რა მიზნით გვეწვია ფილიპ გორდონი?!

რა მიზნით გვეწვია ფილიპ გორდონი?!

ფილიპ გორდონის საქართველოში ჩამოსვლამ ზოგიერთებში კითხვები გააჩინა. ეს ხომ არ იყო რასმუსენის თემის გაგრძელება, სააკაშვილის ლობისტების ნამუშევარი, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე ალაპარაკდნენ?! მით უფრო, რომ გორდონის ჩამოსვლას წინ უსწრებდა დავით დარჩიაშვილის განცხადება, რომ  ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში შექმნილი ვითარების შესასწავლად ჩამოდიოდა.

დღის ბოლოს გაირკვა, რომ გორდონის ჩამოსვლისას საუბარი იყო ამერიკაში პრემიერ-მინისტრის მოსალოდნელ ვიზიტზე, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მოგვიანებით ფილიპ გორდონმა ასეთი განცხადება გააკეთა, რომ „ყველამ, ვისაც ჩაუდენია დანაშაული, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ავირიდოთ შერჩევითი დევნა. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს რეპუტაციისთვის და ასეთია გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი“.

შეხვედრის შემდეგ არც ბიძინა ივანიშვილს დაუმალავს, რომ დაჭერებთან დაკავშირებით ფილიპ გორდონთან კრიტიკული საუბარი ჰქონდა; მეტიც, ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგად ესმის, რომ აშშ-ს, ევროპას, საერთაშორისო თანამეგობრობას დიდი სურვილი აქვს, დაჭერების პროცესები გამჭვირვალე იყოს. კონკრეტულად კი, როცა ახალი ხელისუფლება მოდის და ასეთი დაჭერები ხორციელდება, ბევრი კითხვა ჩნდება, განსაკუთრებით დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან, რომლებიც შეჩვეულნი არ არიან ახალი ხელისუფლებისგან ძველი ხელისუფლების წევრების დაჭერის პროცესებს. თუმცა ბიძინა ივანიშვილის თქმით, მათი მთავრობა ყოველნაირად ცდილობს და მომავალშიც შეეცდება, აუხსნას მეგობარ სახელმწიფოებს, რომ მათი ქმედება დემოკრატიულია და პოლიტიკური დევნა და შერჩევითი სამართალი არ ხორციელდება.

For.ge ექსპერტებისგან შეეცადა იმის გარკვევას, რეალურად რისთვის ჩამოვიდა ფილიპ გორდინი და რას ნიშნავდა მისი ნათქვამი, რომ, თუ საქართველოში მიმდინარე პროცესები პოლიტიკური ოპონენტების დევნას დაემსგავსება, მთელი ქვეყანა გადაიხდის მძიმე საფასურს.

ექსპერტი გია ხუხაშვილი გორდონის აზრს იზიარებს და ფიქრობს, რომ, თუ საქართველოში პოლიტიკური დევნა მოხდება, ეს ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება. 

„ჩათვალოს პატივცემულმა გორდონმა, რომ, თუ ასე მოხდება, მეც მის პათოსს შევუერთები. მაგრამ სიტყვა „თუ“ ნიშნავს, რომ ეს ასე არ იქნება. რა თქმა  უნდა, ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ ესაა პროცესი. ჩემი აზრით, ჯერჯერობით აბსოლუტურად სამართლის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ვიცით, რა განუკითხაობა ხდებოდა ამ ქვეყანაში, დღეს კი საზოგადოებაში ამ ადამიანების დაკავებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის. საზოგადოებრივი პროტესტი მაინც ხომ  უნდა იყოს, ვიღაც ხომ უნდა გრძნობდეს უსამართლობას?! ახლა ათ კაცს, ისიც მათი ოჯახის წევრებს რომ მიიყვანენ და სადღაც დააყენებენ, ეს არ ნიშნავს საზოგადოებრივ პროტესტს,“-აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, იმდენი განუკითხაობა იყო ამ წლების განმავლობაში, რომ, ბუნებრივია, დღესაც სამართლიანობის აღდგენის პროცესში ბევრ დრამატულ ისტორიას ვიხილავთ. ამდენად, მარტივი ალტერნატივა აქვს დღევანდელ ხელისუფლებას, ან სამართლის აღდგენაზე უარი უნდა თქვას და სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოაცხადოს ამნისტია, ან უნდა აკეთოს ის, რასაც აკეთებს.

ექსპერტის თქმით, პოლიტიკა არ შეიძლება, გახდეს სამართლის შემცვლელი. გია ხუხაშვილი პირად მაგალითსაც იხსენებს, როცა მის პირად საუბრებს უსმენდნენ.

„ჩემს მეუღლეს რის შესახებ ველაპარაკებოდი, ამისთვის ვიღაც უნდა დაისაჯოს თუ არა?! ამაზე კითხვის ნიშანი არსებობს? განა იმიტომ, რომ მე ვინმეს დაჭერა მინდა, არამედ უნდა შეიქმნას პრეცენდენტი. თუ დღეს ამისთვის ვიღაცა არ დაისაჯა, ხვალ იგივე მოხდება. ხომ შეიძლება, ახალ ხელისუფლებაშიც ვიღაცას დაუსჯელობის სინდრომი გაუჩნდეს და იფიქროს, რომ თურმე ეს არ ყოფილა დანაშაული და ხელი წაცდეს რაღაცაზე?! ამიტომ ეს ძალიან მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი პროცესია. ვფიქრობ, ფილიპ გორდონი და სხვა ჩვენი უცხოელი მეგობრები ამას გაგებით მოეკიდებიან“.

გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ფილიპ გორდონი ძალიან ჭკვიანი ადამიანია, სხვანაირად ვერ იქნებოდა ყველაზე დიდი ქვეყნის სახელმწიფო მდივნის მოადგილე. ამდენად, გორდონი აკვირდება სიტუაციას და აუცილებლად გაერკვევა, სად არის ჭეშმარიტება.

ექსპერტის აზრით, სამწუხაროდ, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, რადგან ჯერ არ ამოწურულა დამნაშავეთა წრე. ამის მიზეზი კი ისაა, რომ წინა ხელისუფლებამ მოახერხა, ბევრი ადამიანი ჩაერთო კრიმინალურ ქმედებებში. ამდენად, ექსპერტი კითხულობს: არ უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები?

ამასთან, იგი არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, ფილიპ გორდონი მართლაც სიტუაციის შესასწავლად  ჩამოვიდა, რაც კარგია. მეტიც, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ ის მზად არის, მიიღოს ნებისმიერი მონიტორინგის ჯგუფი, თუ ვინმეს აინტერესებს ამ პროცესის ანატომია.

თუ რომელიმე საერთაშორისო სტრუქტურა დააკვირდება ამ პროცესს, გია ხუხაშვილიც მხოლოდ მიესალმება.

„ვიღაც გიორგი კანდელაკი ან დავით დარჩიაშვილი ვინმეს რაღაცას რომ ეტყვის, ეს ხომ არ არის ჭეშმარიტება?! იგივე ხალხი სულ სხვა რამეს ლაპარაკობდა ადრე და საკუთარ თვალში დირეს ვერ ამჩნევდა. ადამიანურად, მათი რიტორიკის მესმის, მათთვის ეს დაჭერები მტკივნეულია, მაგრამ საერთოდ ასეა, რასაც დათესავ, იმას მოიმკი“,-აღნიშნა გია ხუხაშვილმა. 

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ გასაკვირი არაა, საქართველოში ფილიპ გორდონის ჩამოსვლის პირველი მიზეზი რეალობის ადგილზე გაცნობა იყოს. მით უფრო, როდესაც დიდი სახელმწიფოს მოკავშირე ქვეყნაში ხელისუფლება იცვლება.

„რაც პრაღასა და ბრიუსელში მოხდა, ვგულისხმობ რასმუსენის განცხადებას, გასაკვირი არაა. ბუნებრივია, ვაშინგტონს აინტერესებს, სინამდვილეში, რა ხდება საქართველოში. ამას ვერ გეტყვით, რატომ გაჩნდა ეჭვი დაჭერებთან დაკავშირებით და ეს ახალი ოპოზიციის მცდელობით ხომ არ დაიბადა, რომ აქ შეიძლება პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდეს?! თუმცა დარწმუნებული ვარ, გორდონი რომ წავა, სრულიად განსხვავებული შეხედულებით დატოვებს საქართველოს. როცა ის  ჩამოვიდა, იმ დღეს კიდევ ათზე მეტი სამართალდამცავი დააპატიმრეს. ჩემი აზრით, ამერიკელებისა და ევროპელების შეშფოთება დროებითია, რადგან არ შეიძლება, საქართველოში პოლიტიკურ დევნაზე საუბარი, სანამ ერთი გამოძიებაც არ დამთავრებულა, ერთი სასამართლო პროცესიც არ გამართულა და ერთი განაჩენიც არ გამოტანილა“.

სოსო ცინცაძის აზრით, ის, რომ დაპატიმრებების შემდეგ ამ სისტემაში გარკვეული სიახლეებია, თუნდაც ის, რომ იგივე აკაკი მინაშვილი დღეში ხუთჯერ მაინც შედის ახალაიასთან, ეს ჩვენთვის უცხო ხილია. საქართველოში დაპატიმრებები როცა მიმდინარეობდა, ოჯახის წევრები ათენებდნენ ავადსახსენებელ მოდულის შენობასთან, რათა ელემენტარულად გაეგოთ, სად იყვნენ მათი ოჯახის წევრები.

თუმცა დასავლეთისთვის მაშინ შემაკავებელი ფაქტორი იყო ორმაგი სტანდარტი. კერძოდ, თეოდორ რუზველტის ნათქვამი სამხრეთ ამერიკელ დიქტატორზე, რომ - ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილიო- ბოლომდე არ მომკვდარა ამერიკაში. როცა სააკაშვილი ევროპაში ჩადიოდა, მათ მოსწონდათ ასეთი ქარიზმის მქონე ადამიანი, რომელიც ბრწყინვალე ინგლისურით საუბრობდა, ამერიკელებსაც რომ  შეშურდებოდათ. თანაც სააკაშვილს ჰქონდა რკინის არგუმენტი, რომ მან თურმე გაათავისუფლა 40 ათასი მექრთამე პოლიციელი და ბუნებრივია, ამის გამო იგი არ მოსწონდათ. თითქოს ეს დაპატიმრებები შევარდანაძის დროინდელი კორუფციის შედეგი იყო.  

„ამერიკაში ბიძინა ივანიშვილის ჩასვლამდე, მე მგონი, ბევრი რამ გაირკვევა. ბევრი რამ დამოკიდებულია პროკურატურის ოპერატიულ მუშაობაზე. არც რასისტი ვარ და არც არაფერი, მაგრამ ყოფილი პროკურორი ზოდელავა ახლანდელ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს რომ შეადაროთ, ისეთი განსხვავებაა, როგორც ალ კაპონესა და მაჰათმა განდს შორის. კბილაშვილი უფრო მიმზიდველი, ტოლერანტულია, კეთილშობილია გარეგნულადაც, სტილითაც, მიმართვებითაც, მშვიდი სახით ლაპარაკობს, ზოდელავას კი რომ დაინახავდით, უკვე შიშს აჩენდა. მის ფიზიონომიას რომ შევხედავდი, უკვე მაჟრიალებდა ხოლმე, ვფიქრობდი, ხვალ მეც ხომ არ დამიჭერს-თქო“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილი ვერ ადასტურებს, რომ ფილიპ გორდონი საქართველოში მაინცდამაინც შექმნილი ვითარების შესასწავლად ჩამოვიდა. ექსპერტის თქმით, პირადად მისთვის სიმშვიდის წყარო გახლავთ ამერიკის საელჩო საქართველოში, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს არსებული შედეგის მიღწევაში. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს არასწორი თარგმანის, ინტერპრეტაციის გამოცდილება, უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

„მახსოვს თეთრი სახლის ფონზე გორდონის წინამორბედის მიერ გაკეთებული განცხადება 2007 წლის დეკემბერში, როდესაც იგი ბრძანებდა, რომ, თუ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახური არ ამუშავდებოდა, მაშინ 2008 წლის 5 იანვრის არჩევნები არ იქნებოდა ლეგიტიმურად ცნობილი. მართალია, ტელეიმედის სამსახური არ ამუშავებულა, მაგრამ თეთრმა სახლმა მაინც პირველმა მიულოცა გამარჯვება სააკაშვილს და ეს იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე დაიწყებოდა საარჩევნო ბიულეტენების დათვლა“.

ამ ისტორიის გათვალისწინებით, სოსო ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ ამერიკელთა ყოველ სიტყვაში რაიმე გენიალური არ უნდა ვეძებოთ და არ უნდა ჩავუღრმავდეთ, თუ რას ნიშნავს გორდონის ნათქვამი, თუ საქართველოში მიმდინარე პროცესები პოლიტიკური ოპონენტების დევნას დაემსგავსება, მთელი ქვეყანა გადაიხდის მძიმე საფასურს. ექსპერტის აზრით, მომთმენნი უნდა ვიყოთ, რადგან, როგორც წესი, სიცრუე უფრო მარტივად ვრცელდება, ვიდრე სიმართლე. თუმცა სიმართლე რომ დამკვიდრდება, მერე უკვე იქ სიცრუე უძლურია.