სომხების გამო გერმანელებმა ბოდიში მოგვიხადეს

სომხების გამო გერმანელებმა ბოდიში მოგვიხადეს

ქართული ხალხური სიმღერების შედევრების „ჩაკრულოსა“ და „მრავალჟამიერის“ მუსიკალური ალბომის გამომცემელი გერმანულ - ავსტრიული ფირმა „რაიდერს დაიჯესტისგან“ სომხურად გასაღების ფაქტმა მთელი საქართველო აღაშფოთა.

ქართველმა მუსიკოსებმა შარშან შეიტყვეს (ამაზე ჩვენი გაზეთიც წერდა), რომ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გამოცემულ სიმღერების ალბომ „ტაიგის მონატრებაში“ ორი ქართული სიმღერა სომხურად იყო გასაღებული.

და აი, ერთწლიანი კვლევა - ძიების შემდეგ გერმანულ - ავსტრიული კომპანია იძულებული შეიქნა ქართველ ერს საქვეყნოდ მოუხადოს ბოდიში.

„ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები, რომ ალბომის ხელმეორედ გამოცემის შემთხვევაში შეცდომა აღარ განმეორდეს. ბოდიშს ვუხდით ანსამბლ „რუსთავს“, საქართველოს კულტურის სამინისტროს და მთელ ქართველ ერს“, - ასეთი შინაარსის წერილი გამოაგზავნა საქართველოში ფირმის ხელმძღვანელმა იოახიმ ფაუტიმ, მაგრამ ამ სავალალო ვითომდა შეცდომის ავტორის ვინაობას ფირმა არ ამხელს. უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა ფირმა „სონიც“, რადგან სიმღერები „რაიდერს დაიჯესტისთვის“ სწორედ მას მიუწოდებია...

ბადრი თოიძე, ანსამბლ „რუსთავის“ დირექტორი:

- დაახლოებით 15 წლის წინ ანსამბლ „რუსთავის“ შესრულებით ფირმა „სონიმ“ 314 ქართული ხალხური სიმღერა ჩაწერა. ბუნებრივია, ამ ნაწერზე მათ ჰქონდათ საავტორო უფლება.

„სონის“ წარმომადგენელი ამ აღმაშფოთებელი ისტორიის შემდეგ თბილისში იყო ჩამოსული და დისკი რომ ნახა, დიდად გაოცდა. როგორც გაირკვა, შტუტგარტული ფირმა დისკის გამოსაცემად ორ ქართულ ხალხურ სიმღერას ეძებდა.

„სონიმ“ „რაიდერს დაიჯესტს“ „ჩაკრულო“ და „მრავალჟამიერი“ გადასცა როგორც ქართული სიმღერები, მაგრამ რატომღაც დისკის ბუკლეტში სიმღერისა და ანსამბლის წარმომავლობა სომხურით შეიცვალა.

სხვათა შორის, „სონის“ წარმომადგენელი ამ ამბით ჩვენზე ნაკლებ არ აღშფოთებულა. ალბომი დიდი ხანია გაიყიდა, სასამართლოში ჩივილს აზრი აღარ აქვს (?!). მათ ისედაც მოიხადეს ბოდიში და სხვა ვალდებულებებიც იკისრეს...

ვახტანგ ტოროტაძე, ადვოკატი:

- „რაიდერს დაიჯესტი“ არ ამხელს, რა ტირაჟით გავრცელდა კომპაქტდისკი, კომერციული საიდუმლოებააო. თანაც ამბობენ, თქვენ გარდა არავის შეუმჩნევია ეს სავალალო შეცდომა, ნეგატიური გამოხმაურებით არავის მოუმართავსო...

ჩვენ გარდა ვის უნდა გაეპროტესტებინა? ბუნებრივია, ფრანგები, იტალიელები, მით უმეტეს, სომხები ამის გამო თავს არ შეიწუხებდნენ...

- ამ დისკის გამოშვებისას სხვაც ბევრი შეცდომაა დაშვებული. ბუნებრივია, დისკს, რომელზეც ასობით სიმღერაა ჩაწერილი, არავინ დაუწყებდა კირკიტს პროფესიონალის გარდა. სხვა საკითხია თვითონ დისკის სახელწოდებაც. მყიდველი ამ სიმღერებს აღიქვამდა ტაიგის მელოდიებად, რადგან დისკს „ტაიგის მონატრება“ ჰქვია.

და მაინც, ვინ გადაწყვიტა, რომ ქართული ხალხური სიმღერები სომხური იყო?

- როგორც წერილშია ნათქვამი, ეს სავალალო შეცდომა ერთ - ერთ რედაქტორს მოუვიდა. როცა ჩავეძიეთ, დააკონკრეტეს, შეცდომა მოუვიდა იმ რედაქტორს, რომელიც ბუკლეტის გამოცემაზე მუშაობდაო... ერთი სიტყვით, არ გაამხილეს იმ პირის ვინაობა...

მართალია, ფირმამ მოგვიბოდიშა, მაგრამ ვიტოვებთ უფლებას, რომ გაუთვალისწინებელი შედეგის შემთხვევაში პასუხი მოვთხოვოთ. ასევე, ვთხოვეთ „რაიდერს დაიჯესტს“, რომ ხელმეორედ გამოცემის შემთხვევაში ასეთ შეუფერებელ ალბომში ქართული სიმღერები აღარ შეიტანონ.

ქართველი საზოგადოების მწვავე რეაქცია იმის გამოძახილია, რომ ქართული კულტურის ნიმუშების სომხურად გამოცხადებას სისტემატური ხასიათი მიეცა. არც ერთი ასეთი ფაქტი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.

P.S. მართალია, გერმანულმა ფირმამ ბოდიში მოიხადა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა შედეგი გამოუსწორებელია. ათასობით დისკი უკვე გაყიდულია და მათზე დაფიქსირებულ მონაცემებს ვერავინ ამოშლის. საეჭვოა, იმ ინკოგნიტო ეროვნების რედაქტორს არ სცოდნოდა, ქართული იყო სიმღერები თუ სომხური. „რაიდერს დაიჯესტმა“ „სონის“ ხომ სწორედ ქართული სიმღერები სთხოვა ალბომისთვის...