საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „სოკარ ჯორჯია გაზსსა“ და „საქორგგაზს“ ტარიფების დაუდგინა. ისევე როგორც დედაქალაქის შემთხვევაში, ბუნებრივი აირი არც რეგიონებში გაძვირებულა და არც მომდევნო წლებშია მოსალოდნელი.
სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ დაადასტურა, რომ რეგიონების მოსახლეობისთვის ტარიფები პრაქტიკულად უცვლელი დარჩება.
„ტარიფები რჩება პრაქტიკულად უცვლელი, ანუ არ გვაქვს ტარიფების ზრდა. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით იმისთვის, რომ ყველა პარამეტრი და მაჩვენებელი დაგვეთვალა, გაგვეკეთებინა შესაბამისი გაანგარიშებები და ამაზე დაყრდნობით ვიღებთ ახალ ტარიფებს და ისევე როგორც თბილისში, ასევე რეგიონში ბუნებრივი აირის ტარიფები უცვლელი რჩება. ასე რომ, შეგვიძლია, მოსახლეობას მივულოცოთ“, – განაცხადა ნარმანიამ.
ამასთან, სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, რომ დღეს კომისია 6 თვის ვადით დაადგენს ტარიფებს, თუმცა შემდეგ 3 წლით გაახანგრძლივებს.
„დღეს დგება 6 თვის ვადით დროებითი ტარიფები, თუმცა ეს ტარიფები მომდევნო სამი წლის განმავლობაში პრაქტიკულად უცვლელი დარჩება და დროებითი ტარიფების დადგენის მიზეზი არის ის, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უკვე განხორციელებული ინვესტიციების ასახვა–დადასტურებასთან დაკავშირებით, რომლის დასრულების შემდეგ ეს დროებითი ტარიფი, რაც გვაქვს, მუდმივი გახდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ასეთივე შემართებითაა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც. მისი თქმით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები მართვადია და მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს.
„ჩვენ წელს მოვახერხეთ და დავიწყეთ ძალიან რთული, მაგრამ შედეგიანი ენერგეტიკული რეფორმა, გავხსენით ენერგეტიკული ბაზარი. კონკურენტული გარემო შევქმენით, მოვახერხეთ და გადავტეხეთ ის გამოწვევები, რაც ჰიდროსადგურების მშენებლობასთან იყო დაკავშირებული და უკვე 25-მდე ახალი მცირე სადგურის პროექტი იწყება. ასეთი დიდი ისტორიული პროექტი, როგორიც არის „ნამახვანი ჰესი“, მიიღებს სამშენებლო ნებართვას და ა.შ.
რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები იყოს სტაბილური და თქვენ ხედავთ ამ ფონზე სემეკის გადაწყვეტილებებს – უახლოესი სამი წელი ჩვენ პრობლემა არ გვექნება ამ მიმართულებით, მოსახლეობას შუეძლია, მშვიდად იყოს, ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფები მართვადია“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საბოლოოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზისთვის“ ახალი ტარიფები დაადგინა, რომელიც 2020 წელს შევა ძალაში.
კერძოდ, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზი 56.928 თეთრი ეღირება, რაც მოქმედ ტარიფზე 0.001 თეთრით ნაკლებია, „საქორგგაზის“ სალიცენზიო არეალში კი 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი 56.990 თეთრი იქნება – მოქმედ ფასზე 0.009 თეთრით ნაკლები.