გია სურამელაშვილი - „თბილისი ჩემით ცხოვრობდა“

გია სურამელაშვილი - „თბილისი ჩემით ცხოვრობდა“

(იბეჭდება შემოკლებით)

მომღერალი გია სურამელაშვილი თბილისელი მაყურებლის წინაშე ბოლოს შვიდი წლის წინათ წარსდგა, მანამდე მან ერთ-ერთმა პირველმა მიაღწია ისეთ პოპულარობას, როგორსაც დღეს შოუბიზნესის ბევრი წარმომადგენელი ინატრებდა. დღეს გია სურამელაშვილი „ქრონიკას“ უმხელს, რა სიურპრიზით აპირებს სცენაზე დაბრუნებას.

ბოლოს 1999 წელს გქონდათ ფილარმონიაში კონცერტი. მას შემდეგ თითქმის არაფერი ისმის თქვენზე, რას საქმიანობთ? როგორ ცხოვრობდით აქამდე?

- მოსკოვში წავედი. მანამდეც, 1997 წლიდან, მივდიოდი - მოვდიოდი. რამდენჯერაც ჩამოვედი, იმდენჯერ ვამბობდი, აღარ წავალ - მეთქი, მაგრამ... თავის გადარჩენის მიზნით, სხვა გზა არ მქონდა. აზრი აღარ ჰქონდა აქ მუშაობას. მახსოვს, გურჯაანში კონცერტებზე ქათმებით, მურაბებით და კვერცხებით მოდიოდნენ, ამით უნდოდათ კონცერტზე დასწრება. ხალხს თავის შენახვა უჭირდა, მეც ჩემი ოჯახი მყავდა და წავედი. 1997 წლიდან რესტორან „გორკი - 2“-ში დავიწყე მუშაობა. პირობები ბევრად კარგი მქონდა, ვიდრე აქ და დავრჩი.

როგორი პირობები გქონდათ, ან თუ კარგი იყო, რატომღა ჩამოხვედით აქ?

- გასამრჯელოს კარგს მიხდიდნენ, მყავდა დაცვა, მქონდა ჩემი საგრიმიორო, მყავდა ჩემი ხმის რეჟისორი. თავიდან ძალიან გამიჭირდა, იმიტომ, რომ მე აქ ვიყავი ისეთი მომღერალი, რომელსაც ხალხი ითხოვდა. გახსოვთ, ალბათ ძალიან, ძალიან ხშირად დავდიოდი გასტროლებზე. დღესდღეობით ჩემი კოლეგები ამას ვერ ახერხებენ.

როგორ არა, საზღვარგარეთაც აქტიურად დადიან უკვე გასტროლზე...

- საქართველოს ფარგლებს ვგულისხმობ. ყოველ მესამე - მეოთხე თვეს სხვადასხვა კუთხეში 30-40 კონცერტს ვმართავდი.

ვიცი, რომ სოხუმშიც, დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, გქონდათ კონცერტი თქვენ და მაია კახიძეს...

- მიხარია, რომ ესეც გახსოვთ, იქ ექვსი კონცერტი მქონდა. სოფელი და კუთხე არ დამიტოვებია და ყველგან იყო ჩემზე მოთხოვნილება, კარგ ჰონორარსაც ვიღებდი, მაგრამ მერე რესტორნის სცენაზე აღმოვჩნდი, სანამ დავრწმუნდი, რომ აქ სათაკილო არაფერი იყო, ვტიროდი ხოლმე. ყოველთვის ვიყავი ის მომღერალი, რომელიც დიდ სცენაზე იდგა და როგორც მსახიობიც, სცენას ავსებდა. თვეში 7-8 სოლო კონცერტს ვაკეთებდი.

რამდენს გიხდიდნენ?

- ჰონორარი საკმაოდ დიდი იყო, ხან კუპონებს ვიღებდი, ხან ლარებს და ახლა ეს ციფრები ასე არ მახსოვს, მაგრამ მოსკოვში ოთხ სიმღერაში 2000 დოლარს მიხდიდნენ. ეს არ იყო უბრალო რესტორანი, იქ სოსოსთან, უსპენსკაიასთან, მანანა თოდაძესთან და ბევრ სხვა ცნობილ მომღერალთან ერთად მიმუშავია. მათ სხვა „სტავკა“ ჰქონდათ.

სოსო რამდენს იღებდა?

- მას ოთხ სიმღერაში 4000 დოლარს უხდიდნენ, ეს ყველაფერი 2-3 წლის წინათ ხდებოდა. რუსები ცოტა პრეტენზიული და გათამამებული ხალხია კარგი მომღერლებით, მაგრამ ვინაიდან იქ ძალიან ბევრს თამაშობს გარეგნობა, გემოვნებით ჩაცმა, კიდევ ცოტა აქცენტი, რაც მე ყოველთვის მქონდა, ამიტომ არც მათი მოხიბვლა გამიჭირდა.

ასე კმაყოფილი თუ იყავით, რატომ დაბრუნდით საქართველოში? რატომ არ სცადეთ თქვენც ბედი რუსულ ესტრადაზე?

- წეღანაც გითხარით, ყოველთვის აქეთ მომიწევდა გული. ეს ორი წელია, ნაკლებად ინტენსიურად, მაგრამ მაინც ჩავდივარ - ხოლმე, როცა მოწვევა მაქვს, აღარ მინდა უცხო ქვეყანაში ყოფნა, იცი? დავიღალე. რუსულ ესტრადაზე თავის დამკვიდრებას კი ბედიც უნდა. ვიღაცამ უნდა ჩაგავლოს ხელი და დიდი თანხა დადოს. იყო შეპირებები, რესტორანში რომ მხედავდნენ ქართველები, გაოცებული კითხულობდნენ, შენ აქ რა გინდა, შენ აქ რატომ უნდა მღეროდეო? მე ვიცი გადასარევად, სადაც უნდა ვმღეროდე. და მთელი ეს საუბარი მთავრდებოდა სერიოზული ფულის ჩუქებით. ასე იქცეოდნენ ებრაელებიც და რუსებიც. როცა იალტის კონკურსის დიპლომატი გავხდი, მაშინ უფრო მეტი შანსი მქონდა, მაგრამ ამას უნდოდა ჭკუა, მოფიქრება, როგორც სოსო მოიქცა. მაშინ უნდა მეზრუნა ამაზე, მაგრამ არა უშავს, მე ჩემი ბედით მაინც კმაყოფილი ვარ.

მართალია, რომ ამბობენ, მოსკოვში ციხეში ჯდომაც მოასწროო?

- (გულიანად ხარხარებს), ციხეში კი არ ვიჯექი, გამიტაცეს და დამჭრეს.

ეგ ვიცით, მე ციხეზე გეკითხებით...

- რას არ გაიგებს კაცი! არა, როგორ გეკადრებათ, ერთადერთი ეს ინციდენტი მქონდა, ტაქსის მძღოლმა გაზი რომ გაუშვა, დამჭრა და გამძარცვა. მთელი ოქროულობა მომხსნა, ფულიც წაიღო. ვერ დაიჭირეს ის მძღოლი, მე მიხარია, რომ ჩემზე ასეთი ჭორები მესმის, თავიდან ვღიზიანდებოდი ხოლმე.

თავიდან იმასაც ამბობდნენ, რომ თქვენი პროდიუსერი, ბესო ხინთიბიძე, ხუთ ლარს აძლევდა ხალხს, რომ „ფანობა“ ეთამაშათ.

- როგორ გეკადრებათ, ბესო ხინთიბიძე ვინმეს რამეს მისცემს? მაშინ იმასაც ამბობდნენ, რომ იმ უამრავ ყვავილს, რომლებიც ცალკე მანქანით გამქონდა, ვაბარებდი და ფულს ვიღებდი. სხვათაშორის, ეს ჩემმა რამდენიმე კოლეგამ თქვა, ესეც მიხარია, თუნდაც შენი კოლეგა ასე რომ განიმსჭვალება შენ მიმართ.

როგორ ფიქრობთ, რას იტყვიან თქვენი კოლეგები, ისევ რომ სცენაზე გამოჩნდებით?

- მაინცდამაინც არ მაინტერესებს, მაყურებლის აზრი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. გალაკონცერტზე 30-32-ე გამოვედი და მე ვხურავდი მას. ამაზეც პრეტენზია გაუჩნდათ ჩემს კოლეგებს, ვერ ხვდებიან, ვინ უნდა დაამთავროს კონცერტიო? არადა, თავში ვინც გამოდიოდა, ისინი ბოლომდე კულისებში ელოდებოდნენ, აბა, როგორი ტაში მექნებოდა, რამდენ ყვავილს მომართმევდნენ, რამდენჯერ გამომიყვანდნენ ბისზე. ამბიციური არასოდეს ვყოფილვარ და კი ბატონო, მეშვიდე გავალ - მეთქი, ვთქვი. გავედი და ჩემს შემდეგ მაყურებელი დაიშალა.

ისე, ამაშიც არის სიმართლე.

- სხვათა შორის, ამ ერთი წლის წინათ სრულიად შემთხვევით მოვისმინე ნატო მეტონიძის აზრი „იმედის“ ტელეარხიდან - მაშინ ერთადერთი მოქმედი მომღერალი გია სურამელაშვილი იყოო.

რა შეცდომა დაუშვით, რატომ იყო მაყურებლის ერთი ნაწილი თქვენ მიმართ უხეში და აგრესიული?

- შეცდომა არ დამიშვია, ის სიყვარული, რაც მჭირდებოდა, დღემდე მაქვს ჩემი მაყურებლისგან. შეცდომა იმაში დავუშვი, რომ არ უნდა წავსულიყავი საქართველოდან, ან თუ წავიდოდი, მალევე უნდა დავბრუნებულიყავი, ჩემი მაყურებელი არ უნდა გამეწბილებინა, მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რომ ხალხს დღესაც არ დავვიწყებივარ. რაც ხდებოდა მაშინ ქალაქში, ეს მე დავიმსახურე. ყოველი მეორე ჩემზე ლაპარაკობდა, თბილისი 3-4 წელი ჩემით ცხოვრობდა. ეს კი რაღაცას ნიშნავს, ე. ი. ხარ ვიღაც. რაც შეეხება სიუხეშეს მაყურებლისგან. იცით, ჩემთვის არასდროს უტკენიათ გული, ავარდნილები და მივარდნილები ყოველთვის იყვნენ.

ამჯერად ახალს რას შესთავაზებთ მაყურებელს?

- სიურპრიზი მინდა იყოს, იქნება რამდენიმე ძველი სიმღერა, ახალი კი ქალაქურიც, რომანსებიც. კონცერტს უახლოეს მომავალში ვგეგმავ. მანამდე კი დისკი მინდა გამოვუშვა.