდილობს, როგორმე თავისი გრძნობები არსებულ ვითარებას შეუსაბამოს. მაგრამ შესაძლებელია კი ეს საერთოდ? - სვამს კითხვას რეჟისორი.
ფილმის გადაღებები უკვე დაწყებულია. ინტერნეტში პირველი კადრებიც კი გამოჩნდა. ანჯელინა ჯოლი ბოსნიელ ქალებს შეხვედრასაც დაჰპირდა და უნგრეთში გადაღებებზეც მიიწვია, მაგრამ ჰასეჩიჩი მოითხოვს, რომ ჯოლი ბოსნიაში ჩავიდეს და ძალადობის მსხვერპლ ქალებს თავად შეხვდეს.
Atb.ge