"ქართული დემოკრატიისათვის სასიკეთო იქნება, თუ მმართველი კოალიცია დაიშლება"

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც სათავეში ახალი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი უდგას, მმართველი პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა. ამ არჩევნებს სხვადასხვანაირად აფასებენ: ქართული დემოკრატიის სიმტკიცის დასტურად; საქართველოს რუსეთისკენ შემობრუნებად; გამარჯვებად, რომელიც ივანიშვილმა შეერთებულ შტატებში, ევროპასა და საქართველოში უხვად დახარჯული ფულით იყიდა; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბატონობის დასასრულად და ა.შ. ჯერ კიდევ ძალიან ადრეა საიმისოდ, რომ ამ არჩევნების არსი ამოვიცნოთ, მაგრამ რამდენიმე მოსაზრების გამოთქმა და რამდენიმე კითხვის დასმა, უკვე შესაძლებელია.

ოთხი მოსაზრება

ამ არჩევნებმა საქართველო დემოკრატიულ ქვეყნად არ აქცია. სააკაშვილის მხარდამჭერები საქართველოშიც და უცხოეთშიც ამტკიცებენ, რომ რადგან სააკაშვილის ინიციატივით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა შედგა, საქართველო ნამდვილი დემოკრატიის ქვეყნად გარდაიქმნა. სააკაშვილის ოპონენტები იმავე დასკვნამდე მიდიან და ამტკიცებენ, რომ სააკაშვილის მთავრობის მარცხმა, საქართველო დემოკრატიულ ქვეყნად აქცია. ორივე ამ მოსაზრებაში არის გარკვეული სიმართლე. იმით, რომ მთავრობაზე კონტროლი გადასცა, სააკაშვილმა ხელი შეუწყო ქვეყნის დემოკრატიზაციას, ხოლო იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპარტიული დომინირება, მან საქართველო მეტად დემოკრატიული გახადა. მიუხედავად ამისა, საქართველოს, დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებამდე, ამ სიტყვების ნამდვილი მნიშვნელობით, ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პოზიციები იოლად არ დაუთმია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სააკაშვილმა დამარცხება აღიარა მას შემდეგ, რაც თითქმის მთელი წელი, საარჩევნო კამპანიისას, სდევნიდა ოპოზიციას, აპატიმრებდა ოპოზიციის აქტივისტებს, ზღუდავდა მედიის ხელმისაწვდომობას და იმდენად შორს წავიდა, რომ თავის მთავარ ოპონენტს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა. იმის გამო, რომ ვერ დავადგენთ, რატომ არ მოიპარა უბრალოდ სააკაშვილმა არჩევნები, ვითარება ასე აიხსნება – გადამწყვეტი ფაქტორის როლი შეასრულა იმან, რომ არჩევნებს აკვირდებოდა საერთაშორისო დამკვირვებელთა უზარმაზარი რაოდენობა და საკვანძო მომენტში საგარეო ზეწოლაც მნიშვნელოვანი იყო. არ უნდა ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილმა დამარცხება ფუძემდებლური დემოკრატიული იმპულსის გამო აღიარა.

პოლიტიკა საქართველოში ისევ ნულოვანი შედეგის მომტანი თამაშია: მას შემდეგ, რაც არჩევნებში სასტიკად დამარცხდა, სააკაშვილს აღარ უცდია, პრეტენზია განეცხადებინა სრულ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ძალაუფლებაზე. ამის მაგივრად მან ყველა სამინისტრო და საერთოდ მთელი მთავრობა „ქართულ ოცნებას“ გადასცა, რაც მისთვის არადამახასიათებელია. ეს ფაქტი შეიძლება ისე აიხსნას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების გადაცემის დაჩქარება სურს და ხალხის ნებას პატივს სცემს. მაგრამ ეს, ამავე დროს, იმის ნიშანიცაა, რომ ქართული პოლიტიკური ინსტიტუტები ჯერ არ არიან მზად ვითარებისთვის, როდესაც ძალაუფლება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ერთზე მეტმა პარტიამ შეიძლება განახორციელოს.

ფულმა მნიშვნელოვანი, მაგრამ რთული როლი ითამაშა: ივანიშვილის ფული ვერ შეაძლებინებდა მას არჩევნების მოპარვას. ფულმა მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონკურირების საშუალება მისცა, პარტიასთან, რომელსაც შეეძლო სამთავრობო სახსრები საკუთარი პარტიული ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინა. მაგალითისთვის, ივანიშვილმა მილიონობით დოლარი დახარჯა საკუთარი ქონებიდან ევროპასა და შეერთებულ შტატებში ლობისტური აქტივობისთვის. მაგრამ ქართულ მთავრობას უკვე წლებია ასეთივე ურთიერთობები ჰქონდა უცხოელ ლობისტებთან, რაც ქვეყნისთვისაც იყო სასარგებლო და მმართველი პოლიტიკური პარტიისთვისაც. 2011 წლისათვის მთავრობამ საელჩოები, ნაწილობრივ მაინც, პარტიული პოლიტიკის ოპერირების ინსტრუმენტად აქცია. ასეთ გარემოებებთან კონკურირება მხოლოდ ისეთ პოლიტიკურ პარტიას შეეძლო, რომელიც მნიშვნელოვან რესურსებს ფლობდა. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა სამთავრობო რესურსებს საარჩევნო აქტივობისთვის აუცილებელი საშტატო შემადგენლობისათვის, მივლინებებისა და სხვა საჭიროებებისთვის. ეს კი „ნაციონალურ მოძრაობას“ გადამწყვეტ უპირატესობას მიანიჭებდა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციურ ძალას დიდი ჯიბე არ ექნებოდა.

ოთხი კითხვა

რას აკეთებს დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“? „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ოპოზიციურ პარტიად იქცა, მაგრამ რას ნიშნავს ეს, ცხადი არ არის. შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მხარდაჭერის მოპოვება ნეოლიბერალურ იდეოლოგიაზე დაყრდნობით დაიწყონ. ეს საქართველოში მრავალპარტიული სისტემის შექმნაში შეიტანდა წვლილს. შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა ძალით დაკომპლექტებულ პარტიად გადაიქცეს, ისეთად, რომელშიც „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილო ჯგუფები და ადამიანები გაერთიანდებიან. და ბოლოს, არსებობს კიდევ ერთი, რეალური შესაძლებლობა – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც უკვე აღარ არის ხელისუფლებაში, გაქრობა იწყოს. თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობა“, გარკვეული თვალსაზრისით, მხოლოდ მმართველი პარტია იყო და მისი მთავარი ხიბლი მხოლოდ ძალაუფლებასთან სიახლოვეში მდგომარეობდა, იმ რესურსებში, რომელიც ძალაუფლებას მოაქვს.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატია შეიქმნას? მთავარი პრობლემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაჭრას, შემდეგში მდგომარეობს – მან უნდა გადალახოს დამოუკიდებლობის შემდეგ შექმნილი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში პოლიტიკა ერთი პარტიის გარშემო ტრიალებს. საქართველოს პოლიტიკური კულტურა ისევ საჭიროებს რადიკალურ ცვლილებას ისე, რომ არსებობდეს სივრცე არსებითი დებატებისთვის შეთანხმებული სტრუქტურის ფარგლებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უთანხმოებას და კონფლიქტს უნდა მიეცეს კანონიერი არსებობის უფლება, რაც უმნიშვნელოვანესია რეალური დემოკრატიისთვის. მრავალპარტიული სისტემის შექმნაზე პასუხისმგებლობის დიდი წილი „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება. საქართველოში ერთპარტიული სისტემაა დამკვიდრებული და „ქართული ოცნება“ მზადაა, ისარგებლოს ამ ვითარებით. ამიტომ სწორედ მათზეა დამოკიდებული ახალი პოლიტიკური ინტონაციის დანერგვა საქართველოში, შესაძლოა იმის აღიარებაც, რომ მრავალპარტიული მმართველი კოალიცია, ისეთი, როგორიცაა ამჟამად „ქართული ოცნება“, არ არის საუკეთესო ქართული დემოკრატიისათვის. „ქართული ოცნება“ ახლა დიდი კოალიციაა: ასეთი სტრუქტურა იყო საჭირო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასამარცხებლად, მაგრამ ქართული დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, თუ მომავალ რამდენიმე თვეში ან წელიწადში ეს კოალიცია შემადგენელ ნაწილებად დაიშლება.

არჩევნები ასეთი შედეგით დასრულდა დასავლეთის დახმარების წყალობით, თუ მიუხედავად ამ დახმარებისა? პასუხი ცხადი არ არის. დასავლური დაფინანსება ნამდვილად დაეხმარა სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას იმაში, რომ განემტკიცებინათ მოქალაქეთა ინფორმირებულობა კორუფციის, შესაძლო საარჩევნო გაყალბებისა და სააკაშვილის ადმინისტრაციის ხრიკების შესახებ. ამავე დროს, არსებობდა შთაბეჭდილება, რომ დასავლეთის ბევრი მთავრობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დარჩენას ელოდა. თუ გადავხედავთ დასავლეთის კრიტიკულ შენიშვნებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი“ საარჩევნო საკითხებში, ეს კრიტიკა თავშეკავებული ჩანდა. ამავე დროს, „ქართული ოცნება“ ნაკლებად მჭიდროდ იყო დაკავშირებული იმ დასავლურ ორგანიზაციებთან, რომლებიც დემოკრატიზაციის პროცესს ეხმარებიან, ვიდრე 2003 წლის „ვარდების“ რევოლუციონერები.

როგორია „ვარდების რევოლუციის“ რეალური მემკვიდრეობა? დასავლეთში ზოგიერთს მიაჩნია, რომ „ვარდების რევოლუციას“ სათავეში ედგნენ დასავლეთზე ორიენტირებული რეფორმატორები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველო თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნად ექციათ. სხვები ფიქრობენ, რომ რევოლუციამ მიზანს ვერ მიაღწია და საქართველოს ისევ მართავდა დახურული მთავრობა – ძალაუფლებას ძირითადად ადამიანთა მცირე ჯგუფი აკონტროლებდა, რომელთაც, როგორც კი ხელისუფლება მოიპოვეს, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ნორმების გათელვის მზაობა გამოავლინეს. ორივე ეს ხედვა შეიცავს სიმართლის ელემენტებს, თუმცა „ვარდების რევოლუციის“ რეალური და კომპლექსური მემკვიდრეობა უფრო ცხადი დროთა განმავლობაში გახდება.

foreignpress.ge